ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ბექა შონია

რელიგიური თანასწორობა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

    მივმართავ 30 ქართველ ბიჭუნას, რომლებმაც 2 წლის წინ სცემეს ერთი მუსლიმანი თანასკოლელი. მივმართავ ყველას, ვინც სხვის აზრს და რწმენას არ სცემს პატივს, ყველას, ვისაც არ ყოფნის ერთი ცხოვრება და ცხოვრობს სხვათა ცხოვრებით. ნუ იქნევთ თქვენს წიგნებს, ბროშურებს, ხელებს და ხელჯოხებს, ნუ ამოეფარებით სიმართლეს, რათა აკეთოთ უსამართლობა, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას სიკეთის სახელით, ნუ მოახვევთ თქვენს რწმენას სხვას თავს, რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ მის ჭეშმარიტებაში, რადგან ყველას აქვს უფლება სწამდეს ის რაც სწამს, და უყვარდეს ის ვინც უყვარს. და თუ თქვენ მართლა იპოვეთ ჭეშმარიტება, აცადეთ სხვებს, აცადეთ მათაც იპოვონ იგი, იპოვონ დაუხმარებლად, თავისით, ნუ წაართმევთ მათ აღმოჩენის სიხარულს, ნუ დაჩაგრავთ მათ, ნუ აიძულებთ წაიკითხონ ის რომანი, რომელიც ყოველი ჩვენგანის ბიბლიოთეკაში დევს და ერთხელაც გადავშლით მას და გაგვიხარდება, აღვფრთოვანდებით საკუთარი მონაპოვარით. ნუ დააძალებთ და ნუ გგონიათ, რომ მიაკვლიეთ საგანძურს და ახლა თქვენ უპოვარზე მაღლა დგახართ. სიყვარული ადამიანშია, არა ერთ ჯგუფში ადამიანთა, არამედ ზოგადად კაცობრიობაში. ყველა ადამიანშია ღვთის ხმა და მას სინდიდი ჰქვია. მაშ აცადეთ ბუდისტს, აცადეთ ებრაელს, მუსლიმანს, ათეისტს, მიუტევეთ ტერორისტს, მიუტევეთ მკვლელს, რადგან თქვენთვის არავის მოუცია მათი განსჯის უფლება, და თუ თქვენ მართლა იპოვეთ ჭეშმარიტება,  იცით რომ მისკენ არა ერთი გზა მიდის, არამედ უამრავი... აცადეთ ყველას, აცადეთ მათ იარონ საკუთარი გზით და ეთაყვანონ ისინი თავის ღმერთებს ან უღმერთოებას, ამით თქვენ ხომ არაფერი გაკლდებათ. თუ სამყაროს სილამაზეს არ შეუძლია მათ მიაგნებინოს ჭეშმარიტებისთვის, თქვენი მოქნეული მუშტი ვერაფერს შეცვლის. იყვნენ ისინი უძღები შვილები, რადგან უძღები შვილის დაბრუნება სავსეა სიყვარულით და მისი სიყვარული უსაზღვროა, აცადეთ, რადგან თვენ მათ ვერ აძლევთ კარგ მაგალითს, აცადეთ! თორემ შეიძლება გზა მოუჭრათ და ვინ იცის, იქნებ სიმართლისკენ მიმავალი გზაც. თქვენ არ გიპოვნიათ ჭეშმარიტება, თქვენ არ გიძებნიათ ჭეშმარიტება, თქვენ იცით , რომ იქ, სადღაც, ჭეშმარიტება არსებობს და გაშმაგებით იცავთ მას, როგორც ძაღლი იცავს მიწაში ჩამარხულ სარჩოსა და საბადელს. მაგრამ გვიან არასდროს არის ძებნის დაწყება, სიყვარული ხომ ჭეშმარიტებაა, მაშ გვანახეთ თქვენი სიყვარული, გვანახეთ თქვენი სითბო, ძალადობის მაგიერ გამოიჩინეთ ქველმოქმედება, გააკეთეთ სიკეთე თქვენი ხელით, გაეცით სიკეთე თქვენი ჯიბიდან, გაეცით დღესვე, მოეხვიეთ თქვენს მიერ დაჩაგრულ ადამიანს, რომელის თქვენს სკოლაში სწავლობს, ან თუნდაც თქვენს გვერდით ცხოვრობს, ახლავე და უმიზეზოდ, რადგან სიყვარული ერთადერთი რამაა ამ პლანეტაზე , რასაც მიზეზი არ სჭირდება, მიუტევეთ, მოიქეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ, და შეიყვარეთ მოყვასი თქვენი...

მტერი, -  მტერი თქვენ არ გყავთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები