ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი gocha gabodze

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ეს დღე 1992 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იქნა დაწესებული. 3 დეკემბერი არ არის საზეიმო დღე , ეს არის თარიღი რომელიც გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეთა მიმართ.

მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი შშმ პირია (მსოფლიო მოსახლეობის 10-15%). საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით 200 ათასამდე , არაოფიციალური მონაცემებით კი დაახლეობით 400 000 ზე მეტი . მიუხედავად შშმ პირთა მიმართებაში გადადგმული გარკვეული პროგრესული ნაბიჯებისა , ხშირად ირღვევა საზოგადოების ამ ფენის უფლებები. არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, დაბალია საზოგადოების ცნობიერება , არ არის ადაპტირებული გარემო, მოუგვარებელია შშმ პირთა დასაქმების , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები . თავად შშმ პირები იზოლირებული არიან სოციუმისგან. ქართული საზოგადოება კი ამ საკითხების მიმართ საკმაოდ პასიური და არაინფორმირებულია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა, 2010 წლის 27 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით შეისწავლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში . რომლის შედეგადაც შემდეგი სახის დარღვევები გამოვლინდა.

ერთ-ერთ დაწესებულებაში, ფიზიკური შეზღუდვის მქონე პაციენტი( არ აღენიშნება მენტალური შეზღუდვა) საინვალდო ეტლის არ ქონის გამო მუდმივად საწოლშია მოთავსებული. მონიტორინგის დროს ქალბატონი მენსტუალური ციკლის პერიოდში იწვა პლასტმასის საყოფაცხოვრებო ტაშტზე, ვინაიდან, თხოვნის მიუხედავად , მას არ მიაწოდეს ჰიგიენური პაკეტი. გარდა ფიზიკური დისკომფორტისა და ჰიგიენის წესის დარღვევისა , ბენეფიციარი თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად

ამ ვითარებაშიც კი განსაკუთრებით საგანგაშო, მსგავს დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციართა , პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვაა.  კერძოთ მათ არ აქვთ უფლება იცხოვრონ საკუთარ შვილებთან ერთად. როგორც წესი  მათი შვილები იზრდებიან ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა  პანსიონატებში .  უცნობია ბავშვების იქ ყოფნის სამართლებლივი საფუძველიც.  ბენეფიციარები  თვეში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ  საკუთარი შვილების მონახულებას , როგორც კი ამის მატერიალური საშუალება ეძლევათ, პენსიის სახით.

ერთ ერთი ბენეფიციარი მსგავს ფაქტს იხსენებს :

ბავშვი დირექტორმა დამატოვებინა, უარზე რომ დავდექი, მითხრეს უფროსებმა ბავშვს ვერასოდეს ვერ ნახავო , ბავშვს რომ არ ვატანდი, მაშინ წადიო - ამოგწერთო შენ და შენს შვილს და წადით აქედანო"

სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით არცერთ დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციართათვის ინფორმაციის მიწოდება. არ არსებობს ერთიანი მიდგომა ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და ამავე დროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. დუშეთის შშმ პირთა სახლში სექსუალური კავშირის საკითხზე სრულწლოვან ბენეფიციართა ინფორმირება გამოიხატება დაწესებულების უფროსის საუბრებით, რაც ძირითადად ამგვარი კავშირების აკრძალვით შემოიფარგლება.

"ეს ჩვენთვის არ შეიძლება, ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ, ხოლო ეს გიჟები მხოლოდ გვარცხვენენ "

განაცხადა რამდენიმე სრულწლოვანმა ბენეფიციარმა.

მსგავს დაწესებულებებშიც კი გარემო უმრავლეს შემთხვევაში არაადაპტირებულია .  დარღვეულია ყოველგავარი ჰიგიენური და სანიტარული ნორმები.

დაახლოებით ასე ზრუნავს სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციართა მიმართ. რაც ჩვენი სახელმწიფოს შშმ პირთა მიმართ პოლიტიკის რბილად რომ ვთქვათ არაჰუმანურობაზე მიანიშნებს. 2 წლის წინ შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერ მინისტრი თავმჯდომარეობს ამ დრომდე არ შეკრებილა.   (ომბუდსმენის აპარატის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ ამ ლინკის მეშვეობით იხილოთ .)

უკეთესი მდგომარეობა არც ოჯახებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ.გარშემო არაადაპტირებულია მათთვის.  მათ არ აქვთ ქალაქში ელემენტარულად გადაადგილების საშუალება . თბილისის  მერიის მიერ შეძენილი ე.წ ადაპტირებული 80 ავტობუსიდან, შშმ პირთათვის გამოსადეგარი არც ერთი მათგანი არ არის. რადგან უკრაინული წარმოების ავტობუსები კუსტარულად არის გადაკეთებული . მსგავსი  საჭიროების მგზავრი რომ ავიდეს ავტობუსში, ამისათვის  მძღოლი უნდა გადმოვიდეს , ხელით დაამაგროს სპეციალური პანდუსი და შემდეგ შეძლებს სხვა მგზავრის დახმარებით ეტლში მჯდომი ამ ავტობუსით სარგებლობას.  გინახავთ ოდესმე ეტლში მჯდომი მგზავრი ? მიუხედავად იმისა რომ ყოველდღიურად ვმგზავრობ , მათ შორის ვარჩევ რომელია შშმ პირთათვის განკუთვნილი ავტობუსებიც, ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ.

გადასასვლელ ხიდებზე დამონტაჟბული რელსები, სინამდვილეში არა ეტლით მოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, არამედ ბარგის გადასაზიდად . 150 გრადუსი დაქანების რელსზე არამც თუ თავად შეძლებს ეტლით მოსარგებლე პირი ასვლას , არამედ სხვისი დახმარებითაც გაუჭირდება სარგებლობა. სტანდარტი ამ შემთხვევაში 60 გრადუსიანი დაქანებაა. ხოლო მსგავს ხიდებისთვის სპეციალური ლივტებია გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პარკირებისთვის მონიშნულია სპეციალური გაჩერებები. სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ მხოლოდ მანქანის გაჩერების უფლება . არავინ აქცევს ყურადღებას ამ გაჩერებებს იყენებენ თუ არა მხოლოდ საჭიროების მქონე პირები.

უნივერსალური დიზაინის სამშენებლო ნორმებს, არც ახალი მშენებლობებისას ითვალისწინებენ. მათ შორის აღმაშენებლის ახლად გარემონტებული ქუჩაც კი ეტლით მოსიარულეთათვის  საკმაოდ ძნელად გასავალია.   წამყვან კომპანიებსაც კი საკუთარი ოფისები არ აქვთ ადაპტირებული .   ერთ ერთ ასეთ იშვიათ გამონაკლისს კომპანია სილქნეტის ჭავჭავაძის 22 ში გახსნილი ოფისი წარმოადგენს, თუმცა ამავე კომპანიის საიტზე შემდეგი სახის ნიუსს ვკითხულობთ

კომპანიის პრიორიტეტად რჩება სოციალური პასუხისმგებლობა და უნარშეზღუდულ ადამიანებზე ზრუნვა. ახალი სერვის ცენტრი  ითვალისწინებს ინვალიდების მომსახურებას. სპეციალურად მათთვის  მოსმახურების ოფისში გათვალისწინებულია პანდუსი, რისი საშუალებითაც ინვალიდები უპრობლემოდ შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე სერვის ცენტრის მომსახურებით.

ტერმინი ინვალიდი: გამოუსადეგარს, უვარგისს ნიშნავს და თუ ამ ფორმით აყენებ ადამიანს შეურაცხყოფას რა საჭიროა პანდუსი? ერთ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ასე განმარტავს ამ ტერმინს ."ინვალიდობა არსებობს გარემოში და არა დიაგნოზში . ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურდო მაგრამ ადამიანი სურდო ვერ იქნება"

არავინ ვართ დაზღვეული იმისგან რომ ერთ დღეს ჩვენ არ გავხდებით +1 მათ რიგებში და გვიანი არ იყოს მაშინ მათი უფლებების შესახებ ფიქრი . ჯობს დღესვე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი გულგრილობით ფაქტობრივად შიდა პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის გავხადოთ გარემო ადაპტირებული . ვაიძულოთ მთავრობა ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან გაცილებით მეტი თანხა გამოყოს ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად. რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირები გამოიყენებენ . მათი მეშვეობით ბევრად გაუადვილდებათ მშობლებს ეტლით ბავშვის ქალაქში გასეირნება , ბევრად მარტივი იქნება ველოსიპედით, როლიკებითა თუ გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელებით სრიალი ქალაქში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები