ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ანინა ტეფნაძე

ერთი წერილის ამბავი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

,,ფეისბუქის" ფენომენებზე დიდი ხანია მინდა დავწერო. ყველა მათგანზე მაინც ვერ დავწერ, ამიტომაც განსაკუთრებით შემაწუხებელს ამოვარჩევ. აი, მაგალითად, იმ წერილზე თუ გსმენიათ რამე, უამრავი ადრესატი რომ ჰყავს და არასდროს მთავრდება? ან უარესი, იქნებ ოდესმე მიგიღიათ კიდეც? ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ შთაბეჭდილებები.

ასეთ წერილებს უმრავლეს შემთხვევაში კონკრეტული მიზანი აქვს: რაც შეიძლება მეტ ადამიანს სთხოვო, რომ შევიდეს აქ, დაალაიქოს ეს, მერე გადავიდეს მარჯვნივ, დაალაიქოს ის და მერე საბოლოოდ დაალაიქოს, რაც საჭიროა. თუმცა ხანდახან ეს მიზანი საერთოდ არ არსებობს ხოლმე და მთელი ორომტრიალი ნერვების მოსაშლელად იწყება. ნერვების მოშლა კი გარანტირებულია to-გრაფაში მითითებული 5 ადამიანის სამყოფი ,,ფრენდებისმიერ, რომლებიც პასუხს არ აყოვნებენ:

ეს რა არის? ამომშალეთ დროზე!

ამიხსენით, რატომ ვარ აქ მე?

სად მოვხვდი?

უცებ ვიღაც ამ შეწუხებულებში ნაცნობს იპოვის და იქვე იწყებს ურთიერთობას: უი, ლაშა. რამდენი ხანია არ მინახიხარ... ამ წერილში უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს? რატომ არ გყავარ მეგობრებში? სანამ ლაშა პასუხზე ფიქრობს, დანარჩენები აგრძელებენ სასოწარკვეთილ წრიალს: ჩემიდდშვც, ახლავე ამომშალეთ! ამ წერილის შემქმნელის დდშვც! ყველას დდდშვც! საიდანღაც თავს ამოყოფს ფაქიზი სმენის/მხედველობის გოგონაც: მესმის, რომ ცუდი პონტია, მაგრამ ცოტა ფრთხილად სიტყვებთან რაააააა და საუბარი სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლებაზე გადადის.

ამასობაში შედარებით გაწონასწორებულები წერილის შეჩერების გზებს ეძებენ. ჯერ შლიან, მერე სპამად ნიშნავენ, მერე წერილის შემქმნელს მეგობრებიდან აქრობენ, მერე ბლოკავენ, მაგრამ არა! არ შველის. შედეგად ნერვები ეშლებათ და ბრბოს უერთდებიან: რა ჯანდაბაა! ყველაფერი ვქენი და არ შველის! დავიღალე!

ეს თითქოს სიგნალია, რომელზეც ერთდროულად ოცამდე ადამიანი აქტიურდება: ჰო, მეც ეგრე ვქენი. უი, მეც ეგრე ვქენი. მდაა, ყველამ ეგრე ვქენით და ვაი, არც ერთს არ გვიშველა.

აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ პასუხზე ყველას, ვინც კი სიაშია, ნოტიფიკაცია მისდის.

საბოლოოდ არენაზე გამოდის ყველაზე სხარტი და ამბობს, რომ თავისთავად წერილის არსებობა არაა პრობლემა, პრობლემაა ის, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ წერას. აი, ნახეთ, არაფერს თუ აღარ დაწერთ, ყველაფერი დასრულდება. ჩვენ კი საშუალება გვექნება ჩვენი აგრესია უწყინარი ,,გოიმებისკენ“, პოლიტიკოსებისკენ და იაფფასიანი აპლიკაციებისკენ მივმართოთ.

და გგონიათ, ამით ამოიწურება კონფლიქტი? თქვენ ცდებით. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ბოლო შეტყობინებას არ წაიკითხავს და უკვე გავლილ და დაძლეულ შეკითხვას დაუბრუნდება: აქ რა ხდება? ვინ ჩამაგდო?

და ჰაერში წვება სასოწარკვეთილება.

მაგრამ დრო ყველაფერს შველის. ასე 1 კვირაში მთელი ეს ციებ-ცხელება ცოტათი ცხრება. შენ ფიქრობ, რომ მორჩა. შენ ფიქრობ, რომ ახლა წყნარად შეგიძლია გააგრძელო ლაყბობა ფეისბუქში და როცა რწმუნდები, რომ საფრთხემ საბოლოოდ ჩაიარა, სწორედ მაშინ ეხმიანება ლაშა ნაცნობს:

,,უი, მაარუუუს! რამაგარია, რომ გიპოვე. ახლავე დაგამატებ მეგობრებში :]“

.. ეს საქართველოა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები