ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზელიმხან უძილაური

ვირტუალური რელიგიის კვირის დაიჯესტი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

გასულ დღეებშიც ინარჩუნებდა რელიგიის თემა ვირტუალურ აქტუალურობას. არ ვიცი, რატომ მომინდა ასე: აქვე გიამბოთ, აქ რაც ხდება.

ბარემ თავიდანვე მოვიშორებ და გაცილებას მოვუწყობ დეკანოზ ქვლივიძის ანტიიაპონურ ქადაგებას, რომელსაც ამწუთისათვის(19.III.2011, 14.23) 81 679 მნახველი და 27.761 მომწონებელი ყავს. შთამბეჭდავი რიცხვებია, ვერაფერს ვიტყვით, თუნდაც ელექტრონული სისტემა ნაწილობრივ აჭარბებდეს.

ალბათ მომავალშიც, კანტი-კუნტად კიდევ გამოიცემა ამ მონსტროზული ქადაგების ექო, მაგრამ გიორგი მაისურაძის სტატიით ასე თუ ისე დაგვემშვიდობა იგი და ზუსტი დიაგნოზიც აიკიდა საგზლად:
მიზანი, რომელიც ქართველი სამღვდელოების ქადაგებებიდან იკვეთება, საქართველოში ბრმად მორჩილი მორწმუნე საზოგადოების შექმნაა, რომელიც ეკლესიისა და სამღვდელოების შეუზღუდავი ძალაუფლების გარანტი იქნება.

არა კონკორდატიაო ყველაფრის მიზეზი, არამედ ფარსი, რის მონაწილეცაა ერი, ბერი ხელისუფლება და ბიზნესი ერთობლივად:

ესაა თანამედროვე საქართველოს სპეციფიკა, მისი დაკონსერვებული და საგულდაგულოდ დაცული საბჭოთა მემკვიდრეობა, დამყარებული ტოტალურ თვითმოტყუებასა და თვალთმაქცობაზე, როდესაც ყველამ იცის, რომ იტყუება, კორუმპირებულია, მაგრამ ყველას აწყობს ასეთი ყოფა. ამ ფარსის მონაწილე თანაბრად არიან ეკლესიაში ფიცდადებული პრეზიდენტიც და მისი ურჯულოებაში მამხილებელი ოპოზიციაც, „თეოკრატი“ ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიანულ სოციალიზმზე მეოცნებე სოციალ-დემოკრატები, ეკლესიების მაშენებელი საეჭვო ხერხებით გამდიდრებული ბიზნესმენები და მათი „შემოწირულობების“ მაკურთხებელი სამღვდელოება.

ეკლესიამ ამოიცნო თავისი დამარეგულირებელი როლი ფარსით და სიყალბით ცხოვრების პირობებში და შეუდგა თავისი მისიის აღსრულებას ანუ კორუმპირებული სულების ”გათეთრებას”. სანაცვლოდ მორჩილებასა და შეწირულებებს იუნჯებს.

ამგვარ სიტუაციაში ძნელია რაიმე დადებითი ტენდენციის გამომჟღავნება, გარდა გულისტკივილისა.

ალბათ შემთხვევით არ დაეხურა ამავე პერიოდს ”ქუდი” ,
სადაც ვკითხულობთ:

მახსოვს, ზამთრის პირი იყო, ციოდა. მე და ბებო ეკლესიაში წავედით სანთელ-საკმელის საყიდლად. მე თავზე ქუდი მეფარა-მონაცისფრო კეპი, წინ, კოკარდის ადგილას ოქროსფერი ღუზით.
მოგეხსენება, რუსულ ტაძრებს ე.წ. „ბაბუშკები“ განაგებენ, ისინი ამყარებენ იქ წესრიგს.
ტაძარში რომ შეხვალ, სტოაშივეა მესანთლის ფანჯარა.
ბებო მივიდა სანთელ-საკმელის საყიდლად. მახსოვს, მეც იქვე, მის უკან დავიკავე ადგილი, თან ხელს არ ვუშვებდი.
უცებ ვიღაცამ თავიდან უხეშად მომგლიჯა ქუდი, და რუსულად დამიწყო დარიგება. ამასობაში ბებომაც მოიხედა, და „ბაბუშკა“-ს მოუბოდიშა, ბავშვია, მე გამომრჩა, და გვაპატიეო.
...
ბებომ შემატყო, რომ უსიამოვნოდ ვგრძნობდი თავს, და შინ წავედით, თან გზად მიხსნიდა, რომ ღმერთთნ მოწიწების ნიშნად, კაცმა ქუდი უნდა მოიხადოს თავიდან ტაძარში შესვლისასო.
...
მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა.
მარჯანიშვილზე ავლა-ჩავლისას, მუდამ ეს ამბავი მახსენდება.
...
ნეტავ, მხოლოდ ქუდის მოხდა იყოს საკმარი ქრისტეანული იდენტობისთვის...
ან, მხოლოდ მოწიწების გამოსახატავად იხდიან ქუდს?

ამის პასუხად იქვე შემდეგ კომენტარსაც იპოვით, სტილი დაცულია:

წლების წინ ეკლესიაში ვიყავი შესული, რადგან უნივერსიტეტიდან პირდაპირ მომიწია წასვლა ,,სტუდენტურად'' ვიყავი ჩაცმული, მოკლე კაბა და პეპივით გრძელი წინდებით და ნაწნავებით. ხოდა ერთმა ქალმა ხმამაღლა გამლანძღა და შეურაწყოფა მომაყენა.

იმის მერე ეკლესიაში შესვლის სურვილიც კი არ გამჩენია, და ნებისმიერ მათგანს გვერდით რომ ჩავუვლი, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. არა ღმერთის და რწმენის მიმართ, არა... უბრალოდ მანამდე მსიამოვნებდა შიგნით ყოფნა, ამის მერე კი მართალი გითხრათ ისეთი შეგრძნება მაქვს (თავს შევიკავებ რომ ზუსტად გითხრათ).

ამის შემდეგ რამდენჯერმე შევედი სულ სხვა ტაძარში, მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა.. და ის
სიმშვიდე და მოწიწება გამქრალიყო, და არაფერს აღარ ვგრძნობის, თითქოს ჩვეულებრივ შენობაში ვიყავი...

უბრალოდ სიმართლეს ვამბობ და არანაირად არ მინდა ამით ვინმეს შეუარაწყოფა მივაყენო, იმ ხალხს ვისთვისაც ეს ძალიან წმინდაა... უბრალოდ მე განსაკუთრებულად ცუდი შეგრძნება მაქვს და არანაირი სურვილი რამე საერთო მქონდეს. არა იმ ქალის გულიზა, არამედ იმიტომ რომ ყველაფერი რაც იყო და რასაც ვგრძნობდი ისე გაქრა, რომ ......
ეხლა კი ასე უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს და სულაც აღარ ვდარდობ. თითქოს ხეს ჩაუარე გვერდი, ან ისეთ ჯიხურს, რომელშიც ჩემთვის უსარგებლო საქონელი იყიდება....

რელიგიასთან მიმართებაში ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებები, ტრამვებია ალბათ მაინც განმსაზღვრელი, რასაც ეს ორი ვირტუალური აღსარებაც მოწმობს.

და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბოლო კვირას ახასიათებს, ესაა რელიგიის გაადამიანურება. ორი სტატია მაძლევს ამის თქმის უფლებას: ერთი ისევ ზემორე ავტორის ”პრაფესორია”, სადაც დე ფაქტო წმინდანი და ჭკუაარეული ბერი გაბრიელი თავის ადამიანურ პლანში წარმოჩინდება. სიონელ ახალგაზრდებთან მეგობრობდა და თან გადაყლურწვაც უყვარდა ღვინო-არყისა, რომელთაც შესაბამისად ”პრაფესორად” და ”დოცენტად” მოიხსენებდა.

ჩემი აზრით, ვირტუალობაში რამდენადმე ადამიანური სახე შეიძინა მეუფე იობმაც, რომელსაც ირონიულად აქ მამა იობად მოიხსენებენ. ჯერ ერთი, თურმე ქორეპისოპოსობისას საპატრიარქოს ცნობილ მონსტრ ქალბატონს ებრძოდა, მეორეც, კონცეპტუალურად ებრძოდა, რადგანაც რეფორმების გატარებას აპირებდა. სხვა რომ არაფერი, ”რეფორმა” პირველად გავიგონე კლერიკალური პირისგან. შესაძლებელია, ეს კონსერვატორული (უკუ)რეფორმები ყოფილიყო, მაგრამ რაღაც სახე მაინც მიეცემოდა სმე - ს. ცოდვა გამოტეხილი სჯობია და ჩემთვის ხშირად მიფიქრია, ჩვენი ეკლესიის გაუგებარ წყობას ისევ ირანული ჰომეინიზმი სჯობია, რადგან ჩამოყალიბებულია, გეცოდინება მაინც რასთან გაქვს საქმე... :)

მთავარი, რაც მეუფე იობს აღმოაჩნდა ესაა ადამიანური გული, განცდა და შთაბეჭდილების უნარი. რამდენადაც ეკლესიურ პრესას ვიცნობ, მსგავსი შინაგანი ჩაბრუნება მე ამ მშრალ, პროპაგანდისტულ ინტერვიუებში არ შემხვედრია, დიდი თუ მცირე კლერიკალი მხოლოდდადმხოლოდ რაღაც დიდაქტიკურ რობოტებად წარმოჩინდებიან. ჟურნალისტის დამსახურებაცაა რასაკვირველია. აი ეს ინტერვიუ და ციტატაც აქედან:

ოფიციალური საიდუმლოება შვიდია, მაგრამ მამები ფიქრობდნენ, რომ ბერად ან მონაზვნად აღკვეცაც ერთ-ერთ საიდუმლოდ უნდა მიჩნეულიყო - ამ დროს ხომ მართლაც საოცარი რამ ხდება ადამიანში?! მე კი ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საიდუმლოებათა გვერდით შვილად აყვანაც უნდა მოიაზრებოდეს. ენით აუწერელი გრძნობაა. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე - მართალია, შვილად ასაყვანი არ არის შენი სისხლი და ხორცი, მაგრამ ამ საგანგებო ლოცვების წაკითხვის დროს იმხელა მამა-შვილური ერთობა ყალიბდება... ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.

აი რა გრძნობად იღვრება. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ახლა მე პირადად მატრიარქ შორენასგან ძლეული ”მამა იობი” მიუხედავად ყველაფრისა, პატრიარქის ყალთაბანდ ძმისშვილს მირჩევნია, მირჩევნია თუნდაც გულწრფელობისა და პრინციპულობის გამო...
აქ ერთი საინტერესო კომენტარიც ვიპოვე:

მეუფე ყველაზე სპეტაკი ადამიანია ვისაც კი ვიცნობ....იმიტომ,რომ ქალწული ბერია

მოდით, ამის გამო ნუ გავიცინებთ. ჩემი გამოუცდელობის ასაკი მახსენდება, ეჰ, რა ფანტასტიკური წარმოსახვები მქონდა...

კიდევ ერთმა გარემოებამ მიიქცია ჩემი მდაბალი ყურადღება: ვირტუალურ სივრცეში წარმოებული ბრძოლა თუ გახსნილი ფრონტი შეიძლება განხილულ იქნას არა როგორც ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ როგორც ეკლესიისათვის ბრძოლა. ამ მხრივ თვით მამა იობიც კი ჩვენი მოკავშირე გამოდის... :)

სად ნახე ზელიმხან ეკლესიის კრიტიკა??? ვინმემ ეჭვი შეიტანა დოგმატებში??? ან კანონებში, ან… ან… ან… მხოლოდ იმ უკეთურობაზეა ლაპარაკი, ქრისტეს სახელით რომ საღდება ეკლესიის წიაღიდან… თუ კი ვინმე იმას აკრიტიკებს, რაც ქვლივიძემ იქადაგა, სულაც არ აკრიტიკებს ეკლესიას, იმიტომ, რომ ეგ არ არის ეკლესიის სწავლება ღმერთის სამართლიანობაზე… ეგ მაგათი დაჯგუფების სპეციფიური გაგებაა და შესაბამისად, კრიტიკაც ვერაფრით იქნება ეკლესიის კრიტიკა!!!

ეს ჩემი წინა პოსტის კომენტარებშია, ამიტომ აღარ მივაბამ პატიოსან მკითხველს იქით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდეაში ეკლესია უბიწოა და ამ ზეციური ეკლესიის წევრობაზე უარს არც ხილული ეკლესია=საპატრიარქოს დამწუნებელნი ამბობენ თუ ვამბობთ.
ეკლესია რეალობაში და ეკლესია იდეაში შორიშორსაა: ფრთხილი კრიტიკოსები არ უიგივებენ ერთმანეთს საპატრიარქოს ეკლესიას ნამდვილ ეკლესიას, იდეაში რჩება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი, რომლის წევრად საკუთარ თავსაც მივიჩნევ...

ამ განწყობის განსამარტავად ეკლესიოლოგიური წიაღსვლაა საჭირო და კიდეც რომ შევძლოთ ეს, მაინც ბუნდოვანი დარჩება საკითხი, რადგანაც ეკლესიოლოგია თეოლოგიური სპეკულაციის ფუნდამენტზე დგას, თეოლოგიური სპეკულაცია კი მხოლოდ შიდა მოხმარების საგანია...

სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
მთავარ სიახლეს,”მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი” საამწამოდ 504 მომწონებელი ყავს. ”მე მიყვარს”-ს ათჯერ ჩამორჩება რაოდენობით!

მირიან გამრეკელაშვილის პოსტი მოძღვრული მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ეძღვნება და ქვევით მოსჩანს ჯერაც.
ბასილ კობახიძის ან ბექა მინდიაშვილის ახალი სტატია ვერ აღმოვაჩინე, ზურა ოდილავაძე ’სექსზე’ გადავიდა, ხოლო დავით პაიჭაძის მომდევნო გადაცემა რელიგიის თემაზე ჯერაც გზაშია...

გამოჩნდა ერთი ვირტუალური გაზეთიც, რელიგიურ თემებს უხვად რომ სწყალობს, ძველსაც აცოცხლებს, და ახალს ხომ გაციებასაც არ აცლის, ისე გადააქვს ფეისბუკიდან! არც ”მე არ მიყვარს ჩემი” გამორჩენია...

სულ ესაა...თუმცაღა, მოიცადეთ: ერთი ახალგაზრდა ავტორი გამოჩნდა კიდევ, რომელიც მამაოთა გაავების ფსიქოლოგიურ მიზეზებს მიწვდა.

როგორც ჩანს, ქვეცნობიერად შურთ ან სურთ ის სისაძაგლეები+წულთმხრწნელობა+პედოფილია, რასაც ასე აგრესიულად გმობენ და შეაჩვენებენ ეს მორალის მმოსავნი. რა ვიცი, გასაკვირი აფერია, თუ ცუდი ადამიანები არიან, ცუდის მეტს რას მოინდომებენ?

საბოლოოდ ჯობია მაინც ერექციას დაბრალდეს ეს აგრესიული, სტიქიური რელიგიურობის ეპიდემია, ვიდრე ეკლესიას, ქრისტიანობას და ზოგადად რელიგიას. რაღა დროს რელიგიის, ქრისტიანობის და ეკლესიის კრიტიკაა? :)

მთავარი კი არჩევანის უნარია: რანაირი რელიგია და ქრისტიანობა გვსურს?
ამის პასუხიც ჩემი წინა პოსტის კომენტარად ვიხილე და ოდნავ სახეცვლილი ამ ექსპერიმენტული დაიჯესტის სასიამოვნო ეპილოგადაც გამომადგეს ეგების:

ქრისტიანები, მუსლიმები, იუდეველები, ბუდისტები, პოლითეისტები, პანთეისტები, ანიმისტები…
ლოცულობენ საშინელ განსაცდელში მყოფი იაპონელებისთვის – ტკივილით, სიყვარულით, იმედით.
სულგამოცლილი ქვების გროვა, მტერ- და ბნელმადიდებელი ქართველი თალიბების ბუნგალო უფლის ტაძარი არ არის…
ქრისტიანად ვრჩები, აგრესიული მართლმადიდებლობა კი კორუფციული ანუ გახრწნილი სულის გამთეთრებელი მქადაგებლებისთვის დამითმია....

19.III.2011.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები