ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გივი ალხაზიშვილი

"სანთელი"

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მასპინძელი შეგვეგება. “კუპლეტების” მთხზველი გამოდგა და საუბრისას, თავის საფირმო ლექსის, როგორც თვითონ აღნიშნა, “სანთელი”-ს მესამე და მეექვსე-მეშიდე სტრიქონებს იფიცებდა, თავის ნათქვამის სიმართლის დასადასტურებლად.

_ჩემი”სანთელის” მესამე და მეექვსე-მეშვიდე სტრიქონს გეფიცები თუ მართალს არ ვამბობდე..

ვინმე არიფი გაკვირვებული ჰკითხავდა:

_ რომელ ლექსს გულისხმობ?

ამ შეკითხვას ისე ელოდა, როგორც ჩიტი ხელის აქნევას და პასუხად ზეპირად წარსთქვამდა ლექსს, თან გამოთქმით, სადაც ბევრი “მოქნეული”, “ფრთიანი” და საშინლად პედალირებული ფრაზა ბობოქრობდა იაფი ტაშის და შეძახილების მოსაწყვეტად გამიზნული.

_რაფერ არ იცი, ბუჯო, აი, ლექსი? თითქოს გულწრფელად უკვირდა და მხრებს იჩეჩავდა, დროგამოშვებით კი ხელსაც ჩაიქნევდა: რაფრა არ იცი, დოუჯერებელია?!

საიდან უნდა მცოდნოდა ის, რაც პირველად გავიგონე და რამაც ჯერ შემაწუხა, მერე კი სიცილის გუნებაზე დამაყენა.

ამ უაზრო საუბარს შემოესწრო რაიონის მაღალი რანგის მოხელე და სრული სერიოზულობით მოგვახარა:

_თუ არ იცნობთ, გაიცანით ეს ჩვენი ადგილობრივი, რაიონული გაქანების პოეტია! მართალია თბილისურ მასშტაბებს ჯერ ვერ ითვისებს, მაგრამ მოვა დრო და მისი ლექსი “სანთელი” ქვეყანას გაანათებს.

_ღამით? სერიოზულად ვიკითხე და ღიმილი გადავმალე ისე ღრმად, რომ თვალებშიაც კი მინავლა. მაგრამ მაინც ვშიშობდი, რადგან შეიძლებოდა ერთ გაუფრთხილებელ ნიუანსს გაეცოცხლებინა შეკავებული სიცილი და ხმამაღლა ამომეხარხარებინა.

_კი ღამითაც.  დამიდასტურა ადგილობრივი გაქანების პოეტმა და სასწრაფოდ რესტორანში მოინდომა ჩვენი გაქანება. ხო, ასე თქვა, გავქანდეთ და ერთმანეთს გავენდოთ.

ის, თითქოსდა ნადიმი, ჩვენს საპატივცემულოდ გამართულ “პოეზიის” საღამოდ იქცა. სამჯერ დაგვალევინეს ლექსის “სანთელი”-ს სადღეგრძელო ჯერ მთლიანობაში და მერე სტრიქონ-სტრიქონ და ბოლოს მარცვალ-მარცვალ. განსაკუთრებით გამოყოფდნენ მესამე და მეექვსე-მეშვიდე სტრიქონებს, მესამე სტრიქონის მეორე და მესამე-მეოთხე მარცვალს, როცა საქმე ალტერაციაზე მიდგა, მაგრამ მორიგ სადღეგრძელოზე, როცა რჩეული სტრიქონების თანმიმდევრობა აერიათ და ავტორის დახმარებითაც ვერ დაალაგეს, იმ მთავარ სტრიქონზე ალაპარაკდნენ, რომლის გამოყოფა თურმე შეუძლებელია ლექსის განსაკუთრებულად მაღალი დონის გამოისობით.

_რომელ ლექსზე ლაპარაკობთ? იკითხა ადგლობრივი გაქანების მთხზველმა.

მოპასუხემ არ დააყოვნა და მიუგო: “ტყემლის ყვავილობას” ვგულისხმობ.

_”ეგ არ არის ჩემი ლექსი” იყვირა და ჯიბიდან ხელნაწერი დააძრო. “სანთელი” წაიჩურჩულა ფსევდოლირიულად, ხმის ტემბრაში ფესვგადგმული ლატენტურობით...

დროზე ავუღე ალღო და მივხვდი რამდენჯერ მოგვიწევდა მესამე და მეექვსე-მეშვიდე სტრიქონების სადღეგრძელოს შესმა და გავიპარე იმ სუფრიდან, იმ რაიონიდან, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, სადაც ადგილობრივი გაქანების პოეტი, დღეს მგონი ვეღარ ბობოქრობს, რადგან, როგორც მოგვიანებით მითხრეს, სადაც ის წავიდა, იქ სრული დუმილია, თუმცა, იმ დუმილში შემოქმედებითი ატმოსფერო არ სუფევს, რადგან იქ წერა-კითხვაც აღარავის ახსოვს და არც არავინ ავრცელებს და თურმე არც სჭირდებათ.

მესამე და მეექვსე-მეშვიდე სტრიქონებმა, ლექსიდან “სანთელი”, როგორი კვალი დატოვა მკითხველის მეხსიერებაში და როგორ შეაფასა ლიტკრიტიკამ, ეს მეტად საჩოთირო საკითხია და ღიად დავტოვებ. დრომ უნდა თქვას ბოლო სიტყვა და არა კანონმდებლის მანტიით შემოსილმა ლიტ.ჯალათმა თუ ლიტ.რისხვამ, დროს რომ უნდა ჩაენაცვლოს, რადგან კრიტიკა შურისძიების საუკეთესო საშუალება და შესაბამისად, სადამსჯელო იარაღი ჰგონია და ვერც კი გაიგო, იმ დროის სიკვდილი, რომელშიც სამუდამოდ ჩარჩა.

მოკლედ, დღემდე შეუფასებელია მავანის “სანთელი” და თავის დიდებულ კრიტიკოსს ელოდება, ასერიგად რომ არის გაწაფული უნიჭობის დაცვაში.

ამ ამბავს რომ გიყვებოდით, გრიშაშვილის ლექსიდან ეს სტრიქონი გამახსენდა:

“ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა”...

ადგილობრივი გაქანების პოეტის ლექსი “სანთელი” დაწერისთანავე ჩამქრალი იყო და თუ ჭიატებდა მხოლოდ ცრუ-შემფასებელთა წარმოსახვაში.

მკითხველთა მეხსიერებაში, ყოფაში, დღისით თუ ღამით, სანთლის ჩაქრობის თემა დღესაც აქტუალურია და ვიდრე იარსებებს სანთელი, მანამადე იქნება სანთლის ანთება-ჩაქრობა პოპულარული - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ანუ იმ კონოტაციით, რასაც გრიშაშვილი გულისხმობდა თუ არა ციტირებულ სტრიქონში, არავინ იცის..

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები