ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

Bendukidze on my mind

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაში ბენდუქიძის როლი ერთობ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი მას ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ითვალისწინებს მის რჩევებს. მერე გამახსენდა, რომ 26 მაისის მოვლენების შეფასებისას სააკაშვილი და ბენდუქიძე ფაქტობრივად ანალოგიურ ფრაზებსა და ტერმინოლოგიას იყენებდნენ. ამან ხასიათი გამიფუჭა. გამოდის, პრეზიდენტის პოლიტიკაზე ბენდუქიძის გავლენა ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებს სცილდება და იგი ყოვლისმომცველია. თუ მართლაც ასეა, ძალიანაც ცუდი. აქ საქმე ბენდუქიძის ავ-კარგიანობაში არაა (სინამდვილეში ბატონი კახა უდაოდ ნიჭიერი მენეჯერია). უბრალოდ არ შეიძლება პრეზიდენტი ასე ძალიან იყოს დამოკიდებული ერთ ადამიანზე. თუმცა აქვე გამახსენდა, რომ სააკაშვილი ყურადღებით უსმენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებსაც, არადა, ბენდუქიძის ამ ორგანიზაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილი ფაქტია. მართვის ტექნოლოგიის თვალსაზრისით ეს სწორია, რადგან პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის რამდენიმე სერიოზული ალტერნატივა უნდა ჰქონდეს. პრინციპში მისი ფუნქციაც სწორედ ეს არის-შესაძლო სცენარებიდან საუკეთესო აირჩიოს.
სიმართლე გითხრათ, საერთაშორისი სავალუტო ფონდის მიმართ არც მე ვარ სიმპათიით განწყობილი, ამდენად არ მინდა ისინი ბენდუქიძის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენდნენ. აი აქ კი წარმოიშვება მთავარი კითხვა-არსებობს ქართულ პოლიტელიტაში კრეატივიზმი? როგორც ერთხელ პრეზიდენტმა განაცხადა (თუ არ ვცდები bbc-სადმი მიცემული ინტერვიუში), თუკი ის თავად იქნებოდა ოპოზიციაში, არსებულ ხელისუფლებას ერთ თვეში ”გაისტუმრებდა”. სააკაშვილი ამ შემთხვევაში უდაოდ გულწრფელი იყო. მასზე უკეთესად ვინ იცის ხელისუფლების სისუსტეების შესახებ. ამ განცხადებიდან ორი უსიამოვნო დასკვნა გამომდინარეობს: 1. ხელისუფლება, სინამდვილეში ძალიან სუსტია და 2.ოპოზიცია ამ სისუსტეს ვერ იყენებს, რადგან იმდენად უიდეო, დროს ჩამორჩენილი და უნებისყოფოა, რომ ამ, ”ერთ თვეში ჩამოსაგდებს” რვა წელიწადია ვერაფერს უხერხებს. გამოდის, საქართველოში მხოლოდ ორი რეალური პოლიტიკოსი გვყავს-სააკაშვილი და ბენდუქიძე. ალბათ, ორივე მათგანისათვის ეს კარგი უნდა იყოს,თუმცა ქვეყანას ალტერნატივა სჭირდება. საზოგადოება, კრეატიული იდეების მქონე პასიონარული ელიტისა და ანტი-ელიტის გარეშე, ვერ განვითარდება. დღევანდელ ოპოზიციას ასეთად ჩამოყალიბება არ შეუძლია და გინდ გაერთიანდნენ, გინდ ცალ-ცალკე ლანძღონ ხელისუფლება, მაინც არაფერი გამოუვათ. მით უარესი მათთვის და...საზოგადოებისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები