ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

პიროვნების დაბადება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 ჯემალ ქარჩხაძის "იგი"-ს მიხედვით

    

"დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც აღარავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა."

დიდი დაძინების ქარაფი სიკვდილია. ვინც იქიდან გადაეშვება, ის კვდება, თუმცა ეს არავინ იცის; ყველას ჰგონია, რომ დიდი დაძინებით დაძინებული არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული ვინმე არავის უნახავს. ამ ადამიანების გონება იმას ამუშავებს, რასაც ხედავს - ხედავს მხოლოდ თვალებით; იმას აღიქვამს, რაც ცხოველურია და არაადამიანური. მათ არავითარი სულიერება არ გააჩნიათ.

ირგვლივ პირველყოფილი თემური წყობილებაა. ადამიანი ჯერ კიდევ არაა გამართული, ის ველური, ცხოველური ინსტიქტებით ცხოვრობს, ან ცოცხლობს.

იბადებიან, იზრდებიან წელში მოხრილნი,მხრებფაფრიანები, კბილებდაკრეჭილნი, ნადირობენ, ნანადირევს ჭამენ; მათთვის უცხოა მამაშვილობა, სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, ერთგულება, ზნეობრიობა; ჰყავთ ბელადი, რომელსაც ემორჩილებიან, ხოლო დაუძლურებულნი დიდი დაძინებით იძინებენ, ანუ კვდებიან.

როგორც ვხედავთ, სწორედ ისეთივე ყოფა აქვთ, როგორც ნებისმიერ პირუტყვს, მაშასადამე, ისინიც ცხოველები ყოფილან.

მათი ცხოვრება ერთფეროვანია. თუმცა, ყოველდღიური საზრუნავი ცხოვრების ისევ და ისევ თავიდან დაწყებაა. გონება ბნელია, ჯერ არ განათებულა აზროვნების მზით. მუდამ სიბნელე ხომ არ შეიძლება იყოს, ოდესმე ხომ უნდა გაჩნდეს სინათლის თუნდაც ერთი სხივი; ხომ უნდა გამოანათოს ნათელმა; თუნდაც სულ პატარამ, რომელიც ვინმეს გულს მაინც გაათბობს, ვინმეს გულში მაინც გააღვივებს სიყვარულს. იგი ოდესმე მაინც ხომ დაიდებს ბინას ვინმეში, როგორც არსებულის შეცვლისა და წინსვლის საფუძველი. თუ ის არ გაჩნდა, მაშინ ყველაფერი ფუჭი ყოფილა, მთელი ქვეყნიერება ველური ტყე ყოფილა...

იგი ყველაფერია და ყველაფერი იგია. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია. იგი ადამიანია, იგი მთაა, იგი ზღვაა, იგი ტყეა,.. და ადამიანიც იგია, მთაც იგია, ზღვაც იგია და ტყეც იგია...

იგი ცხოვრებაა? იგი მზის სხივია? იგი სინათლის ნაპერწკალია ბნელ გამოქვაბულში? მაგრამ იგი, ალბათ, მაინც, მთელი ცხოვრებაა... იგი იგია.

თუმცა ჯერ იგიც მათნაირია, ისიც წელში მოხრილი და გონებაშეზღუდულია. მასაც ისე ესმის ყველაფერი, როგორც სხვებს - მეხსიერება სუსტი აქვს, გამოცდილებაც ძალიან მწირი. თანამოძმეების მსგავსად, იგისაც უფრო მეტად შეგრძნებები აქვს განვითარებული, ვიდრე - გონება.

ბევრი რამ უკვირს იგის, ბევრ რამეს ვერ აღიქვამს ისე, როგორც უნდა, სიტყვებს ვერ ალაგებს, ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს და უკვირს... თუმცა ეს უკვე კარგია, რადგან გაკვირვება უკვე ძიებაა, ძიების სურვილია, რომელსაც იგი ართმევს თავს. მას ისევ აოცებს ყველაფერი ახალი თავის ცხოვრებაში, თუნდაც ის, თუ როგორ ტოვებს დიდი დაძინების ქარაფზე მიმავალი ბელადი კვალს, თუნდაც ის, თუ როგორ გადაინაცვლებს ბალახზე მოკიაფე მზის სხივი ხელის დაფარებისას ხელზე...

მრავალი გაკვირვება მას ცოდნად ექცევა, მერე სიტყვებიც უფრო სწრაფად დალაგდებიან თავში და ნარნარით გაუყვებიან გზას...

თუმცა ახლა ახალი პრობლემა ჩნდება. იგი ნელ-ნელა წელში იმართება... რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ სულის გამოძახილი სხეულზე აღიბეჭდა, სხვებზე მეტი გაიგო და იმიტომაც, რომ დაასკვნა ის, რომ სხვებზე მეტი იცის...

ყველაფერი ახალი მართლაც შიშის მომგვრელია და იგიშიც შიშმა დაისადგურა. მაგრამ ახალი მიმზიდველიცაა, რისგან თავის დაღწევა მას ძლიერ უჭირს.

იგი დაითრგუნა, რადგან აღარ ჰგავს თანამოძმეებს, პირველყოფილი ჯოგის წევრებს, განსხვავდება იმ პრიმიტიული არსებებისაგან, რომლებმაც უკვე აითვალწუნეს იგი.

წუხილმა დაისადგურა იგის სხეულში და მის ძვლებს დაუწყო ღრღნა. მაგრამ ღამით, როცა იგი წუხილთან საბრძოლველად ცალკე გამოქვაბულში მიდის, როდესაც მთვარის შუქის სილამაზეს შეიგრძობს და ითავისებს, ფაქიზდება მისი სული და თითქოს წუხილიც თანდათან ქრება.

თითქოს დაძლია იგიმ წუხილიც, შემდეგ ხანმოკლე ტკივილიც, მაგრამ იგის დამშვიდება ხანმოკლე აღმოჩნდა. ხანმოკლე აღმოჩნდა ის ჩვეულებრივი მზერაც და საქციელიც, რომელიც თანამოძმეებმა, ალბათ, უკანასკნელად აჩუქეს იგის.

ჰო, ასე მოხდა; უკვე ფაქიზ სულს ასე მალე ხომ ვერ შეცვლიდა ველური ინსტიქტი, ბოროტება ასე უცებ ხომ ვერ გაიმარჯვებდა სიკეთეზე; - არა, პირიქით, იგიში "ნი" გაჩნდა, "ნი" - სიყვარული, რომელიც მზის ერთმა სხივმა გაათბო და გააღვივა იგის სხეულში. იგის გულში დაიდო ბინა სიყვარულმა, რომელმაც საბოლოოდ დაანგრია განსხვავებულობის შიში. სიყვარული, უმაღლესი ღვთიური მადლი გახდა იგის თანამდევი და იგიშიც უკვე ღვთიურმა გაიღვიძა. ღვთიური კი სული, გონი და ნებელობაა. სულიერი დაუკმაყოფილებლობა უკვე მუდმივად თან სდევს იგის

როდესაც იგისა და ნის შორის მოხდა ის, "რასაც სხვები აკეთებენ", ნი დამახინჯდა და შეაწუხა იგის სული, თუმცა იგიმ მოახერხა დამახინჯებული ნის სხეულიდან გამოდევნა. ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე ამაღლებული გახდა სულიერი კავშირის მოთხოვნილება. სწორედ ასეთმა აღმატებულმა გრძნობამ შეაძლებინა იგის საყვარელი ქალის უხეში ინსტიქტის მიერ დამახინჯებული, დამდაბლებული ხატისაგან გათავისუფლება. შემოქმედების მეშვეობით იგი უფრო დიდი გახდა და ამაღლდა მისი სიყვარულიც. ასეთმა სიყვარულმა აღმოაცენა იგიში შემოქმედი და ხელოვანი.

"სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა" - უთქვამს მეტერლინკს. ამ უსასრულობას ეზიარა იგი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიცნო მან მთელი სამყარო, ამის შემდეგ გახდა ის ყველაფერი და ყველაფერი მოთავსდა იგიში. მთელი ქვეყნიერება - თავისი სიავითა და სიკეთით, თვით ბოროტი ბელადიც სიკეთის ბინდით გადაიფარა იგიში.

მან შეძლო ბელადთან დაპირისპირება, ოღონდ გონებით, და არა კეტით. მან გამოხატა ბელადი ქვაზე, რადგან ხედავდა მის არსს. ბელადს კი შეეშინდა, როცა საფრთხე დაემუქრა. მისი გამოსახულებიანი ქვის დამტვრევაც სიმბოლური იყო, რადგან ოდესმე მართლაც ასე მოუწევდა ბელადსაც და მის "მმართველობასაც" დამსხვრევა - გადაშენება.

სხვადასხვაობა და თავისებურება პიროვნულოის საზომია,ადამიანის პიროვნება სრულფასოვანი მხოლოდ თავისთავადობით შეიძლება იყოს. გზა ბედრიერებისკენ, დახშულია იქ, სადაც წაშლილია ჭეშმარიტი პიროვნულობა! სისათუთე და სიფაქიზე გვმართებს პიროვნებათა მიმართ.

იგიმ მსხვერპლიც გაიღო და ბელადთან კონფლიქტი თავიდან აიცილა, შეიძლება ნის დახმარებითაც. ეს უკვე სრულყოფის გზაზე შემდგარმა პიროვნებამ აიცილა ველური ბრძოლა და ამას მშვიდობიანი საუბარი არჩია. ნიმ ანუ სიყვარულმა (თუ საყვარელმა ქალმა) უფრო აიძულა იგი გამოევლინა თავისი სულიერება.

სიყვარულის მეშვეობით შეძლო იგიმ განახლება, კათარზისი და სულის გალამაზება.

...დაიბადა პიროვნება. ჩამოყალიბდა ახალი სულიერი - ადამიანი, რომელმაც შეძლო მშვენიერების აღქმა, სიყვარულის შეცნობა, შეცნობა საკუთარი თავისა, რომელიც უკვე მთლიანი სამყაროს ნაწილი და არა ველური ჯოგისა; შეძლო დაძლევა უამრავი წინააღმდეგობისა და ... ბოლოს, სიკვდილთან ძრწოლის გაარეშე შეხვედრა, რადგან მან გააცნობიერა, რომ ის ტოვებდა კვალს, თანაც ძალიან ღრმას. მისგან რჩებოდა დიდი ხე, რომლის ტოტებიც წელგამართულობა, ღირსება, თავისუფლება და ადამიანურობა იყო.

რა თქმა უნდა, ძნელი იქნებოდა ერთბაშად ამ ხის ქვეშ მთელი პირველყოფილი ჯოგის შეფარება, თუმცა ბოლოს, ალბათ ამასაც შეძლებდნენ, შეძლებდნენ იგის წელგამართული მემკვიდრის - ზუს დახმარებით.

"მომავალი ეკლის ბარდნარია", თუმცა ამ ბარდნარის გაკაფვაც შეიძლება, რადგან გასაკაფი იარაღი იგისგანაა დატოვებული.

"იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო."

გერმანელმა მწერალმა ერნესტ ტოლერმა სთვა: "მე დავიბადე - მოვკვდი, მოვკვდი - დავიბადე, მე თვითონ გავხდი ჩემი თავის დედა." ერთია ფიზიკური დაბადება ადამიანისა და მეორეა, როდესაც იგი თავის თავს თვითონ ქმნის, ანდა გარემო, რომელშიაც ის ცხოვრობს, მას ახლად, ხელმეორედ შობს და მისცემს სხვა საქმეს.

ერთია, როცა ადამიანი იბადება დედის წიაღში და მეორეა, როდესაციგი ცდილობს თვითონ ჩამოაყალიბოს თავისი თავი.

პიროვნების თავისუფლება თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. თუ თავიისუფლება პიროვნების თვისებაა, ეს პიროვნება ყოველთვის შეიძლება იყოს თავისუფალი. თუ თავისუფლება პიროვნების თვისება არ არის, ადამიანი არასოდეს არის თავისუფალი.

თავისუფლებას არავინ ანიჭებს პიროვნებას, პიროვნება თვითონ ანიჭებს თავის თავს თავისუფლებას, რაც გააკეთა იგიმ.

იგის თავისუფლება გამოიხატა საკუთარი ნებელობის აღმოჩენაში და ამ ნებით ცხოვრებასა და მოქმედებაში. იგი საკუთარი ნებით ეწირება ამ აღმოჩენას, რათა დაანახოს სხვას, რომ არის რაღაც, რისთვისაც ღირს დიდი დაძინების ქარაფზე ასვლა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დათო გორგილაძე

კომენტარები