ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი zukamari

2013

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენენ ციფრები. ეს ბუნებრივია, რადგან ციფრები აუცილებელია, ფაქტობრივად, ნებისმიერი რაციონალური ქმედების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. სხვაგვარად შეუძლებელია განისაზღვროს ასაგები შენობების პარამეტრები, განაწილდეს დრო და ა.შ. მიუხედავად ამისა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაციონალური აზროვნების ეს უტყუარი ინსტრუმენტი ხშირად მისტიფიკაციის წყარო ხდება. ამ თვალსაზრისით საინტერესო მაგალითია სხვადასხვა რელიგიური სექტების ლიდერების ”წინასწარმეტყველებანი”, როდესაც ანონსირდება სამყაროს დასასრულის კონკრეტული თარიღი. ასეთი პროფიტიზმი სექტანტების ფსიქიკის სერიოზულ შერყევასა და საზოგადოების გახალისებას იწვევს. თუმცა, იგივე საზოგადოება ვერ ხვდება, რომ ფანატიზმისათვის სექტანტობა აუცილებელი პირობა არ არის და ხშირად თავად ხდება ციფრებით მანიპულაციების მეშვეობით გამოწვეული ისტერიის მსხვერპლი. ბოლო წლებში მაიას ინდიელთა ტომის კალენდართან დაკავშირებით ატეხილი ვნებათაღელვა, რომლის მიხედვითაც, თურმე, 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს დასასრული დადგება, ამის მეტყველი მაგალითია.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს მაინც სჭირდებათ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებად დაყოფა, რათა უამრავი, მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო მოვლენების შინაარსში გაერკვნენ და სწორი დასკვნები გამოიტანონ. საქართველოსთვის, რომლის აწმყო რთული, ხოლო მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია, ორმაგად მნიშვნელოვანია დროსა და სივრცეში საკუთარი ადგილის დანახვა.
ჩვენში ბევრი დაწერილა 1989 წლის 9 აპრილის შესახებ. ყველა თანხმდება, რომ ეს ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია და მან უდიდესი გავლენა იქონია ყველაფერზე, რაც საქართველოში შემდგომში მოხდა და ხდება. ამავე დროს, ცოტა ვინმე თუ ხედავს იმ ძირითად დომინანტს, რაც 9 აპრილმა ქართულ საზოგადოებაში წარმოშვა. რადიკალიზმი, არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების ნგრევა, წარსულის ულმობელი უარყოფა და გაურკვეველი მიმავლისადმი სწრაფვა-აი რა წარმოშვა 9 აპრილმა საქართველოში. უცნაური არ არის, რომ თვით ისეთი ფრთხილი და კონსერვატორი პოლიტიკოსი, როგორიც შევარდნაძეა, აფხაზეთის სისხლისმღვრელი ომის ინიციატორად და დაუნდობელი სამოქალაქო დაპირისპირების მთავარ მოქმედ პირად იქცა? როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ გეოპოლიტიკური გიგანტის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი რუსეთის ინტერესებს დაუპირისპირდა და ნატოს ”კარზე მიუკაკუნა”? ყოველივე ამის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილის შემდეგ საქართველოში რადიკალიზმის დომინანტი იმდენად ურყევი იყო, რომ შევარდნაძეც იძულებული გახდა აღნიშნული ”მეინსტრიმის” ფარგლებში ემოქმედა. სხვანაირად ის პოლიტიკაში დარჩენას ვერ შეძლებდა. ვერც ვერავინ შეძლებდა.
2003 წლამდე ქართული რადიკალიზმი ქაოსური შინაარსის მატარებელი იყო. არ ჩანდა ძალა, რომელიც გათავისუფლებულ მძლავრ ენერგიას განსაზღვრულ კალაპოტში ჩააყენებდა. შედეგად ნგრევა და ქაოსი მივიღეთ. ათიათასობით ადამიანი უაზრო სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა, ასიათასობით ლტოლვილად იქცა და მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან წავიდა.
ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია თვისობრივად შეიცვალა. ქართულმა რადიკალიზმმა თავისი ლიდერი ჰპოვა. სააკაშვილის ფენომენი ძირეული გარდაქმნებისადმი ქართული საზოგადოების ძალუმმა ლტოლვამ წარმოშვა. შემთხვევითი არ არის, რომ მას ხშირად უთქვამს, სანიმუშო პოლიტიკოსად ათათურქს მივიჩნევო. სწორედ მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ, დაახლოებით თხუტმეტი წლის მანძილზე გატარებულმა რადიკალურმა, სასტიკმა რეფორმებმა თვისებრივად შეცვალა თურქული საზოგადოება.
2003 წლის შემდეგ სააკაშვილს მრავალი რეფორმის ჩატარება მოუხდა. ჩვენი მიზანი ამ რეფორმების წარმატებულობის, ან აუცილებლობის შესახებ მსჯელობა არ არის. მთავარია, ფაქტი შედგა. ბუნებრივია, ჩვეული ურთიერთობების სისტემის რღვევამ ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტი შეუქმნა, რადგან ყოველთვის ძნელია ახალ ცხოვრების წესთან შეგუება, თუნდაც გესმოდეს ძველის არაეფექტურობა და შეცვლის აუცილებლობა.
ბედის ირონიით, სააკაშვილის პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ქართული რადიკალიზმი გახდა. მას ერთდროულად უწევდა ფუნდამენტური რეფორმების გატარება და ქართული რადიკალური პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა. რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ და რევოლუციური გარდაქმნების გამტარებელ ხელისუფლებას მუდმივად ესაჭიროებოდა საზოგადოების დარწმუნება, რომ მშვიდად შეხვედროდნენ გარდაუვალ ცვლილებებს და მხარი არ დაეჭირათ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ახალი რევოლუციის მოსურნე რადიკალური პოლიტიკური ძალებისთვის.
ქართული საზოგადოების ახალ თვისობრიობაში გადასვლა დღეს უკვე შემდგარი ფაქტია. ურთიერთობების ძველი, კორუფციაზე დაყრდნობილი სისტემის სრული აღორძინება ძნელი წარმოსადგენია. ქართული რადიკალიზმის ყველაზე თვალსაჩინო პირმშომ კი თანდათანობით, მეთოდურად შეძლო მისი მარგინალიზაცია. დღეს, 2011 წელს, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. შესაბამისად ისმის კითხვა: რა იქნება შემდეგ? სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება და პოლიტელიტა ფიქრობს, რომ მთავარი საკითხია, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში სააკაშვილი. მიმაჩნია, რომ სინამდვილეში ეს მეორეხარისხოვანია. ცხადია, ის დარჩება. ან რატომ უნდა წავიდეს? რადიკალური ოპოზიცია დამარცხებულია, ხოლო ე.წ. ზომიერი ჯერ საკმარისად ძლიერი არ არის, რათა ხელისუფლებისთვის იბრძოლოს. გინახავთ პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ნებით, მხოლოდ რაიმე ზნეობრივი ზეწოლის შედეგად თმობდეს ძალაუფლებას? ცხადია, ასეთი რაინდები პოლიტიკით არ არიან დაკავებულები, მათი ადგილი იქ არ არის.
მიმაჩნია, რომ 2013 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ისტორიაში. ქვეყანაში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს. რადიკალიზმის, რეფორმების, მოულოდნელი სიახლეების დრო უნდა დამთავრდეს და მშვიდი ცხოვრება დაიწყოს. ადამიანების გონება და გრძნობები უნდა დაშოშმინდეს, საზოგადოებამ მიიღოს ”თამაშის” ახალი წესები და ეცადოს რეფორმირებული საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში მიაღწიოს ბედნიერებას, უარი თქვას რაღაცის ნგრევისა და თანამოქალაქეების გაუბედურების ხარჯზე წარმატების მიღწევაზე.
ვფიქრობ, 2013 წელთან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა, შეძლებს თუ არა სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში და, ამავე დროს,გარდაიქმნას, გახდეს ზომიერი, გაწონასწორებული ლიდერი. მისი ბობოქარი ბუნებიდან გამომდინარე ეს ურთულეს ამოცანად ჩანს. ახლახან გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებები სააკაშვილის მიერ თვითშეზღუდვის აქტად უნდა განვიხილოდ. ახალ სისტემაში ძალაუფლება ერთი ხელისუფალის ხელში არ იქნება მოქცეული. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ძალაუფლების რეალური გადანაწილება არცერთ პოლიტიკოსს, მათ შორის სააკაშვილს, თვითნებობის საშუალებას არ მისცემს და გადაწყვეტილებების მისაღებად რთული, მრავალსაფეხურიანი სისტემა შეიქმნება. სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სისტემის მდგრადობა.
ამრიგად, 2013 წელს საქართველოში უნდა დამთავრდეს ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დამანგრეველი პროცესები და ქართული საზოგადოება ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. ეროვნული მოძრაობა, როგორც არსებული პოლიტიკური სისტემის განადგურებისაკენ მიმართული პოლიტიკური მოძრაობა, ისტორიას უნდა ჩაბარდეს. შეუძლებელია მუდმივად რაღაც ვაშენოთ და მერე მორიგი რევოლუციის საშუალებით ვანგრიოთ, რათა ისევ თავიდან დავიწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი საზოგადოება ახალ ექსპერიმენტს ვეღარ გაუძლებს. მთავარია დაგვცალდეს. რუსეთს ხომ სწორედ ამის ეშინია. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო დღეებში ამ სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე გაისმა განცხადებები საქართველოსთან ახალი ომის საჭიროებაზე. 2013 წლისათვის რუსეთიც სერიოზულად ემზადება. ბედნიერი დასასრული შესაძლებელია, მაგრამ გარანტირებული-არა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები