ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ika gaxokidze

გულახდილი საუბრები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

არ ვიცი მაცდური სათაურების ბრალი იყო თუ გარეკანიდან მომზირალი ამაყი, მომღიმარი სახეების, მაგრამ ბებიაჩემის ტუმბოზე ჟურნალი სარკის დანახვისას ხელი წამიცდა და წაკითხვა გადავწყვიტე.

ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება გულახდილი საუბრების რუბრიკამ მიიპყრო. რუბრიკამ იმდენად ჩამითრია, რომ მისი აქტიური მკითხველი გავხდი. ყოველ ოთხშაბათს ბებიაჩემი ჟურნალის ახალი ნომრით მამარაგებდა და მეც გულწრფელად თანავუგრძნობდი გოგონას, რომლის დედამაც გათხოვება გადაწყვიტა; რძალს, რომელიც დედამთილის საყვედურებმა დაღალა და შუახნის მამაკაცს, რომელსაც უმადური ცოლი ღალატობდა და "ოჯახი თავზე ენგრეოდა". არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ვხალისობდი მსგავსი ისტორიების კითხვისას. თავიდან ვკითხულობდი ჩუმ-ჩუმად, მაგრამ მალე გავთავხედდი და აღარც კი ვმალავდი ჩემს ახალ გატაცებას, მეტიც! ჩემით დავიწყე ისეთი ჟურნალების ყიდვა, სადაც მსგავსი რუბრიკა მეგულებოდა: “სარკე”, “თბილისელები”, “გზა”, “რეიტინგი”, “ოსკარი” და სხვა. ასე რომ, ქართულ პრესას მიძალებულს მთელ კვირას გასართობი არ მაკლდა...

თავიდან მჯეროდა, რომ ამ ამბებს რეალური ადამიანები წერდნენ, მჯეროდა, იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ისტორიისთვის დართულ სურათზე დაფარული თვალების მიღმა არც მეტი არც ნაკლები ჰოლივუდის მსახიობი, "ჩარლის ანგელოზი" დრიუ ბერიმორი ამოვიცანი. So what?! მასაც არაერთხელ "დაენგრა ოჯახი" და სულაც არ არის გამორიცხული, სარკის რედაქციისთვის გადაეშალა გული.

დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ამ ისტორიებს გულნატკენი რძლები და რქადადგმული ქმრები კიარა, ერთი კონკრეტული ადამიანი წერდა, რადგან წერის სტილი და ტერმინოლოგია ხშირად მსგავსი იყო. განსაკუთრებით ჟურნალი გზის ფანტაზიორი "იწვავდა" თავს - უაზროდ ჰქონდა ამოჩემებული სიტყვა ფოიერვერკი და ცდილობდა ყველგან ჩაეკვეხებინა, სადაც კი შეძლებდა. გულახდილი საუბრების არარეალურობაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ჩემი ლექტორის აღიარება მოვისმინე, რომ ერთ-ერთ ჟურნალში სტაჟიორად ყოფნისას "უფროსობის" დავალებით ამ რუბრიკისთვის ისტორიების მოფიქრება უწევდა.

გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი, მოვიკრიბე მთელი ჩემი გამბედაობა და საკმაოდ თამამ ექსპერიმენტზე წავედი, მოვიგონე გულახდილი ისტორია, თუ როგორ მიწევდა მოღალატე ქმართან ცხოვრება (იმდენად რეალისტური გამომივიდა, რომ ერთი პერიოდი გულშიც კი ჩავიდე ცოლს არასოდეს ვუღალატებ-მეთქი). ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი წერილის სათაური პირველ გვერდზე "გამოაჭენეს" და ძახილის ნიშანი დაურთეს.

სხვათაშორის ბევრი ქართული გადაცემა გულახდილი საუბრების რუბრიკის ნაირსახეობად მიმაჩნია, თუმცა ამაზე მოგვიანებით...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები