ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ლეჟავა

ბერბიჭი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ვიცნობ მე ერთ ორმოცდაათს გადაცილებულ, მართალია ალკოჰოლური ფსიქოზით შეპყრობილს ჯერ არა, მაგრამ ალკოჰოლიზმის ნიშნების აშკარა მატარებელ ბერბიჭს, რომელიც თუმც ცოტ-ცოტას და პატარა დოზებით, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ბევრს სვამს. ის პროფესიით მხატვარია, თუმცაღა მიუხედავად თავისი „აკადემიური“ განათლებისა, არანაირი ოფიციალური სამსახური არ გააჩნია და არც არასოდეს ჰქონია მგონი. ნახატები არ ეყიდება, ხოლო თუ ეყიდება, მხოლოდ იმდენი, რომ თავისი თავი როგორღაც ირჩინოს. რაც შეეხება მისი განათლების აკადემიურობას, ვინც ახლოს გაიცნობს, ალბათ არ გახდის სადავოდ იმას, რომ ეს ერთობ სადავოა. თუმცა, ასეა ეს თუ ისე, იგი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ამ სასწავლო დაწესებულების მიერაა დიპლომირებული. ამ კაცს არ ჰყავს და არც არასოდეს ჰყოლია ცოლი და შვილები; და ალბათ კიდევაც კარგი, რადგან ბერბიჭი ესე ძალიან მოურიგებელი და ჭირვეულია. სხვა მხრივ კიდევ რა შეიძლება ითქვას მასზე? რა და, ალბათ ის, რომ  ბოროტებას და მატყუარობას ვერ დასწამებ; არც ვერაგი და მუხანათია. და თითქოს სულაც არ არის ცუდიც, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ნერვიულია ერთობ, ახასიათებს თვალების ხშირი გადმოკარკვლა, ხმამაღალი, ხშირად ყვირილში გარდამავალი ლაპარაკი, როცა რაღაცას თავისი აზრის საწინააღმდეგოს ისმენს. მას, რატომღაც, მიაჩნია, რომ აქვს უფლება აბრიალოს თვალები, იყვიროს, იქნიოს ხელები და ზოგჯერ უშვერი სიტყვებიც მოიშველიოს, თუკი თავისი აზრის საწინააღმდეგოს ისმენს რამეს. კიდევ რა შეიძლება ითქვას ამ კაცზე? პოლიტიკისადმი აშკარად არაა გულგრილი, იგრძნობა ეროვნული გრძნობების სიჭარბე მასში. ძირითადი არსი კი მისი აზრებისა არსებული წეს-წყობილების ანუ უფრო მის გარშემო შექმნილი რეალობის ლანძღვაა. და აქ არ იგულისხმება მხოლოდ ახლანდელი რეალობა.

   მე ამ ბერბიჭს დიდი ხანია ვცნობ და რაც მისი თავი მახსოვს, სულ ხელისუფლების გაუთავებელ ლანძღვაშია: კომუნისტების დროს აგინებდა კომუნისტებსა და, რა თქმა უნდა, რუსებს, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი გასაქანს არ აძლევდნენ ადამიანს და, ზოგადად, ადამიანისა და, მაშასადამე, მის შესაძლებლობებს ფეხქვეშ იგებდნენ.

   როცა დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა, მას შემდეგ მოყოლებული, ბერბიჭი მუდმივი  მონაწილე შეიქნა მიტინგებისა და 9 აპრილს სხვებთან ერთად ცოტათი დაზარალდა ისიც.             

   შემდეგ იგი პატარა ხანს იყო მგზნებარე ზვიადისტი – ბალახის ჭამაზეც აცხადებდა მზადყოფნას, ოღონდ კი რუსეთისგან დაგვეღწია თავი. თუმცა ზვიადმა, მისი თქმით, ხალხის იმედები არ გაამართლა და ბერბიჭი მას განუდგა: ის ახლა მხედრიონელი შეიქნა. ამის შემდეგ იყო მოკლევადიანი გატაცება შევარდნაძით. ეს ის პერიოდია, როცა ყოფილ „თეთრ მელას“ საგანგებოდ და სახელდახელოდ (ახალი რეალობების გათვალისწინებით) ახლა გიორგი შეარქვეს და როგორც ერის მორიგ ახალ მხსნელს, რამდენიმე ათასმა ადამიანმა, მგონი, დაუჩოქა კიდეც რუსთაველის გამზირზე. თუმცა ედუარდ-გიორგით აღტაცება-გატაცებაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ბერბიჭი, ახლა, მგზნებარე „მიშისტად“ მოგვევლინა და არცერთი დღე არ გაუცდენია რამდენიმედღიანი ვარდების რევოლუციისას – თავდავიწყებით ცეკვავდა და ბუქნავდა პარლამენტის წინ წვიმაში... ის მაშინაც გვიბრიალებდა თვალებს და დამცინავი, ზოგჯერ კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვიხსენიებდა ყველას, ვინც არ ვიყავით აქტიურად ჩაბმულნი რევოლუციურ მოძრაობაში – „კომფორმისტები, შემგუებლები, მედროვეები!“ – ამბობდა ის და „არწივისებრ“ ანუ უფრო მამლაყინწურად გვიბრიალებდა „საცრისტოლა“ თვალებს.

   თუმცა, აი, აღსრულდა ხალხისა და ბერბიჭის ოცნება და ერის „ერთადერთი მხსნელი“ ედუარდ-გიორგი გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან –– ჩაიც დაულიეს და კარგადაც მიუნგრ-მოუნგრიეს იქაურობა.

   ჰოდა, მოვიდა ბერბიჭის ნანატრი სააკაშვილი, მაგრამ ბერბიჭი ნელ-ნელა განუდგა მასაც; და, ეს თავიდან ნელ-ნელა დაწყებული განდგომა მალე გახდა მეხის გავარდნასავით სწრაფი: „იესოს მიგინებენ! ეკლესიებს მინგრევენ!  მასონები!.. სოროსები!.. მოვა სოროსი და შეძვრებით სოროში! – და „მიშისტ“ ბერბიჭს „თვალები აეხილა“: ის ახლა მოულოდნელად ბასილ მკალავიშვილის „მოძღვრების“ მგზნებარე პროზელიტად მოგვევლინა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამოაზრეებთან ერთად არაერთხელ მიუღია მონაწილეობა იეღოველთა დარბევაში.

   ახლა კი ბერბიჭი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ხელმოწერებს აგროვებს, რათა ამ მორიგ ახალ „ერის მხსნელს“ აღუდგინონ საქართველოს მოალაქეობა. ის მედიდურ და „არწივისებრ“, ალმაცერ მზერას გვაპყრობს იმათ, ვინც გულგრილნი ვართ ან აქტიურად არ ვერევით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საქმეში და ლამის ერის მოღალატეებად მიიჩნევს იმათ, ვინც ხელს არ უწერს სათანადო შინაარსის ფურცლებზე. რაც შეეხება „ბალახის საჭმელად“ მზადყოფნას, „ოღონდაც რუსეთისგან ვიყოთ დამოუკიდებელნი“, ასეთი მზადყოფნა ბერბიჭში აღარ შეინიშნება. პირიქით, მისი თქმით, აგვისტოს ომი ჩვენ დაგვიწყია, ხოლო რუსული ბომბები ღვთიური გაფრთხილება ყოფილა თურმე, რათა დროულად მოვეგოთ გონს და ჭეშმარიტ, მართლმადიდებლურ გზას არ გადავუხვიოთ. ეს ბომბები კი თურმე მალამოსავით მოესალბუნნენ ჩვენს მიწას.

    „როგორც კი შევცვლით ხელისუფლებას, – იქადნება ბერბიჭი, – ჩვენ მაშინვე შევცვლით  ამჟამინდელ ხუთჯვრიან მასონურ დროშას, ხოლო თავისუფლების მოედნიდან ავიღებთ წმინდა გიორგის ქანდაკებას, რადგან ის მართლმადიდებლური არაა! ამის შემდეგ კი დავამყარებთ სამოქალაქო წესრიგს: მივცემთ ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალებას! დავიბრუნებთ (თავად დაგვიბრუნებენ) დაკარგულ ტერიტორიებს და, რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს, აღვადგენთ ძმურ ურთიერთობებს ერთმორწმუნე რუსეთთან“.

 მხოლოდ ღმერთმა უწყის, როგორ წავა ჩვენი საქმეები მომავალში, მაგრამ მე პირადად არათუ აღარ მჯერა, არამედ არც არასოდეს მჯეროდა ბერბიჭისა. თუმცა, როგორც გონებაარეულ, კაენისდაგვარ თანამოძმეს, მინდა მოვუწოდო – ნუ დაგვღუპავს: გაჩერდეს, დაწყნარდეს, იშოვოს (თუნდაც მღებავად) სამუშაო და სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, შექმნას ოჯახი.

ჩვენ, ჩემი აზრით, ასეა თუ ისე, მაინც ვვითარდებით და თანაც საკმაოდ სწრაფად – კომუნისტების დროს აშკარად სჯობდა გამსახურდიას დრო; გამსახურდიას დროს – ნუ გამინაწყენდებით ზვიადის მომხრეები –  სჯობდა შევარდნაძის დრო; შევარდნაძის დროებას აშკარად და უცილობლად სჯობია ახლანდელი ვითარება და მომავალიც პირადად მე არ მესახება უიმედოდ და ბურუსით მოცულად, ოღონდ იმ პირობით, თუ ნაკლებად გვეყოლებიან ბერბიჭისნაირები.

   ერთი სიტყვით, ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგია: ის, რაც იყო ადრე, ის, რაცაა ახლა და ისიც, რაც იქნება შემდეგ. ჯერჯერობით კი ცუდია მხოლოდ თავად ბერბიჭი, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ერის მხსნელი ჰგონია თავი, მაგრამ ის ერის მხსნელი კი არა, ერთი მოურიგებელი, ამბიციური, ფხუკიანი, სექსუალურად შეწუხებული, უნიჭო, ზარმაცი, გალოთებული და სისულელეებით თავგამოტენილი ბერბიჭია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები