ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი სანდრო ნავერიანი

ცუდი სექსი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ვუძღვნი გიორგი გუგუტიშვილის მოთმინებას.

იყო ეგეთი ტელევიზია, “საქართველოს ხმა”, საზოგადოებაში სხ-დ ცნობილი. მაგ არხზე იმ დროისთვის ბევრ საინტერესო ფილმს აჩვენებდნენ. და კიდევ ფეხბურთებს. ფეხბურთებს ევროპული ქვეყნების ლიგებიდან, ევროპულ თასებს და თუ მეხსიერება არ მღალატობს კოპა ამერიკასაც კი.

სხ-ს ყავდა ერთი მაგარი კომენტატორი, სანდრო ცნობილაძე. ერთერთი კი არა, ერთი. ცნობილაძე დღემდე მიმაჩნია საქართველოში ფეხბურთის ერთერთ საუკეთესო მცოდნედ. და არა მარტო კომენტირებისას. ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ნაკლებად სწორედ რომ მატჩის კომენტირება გამოსდის, მაგრამ სხვა რამე უკეთ იცის, ვენგერივით კოჭში ხედავს ვინ რა არის. და მატჩიც რა გამოვა, იმის გამოცნობის ალღოც აქვს მაგარი. ჰოდა მიყვარდა ცნობილაძის წაყვანილი ფეხბურთები.

ფეხბურთი ცნობილაძის მოსმენამდეც მიყვარდა – პირველად სტადიონზე მამაჩემმა წამიყვანა, ლატარიის ბილეთიც მიყიდა და ველოსიპედიც მოვიგეთ. იმ დღეს გელა კეტაშვილმა ისეთი “დირკა” ჭამა, მამაჩემს ბუნებრივად წამოცდა – ბებიაჩემი უკეთესი მცველიაო.

მამაჩემის ბებია არ ვიცი, მაგრამ ბებიაჩემი მართლა მაგარი მცველი იყო _ იმდენი მოახერხა რო ფეხბურთის თამაში მხოლოდ 18 წლისამ დავიწყე, სრულწლოვანი რო შევიქენი და ბებიაჩემს აღარ ვუჯერებდი. ისევე როგორც მამაჩემს და ბიცოლაჩემს. მანამდე სახლში სულ ჩოგბურთის ბურთები და თხილამურები მეყარა. ფეხბურთის ბურთი _ არა, ბუცი (მაშინდელი კეტ-ბუცები ახლაც ცრემლებს მქაჩავს თვალებიდან) _ არა, “შიტოკი” _ არა... ერთი, ასტონ-ვილას საგულშემატკივრო მაისური მებადა, ჰოდა იმასთან მქონდა ყოველ ღამე სექსი. ამას კი ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ხელოვნების ამ სფეროში თამაში უნდა.

ფეხბურთის თამაშს თავი რო დავანებე და დავანებე იმიტომ, რომ ბუდევეინ ზენდენის დარი ნიჭიც კი არ მქონია, ისევ ფეხბურთის გულშემატკივრობას დავყაბულდი. მარა რა გამოვიდა, დღეს დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვარ, როგორშიც ადრე – სექსი ასტონ ვილას მაისურთან.

ჯერ იყო და ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირების დროს ნტვ-ფეხბურთის გათიშვა დაიწყეს და ეროვნული “რუსთავი 2”-ის ამარა დაგვტოვეს. არადა ნტვ-ს კომენტატორებს ძალიან მაგრად მიყავდათ ყველაზე უღიმღამო მატჩიც კი. ის იყო დიმა ობოლაძის მოსმენა საინტერესო და სახალისო გახდა, ლიგის თამაშების ტრანსლირების უფლება პირველმა არხმაც მოიპოვა და ურჩი ბავშვივით ჩაეკვეხა ბადეში. ჰო, ობოლაძესაც მიყავს თამაშები, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, “რუსთავი 2”-ი ჭე კლასის გუნდების თამაშს გვაჩვენებს იმიტომ, რომ იმ დღეს პირველი არხია არჩევანი და როგორც ყოველთვის, არადანს უარესი ხვდება. პირველ არხზე კი შეუძლებელია რამე თამაშს უყურო, სულ დიდებულსაც, ფეხბურთელები ბურთს კოჭს ზემოთ რო არ წევენ, მაგრამ მაინც ვერ ისიამოვნო. რაღაც ახლავს პირველ არხს ისეთი, რაც ფეხბურთს არ უხდება. ფეხბურთს კი საშინლად არ უხდება როცა სტადიონის გუგუნის ხმა არ გესმის და გესმის მხოლოდ გაუთავებელი სტატისტიკა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მობილიზებულ რეჟიმში.

რა საკვირველია, არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კოლეგიალობა მიბიძგებს ვიყო ობიექტური – პირველი არხის სპორტულ კომენტატორ/ჟურნალისტ დავით მინაშვილს, რბილად რომ ვთქვა, არ გამოსდის კომენტატორობა. გარდა იმისა, რომ საფეხბურთო კომენტატორობა არ არის სტატისტიკის ჩამორაკრაკება, ის მოითხოვს ემოციას ლამაზი პასის/გოლის/ფინტის დროს, ანალიზის უნარს – ვთქვათ დაცვის და ნახევარდაცვის დისჰარმონიული მოქმედებისას, გამბედაობას – საკამათო ეპიზოდისას, რადგანაც ჯარიმა არის, ან – არა. _ ფეხბურთს ისიც უყურებს, ვინაც ჯერ კიდევ სწავლობს მის წესებს; მოითხოვს ობიექტურობას _ როცა ბარსა გევასება და გოლს “პანათინაიკოსი” იტანს თავი უნდა მოთოკო; ინფორმაციის ფლობას – აქტიურია თუ არა მსაჯი, უხეშ თამაშს უნდა ველოდოთ თუ არა, გამოსდის თუ არა ა გუნდის ბ ფორვარდს ბ გუნდის მცველებთან შედეგიანი თამაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ინფორმირებულობა სტატისტიკასაც გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ მას. და მნიშვნელოვანია კომენტატორის ზოგადი განათლება, რადგან “სვარკა” თამაშის დროს ის უფრო გამოგადგება ვიდრე სტატისტიკა.

ერთი სიტყვით, საფეხბურთო კომენტატორობა მოითხოვს ცოდნას, რომელიც თავის მხრივ უამრავ კომპონენტს შეიცავს და რომელიმეს არარსებობის შემთხვევაში ფეხბურთი უბრალოდ ფუჭდება. ცუდი ფეხბურთი კი ცუდი სექსივითაა, ცუდი სექსივით ასტონ ვილას დაძველებულ, გაცვეთილ მაისურთან. ასტონ ვილას მიმართ უღრმესი პატივისცემის მიუხედავად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები