ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

“მაშ, რაისთვისღა ცოცხალ ვართ?!"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


 

 

ამ პოსტში გიამბობთ ბევრისთვის უცნობ საზოგადო მოღვაწეზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ!

“ცოცხლობდე - არ ნიშნავს სუნთქავდე, ეს ნიშნავს – მოქმედებდე. იმ ადამიანმა კი არ იცოცხლა მეტხანს, ვინც მრავალი წლისა მოიყარა, არამედ იმან, ვინც უფრო მეტად იგრძნო სიცოცხლე.”

ნათქვამის დასტურად ერთი იგავ–არაკი მახსენდება. ერთხელ ბაბილონის მეფე სანადიროდ მიდიოდა, უცებ მოხუცებული კაცი შენიშნა, მივიდა მასთან და ჰკითხა: ”მოხუცო, რამდენის წლისა ხარ?” –“ოთხისა წლისა”–მიუგო მოხუცმა. მეფემ განრისხებით დაუყვირა: “ როგორ ჰბედავ შენ უაზრო თქმასა წინაშე მეფისა”! მოხუცმა კი მიუგო: “მე უაზროდ არ ვამბობ, ვინაითგან გონიერი ფრიად ადვილად მიჰხვდება, რომელ ცხოვრება, უგუნურებით ჩემ მიერ განტარებული, არ იწოდების ცხოვრებად, არ შეირაცხების დროდ. ხოლო აწ არს მხოლოდ ოთხი წელიწადი, რაც ჩვენ დროსა ვსარგებლობთ მშვიდობითა და იმ დროითგან ვრაცხ სიცოცხლესა ჩემსა”.

ეს იგავ–არაკი სიცოცხლის ზოგადი განმარტების პოვნაში გვეხმარება. მისი არსის შესაცნობად კი სოლომონ დოდაშვილის ღრმა შინაარსით აღსავსე ცხოვრება მესახება.

ხალხი ყოველთვის არის ჭეშმარიტად არსებული, როცა მას შეუძლია გამომსახველობითი ძალის წყალობით საკუთარი ისტორიის მოთხრობა, შეგრძნება, ასახვა და სახიერების მიღება.

ს. დოდაშვილი პირველი ქართველი განმანათლებელია. ის 30-იან წლებში ქართველი ხალხის სულიერი ბელადი იყო. მისი მოღვაწეობა და იდეები აღვიძებდა ახლადჩასახულ საზოგადოებრივ ძალებს, რომლის დამკვიდრებას ხელს უშლიდა მაშინდელი სოციალურ – პოლიტიკური სისტემა.

ამ პერიოდში დაწერილ მის პირად ბარათებში ჩანს მაღალი მორალური თვისებებით აღსავსე პიროვნება, რომელიც, როგორც თვითონ წერს, მთლიანად შთანთქმულია ჭეშმარიტების ძიებით. “სიმართლე, სიწრფელე წმინდა ჭეშმარიტებისა და სათნოება – აი თვისება სულისა ჩემისა”, - წერს იგი.
ს. დოდაშვილს ბავშვობიდანვე ერთადერთი მიზანი ამოქმედებდა: დაუფლებოდა მეცნიერებას. ფილოსოფიას და მიღებული ცოდნა გამოეყენებინა სამშობლოს საკეთილდღეოდ. “ვიკრებ სიბრძნესა მამულისათვის”, - წერს იგი ერთ წერილში.

თუ შევეხებით ს. დოდაშვილის შემოქმედებითი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს – ყველგან დავინახავთ მთელი საქართველოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერების ძარღვებში სულის შეჭრას, მის სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას. ასეთია შემოქმედების აზრი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი. მიუხედავად ამისა სოლომონ დოდაშვილი თავს დამნაშავედ თვლიდა, რადგან ცოცხლობდა, ითმენდა და უჭირდა. ცოცხლობდა, მაგრამ სულს თევზივით უხმოდ ღაფავდა, ითმენდა რაც ესმოდა და რასაც ხედავდა, უჭირდა მამულისა და მიწის დათმობა. ის წუხდა, ქვეყნის მომავალს ვერ ხედავდა, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გარემოების მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. არადა ქვეყნის ყველაზე მტკივნეული და სასიცოცხლო პრობლემა ხომ სწორედ ახალგაზრდების როლია საზოგადოებაში.

აუცილებელია, გვახსოვდეს, და ამას უნდა ვუკიჟინებდეთ ახალგაზრდობას, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ამქვეყნად მხოლოდ ვაჟკაცების, რაინდების, გმირების სახელები რჩება სამარადჟამოდ და არა მომხვეჭელთა, უსაქმურ ყოფაში ჩაძირული ადამიანებისა.

იმ პერიოდში ქართველობამ თავისი სახე დაკარგა, ვერ დაინახა ან არ გაისიგრძეგანა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მხოლოდ ისტორიული გამარჯვებებით, ქართველ მამულიშვილთა გმირობით ტკბობა და თავმოწონება კი ვერაფერი შეღავათი იყო მაშინდელი საქართველოსთვის, არ იყო საკმარისი ოფლი, საჭირო იყო სისხლი, თავდადება, რისკი, რომლის ფასადაც საქართველო ფეხზე წამოდგომას შეძლებდა. სწორედ ამიტომ ყურადღებას იპყრობს სოლომონ დადაშვილის სულისკვეთება. მის მიერ დაწერილ ‘’სიტყვა მოწოდებაში” ვკითხულობთ: “ქვეყნის დარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება... ნუუკუე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი? ნუ- უკუე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!

მაშ რაისთვის ვცოცხალვართ?!”

ს. დოდაშვილმა “სიტყვა მოწოდება” შეთქმულთა მეთაურების ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის თხოვნით დაწერა. თითოეულ მათგანს ღრმად სწამდა, რომ მათი ბრძოლა იყო გაგრძელება მამა-პაპათა სამართლიანი, საუკუნეთა გამოცდილებით გამართლებული საქმისა, რომ ამ ბრძოლაში მათ მხარეზე იყო ისტორიის ბუნებრივი კანონი, რომელიც ამ სამართლიანი ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების საწინდარი იყო. ამ რწმენაში ისინი ახალ “სიმხნეს” ეძიებდნენ. ეს იყო მათი ისტორიული ოპტიმიზმის მთავარი წყარო.

ჩემი აზრით, ადამიანი არ უნდა დაიღალოს იმედით, არ უნდა მოსწყინდეს ლოდინი, სურვილი ოცნების ასრულებისა.

ხშირად გვაწვალებს კითხვა: “რატომ ვარსებობთ?” “რისთვის ვართ მოსული ამქვეყნად?”

იმჟამად პირველ რიგში უნდა გვცოდნოდა, ვინ ვიყავით, იმ დროს ვინაობა უნდა გადაგვერჩინა, რადგან მტერი ტკბილი ნანინათი ჩაძინებას გვიპირებდა.

განრისხება, სიყვარული, სიძულვილიც კი შეიძლება იარაღი ყოფილიყო მეობის გამოსაფხიზლებლად და გადასარჩენად.
კაცად გაჩენილი კაცად უნდა დარჩე, შენიანი არასოდეს არ უნდა გახდეს სულერთი, მშვიდად არ უნდა ჩაიქნიო ხელი, რადგან მისი დანთქმა შენი დაღუპვის ტოლფასია და თუ ამას შევძლებთ, ჩავთვალოთ, რომ ჩვენს დროში შეზღუდულ სიცოცხლეს აზრი ჰქონია.

სოლომონ დოდაშვილის სიცოცხლე სწორედ ასეთი იყო-ღირებული და შედეგიანი. მას სურდა, რომ ხალხს ღირსება და ზნეობა არ დაეკარგა, თუმც ბევრის გადამტანმა და ბევრის დამკარგავმა უწყოდა, რა მძიმე და საპატიო ვალი იტვირთა_თავისუფლება პიროვნებისა და ერისა, რაც ზნეობრივად უმწიკვლო ყმაწვილებს უნდა მოეპოვებინათ.

სოლომონ დოდაშვილმა უკვდავ-ჰყო თავისი პიროვნება ქართველი ერის დაუშრეტელ წიაღში. მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. სამშობლოდან სამუდამო გადასახლება. მამულიშვილს დაბრუნება არ ეწერა. შაბოლოოდ, ის 1836 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენ დავკარგეთ მამულიშვილი, მაგრამ არ დაგვიკარგავს მისი სიყვარული. დავკარგეთ საზოგადო მოღვაწე, მაგრამ არ დაგვიკარგავს მისი შემოქმედება.

გაჭირვებაში, სიცივეში, შიმშილსა და შრომაში დალია სული. Gგულის სიღრმეში უხეშად დაეკეცა ფრთები; რადგან გულს არ უხაროდა, გულს არჩენს მხოლოდ გული; იქ კი, ცივ, გაყინულ, უსულგულო სამყაროში, გულდათუთქული იფერფლებოდა.
მარტოდმარტო დარჩენილი ალბად წუხდა, რომ მარტო საქართველო კი არ იყო მისგან შორს, არამედ თავადაც შორს იყო საქართველოდან, მისი ენერგია, ნიჭი, ძალა, ცოდნა...

შორიდან ისმოდა აწ უკვე დანელებული ხმა ქართველისა.

“ქართველნო, ხართ სადმე თუ არა?
არავინ არ იცის! მოიგეთ გონება!”

ლექსი მწუხარე დღეების პირმშოა, ტკივილით გაჯერებული, ტანჯვით აღსავსე, ჟამი კი გრძელდებოდა. თუმც დრო არ ჩერდება და, ახალი თაობის მიზანი დროის ქარბორბალის მიერ უცხოეთში მიმოფანტულ ღირსეულ ქართველთა ღვაწლის დაფასებაა, გათავისებაა იმ რეალობისა, რომ ტრაგიკულია ბედი მამულს მოწყვეტილი ყოველი ჭეშმარიტი ქართველისა. Aამადაც ბევრ რამეს დღეს სხვა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. თავად ჩვენც სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს ისტორიას, წარსულს, რადგან ისტორია ქმედითი მონაწილეა მომავლისა. ხსოვნის საჯაროობა კი წინაპრის წინაშე კდემას, რიდს, კრძალვას და დაფასებას გულისხმობს.

რით უნდა იკვებოს მოკვდავმა ცხოვრებაში?
ერთხელაც მიმოიხედავს შთამომავლობა და სადღაა წინაპართა ვნებები, სადღა ერთგულება, აღმაფრენა, იდეალიზმი? და მაინც, ყველ;ა საქციელი, წინაპრის ჩადენილი, დღევანდელი ადამიანისაა. დღევანდელია თავგანწირვა და თავდადება, შური და მტრობაც...

ალბათ ადამიანში ბოროტება ერთხელაც ჩათვლემს და სიკეთის წამი დაუდგება. ადამიანს ხომ სიკეთე ვალად ადევს, როცა არ იყო კეთილი, როცა არ შეეძლო შეფასება ავისა და კარგისა. მისთვის ვცოცხლობთ, რომ გვახსოვდეს, კარგ ყმას რა ძვირად უჯდება ხოლმე თავისი სიწმინდის შენახვა ჩვენი სულის საწრთვნელად...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები