ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი შალვა მიქუტიშვილი

მე წითელი მქვია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

„ჩემი რელიგია ლიტერატურაა, მე სულით ხორცამდე

რომანისტი ვარ, მხატვარი რომელიც სამყაროს თავისებურად ხედავს“

ორჰან ფამუქი


ხდება ხოლმე,  წაიკითხავ წიგნს, ნახავ ფილმს, მოუსმენ მუსიკას და შთაბეჭდილებებით ავსებული ფიქრობ რაღაც თქვა, თუმცა არ იცი საიდან დაიწყო, რადგან ინსპირაციის წყარო, უამრავი მნიშვნელოვანი  აზრის, საინტერესო კონცეფციის თუ აქტუალური პრობლემის გამომხატველია.  ზუსტად ასე დამემართა, როდესაც ორჰან ფამუქის  „მე წითელი მქვია“ წავიკითხე, ეს კაი ხნის წინ იყო. მანამდე ფამუქის  რამდენიმე ტექსტს უკვე ვიცნობდი. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოხიბლული ვიყავი ავტორის მრავალფეროვანი სამყაროთი,  ბიბლიოფილიით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის განსაკუთრებული ხედვით, მისი სტამბულით, თვითგამორკვევისა თუ კულტურათა ურთიერთშეცნობის სურვილით.  ასევე ვიცოდი ეპიზოდები მწერლის ბოგრაფიიდან - ის რომ თურქეთში საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა, ბავშობიდან ხატავდა და მშობლებს სურდათ ცნობილი მხატვარი გამხდარიყო.  22 წლის ასაკში  მიხვდა  მისი საქმე ფუნჯით ხატვა კი არა „კალმით მხატვრობა“ იყო. მერე როგორ თქვა უარი ჯერ მხატვრობაზე, შემდეგ  მშობლების მიერ შეთავაზებულ არქიტექტორის სპეციალობაზე, ბოლოს როგორ ჩამოშორდა იმ   საზოგადოებას, რომელშიც გაიზარდა და რომელიც ერთი მხრივ დასავლური ღირებულებების  რადიკალური მოწინააღმდეგე იყო, მეორე მხრივ კი სწორედ ამ დასავლური ბრენდების მაღაზიებში, ბუტიკებში, სალონებსა და კურორტებზე ხშირად დაიარებოდა. ვიცოდი თურქეთში ქურთთა უფლებების რომ იცავდა, კიდევ თურქების მიერ სომხების გენოციდზე რომ ისაუბრა და ამის გამო ოჯახის წევრები და  თანამოქალაქეები გაანაწყენა. ისიც ვიცოდი  ფამუქის ლიტერატურული კუმირები უილიამ ფოლკნერი და ვირჯინია ვულფი იყვნენ,  მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ტექსტი კი ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარება“ იყო.  კიდევ  ვიცოდი სიტყვები, რომელიც ამერიკული ლიტერატურის მეტრმა ჯონ აპდაიკმა  თქვა: „სულის სიღრმიდან მომდინარე არაბესკებით ორჰან ფამუქი პრუსტს მოგვაგონებს  და ძალზე ნიჭიერიაო“. ნიჭერებასთან ერთად საკმაოდ განათლებული კაცია, რასაც მისი ტექსტების მასალა,- მდიდარი ლიტერატურული, ისტორიული თუ ფოლკლორულ წყაროები ცხადყოფს. ჯერ კიდევ 1985 წელს, შეერთებულ შტატებში ჩასული, დამწყები თურქი მწერალი, ამერიკული კულტურის უსაზღვრო მრავალფეროვნებით მოიხიბლული, იმავდროულად შეცბუნებული და დათრგუნული  დაფიქრდა დაბრუნებოდა ფესვებს და თანამემამულე კოლეგებთან ერთად თავის თავზე აეღო თანამედროვე თურქული ლიტერატურის შექმნა. სწორედ შეერთებულ შტატებში მიხვდა, რომ „ბევრწილად რეაქციული, დახავსებული და ზედმეტად პოლიტიზირებული,  ტრადიციული ისლამური ლიტერატურა“  განსხვავებული მსოფლხედვით თავისი ტექსტებში  მასალად გამოეყენებინა.  გაეხსნა აღმოსავლური განძთსაცავის კარი  და გამომზეურებული ისტორიული მოვლენებიდან, ლიტერატურული ტექსტებიდან, მითოლოგიიდან თუ ლეგენდებიიდან არქეტიპების, სიმბოლოების, კულტურული მეტაფორების ახლებური გააზრება-თამაშით  თანამედროვეობისათვის ძალიან აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე დაეწერა.

თბილისის არც თუ ისე მრავალრიცხოვანი წიგნის მაღაზიების თაროებზე ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ თანამედროვე ავტორთაგან ქართულად  ყველაზე მეტი, სწორედ, ორჰან ფამუქის ტექსტია ნათარგმნი. ბოლოს  ლია ჩლაიძის მიერ  ძალიან კარგად გადმოქართულებული  „მე წითელი მქვია“  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2010 წელს  გამოსცა. ტექსტი  საშუალებას იძლევა მრავალმხრივი სააზროვნო  კუთხით განიხილო, - ისაუბრო ხელოვნების  კომერციალიზაციისა თუ შემოქმედის  საკრალიზაციის პრობლემაზე,  ქალის მდგომარეობაზე ისლამურ საზოგადოებაში, თაობათა ცვლის ვისთვის მტკივნეულ და ვისთვის აუცილებელ პროცესზე.  აგრეთვე გაიაზრო სიუჟეტის ფსიქოლოგიურ ნიუანსები, -  იუნგის კოლექტიური მეხსიერების თეორიით გაშიფრო  ცალკეული ეპიზოდები და ფროიდისეული კომპლექსებით  გაანალიზო  გმირთა ხასიათი.  გააკეთო  ფილოსოფიური წიაღსვლები და გამოიკვლიო  დრო, რომელიც ჩემი აზრით რომანის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟია და ზოგჯერ წითელი ფერით მეტყველებს, ან ისაუბრო თავად  ფერმეტყველებაზე ტექსტში. უფრო მეტიც, კინემატოგრაფიული რაკურსით შეხედო ტექსტს და მის დინამიკურ, პარალელურ მონტაჟს დააკვირდე,  ყურადღება მიაქციო ინტერტექსტუალურ თამაშს - რომანში მე - 12 საუკუნეში მოღვაწე აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯელის  „ხოსროვშირინიანის“ სახით ლეიტმოტივად რომ მიგვიძღვება, ან  პარალელები გაავლო ფოლკნერისეულ თხრობის ტექნიკასთან და უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელის“ სიუჟეტთან. მოკლედ, წიგინი ნამდვილი შთაგონების ზარდახშაა. აქ ერთმანეთში იხლართება  სასიყვარულო ამბავი, ფილოსოფიური თავსატეხები, დეტექტიური დაძაბულობა, ისტორიული ფაქტები. ცოცხალი და  დახატული პერსონაჟების მიერ პირველ პირში, ფრაგმენტებად მოყოლილი ამბები  ფერად მინიატურებად იხატება და მთლიანობაში დიდ ეპიკურ ტილოს ქმნიან  მე-16 საუკუნის სტამბულის კულტურული ცხოვრების: ნაყაშხანების, ყავახანების,   ფადიშახების, სულთნების, დევრიშების, წიგნის მოხატვა-მოვარაყების თვალხილული თუ თვალისჩინდაკარგული ოსტატების და თავად ამ მოხატული წიგნების შესახებ. წიგნები, რომლებიც  ომების, ზეიმების, სიყვარულის, სიკვდილის, თურქული მხატვრობის და მისი ტრადიციების  დასურათებულ ისტორიას წარმოადგენენ. ამბავი, რამდენიმე თოვლიან დღეს, სტამბულის უბნებში, მხატვართა წრეში,  ერთი საიდუმლო წიგნის გარშემო  ვითარდება.   სწორედ ეს წიგნი  წარმოშობს კონფლიქტს ორი განხხვავებული  მსოფლხედველობის, ორ კულტურულ ტრადიცას შორის. მხატვარი  ენიშთე ეფენდი, რომელსაც ფადიშაჰმა წიგნის მოხატვა მიანდო, საიდუმლოდ ცდილობს ნახატებში  ვენეციელი მხატვრებისთვის დამახასიათებელი დეტალები შეიტანოს და წიგნზე მომუშავე სხვა მხატვრებს ამგვარი სურათები დაახატვინოს, ეს კი ზოგიერთ მხატვარს სასიკვდილო დანაშაულად მოჩვენებია, რასაც დაბნეულობის და დანაშაულის გრძნობის გაჩენა გამოუწვევია. ამას ემატება ხალხში გავრცელებული მითქმა-მოთქმა  თითქოს მხატვრები ამ წიგნით ალაჰს დაშორდნენ, ძველი ჰერათელი ოსტატების საოცნებო სურათებს და უძველეს ტრადიციებს უღალატეს და ვენეციელი მხატვრებივით დაიწყეს ხატვა. რომანში  საკმაოდ საინტერესოდ და ძირეულად იხსნება როგორც  ქრისტიანული და ისლამიური მხატვრობის თავისებურებანი, ისე  შუა საუკუნეების თურქული მხატვრობის დამოკიდებულება რენესანსულ ფერწერასთან,- თუ ევროპელი მხატვრისთვის სიბრმავე უდიდესი ტრაგედიაა, თურქი მხატვრისთვის ის ალაჰის წყალობაა, რადგან თვალისჩინ დაკარგული მხატვარი ისე ხატავს როგორც ალაჰი ხედავს. თუ ევროპელი მხატვარს ტილოზე პერსპექტივა სიღრმისა და სივრცის შექმნაში ეხმარება, მეტ თავისუფლებას აძლევს, თურქი მხატვარი( რომლისთვისაც ნახატი მინარეთიდან, სიმაღლიდან სამყაროს ხედვაა) ნახატს პერსპექტივით, მაწანწალა ძაღლის თვალით დანახულ სამყაროს უწოდებს. თუ ევროპულ მხატვარობაში  საკუთარი ხელწერის, სტილის ქონა მხატვრის ოსტატობაზე მეტველებს, აქ სტილი შეურაწყოფაა. შესაბამისად, ევროპულ მხატვრობასთან ზიარება  საკუთარი ტრადიციების, დიდებული ტექნიკის გაქრობას  გამოიწვევსო - შიშობენ აქაური მხატვრები. მხოლოდ  ენიშთე ეფენდი, რომელიც ოდესღაც ფადიშაჰს ვენეციაში გაუგზავნია, იქაური მხატვრობა უნახავს და  აღფრთოვანებულა, ხვდება რომ სწორედ ვენეციურ ( ევროპულ) სტილთან შეერთებით შეძლებს შექმნას ისეთი მშვენიერი და ამაღლებული სურათები, რომელიც მნახველს ცრემლებს მოჰგვრის და თმებს ყალყზე დაუყენებს. მხატვარმა კარგად იცის, რომ ის მდიდარი ტრადიციები და დიდებული ტექნიკა, რომელის გაქრობის შიშიც მისი კოლეგებს მოსვენებას არ აძლევს,  სხვა არაფერია თუ არა თავის დროზე სხვადასხვა კულტურული ტრადიციების შეერთების შედეგად წარმოქმნილი, - „ბეჰზათისა და საერთოდ, მთელი სპარსული მხატვრობის დიდებულებას არაბული და ჩინურ-მონღოლური მხატვრობის შერწყმას უნდა ვუმადლოდეთ. შაჰ თამაზის საუკეთესო სურათებმა გააერთიანა სპარსული სტილი და თურქმენული მგრძნობელობა. დღეს თუ ამდენს ლაპარაკობენ ინდოელი აქბარ ხანის ნაყაშხანებზე, ეს იმიტომ, რომ მან თავის ოსტატებს ხელი შეუწყო ევროპულ მხატვრობასთან ზიარებაში“ -ეუბნება ენიშთე ეფენდი მკვლელს, სიკვდილის წინ. მკვლელობის მიზეზი, სწორედ, ევროპულ სტილის გავლენის, კულტურული ტრადიციების გაქრობის შიში,ფანატიკური რწმენა, განსხვავებულისა და სიახლის მიუღებლობა ხდება. ეს შიში აფერხებს განვითარების პროცესს და სხვადასხვა  ცივილიზაციებს ერთმანეთთან აპირისპირებს. სტამბულში გაზრდილი მწერლისთვის კი არა დაპირისპირება, არამედ განსხვავებული საწყისების ერთ სივრცეში  წარმატებული თანაარსებობა, კულტურათა ურთიერთშეცნობა წარმოადგენს განვითარებისთვის, ევოლუციისთვის აუცილებელ ძალას. იმის მიუხედავად, რომ მოქმედება ისლამურ საზოგადოებაში ხდება, ფამუქის ტექსტებში წარმოდგენილი პრობლემები  ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური, დროული და ახლობელი მგონია.  ჩვენ რეალობაში, სადაც ადამიანის ავ-კარგიანობას  ხშირად ეროვნული ნიშნით განსაზღვრავენ,  სადაც უბირი მქადაგებლების მიერ დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის მიმართ გამოხატული გროტესკულ შიშებს,  აღგზნებული ადამიანები ხან ტაშით ხვდებიან, ხან კი სანთლებით ხელში გარინდებულნი ისმენენ,  სადაც საკუთარი ეროვნულობის, ტრადიციებს და კულტრის გაფეტიშებით ზოგჯერ  დანარჩენი სამყაროს გამოცდილებების უარყოფამდეც კი მივდივართ. ორჰან ფამუქი და მისი ტექსტები საინტერესო გონებრივი სავარჯიშოა,   კარგი მაგალითია - საკუთარი ქვეყნის წარსული გამოცდილება ახლებურად გაიაზრო(და არა გააიდეალო),  ამ გააზრებული წარსულით ილაპარაკო თანამედროვეობისათვის აქტუალურ საკითხებზე და სხვადასხვა კულტურებთან დიალოგი გამართო.

რა თქმაუნდა ფამუქის  ტექსტებზე  ჩვენთანაც დაიწერა და ჩვენს საზღვრებს მიღმაც ძალიან ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ დაიწერება. მწერლის სხვადასხვა ენაზე ნათარგნმა გამოცემებმა არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო. 2006 წელს  ორჰან ფამუქს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა, დაჯილდოვების ცერემონიაზე  მან წარმოთქვა სტყვები, სადაც ალბათ ბევრი მწერალი თავის სათქმელს იპოვის:

„მოგეხსენებათ, ჩვენ მწერლებს ჟურნალისტები ერთობ ხშირად გვისვამენ კითხვას, ასე ძალიან რომ შეყვარებიათ: - რატომ წერთ?

მეწერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! ჩემნაირ წიგნებს თუ ვინმე დაწერს, წავიკითხავ-მეთქი, ვამბობ და ვწერ. ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვწერ. ერთობ მიზიდავს ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ. დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მე, სხვებმა, ჩვენ - ყველამ სტამბოლში, თურქეთში, როგორ ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს-მეთქი, და ვწერ. ქაღალდის, კალმის, მელნის სუნი მიზიდავს და იმიტომ ვწერ, მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ხელოვნებისა და ვწერ. ჩვევისა და ძლიერი წადილის გამო ვწერ. მეშინია, არ დამივიწყონ და ვწერ. სახელი და პოპულარობა მხიბლავს და იმიტომაც ვწერ. განმარტოებისთვის ვწერ. ეგებ როგორმე გავარკვიო, ყველაზე თითოეულზე ასე ძლიერ რატომ ვბრაზობ-მეთქი, და ვწერ. კითხვა მიყვარს და იმიტომ ვწერ. ერთხელ დაწყებულ რომანს, ნაწერს, გვერდს ბარემ დავამთავრებ-მეთქი, და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის, და მეც ვწერ. ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშური რწმენის გამო ვწერ. ცხოვრება, სამყარო წარმოუდგენლად მშვენიერი და საოცარია და, იმიტომ ვწერ. ცხოვრების მშვენიერებისა და მრავალფეროვნების სიტყვებით გადმოცემა მწადია და იმიტომ ვწერ. ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, სწორედ იმგვარად, თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. ამ გრძნობებისგან გათავისუფლება მწადია და იმიტომ ვწერ. ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ. ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ.“  (სანობელო ლექცია: "მამაჩემის ჩემოდანი")

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები