ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

წიგნი -”სულის გიმნასტიკა”…

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრჯერ გადაუფასებიათ ფასეულობები, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით წიგნებს მეტწილად შეუნარჩუნებიათ თავიანთი აზრი და ღირებულება, ცხოვრებისეული მნიშვნელობა და მომხიბვლელობა…

რა არის ეს საოცარი ძალა, წიგნებს რომ გამოჰყოფს იმთავითვე? ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია…

ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ადამიანების მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული.

როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენს ცხოვრებისეულ-ყოფით პრობლემებს, საზრუნავს ვაწყდებით. ამ დროს მწერალთან ერთად სამყაროს თავისუფალი მჭვრეტელები ვხვდებით და ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მთავარი და არსებითია – რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა, ვინ ვართ და რატომ ვართ ამქვეყნად, რა ძალები წარმართავენ ჩვენს ცხოვრებას, რა სძენს ან უკარგავს მას აზრს და ფასეულობას. ლიტერატურა მოგვაპოვებინებს იმას, რაც ყოველგვარ პრაქტიკულ და მატერიალურ სარგებელ აღემატება; მოგვაპოვებინებს პიროვნულ სახეს და ინდივიდუალურობას, აგვიხელს თვალს, გვანიჭებს სიმართლის, კეთილშობილების და სიყალბის, სიმდაბლის ნათელი ხედვის ძალას, მშვენიერების და სხვა ღირებულებების ღრმა განცდის და წვდობის უნარს.

რაკი წიგნი ჩვენს თავთან გვაბრუნებს და საკუთარი პიროვნული სახის პოვნას შეგვაძლებინებს, შინაგანად გვათავისუფლებს, მისი კითხვა მომაბეზრებელი და მტანჯველი პროცესი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ლიტერატურასთან ზიარება მკითხველისთვის ფიქრის, ძიების და აღმოჩენის სიხარულად შეიძლება იქცეს.

გურამ დოჩანაშვილი ამბობს: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.” თუ ეს მართლა ასეა, (დამიჯერეთ, რომ ასეა) რატომ არ კითხულობენ დღეს წიგნებს და რატომ არის საქათველო ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი ერი მსოფლიოში? გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს. მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა წიგნებზე, არამედ ათასგვარ სისულელეზე. ხშირად ვუფიქრდები იმ მოვლენებს, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. სისულელეებზე ლაპარაკი ერთ-ერთი მათგანია. ყველამ კარგად იცის, რომ ასეთ ლაპარაკს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მაშინ რატომ მოსწონთ მასზე საუბარი? პირადად მე ერთ დასკვნამდე მივედი: დღევანდელი ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ მაგალითად დოსტოევსკის კითხვისკენ აღარ მიუწევთ გული. ხალხი ცდილობს, გაიადვილოს ცხოვრება და სისულელებზე საუბრით გაირთოს თავი. ჩემი აზრით, დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ, მითუმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია. როგორ წესი ადამიანის თვალი უფრო სჭამს ვიდრე გონება. ხალხი ერთობა, ხოლო როდესაც შენი ყოველდღიურობა გართობის სახეს იღებს, აღარ გაღელვებს რამდენად საჭირო და მარგებელია შენი გართობის წყარო. იდილია! როგორ დავცინით და როგორ გვენატრება ამ სიტყვის განცდა. როგორ დამძიმდა იგი, იდილია!

რატომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ,რომ როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ უკანასკნელის მომხრე ვარ, ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში…

დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ფრაზა: “მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი.” დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კლასიკოსების კითხვა დაიწყო. კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტიული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა “უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა”. თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომლებშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისთვის რაც მისაღებია ის უნდა შევითვისოთ. ჩვენი თაობისთვის რაციონალური უფრო მისაღებია, ვიდრე მეტაფიზიკური და იდეალისტური, ამიტომ ვიკითხოთ წიგნები და რაც უფრო ახლოა ჩვენთვის ის შევითვისოთ, მაგრამ იდეალიზმსაც ნუ დავივიწყებთ, რადგან ეს ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს.

მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს. მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ “სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა”. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირებს.

1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: “მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს. არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს “არწაკითხვა”, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. ეს რჩევა არ არის, უფრო ემოციას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ გინდა მეგობარს გაუზიარო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის წიგნი რომელსაც მე “ვურჩევ” ადამიანს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება არავისთვის. მე არც იმდენად თავხედი ვარ და არც იმდენად ბრძენი რომ ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომელი წიგნები შეცვლიან უკეთესობისკენ მათ ცხოვრებას, მადლობა ღმერთს ასეთი მრჩევლები მრავლად არიან. მე მხოლოდ ერთისკენ შემიძლია მოვუწოდო მათ: “ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას.” გაითვალისწინეთ ვირჯინია ვულფის ეს სიტყვები და იკითხეთ წიგნები “იდიოლოგიების ეპოქაში.” მათ (წიგნებს) შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა.

მემგონი საინტერესოა დღევანდელი ახალგაზრდობის აზრი ამ თემაზე. მე რათქმაუნდა მასობრივ გამოკითხვას ვერ ჩავატარებდი, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე (სხვადასხვა ხასიათის და გემოვნების) მეგობრის აზრს.

ერთ-ერთი მათგანი თავის საყვარელ რომანზე ამბობს:

“-უბრალოდ დილიდან სახურავზე ავედი. დიდი ხანია ეს ადგილი ჩემს ერთადერთ თავშესაფრად იქცა. უბრალოდ მარტოობა მჭირდება ხოლმე. მზე, სახურავი, ჩემი დღიური და მე… არანაირი “ის” და “შენ” არ არის საჭირო, უბრალოდ ფიქრი… ცარიელი ოცნებები… ზოგჯერ უიმედო და იდიოტური, მაგრამ სისუფთავის გამო მაინც არსებებობის ღირსი. უკვე მერამდენე დღეა ჩუმად ვდგები და სახურავისკენ მიმიწევს გული, დღესაც როცა ყველამ თავი მომაბეზრა უაზრო დარიგებებით ანამარიამოკლული დომენიკო ავიღე ხელში და სახურავს მივაშურე. გამთბარ ზედაპირზე ჩამოვჯექი და არ ვიცი უკვე მერამდენედ გადავშალე ეს უზომოდ თბილი, მზიანი და კეთილი წიგნი. მიყვარს ანა–მარია და დომენიკო, რამდენჯერ მიტირია ხუთ დიდ კანუდოსელზე… მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გავიარე განცდების ეს ეტაპები: ისევ გავოცდი, შემიყვარდა, შემეშინდა, ვიტირე. კიდევ ერთხელ ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე და მერე გაშლილი წიგნი გულში ჩავიხუტე… ჩემი… ჩემი… ძალიან ჩემი.. ალბათ ასე ფიქრობს ნახევარი საქართველო მაგრამ ეს მაინც ჩემი წიგნია…

მერე სიყვარულის კაკტუსი გამახსენდა და გულში მიჩხვლიტა.”

საინტერესოა აწ უკვე ზრდასრული მეგობრის აზრი:

“-წიგნები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო. ისინი მუდამ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩემს ცხოვრებაში. მინდა რომ წიგნი სულ ხელში მეჭიროს, თითქოს მეშინოდეს არავინ წამართვას. უნივერსტიტეტში სწავლისას ჯგუფელებიც დამცინოდნენ, რადგან მუდამ წიგნჩახუტებული დავდიოდი … რატომღაც ყოველთვის, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდივარ, მეჩვენება, რომ ყველა ბიბლიოთეკა ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე ნათელი ლაბირინთია, ერთადერთი ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა არ მინდა…”

ვასილ კეჟერაძეს რომ ჰკითხოთ, დიდი სიამოვნებით შექმნიდა “კარცერ-ლუქსებს”, რომ იქ ლიტერატურის კარგი, წესიერი მოყვარული გამოეზარდა. გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი ასე ქუჩა-ქუჩა მოძებნიდა ახალგაზრდებს, ჩაკეტავდა წიგნების კარადით სავსე ოთახში და წიგნის წაკითხვას აიძულებდა. ეს იქნებოდა “კარცერი ლუქსი”, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა – სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი – ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის …

ბევრნი არიან ისეთები, რომელთა აზრით წიგნის კითხვა მომაბეზრებელი პროცედურაა… გამუდმებით ვისმენ, როგორ შესჩივიან ისინი ერთმანეთს, წიგნების წასაკითხად ვეღარ ვიცლითო… “და სწორედ ამ დროს – ტაც! – ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს…

– და ამით რაღა გამოვა? …

– მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა.”

ცრემლები სიცილისაგან, ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. საოცრად რეალური და ამ დროს საოცრად ირეალური , რაღაც ისეთი სამყარო აი მთელს დედამიწაზე ყველგან და არსად რომ შეიძლება იყოს… ძალიან კონკრეტული და ძალიან აბსტრაქტული, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანური…

მთავარია, გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა…

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ალეკო შუღლაძე

კომენტარები