ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თეო ბალავაძე

ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჩემი ცხოვრება დაბადებიდან მუსიკასთანაა დაკავშირებული. ეს იყო ჩვეულებრივი და ამავე დროს არაჩვეულებრივი ცხოვრება.
დავიბადე საოპერო მომღერლის ოჯახში. მამა - რევაზ ლაგვილავა, ცნობილი ბარიტონია, გამორჩეული დრამატული და ჰეროიკული ხმა აქვს.
მან ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი, როგორც მომღერლის ჩამოყალიბებაში პირველი პროფესიული გაკვეთილები, სწორედ მისგან მივიღე. 1999წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში, მამაც ამ დროს მოვიდა კონსერვატორიაში და სწავლა რომ დავასრულე, მაშინ წამოვიდა. ეს ჩემთვის გაკეთა და ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის. რომ არა ის, მე შეიძლებოდა დღეს სხვა პროფესია მქონოდა. მაგალითად ვყოფილიყავი მოჭიდავე, რადგან იმ პერიოდში, მოწამლული ვიყავი სპორტის ამ სახეობით. მშობლებმა დაინახეს ჩემში პოტენციალი და ნიჭს სწორი მიმართულება მისცეს.
ძალიან ბევრი ადამიანი მღერის ბავშვობაში მაგრამ მომღერლად ვერ ყალიბდება.ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია რობერტინო ლორეტი, რომელიც ბავშვობაში ანგელოზივით მღეროდა და მერე ქუჩაში დასაძახებელი ხმაც დაკარგა.
დღესაც მახსოვს მამაჩემის ნათქვამი საინტერესო ფრაზა – “ვნახოთ, თუ ექნება ხმა, იმღერებს, თუ არა და მის წამებას ვერ ვუყურებ.” გარდატეხის ასაკში ხმა იცვლება. თავიდან ტენორობას ვცდილობდი თუმცა მამას ხმით ვერ გავეჯიბრები.
დედა – ლია კვარაცხელია, ასევე მომღერალი, ვოკალისტი, რომელმაც კარიერა დათმო ოჯახისთვის. ჩემი მშობლების წყვილი არის საოცრად რომანტიული, ხმაურიანი, ემოციური... ხშირად ვხუმრობ, დაიწყო იტალიური ოჯახითქო. ისინი კურსელები იყვნენ. მათი სიყვარულიც კონსერვატორიაში დაიბადა. ეს იყო გიჟური სიყვარული, რომელზეც დღესაც აღფრთოვანებით საუბრობენ მათი მეგობრები. ბედნიერი ვარ რომ ასეთი მშობლები მყავს!
ძმა – ეს ჩემი თილისმაა... დიპლომატიის ნიმუში. შეუძლია ჩემი ემოციების სწორ ტალღაზე დაყენება მაშინ, როდესაც ეს მჭირდება. არასდროს მიგრძვნია ის თორმეტ წლიანი ზღვარი, რომელიც ჩვენს შორის იყო. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
ბავშვობაში მყავდა თანატოლი მეგობრებიც, მაგრამ, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა მხიბლავდა. მამას მეგობრების წრეში თავს კარგად ვგრძნობდი, მათგან ბევრს ვსწავლლობდი. შემდეგ შემოვიდა თეატრი ჩემს ცხოვრებაში და სცენაზე ასაკობრივი ზღვარიც, გარკვეულ ფარგლებში, გაქრა ჩვენს შორის.
გავიზარდე კულისებში. 4 – 5 წლის ბავშვი ვიჯექი და ვუსმენდი დაუვიწყარ “დონ კარლოსს” რომელიც იმ დროს თბილისში გადიოდა, მაია თომაძის, ცისანა ტატიშვილის, პაატა ბურჭულაძის, ალეკო ხომერიკის, ელდერ გეწაძის, და რევაზ ლაგვილავას შესრულებით. ესენი უდიდესი მომღერლები არიან.
ჩემს ბავშვობას დაემთხვა სავალალო პერიოდი საქართველოში. ჩემს თაობას თინეიჯერული ასაკი არ გაუვლია. ბავშვობიდან პრობლემატურ ცხოვრებაში გადავეშვით. მე გამიმართლა, რადგან ეს ასაკი გავატარე თეატრში. თუმცა რათქმაუნდა იყო ქუჩაც, მაგრამ გარკვეული დოზით.
შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში და გამიმართლა რადგან საოპერო სტუდია მეორე კურსიდან იწყებოდა, მე კი 1 კურსზე დამაკავეს “დონ ჯოვანის” ნაწყვეტები და მითხრეს იმღერეო. Mმეორე კურსზე კი რახმანინოვის “ალეკო” –ში ალეკოს პარტია შევასრულე რის შემდეგაც ჩავთვალე რომ დრო იყო თავი თეატრში მომესინჯა. ჩემი დებიუტი შედგა გურამ მელიავას მიერ ძალიან არაორდინალურად დადგმულ სპეკტაკლში, დონიცეტის “სიყვარულის ნეკტარში.” ეს იყო ძალიან საინტერესო დადგმა სადაც ბელკორეს პარტია შევასრულე ქართულად. აი მაშინ თქვეს - “შედგა!” ხალხი კმაყოფილი იყო და მე ეს ძალიან მახარებდა, ამან გადამაწყვეტია გადამედგა სერიოზული ნაბიჯი და მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ “დონ ჯოვანი”-ში მემღერა.მიუხედავად იმისა რომ ვოკალურადაც და ხასიათითაც ვიყავი გახსნილი ეს მაინც იყო სერიოზული რისკი ვინაიდან “დონ ჯოვანი” მარათონული პარტიაა და არანორმალურ ენერგიას და გამოცდილებას მოითხოვს. როგორც ამბობენ “ვინც არ რისკავს შამპანურს არ სვავს” და გამოვიდა რომ შამპანური დავლიე. მოხდა ის რაც მინდოდა. ეს იყო როლი რომელმაც დამამკვიდრა თეატრში, მომცა საბაბი მეთქვა, რომ ვარ მომღერალი და თეატრის სოლისტი!
ემოციურად საოცრად დამმუხტველი იყო ჩემთვის დონიცეტის “დონ პასკუალე” რომელიც ნინო მაჩაიძესთან და გოჩა დათუსანთან ერთად შევასრულე სტუდიაში. ის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თეატრში გადმოვიტანეთ. რთულია ემოციის გადმოცემა, რასაც იმ დროს განიცდი როდესაც შენზე გაკეთებული სპეკტაკლი შენვე გადმოგაქვს თეატრში.
17 წლის ვიყავი, როდესაც სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრემია გადმომცეს. ვიყავი პრეზიდენტის სამგზის სტიპენდიანტი, 2004 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, მოგებული მაქვს მუსიკოს-შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსში, არა ერთი ჯილდო მაქვს მიღებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის აღტაცებული სახე და ტაშია. სცენაზე რომ გამოვდივარ პირველივე ფრაზის მერე ვხვდები რა აურა, არია დამთავრებული არ მაქვს, როდესაც წინასწარ ვიცი რა რეაქცია იქნება. ჩვენი პროფესია არის ისეთი რომ ყოველ წუთს უნდა ამტკიცო შენი შესაძლებლობა. შეიძლება დღეს წარმატებული გამოსვლა გქონდეს და ჯილდო დაიმსახურო მაგრამ ხვალ თავიდან გადიხარ სცენაზე და თვავიდან უნდა დაიწყო მტკიცება, რადგან მაყურებელი დაუნდობელია და მართებულად დაუნდობელი!
ეხლა იგეგმება, “ტოსკა” და რომც არ ვიყო აქ აუცილებლად ჩამოვალ და ვიმღერებ. შემოქმედებით იმ ეტაპზე ვარ რომლისთვისაც დავიბადე. იყო ეტაპი ბელკორედან – მალატესტამდე, მალატესტადან –დონ ჯოვანიმდე, დონ ჯოვანიდან ტრავიეტამდე. მე მიყვარს ეტაპებით ცხოვრება და არა მხოლოდ პროფესიაში, ჩემი აზრით ეს უფრო შედეგიანია ვიდრე ნახტომებით ხრამში გადაჩეხვა.
2007 წელს ლა სკალას აკადემიაში მოვხვდი და მსოფლიო ოპერის ისეთმა მოვლენამ როგორიც იყო თურქი სოპრანო ლეილა გეინჯერი, რომელმაც 50 წლის განმავლობაში იდედოფლა ლა სკალას სცენაზე, დამასახელა თავის ფავორიტად. ეს იყო მეორე ცის გახსნა. ყველგან ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, იქაც კი სადაც ჩემი ყოფნა არ სიამუვნებდათ. ჩემი ლა სკალას აკადემიაში ყოფნის მეორე წელს გარდაიცვალა ქალბატონი ლეილა და ეს იყო ჩემთვის გამოუსწორებელი ტრამვა.
8 სპეკტაკლი მაქვს ნამღერი პლასიდო დომინგოსთან ერთად რაც დიდი ბედნიერება...
ავადმყოფურად მიყვარს ჩემი პროფესია! ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ძალიან არაორდინალურია, წარმატებას თან ახლავს წყენაც, გულის ტკენაც. მაგრამ, თან და თან სწავლობ ბალანსს და აგრძელებ გზას... შეიძლება სცენაზე იმარჯვებდე, პირად ცხოვრებაში აგებდე ან პირიქით.
ვარ არაორდინალური და საოცრად ბოჰემური. იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთნები რომლებიც ვერ ამტკიცებენ რომ “სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის”. ჩემნაირი ტიპის ადამიანი ვერ გაძლებს ამ გრძნობის გარეშე. სიყვარულს მე სხვანაირად ვხედავ და ვგრძნობ. ქალი ჩემთვის სხვა მოვლენაა... არაორდინალური, ინდივიდუალური, ინტელექტუალური... ქალს თვალებში რომ ჩავხედავ და იქიდან სიცარიელე ამომხედავს მის სილამზეც ქრება. მსოფლიოში აღიარებული ქალის ეტალონი – მერლინ მონრო, არ მომწონს რადგან ჩემთვის ყალბია. თოჯინები არ მიზიდავენ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები