ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

"ნუთუ ყოველივე ეს?"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე საყვარელ წიგნზე და პერსონაჟებზე დამეწერა. ძალიან ძნელია მათზე საუბარი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო.

ბავშვობაში იყო კარლსონი და ვინი პუხი, შემდეგ შერლოკ ჰოლმსი, კაპიტანი ნემო, დათა თუთაშხია, მერე უკვე მიჩინიო და მანუელო კოსტა, მერე კატა ბეჰემოტი... შემდეგ ქაოსმა დაისადგურა, რადგან ყველა წიგნის ყველა პერსონაჟი შემიყვარდა თავისებურად. ასე გრძელდებოდა წიგნიდან წიგნამდე. ყოველ ახალ ნაწარმოებს თავისი გმირები მოჰყავდა, რომლებიც სწრაფად იცვლებოდნენ და სხვებს უთმობდნენ ადგილს.

იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: "საღამოობით, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ".

კარგად მახსოვს "კარცერ-ლუქსებზე" მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. მეც მსურდა ასეთ კარცერში მოხვედრა, მაგრამ ვერსად ვიპოვე კლიმი, რომელიც მიდარაჯებდა. თუმცა წიგნის ძალა სწორედ ამ მოთხრობამ მაგრძნობინა, მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე წიგნის კითხვა სიამოვნებაა და ის ყველამ უნდა განიცადოს.

“სამოსელი პირველი”, ეს არის ნაწარმოები, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ წიგნად, განსხვავებით იმ წიგნებისგან, რომლებიც მხოლოდ შემდეგი წიგნის წაკითხვამდე ინარჩუნებდნენ ჩემ სიმპათიას.

"ნუთუ ყოველივე ეს?" - იტყვის რომანის მიწურულს ავტორი, მეც სწორედ ეს გავიფიქრე. ნუთუ ყოველივე ეს უნდა წამეკითხა, რომ შემეგრძნო უსაზღვრო სიყვარული... ალბათ კიდევ ბევრი იფიქრებს (ვიფიქრებთ) ასე მარადახალი მდინარის პირას...

რომანში არის სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, შურისძიება, უვიცობა, სიგიჟე.... მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ცხოვრების წიგნი. “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.” ეს ქალაქი ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ოცნების კანუდოსი, ქალაქი, სადაც სულს ვპოულობთ.დიდი სიყვარულის გზა, იმ სიყვარულისა, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ბოლოს კი სოფელში მარადახალი მდინარის პირას ერთადერთი ფიქრია: ნუთუ ყოველივე ეს...

“სამოსელი პირველი” მხოლოდ წიგნი არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, მასში მთელს ცხოვრებას აღმოაჩენთ. ასე მწვავედ არასდროს მიგრძვნია სიყვარულის კაქტუსის ჩხვლეტა, არასდროს მიფიქრია, რომ თვითმკვლელობა შეიძლება ძმათა ხათრით სიკვდილი იყოს და რომ ადამიანთა სიკვდილის ყურებით ადამიანთა სიყვარულს ვსწავლობთ.

სიმარტოვის დროსაც გამუდმებით გრძნობს დომენიკო, რომ "ვიღაცას უყვარდა".ეს ვიღაცა მამაა მისი, ექვსი ათასი დრაჰკანი რომ გამოატანა ვაჟიშვილს და ასე ცივად, თითქოს იმისათვის გამოისტუმრა, რომ ჭეშმარიტ სიმდიდრეს მიაკვლევინოს. იქნებ მიაკვლიოს კიდეც, ვინ იცის. ჯერ ხომ დომენიკო, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცომია", "ცომი". ჯერ არც ის ვიცით, რატომ ჰქვია რომანს ''სამოსელი პირველი".ერთი კია, ყველა თვალი დააძრო სამოსელს და ყველა თვალი გაყიდა მამამ ამეთვისტოს გარდა. ამეთვისტო ბახუსისაგან იცავსო მის მფლობელს, იქნებ ეს სიფრხილე იმისთვის სჭირდება მამას, რომ თვალი ადევნოს საკუთარ შვილს ამხელა გზაზე. წინ კიდევ რამდენი ქალაქია... ჯამბაზივით მხარზე შეუსვამს ავტორს მკითხველი და ქუჩებში დაატარებს. შუაღამისას ფანჯრებშიც ახედებს და ათას საიდუმლოს, ათასგვარი პროზის მომსწრეს ხდის. მერე პოეტურად ჰყვება ამ პროზის შესახებ გურამ დოჩანაშვილი. ალბათ იმიტომ, რომ თვალებით ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო დააქვს.

ახალი, ნაცრისფერი კვარტლის ორ შენობას, ზედ გამზირზე რომ დგას, თვალშისაცემი საერთო რამ აქვს. ორ დიასახლისს გორგოლაჭებზე თოკი გაუბამს. რიგრიგობით შრება სარეცხი. რა ჰქვია ამას? იდილია? და რაც უფრო ფერწასული, გახუნებულია საღამური, მით უფრო მარტივი, უსაიდუმლო და იდილიურია იგი.ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მგზავრები ავტობუსიდან, წამიერად თვალს რომ მოჰკრავენ სარეცხს. ქალაქის გულუბრყვილო მკვიდრი იდილიას სოფლად დაუწყებს ძებნას. სოფელს აქვს თავისი სიმყუდროვე, თებრონეს წყარო და თეთრი ბატები, მაგრამ: სოფელში ისეთი ბავშვიც ცხოვრობს, მოჭრილი და წაქცეული ხეების წვალება რომ უყვარს: "ექვსი წლისა რომ გახდა, ერთი ჟანგიანი დანა იპოვა, იმ დანით ხეებს ჩორკნიდა და ნაცრისფერ მერქანს უსერავდა..." ბავშვობაში დომენიკო მომსწრე გახდა იმისა, თუ როგორ ძლივსძლიობით ასწია ბიჭმა უშველებელი ლოდი და როგორ მონდომებით გაუჭეჭყა თავი პატარა ლეკვს. სიმწვანეს თვალმინაჩვევ ლოყებღაჟღაჟა იმ სოფლელ ბიჭს გვეგვე ერქვა. ფერმკთალი დომენიკოს ძმა იყო. იმ დღეს პირველად იტირა დომენიკომ. იმ დღეს პირველად დაირღვა ტკბილი სიუვიცის დროინდელი ჰარმონია, რომელიც ბავშვურ აღქმას აქვს. ერთბაშად გაიხლიჩა მთელი სამყარო და დანაწევრებულმა საგნებმაც თანდათან საკუთარი სახელები დაირქვეს. ჩვენ, მკითხველებსაც გვაქვს ჩვენ-ჩვენი ქალაქი. მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, გვეზარება და ვცხოვრობთ ზამთრის გრძელ ღამეებში ჩაფუთნულები. მთელი ზამთარი ასე თუ ისე გარკვეულია. იქნებ შეჩვეული? შეჩვეული. გაურკვევლობა კი გარკვეულობა გვგონია. გაზაფხული მოდის, თანდათან ვშუშდებით. გაზაფხული გვამღვრევს, გვაფორიაქებს და ათასი რამის ხელახალ გადასინჯვას მოითხოვს. ლამაზ ქალაქში გაზაფხულია და ყველას თავისი სახელი ჰქვია: ამ ქალაქის თითოეული მკვიდრი ამართლებს თავის არსებობას. თითოეული ცალ-ცალკე თითქოს იმიტომ კი არ გვეცნობა, საკუთარი ავკარგობა და ორიგინალობა დაგვანახოს, არამედ იმიტომ, რომ მეორე აღმოაჩინოს, მეორე პიროვნების არსებობა და ამ არსებობის აზრი დაამტკიცოს. ეს ხალხი თითქმის ყოველთვის და ყველგან ერთადაა, ქალაქგარეთ გასეირნება იქნება ეს თუ ზამთრის თამაშობებში მონაწილეობს მიღება, თუ კარასკოების არისტოკრატიულ ოჯახი გამართულ წვეულებეზე მოხვედრა. არსად, არცერთ თავში არ იწყება და არ მთავრდება ამბავი ერთი პერსონაჟისა. ისინი ყოველთვის ერთმანეთში გადადიან. ქალაქს თითქოს არ ცალია მხოლოდ ერთი კაცისათვის. ძალიან ძლიერი უნდა იყო, მარტოობას რომ გაუძლო.ამ მარტოობას არიდებენ ლამაზ-ქალაქელებიც თავს და ერთადაც თითქოს იმიტომ არიან, რომ როგორმე დროზე დაღამდეს. ეს ფიქრიანობა ნაკლებ ახასიათებს "სამოსელი პირველის" გმირებს. ეს არაა რომანი-მონოლოგი, ფიქრის აღწერა, სულის უფაქიზესი ნიუანსების გადმოცემა.მასში მოქმედემა სჭარბობს ( თუმცა თხრობა ხშირად მდორეა, არადინამიური), მოქმედება განსაზღვრავს სწორედ გმირთა შინაგან სამყაროს, გვიხსნის ხასიათებს.მაგრამ მოქმედება არსად აღწერაში არ გადადის. კვდება ედმონდო,და როცა იგი უკვე გარდაცვლილია, ვგონებ მწერლის მიერ განგებაა აქცენტირებული ცხედრის ამაყი, ზვიადი, უკარება სახე. მხოლოდ სიკვდილიდ მერე ენიჭება აზრი მის "უაზრო" ცხოვრებას და გასაგები ხდება მისი, ერთი შეხედვით ახირებული სიტყვები, არაერთგზის ღიმილს რომ ჰგვრის მკითხველს: "მოდი ვიამხანაგოთ". ეს ფრაზა მაშინვე გაისმოდა, როგორც კი უმცირეს ღიმილს ან სიკეთის გამჟღავნებას შეამჩნევდა ვინმეს. ქალაქს ჰყავს თავისი ლამაზი ქვრივი, "ნამდვილი ქალი" ტერეზა, სოფლიდან ჩამოსული ბიჭის პირველი სიყვარული. სიყვარული თუ გატაცება? ... და ქალაქი რის ქალაქია, თუ ერთი-ორი გიჟიც არ გამოერია. ნამდვილი გიჟი და ტყუილი- ალექსანდრო, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ თავს: "ზედმეტად დალაგებულნი ხანდახან ასე გამოვიყურებით"... ალექსანდრო სიკეთის მსახურია. ოღონდ იმდენად თვალსაჩინო და აღიარებული მსახური, რომ გიჟად მონათლეს. მან არ იცის წყენა, შეიფერა ეს სახელი და ასე უბოროტოდ დღედაღამ იმის ცდაშია, როგორმე სიყვარულის კაკტუსი გაახაროს ქალაქის მკვიდრთა უდაბნო სულში. ნამდვილი გიჟი - უგო ახალგაზრდაა. თითქმის ბავშვია. ენაზე მუდამ კამორული დანა აკერია და ყელის გამოჭრით ემუქრება ლამაზ-ქალაქელებს. ქალაქში კიდევ ნორჩი ჯანჯაკომოა, განსაცდელში მყოფ მამას ასე რომ ეგებება: "მორჩენალო მამა..." კიდევ მარადმწვანე მამიდა არიანდა, პატივმოყვარე ტულიო, ამპარტავანი ტულიო ვინსენტე- ლექსიკას იმის მიხედვით რომ იცვლის, გახსნილი აქვს თუ არა პერანგის ზედა ღილი... კიდე? კიდე? სხვებიც არიან. არ მახსენდება. ქალაქი რის ქალაქია, ყველა თუ გაგახსენდა.

“სამოსელი პირველი” - დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობთ წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში არის გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მე ვიცი რატომაც მომწონს - ძალიან, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანურია...

ყველას გირჩევთ განიცადოთ ეს შეგრძნება. ბოლოს კი ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულებ: მთავარია გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა...

 

"სამოსელი პირველი"-ს მოყვარულთა გვერდი Facebook-ზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები