ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ირაკლი შენგელაია

წესრიგიდან წესრიგამდე (წერილი მეექვსე. I)

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

წერილი მეექვსე. გზის დასასრული?

საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან. ამ ურთიერთობათაგან სამ მთავარ ვექტორს გამოვყოფ, ესენია: სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური. მათთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას თუ დავახასიათებთ, ამგვარ სურათს მივიღებთ:

ა. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პატრონაჟი განსაზღვრავს, ანუ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნერობა პატრონის სასარგებლო მიზანშეწონილობამ უნდა განაპირობოს;

ბ. სამხედრო ურთიერთოების დასახასიათებლად ქართული ტერიტორიების მილიტარისტულ გროსბაზებად გადაქცევა იკმარებდა. ამასთან აუცილებელია უმნიშნელოვანესი ფაქტორის, NATO-სა და ОДКБ-ს, ურთიერთდამოკიდებულების დართვა - რუსული პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს განიხილავს რუსეთის „მფარველობის“ რეგიონებში (კავკასიასა და შუა-აზიაში) „შემოჭრის“ მოწადინე სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად;

გ. პოლიტიკური ურთიერთობები „შიდა სამზარეულოს“ ფარგლებს არ უნცა გასცდეს, არ უნდა გადავიდეს გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, მით უმეტეს, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, მეთვალყურეობაში.

დიპლომატიური იწილო-ბიწილო. რამდენიმე დღის წინ რუსულმა ოფიციოზმა გაავრცელა ცნობა სათაურით - „თბილისს იმედი აქვს, რომ მოსკოვთან რუსეთის ვმო-ში გაწევრებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ხელი 10 ნოემბრამდე მოეწერება“ (http://www.1tv.ru, 03.1.2011). ამ ცნობით „ცხადი გახდა“, რომ კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც, როგორც ვიცით, შუამავალი შვეიცარიის მხარე სთავაზობდა საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს, ყოფილა რუსეთის მხარის „დაჟინებული მოთხოვნის“ საგანი. „სადაო მომენტები, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, საზღვარზე (!!!) ტვირთების გადაადგილებას, შეთანხმებულია. აღსრულდება საერთაშორისო მონიტორინგი“ (შემდეგ ტექსტში ასეა: на этом настаивала Москва).

შედარებისთვის ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. „მოსკოვი აქამდე გამოდიოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებზე ე.წ. „საერთაშორისო მონიტორების“ კონტროლის დაწესების წინააღმდეგ (!!!), რადგან ამაში ხედავდა მცდელობას, ეჭვქვეშ დამდგარიყო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები... რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწევს გადაწყვეტა, ღირს თუ არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრება უკანასკნელ დროს ქვეყნის მიერ მოპოვებულ თითქმის ერთადერთ გამარჯვებაზე უარის თქმად“ (Грузия не спасет Россию от ВТО, http://stop-vto.ru, 27.10.2011).

სურათის სისრულისთვის ყველას ვთავაზობ იხილოს - Владимир Жириновский в программе Взгляд, Region TV, 21 მარტი 2011, www.region-tv.com) და შემდეგ მიმოიხილოს საინფორმაციო მასალის მთელი დასტა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ (თბილისი და მოსკოვი მიესალმებიან მვო-ს თაობაზე შეთანხმებას, სივილ ჯორჯია, 11.11.2011, დანართი)

რუსული არგუმენტები. უნდა ითქვას, რომ რეალური სურათი გაცილებით ღრმაა და რთული. დავიწყოთ იმით, რომ რუსულ პოლიტიკურ ელიტებში ქვეყნის ვმო-ში გაწევრებას თავად რუსეთში ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე. მოკლედ მათი არგუმენტების შესახებ:

არგუმენტი პირველი. აშშ-სა და ევროკავშირს ეჩქარებათ რუსეთის „შეთრევა“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მხოლოდ იმიტომ, რომ დაუბრკოლებლად „შემოიჭრან“ რუსეთის ბაზარზე, „დაიპყრონ“ იგი და „ხელი შეუშალონ“ ეროვნული წარმოების განვითარებას. ამასთან, ვმო-ს „ძალუძს რუსეთი მიიყვანოს კრახამდე, რაც შესაძლოა სსრ კავშირის დაშლის ტოლფასი გახდეს“ (ანასტასია სმირნოვა, Страна может окончательно стать сырьевым придатком. http://www.nr2.ru, 07.11.11);

არგუმენტი მეორე. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ პეტერბურგის მოლაპარაკებების დროს რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვში 2011 წლის ბოლომდე შედგებოდა სამმხრივი შეხვედრა „რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები მომავალი ინტეგრაციული პროცესებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, მათ შორის, საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის მმართველი (!!!) ორგანოების შექმნის შესახებ“, რაც რუსეთის ინტერესებში შედის (შესაბამისი დეკლარაცია დღეს გაფორმდა). თუმცა, გამოთქმულია მოსაზრება, რომ „რუსეთის გაწევრება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საერთოდ ეჭვქვეშ დააყენებს საბაჟო კავშირის ასევე იზოლირებული ერთიანი ეკონომიკური სივრცის) არსებობას“ (http://kremlin.ru, 26.10.2011).

რგუმენტი მესამე. „საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით აყენებს მოთხოვნებს, რასაც მოსკოვი არ შეიძლება დაეთანხმოს და არც არასოდეს დაეთანხმება... საქართველო „ითხოვს“ ჩვენს მიერ აღიარებული აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის სტატუსის მიმართ გაურკვევლობათა „დაკანონებას“... საქართველოს „სურს“ შეთანხმებაში იყოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც არ დაადასტურებს ორი სუბიექტის დამოუკიდებლობას... ჩვენ ამაზე არ წავალთ... მოლაპარაკებები მხოლოდ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს შეეხება“ (არკადი დვორკოვიჩი, Россия не пойдет на требования Грузии по вступлению в ВТО, http://stop-vto.ru, 25.10.2011).

გამოდის, რომ პირველ ორ არგუმენტს საქართველოს მიერ წაყენებული მოთხოვნები ამძაფრებდა, თუმცა ისინი, როგორც აღმოჩნდა, დიდ და გადაულახავ დაბრკოლებას არ წარმოადგენდნენ. პირველ რიგში დასაძლევი იყო შიდარუსული პოლიტიკური (თუ გნებავთ, ეკონომიკურ ინტერესთა) დაპირისპირებები, წარმოქმნილი ქვეყნის ვმო-ში გაწევრებასთან და, დამატებით, საქართველოსთან მისაღწევი შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით.

რატომ დათანხმდა რუსეთის პოლიტელიტა ამ სარისკო ნაბიჯს? საქართველოს ორ სეცესიურ სუბიექტთან დაკავშირებით „რუსეთი სრულად არის იზოლირებული მსოფლიოში და როგორმე ცდილობს გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან“ და „რუსეთის ვმო-ში შესვლის შემდეგ აშშ სავარაუდოდ გადახედავს სავაჭრო ურთერითობების შესახებ ხელშკერულებაში ჯეკსონ-ვენიკის შესწორებას“, რომელიც იმჟამინდელ („წასულ“) სსრ კავშირსა და ამჟამინდელ (არსებულ) რუსეთთან (რომელთა შორის განსხვავებას ვერ ხედავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი) ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით (სტივენ სესტანოვიჩი, Impact of Russia's WTO Entry on U.S., Council of Foreign Relation, 10.11.2011, www.cfr.org).

შენიშვნა. რაც შეეხება რუსულ მედია სივრცეში გავრცელებულ მოსაზრებებს ვმო-ში გაწევრებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსეთის „მარცხის“, ასევე „ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის დეკლარაციის შესახებ“, მათზე ბოლო (მეექვსე) წერილის ბოლო (მეორე) ნაწილში მოგახსენებთ.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. თბილისში „ზეპური“ Nato-ელების ვიზიტმა კიდევ ერთხელ (უკვე, მერამდენედ!!!) დაადასტურა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის თანხმობა, რომ საქართველო გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი და, რაც მთავარია, იგი დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას ინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი კარგი და შესანიშნავი იყო ამ ვიზიტის დროს, რომ არა მეტად სვედიანი განცდა, რომელიც გასდევდა მაღალი რანგის შეხვედრებს, Nato-ს დროშის ქვეშ და გაერო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების დროს დაღუპული ქართველი სამხედროებისა გამო.

ვიზიტის შესაფასებლად 9 ნოემბერს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური შემაჯამებელი ტექსტის (Meeting of the NATO-Georgia Commission at the level of Ambassadors, with the participation of the Prime Minister of Georgia. 09.11.2011. http://www.nato.int) დამოწმება იკმარებდა, თუმცა არ ღირს უკვე მრავალგზის ნათქვამი ფრაზების გამეორება და ტექსტიდან ამოღებულ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს მოვაპყროთ ყურადღება:

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს (!!!) საქართველოს მომავალშიც განაგრძოს ჩართულობის პოლიტიკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მიმართ (პუნქტი 8); ალიანსი მხარს დაუჭერს სტრუქტურირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ქართულ სამოქალაქო სექტორთან (!!!); ალიანსი დაეხმარება ქართულ მხარეს სახელმწიფო სამსახურების რეფორმირებასა (!!!) და პროფესიულ განვითარებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობაზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის (!!!) გაძლიერებაში (პუნქტი 9).

მთავარი ისაა, რომ სხვა საკითხების (გამორჩევით საქართველოს წვლილის შესახებ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში) განხილვასთან ერთად სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული გარდაქმნების წარმატებულობა გახდება 2012 წელს დაგეგმილ შეხვედრებზე მსჯელობის საგანი (პუნქტი 12).

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას საქართველოს NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, იგი (ალბათ, სამომავლოდ) გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. რუსულ სამხედრო-ანალიტკურ წრეებში უკვე გაჩნდა მოსაზრებები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ. „არ არსებობს არც ერთი მონაცემი, რომელიც ადასტურებს NATO-ს მზადებას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად, ნაცვლად ამისა, არსებობს უამრავი მონაცემი, რომლებიც უარყოფენ ამ მოსაზრებას. ამდენად, სასურველია, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საფრთხის თემა რა შეიძლება სწრაფად დაიხუროს“ (ალეკსანდრ ხრამჩიხინი, Откуда исходит истинная опасность для России: с запада или с востока? ჟურნალი Национальная оборона, №7, ივლისი, 2011. http://www.oborona.ru). თუმცა, ისიც აღსანიშნია, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი სამხედრო ისტებლიშმენტი „საბჭოთა“ წრთობისა და „მსოფლიო იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ „მუდამ მებრძოლი“ სალდაფონებითაა „გადატენილი“, რომელთაც „ზაფრავთ“ ჯერ კიდევ „მოსალოდნელი“ ბირთვული ომის „საშიშროება“, რომელიც რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე (მათ შორის, საქართველოსთან საზღვარზე) არსებობს (Начальник генштаба РФ: локальные конфликты могут перерасти в ядерную войну, http://www.vesti.ru 17.11.2011)

გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგელობითი ორგანოების მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციათა ოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, თუმცა იგი არაფერია რუსეთის პოლიტელიტის მიერ მათი იგნორირების ზღვარსგადასულ ცინიზმთან შედარებით. ამ რეზოლუციებს კიდევ ერთი შეემატა (უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი).

ევროპრლამენტის 2011 წლის საშემოდგომო სესიის 17 ნოემბრის სხდომაზე დებატების შემდეგ მიღებული რეზოლუცია შეფასდა დიდ წარმატებად (ბუნებრივია, საქართველოსთვის). ტექსტზე ბევრი ითქვა და მათ გამეორებას არ შევუდგები. მოკლედ აღვნიშნავ: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დეოკუპაციასთან, სუბიექტებში განხორცილებულ ეთნიკურ წმენდასთან, ადამიანის უფლებათა დარვევების აღმოფხვრის მოთხოვნებთან ერთად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე აქცენტი ირიბად გაკეთდა.

ნათელია, რომ ევროპის გაერთიანება მომხრეა რუსეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტეგრაციისა ევროპულ სივრცეში (ერთიანი პოლიტიკური ევროპული კონტინენტის შექმნაზე ბევრს ლაპარაკობენ რუსეთის უმაღლესი პირებიც). ამასთან, ცხადი ხდება, რომ რუსეთისთვის ინტეგრაციის პირობები საკმაოდ მკაცრია. რუსეთი ან მიიღებს ევროპულ (და ევროატლანტიკურ) სახელმწიფოებთან თანაარსებობის წესებს - უარყოფს გავლენის ზონების არსებობას და აღიარებს სხვა ქვეყნების მიერ გაკეთებული არჩევანის თავისუფლების ხელშეუხებლობას - ან ძალზე გაუჭირდება ცივილიზებულ მსოფლიოსთან ურთიერთობა.

კითხვა რუსეთთან „დამტკბარი“ ურთიერთობების მომხრეებს. ევროპარლამენტის ზემოთ ხსენებული რეზოლუციის შედეგად რისი მიღწევაც საქართველოს შეუძლია (პარტნერების მძლავრი მხარდაჭერით), იგივე ან მსგავსი შედეგების მიღსაღწევად, რა დრო დაეხარჯებოდა და რის ფასად დაუჯდებოდა ქვეყანას რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო ისტებლიშმენტთან „უშუალო“ მოლაპარაკებათა შემთხვევაში?

გასაგებია, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების მოსაწესრიგება. მაგრამ იგი შესაძლებელია მხოლოდ მეგობარი საერთაშორისო მედიატორების მეშვეობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები