ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გივი ალხაზიშვილი

პაროდიული სპექტაკლი ტროლეიბუსში

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ვაკის სასაფლაოდან ნასვამები წამოვიდნენ. მანქანის ფული არავის ჰქონდა. ჩვეულებრივი საქალაქო ტრანსპორტი _ ტროლეიბუსი _ რვა თუ ათი ნომერი, ერთი სიტყვით, რომელიღაც ნომერი, უკანა კარიდან ახვავდნენ. დალევის მიზეზი შოთა ჩანტლაძის გარდაცვალების წლისთავი იყო. ლაზღანდარობდნენ. ტკივილის დაჯაბნა მხოლოდ ლაზღანდარობით შეიძლება, ისიც დროებით, მაგრამ შეიძლება. ტროლეიბუსის მგზავრებს შორის საშუალო ტანის პოლკოვნიკიც აღმოჩნდა, მილიციის თადარიგის პოლკოვნიკი. თადარიგისა, თორემ მაღალჩინოსან მილიციელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში რა უნდოდა? მილიციის ფორმა ოდნავ გახუნებოდა, მაინც ყინჩად იდგა, თვალს მამალივით აშტერებდა, ისეთი მოლოდინი მქონდა, საცაა არარსებულ ფრთებს გაშლის და დაიყივლებს-მეთქი. არ დაუყივლია. დროდადრო რომელიმე სუბიექტს ამოირჩევდა მექანიკურად და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა, გულდასმით აკვირდებოდა, სწავლობდა, პროფესიულ ჩვევას თავისი გაჰქონდა. როცა მზერა ფილიპეზე გადაიტანა, ფილიპემ ზურაბს უბეში გადამალული გარდამავალი წითელი დროშა გამოართვა, ზევით აღმართა, გამატარეთო, რიხიანად აუწყა მგზავრებს და მილიციის პოლკოვნიკისკენ გაემართა. გაატარეს. ან როგორ არ გაატარებდნენ წითელდროშიანს, შთამბეჭდავი აღნაგობისა და გამომეტყველების პატრონს. ფილიპეს ზურაბიც გაჰყვა, მოკრძალებულად, მაგრამ მაინც გაჰყვა. ზურაბს გიგლა თავისი ხელჯოხით, გიგლას _ სოსო, სოსოს _ იურა, თედო და სხვები და სხვები.

ფილიპემ დროშა უფრო მაღლა აღმართა, მილიციის პოლკოვნიკს ცხვირწინ აუფრიალა და უბრძანა: _ ემთხვიე დროშას, კურო! დავიბენით. გავისუსეთ. ველოდით, რა მოხდებოდა. ფილიპეს მომნუსხველმა მზერამ და დამაჯერებელმა ხმამ, უფრო კი საბჭოთა დროშამ შეაკრთო მილიციის პოლკოვნიკი, იგი ოდნავ დაიხარა და დროშას ემთხვია. არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და არც ის იცოდა, ბრძანებას თუ არ შეასრულებდა, საქმე როგორ წაუვიდოდა.

ფილიპემ პოლკოვნიკს ხელი ჩამოართვა, პოლკოვნიკი მხედრულად მიესალმა თუ არა, მედროშესგან ახალი ბრძანება მიიღო:

_ კურო, შეაჩერეთ ტროლეიბუსი! მძღოლს და კონდუქტორს დაუძახეთ, გარდამავალი წითელი დროშა უნდა გადავცეთ!

პოლკოვნიკმა ტროლეიბუსი გააჩერა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს. მოიხმო მძღოლი და კონდუქტორი ამხანაგ უფროსთან, ანუ ფილიპესთან. ხალხი გაკვირვებული შეჰყურებდა ამ სანახაობას, გარეგნულად ყველა სერიოზულობას ინარჩუნებდა. მხოლოდ გარეგნულად, როგორც 60-იანი წლების საბჭოთა კავშირი, შინაგანად გამოფიტული და გაბითურებული, ფუტურო, ბელადებგაღადავებული, იდეოლოგიამოშლილი. წამით ყველა გაისუსა. სიტყვა ამხანაგმა უფროსმა, ანუ ფილიპემ წარმოთქვა, სრული სერიოზულობით, მკაცრადაც კი: _ წარმატებული, დამკვრელური შრომისათვის, ამ შესანიშნავ კოლექტივს ვაჯილდოვებთ გარდამავალი წითელი დროშით! ქების სიგელებსაც მიიღებთ იქ! _ ხელი ზევით აიშვირა, _ ზევით, ე.ი. იქ! ანუ მაღლა, _ სადღაც უფრო მაღლა, როგორც მილიციის პოლკოვნიკს ეგონა. დარწმუნდა, რომ მისი ვარაუდი გამართლდა და კიდევ უფრო გაიჭიმა `მაღლიდან~ მოსული ამხანაგების წინაშე. ფილიპემ გადასცა გარდამავალი წითელი დროშა მძღოლს, მერე რატომღაც მას გამოართვა, კონდუქტორს გაუწოდა და ჩავიდა წინა კარიდან. ჩახვავდნენ ბიჭებიც. ზურაბი უფრო მორცხვად და თავდაჭერილად, გიგლა კოჭლობით, ხელჯოხის ქნევით. ყველა თავისებურად. დასრულდა ცერემონია, ტროლეიბუსი დაიძრა, ჩვენ კი ერთიანად ამოვიხარხარეთ ყველაფერი, რაზეც თავს ვიკავებდით.

გიგლამ ამ სპექტაკლს `კურო-სავა~ დაარქვა, რაც, მისი ახსნით, ქართულ კუროსა და რუსულ ჭოტს, `სოვა-სავა~-ს ნიშნავდა და ამავე დროს სახელგანთქმულ იაპონელ რეჟისორსაც გულისხმობდა.

 

P.შ. ახლახან დავამთავრე ზურაბ კიკნაძის წიგნის `ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ~ კითხვა. ეს ამბავი ზურაბ კიკნაძის ხსენებაზე მომაგონდა. არავინ იცის, როგორ აწაპნა ზურაბ კიკნაძემ გარდამავალი წითელი დროშა ვაკის სასაფლაოსთან მდებარე ტროლეიბუსების სადისპეტჩეროდან, ან როგორ შეიტყო ფილიპე ბერიძემ, აწ გარდაცვლილმა ცნობილმა კრიტიკოსმა და მთარგმნელმა, მისი არსებობის შესახებ. სხვა პერსონაჟებიც რეალური ხალხია, ჩემი მეგობრები და კოლეგები: გიგლა სარიშვილი, თედო ბეჭიშვილი, სოსო პაიჭაძე, იურა ბაქანიძე, ყველა იმ ქვეყნადაა წასული. ღმერთმა გაანათლოს მათი სული!

რაც გიამბეთ, ახლა რომ ვფიქრობ, შოთა ჩანტლაძის წლისთავს მიეძღვნა, ნაღდ ანდერგრაუნდელ პოეტს, მასაც ადრე წასულს. ირონიულ-პაროდიული `სპექტაკლი~ უნაკლოდ შესრულდა.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები