ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ია ჩრდილელი

მარსის ქრონიკები:ახალი აღმოჩენა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

     საინტერესო ინფორმაცია სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს: მეცნიერები იმედს გვაძლევენ, რომ მარსზე გასეირნების ერთ დროს აუხდენელი ფანტაზია შესაძლოა რეალობად იქცეს. ასე რომ, მოემზადეთ რეი ბრედბერის, ედგარ რაის ბეროუზისა და კიმ სტენლი რობინსონის თაყვანისმცემლებო.

    ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის  მეცნიერებმა  გაავრცელეს უახლესი და ერთობ დამაინტრიგებელი ინფორმაცია წითელი პლანეტის შესახებ. ათეულობით დაკვირვებაზე დაყრდნობით ისინი ამტკიცებენ, რომ პლანეტა მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი ძალიან ბევრი ადგილი მოიპოვება. მართალია ამგვარი ადგილების უმეტესობა გამოქვაბულებშია, ზედაპირის ქვემოთ და გავრცელებული სიცოცხლის უმეტესობა დიდი რაოდენობით მიკრობებია და არა მწვანე ადამიანები, მაგრამ გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მთლიანი მარსის 3%–ზე შესაძლებელია სიცოცხლის გავრცელება, იგულისხმება ტერიტორია პლანეტის ბირთვიდან ქერქამდე და ეს მაშინ, როდესაც დედამიწის მხოლოდ 1 %–ია სიცოცხლისათვის თავსებადი.  დიახ, ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა. კვლევის ხელმძღვანელი ჩარლი ლაინვივერი აცხადებს, რომ  მარსზე საკმაოდ დიდი მოცულობის რეგიონებია, რომლებიც თავსებადია მიწიერ ცხოვრებასთან  და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სიცოცხლის გავრცელებითა და სხვა პლანეტაზე ცხოვრებით, მაშინ ეს სწორედაც რომ შესაბამისი ადგილია.

    მარსის ზედაპირი ძალიან ცივია (–630C,), ხოლო წნევა – ძალიან დაბალი წყლის  თხევად მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, ამგვარი მტკიცება ეფუძნებოდა მეცნიერების მიერ მარსის პოლუსებზე არსებული ყინულის ნიმუშებს,  რომლებიც თანდათან ქრებოდა ზედაპირიდან.  თუმცა, ბოლო წლებში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რისი დასტურიცაა 2010 წელს გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ NASA –ს მიერ გაგზავნილი რობოტი Mars Exploration Rover Spirit ჩაეფლო ტალახში, რაც ძალზე უცნაური იყო. მათი დაკვირვებით, წყალმა თხევადი სახით იმაზე ადრე დაიწყო ჩამოყალიბება, ვიდრე ამას ელოდნენ.

  არსებული ტალახიანი წყლის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი  შეიცავდა ჰემატიტს, კვარცსა და გიფსს, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაფერს ამტკიცებდა. სამაგიეროდ, ჩარლი ლაინვივერი, თავის სენსაციურ სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკულ ასტრობიოლოგიურ ჟურნალში,  მარსზე ჩატარებული ათეულობით დაკვირვებაზე დაყრდნობით ადგენს, რომ სიცოცხლისათვის თავსებადი საკმარისი სითბო და შესაბამისი წნევა, არსებობს მარსის ზედაპირის ქვემოთ, რომელსაც ათბობს პლანეტის ბირთვიდან მომავალი სითბო, ხოლო პლანეტის ნიადაგი, რომლითაც ის არის გარედან შეფუთული, უზრუნველყოფს საჭირო წნევას. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა ის ფაქტი, რომ წყალი არსებობს და ინახება მარსის ზედაპირის ქვეშ. რისი დადგენის ერთადერთი შესაძლებლობაც არის ამ ზედაპირის გათხრა.

რეალურად რა არის დაფარული უზარმაზარი წითელი პლანეტის მტვერქვეშ? ამას სულ მალე, 2012 წლის აგვისტოში შევიტყობთ, როდესაც NASA –ს ახალი თაობის კოსმოსური რობოტი Curiosity Rover  დაეშვება მარსზე.  ეს საოცარი ქმნილება აღჭურვილია სპეციალური ლაზერით, რომელსაც შეუძლია კლდეების დანგრევა, ასევე გააჩნია მოპოვებული მასალის გადამუშავებისა და  ანალიზის ფუნქცია.  იგი მოთავსდება მზის სისტემის უდიდესი მთის– ოლიმპის სიახლოვეს.

შესაძლოა ვიღაცას ეს ინფორმაცია წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებად მოეჩვენოს და იკითხოს: რატომ მაინცა და მაინც მარსი, და საიდან ასეთი სწრაფვა უცხო პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენისა? პასუხი შემდეგში მდგომარეობს: კაცობრიობამ უკვე დაიწყო თვითგადარჩენისათვის ზრუნვა და ოპტიმალურ გამოსავალს ეძებს დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტის ძიებით, სადაც რაიმე სახის  კატასტროფის შემთხვევაში თავს შეაფარებს. რა გვემუქრება? გლობალური დათბობა, ასტეროიდების შემოჭრა, ცოცხალი ორგანიზმებისათვის საშიში მიკრობების ზრდა, ბირთვული აფეთქება და მრავალი სხვა.  მარსი კი  ამ მხრივ ყველაზე თავსებადი და მისაღებია. არსებობს ვარაუდები, რომ ერთ დროს, წითელ პლანეტას საკუთარი ატმოსფერო გააჩნდა, რომელიც დროთა განმავლობაში კოსმოსში გაიფანტა და მარსი ყინულოვან უდაბნოდ იქცა.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან მარსი ჯერ კიდევ უამრავ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები