ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გივი ალხაზიშვილი

დევი სტურუას წინასწარმეტყველება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ

ამდენი დევი დავისვი თავზე.

ოთარ ჭილაძე

 

ეს სტრიქონები მშვენივრად იცოდა დევი სტურუამ, ვიღაცას მოესწრო და უკვე ეთქვა მისთვის: _ თქვენ გგულისხმობთო. ვინ იცის, ამბის მიმტანი იქნებ ახლაც ცოცხალია და ფინიშისკენ მიჰყავს თავისი უბადრუკი ცხოვრება, ენის მიტან-მოტანაში რომ გალია.

ოთარ ჭილაძის "თიხის ფირფიტების" გამოცემამდე ერთი წლით ადრე, მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის დაბეჭდვის გამო, ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი, შესანიშნავი მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე _ ცკ-ის იდეოლოგიის მდივნის, ამხანაგ დევი სტურუას მითითებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე "კომუნისტში"ქვეყნდება საშინელი პასკვილი "ცისკრის" მთავარ რედაქტორსა და ცისკრელებზე, საერთოდ "ცისკარში" აღბეჭდილ ლიტერატურულ პროცესზე. ვახტანგ ჭელიძის გათავისუფლება ადრევე მზადდებოდა. მუხრან მაჭავარიანის ლექსი ბოლო წვეთი იყო. არც ბესო ჟღენტს დაუკლია ხელი "ცისკრისა" და მისი ავტორებისათვის. სანიმუშოდ მინდა გავიხსენო ოთარ ჩხეიძის ნოველა "მიწა", რის გამოც "ამხილეს" როგორც "ცისკრის" რედაქტორი, ისე ნოველის ავტორი და უიდეობასა და სოცრეალიზმის პრინციპების უგულვებელყოფაში დასდეს ბრალი.

ერთ მშვენიერ დღეს, ეს კიდევ უფრო ადრე იყო, "ცისკარში" დევი სტურუამ მუხრან მაჭავარიანს თავისი ლექსი "აკაკის ხე" მიუტანა. ამხანაგი დევი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცკ-ის მდივანი. ბატონმა მუხრანმა დაუწუნა ლექსი და არ დაუბეჭდა. როცა დევი ცკ-ის მდივანი გახდა, ე.ი. ნამდვილ დევად იქცა, შურისძიებისთვის საუკეთესი ჟამი დაუდგა და ყველაფერი ხელის ერთი დაკვრით "მოაგვარა", მოუმიზეზეს მუხრანის ერთი ლექსის დაბეჭდვა და ვახტანგ ჭელიძე "ცისკრის" რედაქტორობიდან გაათავისუფლეს.

ერთხელ საინტერესო სცენა გათამაშდა ცკ-ის შენობაში გამართულ რომელიღაც ფორუმზე. მჟავანაძე მოხსენების კითხვისას აშკარად შეაწუხა ოთარ ჭილაძის გადამეტებულმა ლანძღვა-გინებამ. ცხადია, მოხსენება მისი დაწერილი არ იყო და პირველად კითხულობდა. ცოტა ხნით შეწყვიტა კითხვა და სიბრალულით აღსავსე ხმით ერთადერთი ფრაზა თქვა ქართულად:

_ შვილო, ოთარ, სადა ხარ?!

_ აქა ვარ, მამი! _ გაისმა შორიდან, სადღაციდან, რომელიღაც ქანდარიდან.

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დევი სტურუას კაბინეტში დაიბარეს სხვადასხვა თაობის მწერლები მორიგი კომუნისტური შეგონებების მოსასმენად, "ტვინის გასარეცხად", დასაპროგრამებლად. იქ იყვნენ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები, ცისკრელები და ჩვენც, სრულიად ახალგაზრდები.

დევი სტურუამ ილაპარაკა მკაცრად. რაც ევალებოდა, ის საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. მახსოვს ბესო ჟღენტის კრიტიკული პათოსით აღსავსე სიტყვა. ჩვენ, ახალგაზრდებს, გვირჩია ფაბრიკა-ქარხნების მრავალტირაჟიან გაზეთებსა და კედლის გაზეთში მუშკორებად გვეთანამშრომლა, რათა მუშათა კლასის ცხოვრებას უფრო ახლოს გავცნობოდით და მერე, მოგვიანებით, მუშათა კლასის თემატიკაზე, კომუნისტურ აღმშენებლობებზე გვეწერა მხატვრული ნაწარმოებები. _ კი, მაგრამ უჰონორაროდ?! _ ჩაილაპარაკა ვიღაცამ. დევი სტურუამ ბესო ჟღენტს პასუხი არ დააცალა, სარკასტული ღიმილი გადაიფინა სახეზე და ჩვეული მკაცრი ტემბრით გაგვიცხადა: ძალიან მომრავლდა თანამედროვე პოეზიაში გაუგებარი თემები, რებუსები, ლექსები ხეებზე, ბალახზე, ღრუბელზე, ჩიტებზე, სრულმა უპასუხისმგებლობამ მოიკიდა ფეხი ლიტერატურაში. მერე ბესოს მიუბრუნდა, მე ასეთი იდეა მაქვს, უფრო სარკასტულად გაიცინა: ვინც დაწერს ლექსს მუშათა ცხოვრებაზე, გრანდიოზულ მშენებლობებზე, სტრიქონში გადავუხადოთ სამი მანეთი, ხოლო ვინც გააგრძელებს წერას ყვავილზე, ხეზე, ღრუბელზე _ სტრიქონში ოცდაათი კაპიკის მეტი არ მივცეთ! საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულმა ირგვლივ ამაყად მიმოიხედა. ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა, შესანიშნავმა მთარგმნელმა,, მწერლმა ბაატონმა ვახტანგ ჭელიძემ გაბედა და ცკ-ის მდივანს შეახსენა, რომ სალექსო სტრიქონში მინიმალური ანაზღაურება საკავშირო ნიხრით სამოცდაათი კაპიკია და ოცდაათი როგორ მივცეთო?! დევის პასუხი: _ არა აქვს ახლა მნიშვნელობა, იდეურ ნაწარმოებში ათჯერ მეტი გადაუხადეთ, უიდეოში ათჯერ ნაკლებიო. მორჩა, ბეჭედი დასმული იყო. ვაჭრობა დასრულდა. ათჯერ მეტმა ანაზღაურებამ ბევრი აცდუნა. რა ექნათ, მე არ ვამტყუნებ, ყველას ვერ დაავალდებულებ შიმშილსა და ხელმოკლეობას გაუძლოს.

ბესო ჟღენტმა შეწყვეტილი სიტყვა გააგრძელა და რატომღაც ბილინგვიზმზე _ ორენოვნების დამკვიდრების საკითხზე ალაპარაკდა, გასაოცარი მგზნებარებით იცავდა მშობლიურ ენას და ორენოვნების ცალკეულ პრეცედენტსაც კი დაუფარავად უპირისპირდებოდა. სწორედ მაშინ "ლიტერატურნაია გაზეტაში", სხვა საკავშირო გამოცემებში, მოკავშირე რესპუბლიკების მწერლებს თითქმის აშკარად მოუწოდებდნენ ორ ენაზე ეწერათ, რუსულ და ნაციონალურ ენაზე, ეს უკვე ეროვნული ენის აშკარა ხელყოფა, ერთი მუხრანელი ბაგრატიონის იდეის გაცოცხლება იყო. მუხრანელი ბაგრატიონი მეცხრამეტე საუკუნეში _ რუსულად დაწერილ ბროშურაში პირდაპირ მოუწოდებდა ქართველებს, ხელი აეღოთ ქართულ წერა-კითხვაზე, როგორც სრულიად უპერსპექტივო საქმეზე. აი, ამ მუხრანელ ბაგრატიონს შავი დღე აყარეს "თერგდალეულებმა", ეს ამბავი იქ მსხდომებმა კარგად იცოდნენ. ამიტომაც წამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში "მშობლიური~ ანალოგია, თუმცა მუხრანელი ბაგრატიონი ქართულის ხელაღებით დავიწყებასა და რუსულზე გადასვლას გვირჩევდა, ბილინგვიზმის თეორეტიკოსები კი ორენოვნებას გვირჩევდნენ იმის "ფარული" იმედით, რომ მშობლიური დაგვავიწყდებოდა და რუსიფიკაციის პროცესი, ეროვნული მწერლობის გაქრობის მერე, უფრო სწრაფად მოიკიდებდა ფეხს საბჭოთა კავშირში _ "ერთა საპყრობილეში".

ბესო ჟღენტი, რომელიღაც საკავშირო სიმპოზიუმზე ბილინგვიზმის თემას რომ ეძღვნებოდა, სიტყვით გამოვიდა და ნაციონალური ენა და მწერლობა კბილებით დაიცვა. აქაც, დევი სტურუას კაბინეტშიც, იმავეს იმეორებდა. ყველას უკვირდა, რატომ გადაუხვია მთავარ თემას, ანუ ჩვენს გამუშკორებას, ფინანსურ წახალისებას თუ დასჯას, მწერალთა კავშირის მდივანმა. საქმის არსი მერე გაირკვა, მოგვიანებით, იმ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, დღესაც აღშფოთებულები რომ იგონებენ ცნობილი მწერლები.

სხდომის დაწყებამდე დევი სტურუა თავის მაგიდასთან რამდენიმე გამოჩენილ მწერალს გაესაუბრა, სიტყვა ქართულ ენაზე ჩამოვარდა, რომელიღაცამ ბესო ჟღენტი შეაქო _ ბილინგვიზმთან დაკავშირებით გამართულ საკავშირო სიმპოზიუმზე მაგრად გამოვიდაო. მგონი, ამ სიტყვების ავტორი გრიგოლ აბაშიძე იყო. ამხანაგმა დევიმ ისევ სარკასტულად გაიღიმა, სულ მიკვირდა, სად ჰქონდა ამდენი სიცივე, მისი თვალები რომ ასხივებდა; ერთი სიტყვით, ამხანაგმა დევიმ (თუ დევმა) გაიღიმა და მასთან ახლო მდგარ რამდენიმე გამოჩენილ მწერალს გულწრფელად განუცხადა ქართული ენის უპერსპექტვობის შესახებ და დასძინა: ქართული ენისთვის, ჰა და ჰა, თხუთმეტი-ოცი წელი მიმიცია, მერე გაქრებაო. თანამოსაუბრეთა რეაქციას არ დალოდებია, თავის სავარძელს დაუბრუნდა, დასხედით, დავიწყოთო, და დაიწყო ის, რაც უკვე გიამბეთ. გაირკვა, რომ ბესო ჟღენტი დევი სტურუასგან იცავდა ქართულ ენას.

ვთქვათ გულახდილად: ამხანაგი დევი თავისი ცნობიერებით, მრწამსით გიორგი მუხრანბატონის საქმის გამგრძელებელი იყო. მას არ სწამდა ქართული ენის მომავალი და ამიტომაც წერდა რუსულად. მისი წიგნი ნიკოლოზ ბარათაშვილზე საბჭოთა საქართველოში რუსულად დაიწერა და მერე თარგმნეს ქართულად, რათა დარჩენილ თხუთმეტ წელიწადში, ვიდრე ქართული ენა გაქრებოდა, ქართველებსაც გაეგოთ დევი სტურუას ლიტერატურული ნიჭი. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ეს წიგნიც რუსული ლიტერატურათმცოდნეობის ნიმუშია და ასევე რუსულმა კრიტიკამ უნდა შეაფასოს.

მას შემდეგ თითქმის სამჯერ თხუთმეტი წელი და მეტიც გავიდა და ქართული ენა არ გამქრალა. გიორგი მუხრანბატონის "წინასწარმეტყველების" შემდეგ კი თითქმის საუკუნენახევარმა გაიარა.

აბა, რას დააკლებდა ქართულ ენას ერთთავიანი დევი სტურუა, როცა მრავალმა საუკუნემ ვერაფერი დააკლო?! 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები