ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

დემოკრატიული საქართველო

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

21 მაისს საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. ძალიან ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის ამ დღეს. როგორც ორგანიზატორები, ასევე მონაწილენი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებასთან მათი დაპირისპირება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, სამართლიანობის სიყვარულით არის განპირობებული და ისინი მზად არიან თავი გასწირონ ამ, წმინდათაწმინდა იდეალებისათვის. პროტესტანტების გულწრფელობაზე მსჯელობა ამჯერად ჩვენი მიზანი არ არის, თუმცა ისმის კითხვა: რამდენად გვინდა (შეგვიძლია) ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, დემოკრატიულ სოციუმად ჩამოყალიბება?
მე, საბჭოთა სკოლის ბეჯითმა აღსაზრდელმა, კარგად დავიმახსოვრე გენიალური მარქსის მიგნება იმის თაობაზე, რომ თეორიის საუკეთესო საზომი, თურმე, პრაქტიკაა. საბედნიეროდ (ვითომ?), დღეს შესაძლებელია აღნიშნული საკითხის შესასწავლად პრაქტიკული დაკვირვების წარმოება. ვგულისხმობ ევროპაში მომრავლებულ ქართულ დიასპორას. ისინი იმ ქართველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, დემოკრატიული სამოთხის თანაზიარნი რომ გახდნენ უკვე. მოდით დავაკვირდეთ, როგორ იქცევა ტიპიური ქართველი დემოკრატიულ საზოგადოებაში. უპირველესად შენიშნავთ მის დაკვირვებულობას: ქართველი მიხვდა, რომ ევროპული პოლიცია და სასამართლო ერთობ ლიბერალურია, ანუ თუ ვერ დაგიმტკიცა დანაშაული, გაგიშვებს. რატომღაც არავინ გაწამებს და აღიარებას არ გთხოვს. უბნის რწმუნებულიც არ გიშლის ნერვებს მუდმივი თვალთვალით. ბევრს ჰგონია, რომ კრიმინალის შემცირება საქართველოში მიშას დამსახურებაა. არა ბატონებო, ქართული დამნაშავეთა სამყარო საკუთარი სურვილით წავიდა „ახალ მიწაზე“ დასამკვიდრებლად, რადგან იქაური ნიადაგი, სამართლიანად, ნოყიერად მიიჩნია ქართული კრიმინალური გენიის გასაფურჩქნად. მოკლედ, იპარავენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ, კლავენ... მათი გმირობის ამბები, ზოგჯერ, მასმედიის ყურამდეც აღწევს (ბოლო დროს უფრო ინტენსიურად) და ქართველთა „იმიჯიც“ ნელ-ნელა ყალიბდება ევროპული საზოგადოების წარმოდგენაში. ვეჭვობ, ეს ხატი ქართველისა ბევრად უფრო უსიამოვნო იყოს, ვიდრე რუსების მიერ შექმნილი „სპეკულიანტი გრუზინის“ სტერეოტიპი.
არანაკლებ საგულისხმოა არაკრიმინალი, „მშრომელი“ ქართველების ქცევაც. ბევრმა ევროპელმა, ვისაც ქართველებთან ურთიერთობა ჰქონია, „შეისისხლხორცა“ ქართული სიბრძნე სუფრის ტრადიციების ხელშეუხებლობის შესახებ და მიეჩვია ნაბახუსევს თვალებჩაწითლებული ქართველი თანამშრომლების სამსახურში ცქერას. ჩვენი რუსი ძმების დონეზე მაინც ვერ „ქაჩავენ“. ვერ ისწავლეს ჭიქის ბოლომდე დაცლა (ეგ კი არა, ხშირად საერთოდ არ სვამენ!) და ყანწის დანიშნულებაც ბოლომდე ვერ გაურკვევიათ.
მთავარი უსიამოვნო თვისება, რითაც ქართველები ევროპაში გამოირჩევიან, მაინც კრიმინალს და სიზარმაცეს არ უკავშირდება. მისი სახელი არაკომპეტენტურობაა. ამის გამო უწევთ დაბალკვალიფიციური და ცუდად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, რაც ადამიანების ფსიქიკაზე უაღრესად დამთრგუნველად მოქმედებს. აქაც მთავარი არა არცოდნა, არამედ ცოდნის შესაძენად, დანაკლისის აღმოსაფხვრელად ფსიქოლოგიური მზაობის არქონაა. ქართველები ბუნებით უკიდურესად კონსერვატორები ვართ და ახალთან, განსხვავებულთან შეგუება ძალიან გვიჭირს. ამიტომაც, მგონია 21 მაისს კვლავ ბევრი ხალხი გამოვა და ბოლომდე იბრძოლებს...წარსულში დასაბრუნებლად. დემოკრატია მათთვის მხოლოდ ლოზუნგია, რომელიც რეალურ სურვილებს მალავს. ეს სურვილები იმდენად ულამაზოა, რომ ყველა ხვდება, მათი გამჟღავნება არ შეიძლება. ჯერ ადრეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები