ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გივი ალხაზიშვილი

პირველი წიგნის ამბავი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჩემი პირველი წიგნი 1972 წელს გამოსცა “მერანმა”. მაშინ ქართული მხატვრული ლიტერატურის განყოფილებას შოთა ნიშნიანიძე ხელმძღვანელობდა. წიგნი სწრაფად წაიკითხა, მოიწონა და ხელი მოაწერა, დაიბეჭდოსო! მთავარი ხელმოწერა მაშინდელი მთავარი რედაქტორის _ გრიგოლ ჩიქოვანის კომპეტენცია იყო. მისი დასტურის გარეშე წიგნი არ დაიბეჭდებოდა.

ვიარე, ვიარე, ვიარე, ვიარე “მერანში”. ველოდე, ველოდე, ველოდე, ველოდე, როდის მიმიღებდა მთავარი რედაქტორი და ერთხელაც _ კეთილი ინება და გამესაუბრა. თბილად შემხვდა, სიტყვა წიგნის “იდეურ მხარეზე” ჩამომიგდო და მირჩია: თუ რამდენიმე იდეურ ლექსს არ ჩაუმატებ წიგნში, კრებული ვერ გამოვაო.

სიმართლე გითხრათ, ეს “რჩევა” ჩემთვის მოულოდნელი არ ñგამოდგაëდა გადაწყვეტილება _ არ დამეწერა იდეური ლექსები, ანუ “პარავოზები”, როგორც მაშინ ვუწოდებდით ლექსებს პარტიაზე, ლენინზე, კომკავშირზე და ა. შ. _ არ შემიცვლია.

ორიოდე კვირის შემდეგ ისევ მივაკითხე მთავარ რედაქტორს. მითხრეს, ექვსთვიან შემოქმედებით მივლინებაში წავიდა და შენი წიგნიც სხვა დედნებთან ერთად კაბინეტში აქვს ჩაკეტილიო. როგორც მოგვიანებით გავიგე, მთავარი რედაქტორის ფუნქციებს დროებით, ექვსი თვით, ნიკა აგიაშვილი _ მხატვრული თარგმანის რედაქციის გამგე “ითავსებდა”.

კარგა ხნის შემდეგ მივადექი ბატონ ნიკას. მას ჯერ კიდევ “მნათობიდან” ვიცნობდი, სადაც იგი მუშაობდა და იქ არცთუ იშვიათად დავდიოდი ძველ ფუტურისტ, ბიბლიოფილსა და უაღრესად განსწავლულ კრიტიკოსთან _ შალვა ალხაზიშვილთან. მე და ბატონი შალვა ნათესავები არ ვიყავით: ის კახეთიდან იყო, მე იმერეთიდან _ ქუთაისიდან, მაგრამ ხალხში რატომღაც სულ ძმისშვილად მომიხსენიებდა. არც მე გამიპროტესტებია; უცოლშვილო კაცი გახლდათ და ხელმოკლე სტუდენტს ყურადღებას არ მაკლებდა და — რაც ყველაზე მთავარია _ სრული უფლება მომცა, მისი უნიკალური ბიბლიოთეკით თავისუფლად მესარგებლა. ბატონი ნიკაც “მნათობში” შალვა ალხაზიშვილმა გამაცნო და ათწლიან გულთბილ ურთიერთობას, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკვალოდ არ ჩაუვლია.

შევჩივლე ბატონ ნიკას ჩემი გასაჭირი. მომისმინა, ცოტა ხანს იყოყმანა, მერე ხელი ჩაიქნია: რაც იქნება, იყოსო, მდივანს გრიგოლ ჩიქოვანის კაბინეტის გასაღები გამოართვა, გახსნა კარი _ საქაღალდეების გროვიდან ჩემი ერთფორმიანი ლექსების კრებული ამოაძვრინა, წიგნში არც ჩაუხედავს, სატიტულო ფურცელზე ისე წააწერა: აიწყოს და დაიბეჭდოს! მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა აგიაშვილი.

დაიძრა საქმე. წიგნი სწრაფად ააწყვეს, კორექტურაც უცებ წაიკითხეს, მაგრამ ფერადი გარეკანის დაბეჭდვას საშველი არ დაადგა. უყდოდ წიგნის გამოცემა ვის გაუგია, ამასობაში კი, ვის მოვალეობასაც ნიკა აგიაშვილი ასრულებდა, ის კაცი დაასრულებდა შემოქმედებით მივლინებას და შესაძლებელია, “უპარავოზებოდ” დაბეჭდილი წიგნი გაეჩერებინა.

მაშინ ფერადი ბეჭდვის სტამბა პლეხანოვზე, მიხეილის საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობდა. სტამბის დირექტორს გაბო ერქვა; გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს.

სიყმაწვილეში წარმატებით ვახერხებდი მწერალთა კავშირის მაშინდელი უცვლელი მდივნის _ ბესარიონ ჟღენტის — თავისებური მეტყველების იმიტაციას. ავიღე ყურმილი, დავრეკე გაბოსთან და ბესო ჟღენტის ხმით, ინტონაციით ავუხსენი ფერადი ბეჭდვის სტამბის დირექტორს, რომ ამ ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცის, რომელიც გამოირჩევა სოცრეალიზმის იდეალების ერთგულებით, წიგნის გარეკანი იქნებ სასწრაფოდ დაებეჭდათ.

ბატონმა გაბომ მომიკითხა მე (ბესო ჟღენტი), რამდენიმე ქათინაურიც არ დაიშურა ჩემთვის (ბატონი ბესოსთვის) და აღმითქვა მე (ბესოს) _ ხვალვე დავბეჭდავო.

მართლაც, გარეკანი მეორე დღესვე დაიბეჭდა. სასიგნალო ეგზემპლარებს ტირაჟიც მოჰყვა და განსრულდა ესე ამბავი.

პირველი წიგნიდან რჩეულში რამდენიმე ლექსი დღესაც შემაქვს, უმრავლესობა კი აღარ მომწონს. რატომ აღარ მომწონს, ეს ვრცელი საუბრის თემაა. მოკლედ ვიტყვი: ლექსები, მე რომ დავიწუნე, შეფარული, ქვეტექსტური, იგავური ანტისაბჭოურობით გამოირჩევა. იმ ლექსებში გაკრთება ჩეხი სტუდენტის _ იან პოლახის სილუეტი, რომელმაც “საკუთარ თავს მიუსაჯა აუტოდაფე და მოედანზე შეგროვილ ბრბოს მოასმენინა ძვლების ტკაცუნი”. იქვე გაისმის ასეთი სტრიქონი ლექსში _ “წიქარას ზღაპარი”: “და ვინღა ურქენს მაცილის ლანდს დროშად დაკიდულს”, ხოლო “ჰობოის სოლო” მომაბეზრებელი ერთფეროვანი დღეების ზიზღითაა გაჟღენთილი: “დიდო მაესტრო, ვინ ააწყო ყოველი დღე ერთ კამერტონზე?!” “ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად!” მხოლოდ ფსევდოსანებლიძე წამომაძახებს მომავალში 1992 წელს გამოქვეყნებულ პასკვილში: ვინ იყავი და რა გაგიკეთებია, რა იგავებსა და მინიშნებაზე საუბრობ, ეგ, მე რომ მაქვს, იმდენი უნდაო. “მერანის” დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში სერიოზულად მემუქრებოდა, პოეტობიდან მოგხსნიო. საწყალი ქალბატონი თვლიდა, რომ შეეძლო პოეტობიდან ჩემი “მოხსნა”.

წავიდა ის დრო, წარსულს ჩაბარდა თავისი სოცრეალიზმითა და მათი მეხოტბეებით. ნიკა აგიაშვილი კი, შესანიშნავი მთარგმნელი, მწერალი და უნიჭიერესი თაობის (“ჭაბუკები დარჩნენ მარად”) ხსოვნის მემატიანე არასდროს დამავიწყდება. ვერც იმას დავივიწყებ, როგორ გაგვიმხილა რამდენიმე ახალგაზრდა მწერალს ტაშისკარის რესტორანში _ ვისი ინიციატივით დაჭრეს ლადო ასათიანის ლექსების პირველი წიგნი. თუ ნიკა აგიაშვილის ნაამბობს ვირწმუნებთ და რატომ არ უნდა ვირწმუნოთ, ვინც ლადოს წიგნი გასანადგურებლად გაიმეტა, იმ პოეტმა სიკვდილის შემდეგ ვასილ ბარნოვს ქუჩა “გაუყო”.

ნიკა აგიაშვილი ძალიან კარგი მოსაუბრე იყო და ხშირად გვიყვებოდა ახალგაზრდებს საინტერესო ამბებს ამა თუ იმ მწერალზე. ალექსანდრე აბაშელზე ასეთი რამ გვიამბო:ოცდაათიან წლებში, გაგანია რეპრესიების პერიოდში, “ჩვენი თაობის” რედაქცია, როგორც სხვა ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების, განთავსებული ყოფილა მწერალთა კავშირის შენობაში. ალექსანდრე აბაშელი რედაქტორობდა “ჩვენ თაობას”. შეუღია მისი კაბინეტი ერთ, მეტად საეჭვო გარეგნობის, ჩეკას ფორმაში გამოწყობილ კაცს და უთხოვია ალექსანდრე აბაშელისთვის: გამომყევით! შემკრთალი აბაშელი მორჩილად გაჰყოლია, თან მუხლები აკანკალებია, როგორც ყვებოდა. ეს ის დროა, როცა ყოველ დილით ვიღაც ვერ მოდის სამსახურში და დადუმებული ადამიანები ვერაფერს ამბობენ, მხოლოდ შიშით ელიან თავის რიგს. აბაშელმაც ჩათვალა, რომ წასულია მისი საქმე და, ბედს მინდობილი, დაზაფრული მიჰყვება ჩეკას მაიორს. ჩაიარეს კიბე, ვესტიბიულისკენ არც გასულან და ასე ნება-ნება ქვევითკენ, კიბის საფეხურების ჩამთავრებამდე იარეს და აღმოჩდნენ ჩაწყვდიადებულ სარდაფში, სადაც მოგვიანებით მწერალთა პოლიკლინიკა იყო განთავსებული. ალექსანდრე აბაშელი მთლად გალეულა შიშისგან და ისღა გაუფიქრებია, ალბათ აქ მიპირებს დახვრეტასო, როცა მაიორს ხელი ჯიბისკენ წაუღია და მის გასაოცრად ქაღალდების შეკვრა ამოუცურებია. ჩეკას მაიორმა ჩურჩულით უთხრა თურმე აბაშელს, რომ იგი ლექსებს წერს, რომ ამ ფურცლებზე მისი ლექსებია და ìთხოვა ცნობილ პოეტს წაეკითხა და დასაბეჭდად აერჩია, რაც მოეწონებოდა.

მოულოდნელობისგან კიდევ უფრო მოცელვია მუხლი აბაშელს და სასწრაფოდ გამოურთმევია ფურცლების მოზრდილი შეკვრა, დაპირებია, რომ წაიკითხავდა და შეარჩევდა კიდეც დასაბეჭდად. ასევე ტაატით ამოიარეს კიბე მაღლა, მერე ჩეკისტი დაემშვიდობა აბაშელს და გადარჩენილი პოეტი, სიხარულისგან კი არ ავიდა, არამედ აფრინდა თავი სართულზე და შევარდა თავის კაბინეტში.

აბაშელის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. გაშალა ჩეკისტის ხელნაწერები და შეწუხდა, ისეთ უნიჭობასა და სისულელეებს გადააწყდა. ჩაამთავრა, დაკეცა, უჯრაში საგულდაგულოდ შეინახა და გაიფიქრა: არ დავბეჭდავ, ეს მაიორი დამიჭერს, დავბეჭდავ და სხვები დამიჭერენ ამ სისულელის დაბეჭდვისთვის. რამდენიმე თვე ასეთ ნერვიულობაში გაატარა ალექსანდრე აბაშელმა, დღისით ბოლთას სცემდა გაუჩერებლად, ღამეები კი ძილ-ღვიძილში ძლივს გაჰყავდა.

ჩეკისტი მაიორი არ ჩანდა. აღარასოდეს მოსულა. როგორც ვიღაცამ გაარკვია, ოღონდ არ ვიცი, როგორ გაარკვია, თვითონ ჩეკისტი მაიორი დაუხვრეტიათ. ამ ამბავს ალექსანდრე აბაშელი შემკრთალი ჰყვებოდა და ფინალს რომ მიადგებოდა მოიწყენდა თურმე უნებურად.

ნიკა, ამას რომ გვიამბობდა, გაკვრით იტყოდა ხოლმე, აი, ასეთი დრო გამოვიარეთო. ე.წ. “ოტეპელი”-ით გათამამებულები მოურიდებლად ვაგინებდით კომპარტიას და ბელადებს. ნიკა თავს არიდებდა, არ აგვყვებოდა ხოლმე ამ საუბარში და გაგვეცლებოდა, მაგრამ ტაშისკარსა და ქვიშხეთში, როგორღაც გარისკა და სიმართლე გაგვიმხილა ლადო ასათიანის წიგნის განადგურებასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები