ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

რატომ არ მინდა აფხაზეთის დაბრუნება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მამუკა არეშიძის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თაობაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს უცნაური არ არის. ქართველებს მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ქართული მიწაა და, ცხადია, არეშიძის მოსაზრებებს საზოგადოება აღფრთოვანებით ვერ შეხვდებოდა. საკამათო მართლაც ბევრია. მთავარი ამ შემთხვევაში სხვაა- მოწინააღმდეგეთა მხრიდან არგუმენტების ნაცვლად ტალახის სროლა და ისტერიკა. სინამდვილეში არგუმენტები არსებობს, ანუ ისტერიკა საჭირო არაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მთავარია გავერკვეთ რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და რისი დათმობა მოგვიწევს მიზნის მისაღწევად.
გასული სუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან საქართველომ დაიწყო მოძრაობა რუსეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. სხვა „მოკავშირე რესპუბლიკებისაგან“ განსხვავებით (სომხეთი, უზბეკეთი ბელორუსი...), ჩვენ უბრალოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი კი არა, რუსული პოლიტიკური, მაშასადამე კულტურული, ენობრივი, ეკონომიკური სივრციდან გამოსვლა დავისახეთ მიზნად. ამ გზაზე უამრავი სისხლი დაიღვარა.შეიძლება ბევრი ვიკამათოდ, რამდენად შესაძლებელი იყო დასახული მიზნის მიღწევა, ან რამდენად გონივრული იყო თავად მიზანი. ცალკე საკითხია, გვქონდა თუ არა გაცნობიერებული მოსალოდნელი საფრთხეები. მოვა დრო, ჩვენი საზოგადოება ამ საკითხებზე მსჯელობას დაიწყებს. მგონი სანუგეში დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.
ახლა მთავარი მაინც მომავალია და არა წარსული-მას ვერ შეცვლი. ავად თუ კარგად, ქართული სახელმწიფო ყალიბდება. ამ სახელმწიფოს ძალიან ცოტა რამ აკავშირებს რუსეთთან. პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული კავშირები ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზე დავიდა. ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყარა. უკვე მივეჩვიეთ ურუსეთოდ ცხოვრებას. ჩვენი შვილები-მითუმეტეს. ურთიერთობის კლანურ-მაფიოზური ფორმები, რომლებიც გაბატონებულია რუსული საზოგადოების ყველა ფენაში, საქართველოში ნელ-ნელა წარსულს ბარდება.
და ახლა აფხაზეთი. მოდით, წარმოვიდგინოთ, აფხაზებმა კოლექტიურად მიარტყეს თავი რაღაც კედელს და ტვინი გადაუბრუნდათ, რის შემდეგაც დათანხმდნენ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, დევნილებს კი სულ ტაშ-ფანდურით გაუღეს კარი და აფხაზურ-ქართული სიყვარულის სადიდებლად წავიდა ყანწების ცლა. ხომ კარგია? კი. მაგრამ მერე რა მოხდება? ჩვენც ხომ მოგვიწევს აფხაზი ძმებისათვის ანგარიშის გაწევა-მათ რუსებთან მეგობრობა სურთ და დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს წევრობა არაფერში აინტერესებთ. აი, მაშინ დადგება საკითხი-აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნების სანაცვლოდ, თუ თავისუფლება აფხაზეთის დაკარგვის ფასად?
თქვენ რას აირჩევდით?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები