ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუას შესახებ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

,,როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია.” - აკაკი ბაქრაძე - თხზულებანი - ტომი VIII, 617-622 გვ. (როსტომ ჩხეიძის საერთო რედ., ტომის რედ.- ლაშა ბაქრაძე)

 

 

 

 

   

   ,,ბ-ნო ვანო!

   თქვენ გაინტერესებთ, რატომ წამოვედი თეატრიდან. გიპასუხებთ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ პასუხს გეტყოდეთ, უნდა ზოგიერთი რამ განვმარტო.

   თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი, მე ყოველთვის ნაკლებ მაინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტად არა, ვიდრე ჩვეულებრივ მაყურებელს. როცა კინოში ვმუშაობდი, მაშინ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ თეატრი დაბერდა, მოძველდა და აღარ უნდა არსებობდეს-მეთქი. შეიძლება ეს გაგიკვირდეთ და მკითხოთ, რატომღა დავთანხმდი თეატრში მუშაობას?

   თეატრთან ჩემი დაკავშირება მოხდა სერგო ზაქარიაძისა და აკაკი დვალიშვილის ინიციატივით. თქვენ გახსოვთ, რომ ს.ზაქარიაძემ შემომთავაზა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის ადგილი. როცა ეს წინადადება მივიღე, დავფიქრდი, შევძლებდი თუ არა ჩემი მიზნისა და ამოცანის ნაწილობრივ განხორციელებას. რატომღაც დავასკვენი, რომ მოვახერხებდი.

   მაინც რა მიზანი და ამოცანა მქონდა დასახული?

   მე, ყმაწვილობის ასაკშიაც კი, არ ვეკუთვნოდი იმ ადამიანთა რიგს, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ კომუნისტურმა მოძრაობამ კაცობრიობას ბედნიერება მოუტანა. ყოველთვის კარგად ვიცოდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ნაძირლებმა. ისიც მკაფიოდ მქონდა წარმოდგენილი, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში პატიოსანი ცხვორება შეუძლებელია და ადამაინმა თავი მხოლოდ ორპირობით, ლაქიაობით და უფროსის უკანალის ლოკვით უნდა გაიტანო. რაკი ყველაფერი ეს ნათლად მქონდა წარმოდგენილი ბუნებრივად დადგა ჩემ წინაშე საკითხი - როგორ მეცხოვრა?

   არსებობდა უკვე გატკეპნილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი გზა - შევერთებოდი ორპირებს, უნამუსოებს და სინდისგარეცხილთა არმიას. მეკეთებინა ყველაფერი ჩემი ნამუსის საწინააღმდეგოდ. ეს არ არის ძნელი საქმე, თუ პატიოსნებაზე აიღებ ხელს. მით უმეტეს, ამას იოლად აკეთებენ ლიტერატორები. სტუდენტობისა და დამოუკიდებელი საქმიანობის პირველ წელიწადს მე მოვსინჯე ეს გზა. უნდა გითხრათ, რომ კარგად გამომივიდა. მეტად ნიჭიერს მეძახდნენ და ოქროს მთებს მპირდებოდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისიც ცხადი იყო, რომ ხელი უნდა ამეღო ჩემს პიროვნებაზე და გავთქვეფილიყავი სხვაში. ეს არ ვისურვე და გადავწყვიტე სხვა გზას დავდგომოდი. ჩემი მიზანი და ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე - რაკი მე საბჭოთა სინამდვილეს თავს ვერ დავაღწევ, უნდა ყოვეგვარ პირობებში მოვახერხო და ვილაპარაკო სიმართლე. ვამხილო საბჭოთა სიცრუე და ორპირობა. რაც ეს გადავწყვიტე, მერე უკან არ დამიხევია და თქვენ 1957 წლიდან ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ სტრიქონს, სადაც მე ის მეთქვას, რასაც არ ვფიქრობდი. ვერ ნახავთ სტრიქონს, დაწერილს ვინმეს საამებლად და სალაქიოდ. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც ბევრი შეცდომა მომსვლია. მაგრამ ეს იყო ჩემი საკუთარი შეცდომა და არა სხვის დუდუკზე ხტომის შედეგი.

   როცა რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგეობა შემომთავაზეს, როგორც გითხარით, ჩავთვალე, რომ მოვახერხებდი სცენიდან სიმართლის თქმას. მაგრამ ჩემი და ს.ზაქარიაძის ერთად მუშაობა აღარ მოესწრო. ს.ზაქარიაძე ჩვენი საუბრის შემდეგ მალე გარდაიცვალა. თეატრის დირექტორად დანიშნეს ოთარ ქინქლაძე. მე მაინც დავიწყე ლიტერატურული ნაწილის გამგედ მუშაობა, მაგრამ, როგორც იცით, ორიოდე თვეში ამ საქმეს თავი დავანებე. რატომ? იმიტომ, რომ ოთ.ქინქლაძეს თეატრი არ აინტერესებდა. იგი თეატრს უყურებდა, როგორც ტრამპლინს, ახალი, უფრო მაღალი თანამდებობის მისაღებად. ასეც მოხდა. მან მალე მიღო მაღალი თანამდებობა. ცხადია, ამ მიზნით თეატრში მოსული კაცი ჩემს წინადადებებს არ დაეთანხმებოდა და ჩემს თეატრში მუშაობას აზრი არ ჰქონდა. მეც წავედი.

   მერე, როცა ოთ.ქინქლაძე გადაიყვანეს და ახალი თანამდებობა ჩააბარეს, აკაკი დვალიშვილის წინადადებით, მე დამნიშნეს თეატრის დირექტორად. დავთანხმდი ამას იმიტომ, რომ მომეჩვენა, დირექტორობა კიდევ უფრო მეტად მომცემდა საშუალებას განმეხორციელებინა მიზანი. მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოვტყუვდი.

   აღმოჩნდა, რომ მე თეატრს არ ვიცნობდი და, როგორც მაყურებელს, მასზე ზერელე წარმოდგენა მქონდა. მართალია, კინოში მუშაობის გამო, ბევრ გამოჩენილ მსახიობს პირადად ვიცნობდი და ზოგიერთთან ახლო მეგობრობაც მაკავშირებდა, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი თეატრის არსის ამოსაცნობად. როცა მე ჩემი გეგმები გავაცანი თეატრის უკეთესს ნაწილს, სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ჩემდა გასაოცრად დავინახე, რომ მათთვის სულერთია, რას დადგამენ, ოღონდ თეატრში იყოს მაყურებელი და ის ტაშს უკრავდეს. თეატრის ერთადერთი ოცნება ეს ყოფილა. მას თურმე არ აინტერესებს, რას ამბობს, რატომ ამბობს, რა მიზნით, რა ამოცანით. ვის ემსახურება და რას ემსახურება. თუ ტაშს დაუკრავენ, მზად არის განურჩევლად ყველას ემსახუროს. ეს ჩემთვის მძიმე აღამოჩენა იყო, მაგრამ გული არ გამტეხია, რადგან მაინც ვფიქრობდი, რომ გამოსავალი მოიძებნებოდა.

   ჩემთვის ნათელი იყო, რომ ძირითადად ორ კაცს - თემურ ჩხეიძესა და რობერტ სტურუას უნდა დავყრდნობოდი. უბრალოდ იმიტომ, რომ უშუალოდ პროდუქციას (წარმოდგენას) ისინი ამზადებდნენ. სხვა რეჟისორები მე არ გამომადგებოდნენ და ჩემი ორიენტაციაც ამ ორ კაცზე იყო აღებული. თ.ჩხეიძესთან კონტაქტის დამყარება მე უფრო გამიჭირდა, ვიდრე რ.სტურუასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა თეატრში პატარა კონფლიქტით დაიწყო. გახსოვთ ალბათ, რომ, როცა მე უარი ვუთხარი რ.სტურუას, რ.გაბრიაძის პიესას ,,ხანუმა პარიზში” არ დაგადგმევინებ-მეთქი, იგი თეატრიდან გაიქცა და ორი თუ სამი თვე არ მოსულა. კომპოზიტორი გია ყანჩელი აქეზებდა, არ მიხვიდე, იძულებული გახდება შეგეხვეწოს და ,,ხანუმა პარიზში” დაგვადგმევინოსო. ნაირნაირი ხმებიც მოჰქონდათ ჩემთან - სტურუა განცხადებას წერს და თეატრიდან მიდისო. მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან კარგად ვიცოდი, არც რეჟისორი და არც მსახიობი, როგორი შეურაცხყოფაც უნდა მიაყენო მას, თეატრიდან არსად წავა. მართლაც, სეზონის ბოლოს იგი თეატრში მობრუნდა და გვქონდა საქმიანი საუბარი. მაშინ შევთავაზე მე მას პ.კაკაბაძის ,,ყვარყვარე თუთაბერი”. ჯერ თავი შეიკავა. თქვა, რომ ეს პიესა სუსტია და მისგან რა გამომივა, წარმოდგენილი არა მაქვსო. მე გავაცანი ჩემი გეგმა. ვუთხარი - ,,ყვარყვარეს” მოტივები კაკაბაძეს სხვა პიესებშიც აქვს. მოდი, ყველას ერთად მოვუყაროთ თავი, გავაერთიანოთ და ამით შევავსოთ ის ხარვეზები, რომელიც ,,ყვარყვარე თუთაბერს” აქვს-მეთქი. ეს მოეწონა და რამდენიმე დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. არ დასჭირვებია ეს რამდენიმე დღე. მეორე დილითვე მოვიდა და მითხრა - ვიცი, როგორც უნდა დავდგაო. მართლაც მშვენიერი ფორმა მოძებნა: ბოროტი კეთილის უკანა მხარეა. ქრისტე და ანტიქრისტე.

   ჩვენ ორიოდე კვირაში დავამუშავეთ ლიტერატურული ვარიანტი. მერე იგი დაიდგა. ,,ყვარყვარესთან” დაკავშირებით რაც მოხდა, ეს თქვენ კარგად იცით.

   მერე კარგა ხანს ჩვენ თანხმობით ვმუშაობდით. უსიამოვნება არც წამოსვლის წინ მომსვლია, მაგრამ ჩემი დარჩენა თეატრში აღარ ღირდა.

   თქვენ იცით, რომ 1978 წლის 14 აპრილსა და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ამბების გამო ხელისუფლება ძალიან გადამეკიდა. ჩემი მოხსნის საკითხი რამდენჯერმე იდგა, მაგრამ ვერ გაბედეს. ერთხელ ოთ.თაქთაქიშვილს დაუყვირა კიდეც შევარდნაძემ - შენ რა მინისტრი ხარ, ბაქრაძე ვერ მოგიხსნიაო. შეშინებული თაქთაქიშვილი სამინისტროში მოვარდა და მეხვეწებოდა, წადი თეატრიდან, კულტურის სამინისტროში გადმოგიყვან, იქ იმუშავეო. მე ჯიბრის გამო უარი ვუთხარი. ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა. ყველა რომ გიამბოთ, ძალიან გრძელი გამოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი წლის მანძილზე ხან მხსნიდნენ და ხან მტოვებდნენ. ელოდნენ ჩემს განცხადებას. მე არ ვწერდი მას. ერთხელ ტრისტან ყველაიძეს ვუთხარი კიდეც - განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ დავწერ-მეთქი. თუ უნდათ ისე მომხსნან-მეთქი. მერე მაინც დავწერე განცხადება და აი, რატომ.

   როცა ამგვარ სიტუაციაში ვიყავი, რ.სტურუა (და სხვები) სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს ,,ცარცის წრის” გამო. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებას აპირებდნენ და ჩემთან მის დაპირისპირებას. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე” დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის” განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ პრემიაზე.

  ,,ცარცის წრით” დაგვიანებული დაინტერესება ნაკარნახევი იყო ანგარებით. თუ სტურუას დააჯილდოვებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცა და მაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას. ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მას ხელისუფლება გადმოისვრის.

   ჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ ЛГ-ს კორესპონდენთან საუბარში - ,,...მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაც რუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა” (გაზ. ,,კომუნისტი”, 1980 წ., 21 სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. სხვა რეჟისორი კი თეატრში არ იყო. ნ.ხატისკაცი და გია ანთაძე ძალიან სუსტები იყვნენ, რომ მათგან რაიმეს იმედი ჰქონოდა კაცს. თემურ ჩხეიძეს კი არ უნდოდა თეატრში მუშაობა. იგი ძალდატანებით რჩებოდა თეატრში. ასეთ ატმოსფეროში მე აღარაფერი საქმე მრჩებოდა.

  

 

 

 

   როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია. მისგან ცოცხალი აღარაფერი გამოვა. ახლა სტურუა მხოლოდ იმ შეკვეთაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც შევარდნაძისაგან მიიღო. ამგვარი წარმოდგენის დადგმა მას გაუჭიდება იმიტომაც, რომ იგი ცინიკოსია ბუნებით და პანეგირისტული წარმოდგენა ძნელად გამოუვა. ეს ობიექტურად. სუბიექტურად კი მას შევარდნაძე სთხოვს - დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს!  მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა. სტურუამ ეს არ იცის, მაგრამ, როცა მას პრემიით აჯილდოვებდნენ, მე ენუქიძე მელაპარაკა და მისაყვედურა - რატომ უჭერ მხარს სტურუას. ხომ იცი, რომ ეგ შევარდნაძის მტრების ნათესავია (გულისხმობდა დ.სტურუას და ვ.სირაძეს) და მათი დავალებით მოქმედებს. ჩვენ კარგად ვიცითო, მითხრა, რომ თქვენ კარგა ხნის დადგმული გქონდათ ,,რიჩარდ მესამე”, მაგრამ მის გამოშვებას განგებ აჭაიანურებდით. როცა გაკვირვებულმა ვკითხე - რატომ ვაჭიანურებდით განგებ-მეთქი? ენუქიძემ მიპასუხა - შევარდნაძის მოხსნას ელოდით, რომ მერე ხალხი გაგეცინებინათ ხშირად გამეორებული ,,ედვარდ... ედვარდ”-ითო. მაგრამ შევარდნაძე აღარ მოხსნესო და იძულებული გახდით სპექტაკლი გაგეშვათო. როცა ეს სისულელე მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შევარდნაძის ნათქვამი იყო, რადგან ენუქიძე ამგვარ აბდაუბდას ვერ მოიგონებდა.

   ჩემი და ენუქიძის ლაპარაკი უსიამოვნოდ დამთავრდა. ეჭვით ავადმყოფს ქვეყნის მართვა არ უნდა ევალებოდეს- მეთქი, ვუთხარი და წამოვედი.

   დააკვირდით სიტუაციას: სტურუას თან აჯილდოვებენ და თან მტერს ეძახიან. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ წაგვკიდონ და ამით ისედაც ჩაშლილი საქმე თეატრში მთლად ჩაშალონ. სტურუას მეტი ვერავინ ვერაფერს დგამდა. თუ ის და მე წავიკინკლავებდით, ისიც ვერაფერს გააკეთებდა და საქმე სულ წახდებოდა.

   ამას დაემატა ისიც, რომ ყველა ჩემს წინადადებაზე - თეატრს ესა და ეს სჭირდება-მეთქი - სამინისტროცა და ცკ-ც უარს მეუბნებოდა. ესეც გამიზნული იყო”.

       უკომენტაროდ...

   2011 წელი, ივნისი.

   ზურაბ    ოდილავაძე

 

 

 

  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა კუბლაშვილი "NEWA"

კომენტარები