ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ოჩილა. მამუკა ხერხეულიძე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

წინასიტყვაობა

   2005 წელს, მწერალმა და ჟურნალისტმა მამუკა ხერხეულიძემ გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული - ,,კავკასიური ქრონიკა“ (თბილისი, გამომცემლობა ,,არეტე“).

 წიგნმა იმთავითვე ქართველი მკითხველის ყურადღება დაიმსახურა, ხოლო 2012 წელს, თანამოსახელე მოთხრობის შესახებ, დიდი ბრიტანეთის გავლენიან ლიტერატურულ - კრიტიკულ ჟურნალში - ,,The Times Literary Supplement (TLS)”, რეცენზია დაიბეჭდა. TLS-ი 1902 წლიდან გამოიცემა და ის, ცნობილი გაზეთის - ,,The Times”- ის ყოველკვირეულ დამატებას წარმოადგენს. მომყავს აღნიშნული რეცენზიის ტექსტი: ,,For a story of outlaws, Heighway gives us Mamuka Kherkheulidze ,,A Caucasian Chronicle”, a remarkable narrative of a man who refuses, to his mother s disgust, to perpetuate a blood feud“ - THE TIMES LITERARY SUPPLEMENT. CONTEMPORARY GEORGIAN FICTION. Edited and Translated by Elizabeth Heighway, 363pp. Dalkey Archive Press. Reviewed by Donald Rayfield, June 22, 2012. 

   მ.ხერხეულიძის აღნიშნულ კრებულში, აგრეთვე შედის, ჩემი აზრით, კიდევ ერთი შესანიშნავი მოთხრობა - ,,ოჩილა“. ის ჩემთვის დიდად ძვირფასია, რადგან დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც მე თავს გადამხდა. ავტორისადმი მადლიერების გრძნობით, გთავაზობთ ამ მოთხრობას.

    

   ოჩილა. მამუკა ხერხეულიძე 

   სამტრედია ქალაქია დასავლეთ საქართველოში, ცენტრალური რკინიგზის სადგურით. ტრაფიკების საკვანძო მნიშვნელობით, წესით, როტერდამივით უნდა იყოს. ბგერათა მსგავსებით და ველოსიპედების რაოდენობით კი ამსტერდამს ჰგავს. განსხვავება იმ დროს ასეთი იყო: ამსტერდამში მოახლოვებული სიცივეების გამო ზღვის თოლიების უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობდნენ აღშფოთებული მწვანეები, სამტრედიაში კი ცენტრალურ მოედანზე ახალ შემოგრიალებული ტანკი იდგა დაქოქილი და გარშემო სამხედროები ირეოდნენ. შემოდგომით გაძარცვულ ხეებს აქა-იქ საახალწლო სათამაშოებივით შემორჩენოდათ მწიფე ხურმები თუ კარალიოკები. თუმცა დიდი საგრენადერო ბრძოლები აქ არ მიმდინარეობდა, ადამიანები მაინც იღუპებოდნენ, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ქალაქმა კართაგენის ფუნქცია შეიძინა; სამხედრო შენაერთები, რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - დროშებიც ერთნაირი ჰქონდათ და ჩაცმულობაც, ახლოს მისულს ძველბიჭური სლენგი ან მეგრული კილო თუ მიახვედრებდა მათ ვინაობას - პერმანენტულად ეპატრონებოდნენ ნეიტრალური სამტრედიელების საყვარელ ქალაქს.

   აქაურები შეწუხებული სახეებით კითხულობდნენ ახალშემოსული დაჯგუფებების თითქმის იდენტურ განცხადებებს. ,,მკაცრად დაისჯება”, - ასე მთავრდებოდა ელექტრობოძებზე გაკრული ტექსტები. მოითხოვდნენ სასწრაფოდ ეცნობებინათ მოწინააღმდეგისადმი ლოიალურად განწყობილი თანამოქალაქეების ვინაობა (შეძლებული ოჯახების ,,ნაკოლებს” ზეპირსიტყვიერად იგებდნენ). ისეთი სისწრაფით იცვლებოდნენ ქალაქის დამპყრობლები, ჩამშვებისთვისაც ძალიან არასტაბილური ვითარება იყო. შეიძლება, მსხვერპლი თვითონვე გამხდარიყო. ასე რომ, სამტრედიელებს ერთი სული ჰქონდათ დამთავრებულიყო ეს აბსურდული ომობანა, გამოეყვანათ თავიანთი ,,ველიკები” (მარადიორებს უმალავდნენ), ექროლათ წყნარ ქუჩებში წინდებში ჩატანებული შარვლებით, საღამოს კი განთქმული წიწილებითა და შაქრიანი ღვინით შე… ნებისმიერი დაბოლოვებით.

   გარდა ძველი მეზობლური ქიშპობისა, იყო ერთი გარემოება, რის გამოც ,,კანონიერები” (ან პირიქით, და ყოველთვის ასე) განსაკუთრებული სიმკაცრით იქცეოდნენ. ,,პუტჩისტთა” ცნობილი გენერალი აქაური იყო. თუმცა სამტრედიელები ამბობდნენ, ,,რაის ქალაქელია კაკოია, სადგურს ვერ მიაგნებს, რო გაუშვაო”. გენერალი კაკო სოფელ ჯიხაიშიდან იყო წარმოშობით. მამამისი, მთელს რაიონში განთქმული მეკუბოვე, ,,თვითონ ეზომებოდა სასახლეს შიგნიდან, მიცვალებულმა დისკომფორტი არ იგრძნოსო”, ისეთი პროფესიონალი ყოფილა, ,,მკერდზე დაკიდულ მაგნიტზე ებნია ლურსმნები, საძებარი არ გახდომოდაო”. მუთაქაში დაგროვილი ფულით გაუშვა ბიჭი თბილისში, კულტსაგანმანათლებლოზე. დღეებს ითვლიდა, ,,საცაა დაბრუნდება ნასწავლი - პატივსაცემი კაცი მთელს რაიონშიო”. თბილისში რომ არეულობები დაიწყო, ესმოდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, ერთ დილას ტანკის გრუხუნი თუ გააღვიძებდა, იქიდან კი კაკოია გადმოვიდოდა იარაღში ასხმული (სამხედრო ფორმაზე ,,პარტუპეაც” კი ეკეთა, მაგრამ ტყავის კურტკა ეცვა ზევიდან მაინც,… საეჭვო). ,,დავამხეთ დიქტატურა და ახლა მე ვარ აქ უფროსიო”. საწყალმა მამამ, - ,,ჩემთვის გადანახული კუბო დავდგი შენიო”, - და, მგონი, გარდაიცვალა კიდეც. კაკოია დასახვრეტთა სიაში იყო უკვე შეტანილი კანონიერი ხელისუფლების მიერ და ეს განცხადება სამტრედიის მოედანზე ეკიდა, ყველა ბოძზე. ქალაქში ზვიადისტები იდგნენ.

   

ამ სევდიან პროვინციულ სამხედრო მოქმედებების თეატრში ჩვენი მეგობარი ოჩილა აღმოჩნდა შემთხვევით. მშობლებს ჩააკითხა სამტრედიაში. თვითონ ჩვენს ეზოში გაიზარდა, თბილისის უნივერსიტეტის პირდაპირ. აკადემიკოს ბიძასთან ცხოვრობდა. მეტსახელი ჩემმა ძმამ, ბიძინამ დაარქვა, - ეტიმოლოგია უცნობია. ეზოში სულ აკადემიკოსები და პროფესორები ცხოვრობდნენ, ერთი-ორი უპარტიო დოქტორი თუ გამოერეოდა, და ისინიც პირველ სართულზე იყვნენ გამწესებული, ჩვენი ოჯახიც მათ შორის.

   ცოტა მერე კი ოჩილას მშობლებმა, ცნობილმა ექიმებმა, რომლებიც დიდი ხანი რუსეთში ცხოვრობდნენ (ზურაბიც იქ დაიბადა), დაბრუნებულებმა რატომღაც სამტრედია აირჩიეს, იქვე, ჩვენს უბანში უყიდეს პატარა სახლი-კასრი - ასე ეძახდა თვითონ. ოჩილა პოეტი-ფილოსოფოსი იყო მოწოდებით, მაგრამ მშობლების ხათრით სამედიცინო დაამთავრა სულ ხუთებზე, მანამდე კი მათემატიკურიც, ცნობილი ,,კომაროვი”, გახდა რეანიმატოლოგ-ანესტეზიოლოგი, ანუ, როგორც თვითონ მწერდა, ,,სიცოცხლისა და სიკვდილის დირიჟორი”. მაესტრო, მშობლებთან მუდმივი მიმოწერის გამო, ალბათ, ეპისტოლარული ჟანრის ტრფიალი გახლდათ. თავის თავსაც სწერდა ხანდახან მეორე დღისთვის. სამაგიდო წიგნებში, ჩესტერფილდის, სენეკას, გოეთეს, კაფკას წერილებთან ერთად, შავყდიანი ბიბლია მიგაქცევინებდა ყურადღებას.

   ,,ჰაიდელბერგის” ბუთქუნა, შავყდიანი ფოლადის შესაკრავიანი ძველი აღთქმის წითელგულა გამოცემის სიფრიფანა ფურცლებში გაცრეცილი სურათი იდო - ვენური სტილის სკამთან ახალგაზრდა მღვდელი იდგა და ამ ფოტოსავით გაცრეცილი მზერით უცქერდა ობიექტივს. ,,ხვრიტავდნენ, უეჭველი, ბოლშევიკები ოცდარვაში”, რუსულ ქალაქს ახსენებდა, რომელიღაც ,,გორსკით” მთავრდებოდა. ქართველ კომერსანტს გამოუყვანია დილაუთენია ქალაქიდან ,,შეშის ფეჩით”. ოჩილა ამ ისტორიას ძალიან უფრთხოდა, ფინალს აღარც ჰყვებოდა, მე კი მახსოვს: ჩამოვიდა ის კაცი თბილისში, გაიხადა ანაფორა, გაიკრიჭა წვერი, იჯდა სახლში და ყველა კარის დაკაკუნებაზე კვდებოდა. ფორმიანები რომ არ აღმოჩნდებოდნენ, ცოცხლდებოდა ისევ.

   ოჩილაც სიკვდილ-სიცოცხლის პაუზებს დირიჟორობდა, ოღონდ უცხო, ავარიაში დალეწილ-დასახიჩრებული და უკვე საიქიოში გაქანებული მგზავრების. ,,ძია ბილი ვარ“, -  ე.ი. იკეთებდა. პაროლებით მწერდა (ფოლკნერის პერსონაჟი): ,,რეანიმაცია - ამ პროფესიის ექიმებს თხუთმეტი წლის მერე პენსიაში უშვებენ ამერიკაში. ექსტრემალური დარგია”. თუ ,,კასრში” იყო, რადიოს, ნახევრად ჩახშობილ ,,თავისუფლებას” და ,,ამერიკის ხმას” უსმენდა. პოლიტიკურ ანალიზებს, წერილებში რომ წერდა არეულად, ტარანტინოს სტილში, სტრიქონებს შორის პენსიაზე მოტყდომის (ანუ აშშ-ში) სურვილიც იკითხებოდა. ჯიმი კარტერის ფანი იყო და დარჩა ბოლომდე. რეიგანს არაფერს უფასებდა ,,იმან დაიწყო ამათი პრესიო”, - რონალდს ეს არც გაუგია.

   ჰენდრიქსის სიკვდილი ოჩილამ მომისამძიმრა - წერილობით, რა თქმა უნდა.

,,ოვერდოუზ. მეფე გაიპარა“, - ასე მთავრდებოდა, და იმ დროს უამრავი ახალგაზრდა გაიპარება ნემსით მთელს სამყაროში. მარტო საქართველოში წამლით დაღუპული ბიჭების რაოდენობა ბევრად აღემატება ომებში ერთად გარდაცვლილებს.

   საბჭოთა კავშირიც იპარებოდა, და ოჩილამაც წამალს თავი დაანება, თან პროტესტის ეს ფორმა ანაქრონისტული ხდებოდა. ,,თვითმკვლელობის ცოდვის გარდა”…წერილში ყოფითი (მეზობელი ზაზაია, ჯინსები, მანქანის ნაწილები) და სოციალური სენტენციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და წერილი ასე მთავრდებოდა: ,,ადამიანი ცვალებადია. მონტენი”.

   დილას ჩამოივლიდა მუდამ ჩრდილიან კეკელიძის ქუჩას, კაგებეს პოლიკლინიკასთან სუნთქვაშეკრული - ფორმიანებისადმი გენეტიკური შიში მწვავე ფორმებში ვლინდებოდა, ავტოინსპექტორის დანახვაზეც კი ბაბუამისივით კვდებოდა და ცოცხლდებდა, თან ჯიბეში რაღაც ფაქტი სულ ედო (წერილი მაინც); გამოივლიდა და მერე ზურგი ეწვოდა, არ დამიძახონო. რამდენიმე უსახური ჩეკისტის სახე სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში. შემოუხვევდა ჩვენს მზიან ეზოში, ამოისუნთქავდა იუდას ხესთან, ფანჯარაზე დამიკაკუნებდა, წერილს მომცემდა, არეულად იტყოდა რამდენიმე სიტყვას და წავიდოდა უნივერსიტეტისაკენ. გარეგნობით იტალიელ ფეხბურთელს ვამსგავსებდი, უფრო ნახევარმცველს, ვთქვათ, გაეტანო შირეას (ბავშვობაში თვითონაც “ხავბეკი” იყო, მაგარი მჩეხველი).

   ჩვენს ეზოში იუდას ხე ყვაოდა, ისე მაცდურად, თავის ჩამოხრჩობა მოგინდებოდა, სამოქალაქო ომი ეშხში შედიოდა. ოჩილას წერილი მისმა დამ მომიტანა. ქალაქში სროლები ისმოდა.

   მოკითხვის და მეზობელ ზაზაიას ფილოსოფიური პორტრეტის მერე სერიოზული ტექსტი იწყებოდა: ,,ისეთი ხელისუფლებები, როგორებიც დღევანდლამდე არსებობდნენ სამყაროში (ჩვენი - მუდამ?), მხოლოდ ერთი მეთოდით თუ მოქმედებდნენ - თანამემამულეთა სულიერების და ზნეობის ფეხქვეშ გათელვის გზით”. აქ დენი არ არის, ცოტა არყებიც შევიყვანე, ბნელა, სანთელი რომ მთავრდება, ეზოში ვკითხულობ მთვარეზე დაკიდებული ხურმების შუქზე. კიდობანის გაკეთების დროა. ომს მოვუტყდი და აქ ჩამომაკითხა. იუდას ხე ყვავის, ალბათ”. არყები არ მომეწონა, მთვრალი ოჩილა ,,რეკოშეტი” იყო, თან შეძლებულ ოჯახად ითვლებოდნენ სამტრედიაში, მიადგებოდნენ.

   ასეც მომხდარა. სამჯერ შევარდნილან და წასაღები რომ აღარაფერი იყო, ფანჯარაში ჩამონტაჟებული კონდენციონერი ამოუგლეჯიათ. სწორედ ამ ჯგუფს დახვდა მთვრალი ოჩილა სახლში. ავტომატის ლულაში მოჰკიდა ხელი ახლომდგომ წამალგაჩხერილ, ოდნავ დაყვინთულ მებრძოლს, წართმევა დაუპირა, ,,ბეწვი” იყო, წართმეული ჰქონდა თითქმის, იყვირა იმან და სხვა ოთახების ,,მშმონავები” გამოვარდნენ - ატყდა სროლა, ბრმა ტყვიები დაწუოდნენ ფეხებთან, გაუშვა ოჩილამ ხელი ავტომატს. იმ ტიპმა, - შემოატრიალა და, - კონდახით ხია სახეში. ჯერ ვარსკვლავებმა გაიელვეს, მერე კი დაბნელდა.

  

რომ გამოერკვა, იატაკზე იჯდა. სახლში აღარავინ იყო. პერანგი სისხლში ჰქონდა მოთხვრილი. ტყვია მომხვდაო, გაიფიქრა, ხელით მოისინჯა. გაახსენდა, რაც მოხდა. წამოდგომა დააპირა. სადგურივით მძიმე და ხმაურიან თავში მეგრული ყვირილი ისმოდა ნაწყვეტებად. პირველი სართულიდან მამა უძახდა. - ,,ზურაბ!” - “ცოცხალია”, გაიფიქრა, - ,,ჰო”, - უპასუხა და ისევ დაჯდა. მეზობლები მოვიდნენ, წამოაყენეს. მამას მიხედეთო, დაბარბაცდა, სააბაზანოში შევიდა და პირსაბანს დაეყრდნო. სარკიდან გაეტანო შირეა კი არა, შაგალის ნახატივით დაჯღანული წითელი კაცი უყურებდა. ,,განდიზმი”, - ყველა ნაღდი პატრიოტი ეგრე უნდა უნდა იყოს, დედა უნდა ჰქონდეს მოტყნული”. მეზობელ ბიჭს არაყი მოატანინა, სამი ჭიქით დაცალა და სიგარეტი გააბოლა. სადგურის გუგუნი ოდნავ მიწყნარდა. რაღაც დიდი გაახსენდა - ხარაკირი სამტრედიის მოედანზე, ნებისმიერი სამხედრო ნაწილის თვალწინ. ,,არა, ესენი ვერ გაიგებენ”, - გაეცინა. ,,მონარქია მაინც გვქონდეს...”

   პირველ სართულზე ჩამოვიდა... მამის ოთახში შეიხედა. ლოგინში კაცი ტიროდა ჩუმად. თავთან მეზობლის ქალი ეჯდა, საფენებს ადებდა შუბლზე. ,,დედას დაურეკეთ, საავადმყოფოშია, მე მალე მოვალ”. მამას რაღაცის თქმა უნდოდა, ვერ თქვა და ხმამაღლა ატირდა.

   გარეთ გამოვიდა. თბილოდა. მოედნამდე რწევით მიდიოდა. რომ არა ხურმები თუ კარალიოკები, ქალაქს მკვდრის ფერი ედო. დაქოქილი ,,ბეტეერის” თუ ტანკის გარშემო, სამხედროები ჩოჩქოლებდნენ. ნაბიჯი გაასწორა, განაპირა ჯგუფისკენ დაიძრა. ერთ მწითურს მიადგა. იმან მოხედა და ისევ გააგრძელა ლაპარაკი. ხელი მოჰკიდა, მწითური მოტრიალდა, ირონიული ღიმილით შეხედა. ოჩილამ, ,,ის სად არის, თქვენი უფროსი, ბიბლიური კაცი, თუთაშხიას რომ ბაძავს, მაუზერით და ნაბდით, მაგის შოფერი დედას...” დამთავრება ვეღარ მოასწრო, მწითურმა ავტომატი კონდახით მოატრიალა... და ისევ სახეში და ისევ ვარსკვლავები, და ისევ დაბნელდა.

   საკანში გამოეღვიძა სიცივისგან, თავი უსკდებოდა, სველი იყო, ,,წყალი დამასხეს, მაცოცხლებდნენ, ალბათ”. უფილტრო პაპიროსის, წინდების და რაღაც უცნაური მჟავე გამებით ყარდა ხის ნარებიანი საკანი. ხმებიც ესმოდა, მაგრამ თავში სადგური გუგუნებდა. ვიღაცამ პლასტმასის ბოთლი მიაწოდა. წყალი თბილი იყო, მაგრამ მაინც ეამა, თვალები დახუჭა და ისე, როგორც ბავშვობაში, დიდი სიცხის დროს, საგნები დიდდებოდნენ საზარლად, თვალის გახელა უნდოდა, - გამქრალიყვნენ ისინიც და ის ჩეკისტებიც, კაგებეს პოლიკლინიკასთან რომ უნახავს, უთვალებო, ნაცრისფერი არსებები. ისევ ჩაეძინა.

   რკინების ჯახუნმა გააღვიძა. საკნის კარი ღია იყო, ორნი იდგნენ კარებთან. რკინისბადურიანი ნათურა ანათებდა შემოსასვლელს და საკანსაც. ფეხის ხმა გაისმა, შიში მოდიოდა, კარში მდგომი სამხედროები გასწორდნენ თუ ოდნავ გვერდზე გაიწიენ. ოჩილამ ახლაღა მოავლო თვალი დანარჩენ პატიმრებს. თითქოს შველას ეძებდა. ზედა მოპირდაპირე ნარზე ჩაცუცქული ბიჭი ციცინათელასავით აკვესებდა თვალებს. ფეხის ხმა მოახლოვდა. ,,ლოთი”, - ჩუმად თქვა ვიღაცამ და განათებულ კარებში ქობალია გამოჩნდა, დადგა, დოინჯი შემოიყარა, ხისბუდიანი მაუზერი გამოუჩნდა, ,,სორე თი კოჩი?”. ოჩილამ პატარა ბიჭს შეხედა. ის უფრო დაპატარავებული და ყურებზე ხელებაფარებული განაბულიყო. წამით წააწყდნენ მზერით... გული ტერფებში უცემდა. საკანში შიში გამეფდა, დრო გაჩერდა და სამხეცეს სუნი გაქრა. ერთი სამხედრო შემოვიდა და ოჩილამდე - ზედა ნარიდან ,,ქუმორთი მალას!” უბრძანა ვიღაცას. ზემოდან ხვეწნა-ტირილში არეული ჩქარი მეგრულით ბუტბუტებდა კაცი და ჩამოსვლას აჭიანურებდა.

   ოჩილას მოეშვა, სადგური თავიც იგრნო ისევ - საკანში შმორის სუნი დაბრუნდა. ბიჭს შეხედა. იმას ხელები აღარ ჰქონდა აფარებული ყურებზე და აღარც თვალებს აცეცებდა, მსხვერპლს მისჩერებოდა. მეორე სამხედროც შემოვიდა, უკვე ძალით ჩამოათრიეს ფეხშიშველი კაცი და ლოთის ფეხებთან დააგდეს თუ დაეცა, მუხლებში ჩაუვარდა ,,ქიმაპატისკანი...” - იმეორებდა ტირილით. ქობალიამ ფეხები გაითავისუფლა, მიტრიალდა და წავიდა. მტირალი კაცი ააყენეს და ჯაჯგურით გაათრიეს. ერთი მოტრიალდა კარის დასაკეტად, ,,შენთან მოვალთ კიდევ”, - ოჩილას უთხრა. კვლავ საკეტების ჭახუნი ატყდა ისევ, ფეხის ხმა და სიჩუმე ჩამოვარდა ბნელ და სუნიან საკანში. ,,დახვრიტავს უეჭველი”, - ჩახლეჩილი ხმით თქვა ვიღაცამ, მეგრული კილოთი. ოჩილას რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ თქვა, პირი ჰქონდა გამშრალი, თავსაც ვერ ატრიალებდა. ,,როგორ, ნაღდად დახვრიტავს?“- ძლივს ამოიხავლა. ,,დახვრიტავს, აბა, რას იზამს, პირველი კი არაა ეს. გამწარებულია მაგი, არევიათ და, ერთმანეთი დაუხოცავთ ცხენისწყალთან”, - ჩახლეჩილხმიანი უკვე ოჩილას ნართან იჯდა. ხმასთან შედარებით პატარა, მკვირცხლი კაცი გაარჩია სიბნელეში. ,,მკვდარი მოგიტანეს და წყალი გასხეს მერე”. პატარა კაცი კითხვის ნიშანივით იჯდა ნარის კუთხეზე.

   ,,...რა ვიცი, მხვრიტავენ ლორკასავით”, - ქურდის მეტსახელი ეგონებოდა კითხვის ნიშანს, გაეღიმა, და პატარა კაცს, - ,,არაყს ვერ ვიჩალიჩებთო?”

   ,,წავიდეს ლოთი ჯერ. არ დარჩება მაინც, ზვიადია ზუგდიდში”.

   ,,ზვიადი”, - გაიმეორა თავისთვის. “ფურცელი არა გაქვთ ვინმეს? ზვიადს მივწერ”. ოჩილამ პატარა კაცს მიმართა.

   ,,მძღოლი კაცი ვარ და ფაქტურა არ მექნება?” - გაიღიმა თხელი, სიფრიფანა, რუსულენოვანი ბლანკები ამოიღო. კალამი ოჩილას თვითონ ჰქონდა.

   ,,რამე სინათლე... ასანთით ან რამით”, - თქვა ზოგადად, გასროლები ისმოდა გარეთ. პატარა ბიჭი ჩამოხტა და კარების ქვედა ღრიჭოსთან ჩაცუცქდა. ,,აქ შეიძლება, მგონი”, - მორიდებულად, ხმადაბლა თქვა. ოჩილა წამოდგა და კარებთან მილასლასდა - ისე, თითქოს წონასწორობას იცავდა, თავი არ განძრეულიყო. ასეთ მომენტებში ელსადგურად იქცეოდა რკინიგზის სადგური თავი. წამოწოლა იყო საჭირო. მუცლით დაწვა ბეტონის იატაკზე. სამხეცეს სუნი გაქონილი ქვის იატაკიდან იფრქვეოდა. გვერდით ჩაცუცქულ პატარა ბიჭს ჰკითხა: ,,შენთან რა უნდათ?” ისევ ჩახლეჩილმა დაიწყო: ,,მანქანა პუტჩისტებს ათხოვე და ჩვენ დაგვიმალეო. ვათხოვე კი არა, კონდახის რტყმით გადმომაგდეს და რომ აიღეს აბაშა ამგენმა, სისწრაფეში დარჩათ ჩემი გრუზავიკი. რას ვიზამდი. დავმალე თივაში; უთხრა ვიღაცამ, ალბათ, და მომივარდნენ, თივის ზვინიდან გამოიყვანეს ოჯახის მარჩენალი გაზიკი. ჩემი ბიჭია ეს, ძალით წამოაყვანინა თავი”. პატარას თითქოს რცხვენოდა მამის ლაპარაკი. ,,თოფი გამოიტანა სახლიდან და ესროლა იმათ. არ მოხვდა, კიდევ კარგი, არავის. ჩვენზეც დაწერო რამე იქნებ”.

   ოჩილამ ბლანკი შეაცურა ღრიჭოში და ყველაზე საპასუხისმგებლო წერილი თავის ცხოვრებაში ასე დაიწყო:

   ,,ბატონო ზვიად!

მე ოჩილა ვარ, (ზურა) კოკა გაწერელიას მეგობარი, გარსია ლორკასავით მხვრიტავენ შუაღამისას სამტრედიაში. ჯვარი გწერიათ. ელენეს კუნძულზე - თქვენც არ გაგიშვებენ... იქნებ ამაცილოთ ეს სასმისი, და თქვენც გაეცალოთ სამშვიდობოს.

   ,,უფალო ღმერთო, რომელმაც მოგვეცი ყველაფერი, მოგვეც მშვიდობაც! სიმშვიდე მოსვენებისა, შაბათის სიმშვიდე; სიმშვიდე, რომლისთვისაც უცხოა მწუხრი, მთელი ეს მშვენიერი მწყობრი ძალიან კარგი ქმნილებისა თავის გზას დაასრულებს და გარდავა. მათ ისევე ექნებათ თავიანთი მწუხრი, როგორც რიჟრაჟი ჰქონდათ”, - გახსოვთ, ალბათ.

   რუსეთის ჯარი სანამ საქართველოშია, ჩვენი დამოუკიდებლობა ლორკასეული ლირიკაა. მერაბ კოსტავას ეზოში, სტომატოლოგიურ კაბინეტში, ჩვენ ვახსენებდით ,,მოჯაჰედებს”, ,,აჰიმსას” და ბაზალეთით კი დასრულდა, როგორც ყოველთვის - სამოსანი მოწაფის დღიურში ჩაწერილი - იგივე. თქვენ კალმით შეგეძლოთ დაგეპყროთ სამტრედიაც და მთელი მსოფლიოც... უკაცრავად, სიცხე მაქვს და ვბოდავ - (სიცხიანებს არ ხვრიტავენ, მგონი, - გაახსენდა) - დილეგში ვგდივარ, სველი, ნაწერზეც მეტყობა, ალბათ.

   ბატონო ზვიად, ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ მდაბიო ქაღალდზე მოგმართავთ, თუმცა საკანში, სადაც მე სრული გაუგებრობის გამო აღმოვჩნდი, სხვა არ მოიპოვებოდა. კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ და იმედია, ყველაფერი დამთავრდება მშვიდობით. ეს სუუნ ეს პოსიბალ.

   P.S. ძალიან გთხოვთ, ლოთი ქობალიას გააგებინოთ ჩემი ვინაობა, და ის ფაქტი, რომ მე ექიმი ვარ, შეიძლება, გამოგადგეთ ამ ბრძოლების დროს. მე სამტრედიაში ვიქნები. - (სამუდამოდ, შეიძლება, - სოფლის პატარა რკინის მესრიანი სასაფლაო მოაგონდა) - პატივისცემით”.

   ბლანკი დამთავრდა, მაგრამ ისეთი პატარა ასოებით წერდა, იმ მძღოლის და მისი ბიჭის ჩამატებაც შეიძლებოდა სახელის და გვარის ნაცვლად. ასეც მოიქცა. წერილი დაკეცა და ახლა მთავარი იყო, კართან მოსულიყო ვინმე. მძღოლს გახედა: ,,მიდი, დააკაკუნე, თან მეგრულად დაელაპარაკები, დააბამ”. კაცი კართან მივიდა და დააბრახუნა. პასუხი არ იყო. ,,მაგრად მიარტყი”, - უთხრა ოჩილამ. ,,მივარტყამ და მომარტყამენ”, - კითხვის ნიშანმა ჩაიხლიჩინა.

   გარედან მანქანების ხმა გაისმა, მერე სროლა. ,,რა არი, ნეტა”, - იკითხა პატარა ბიჭმა. ,,პიკეტზე ისვრიან, ალბათ”, - უცხო ხმამ თქვა.

   ,,დააბრახუნე ერთიც”, - ოჩილა მძღოლს ,,აბამდა” ისევ.

   მკვირცხლი თან მწითური იყო და შეიძლება თარსიაო, იფიქრა. ,,კარგი, გამოდი, მე თვითონ”. ფეხი დასცხო სამჯერ თუ ოთხჯერ. ხმაური ,,გაკეთდა” ისეთი, თვითონ შეეშინდა, კორიდორის ბოლოს რკინის კარის გაღების ჩხაკუნი გაისმა, შემდეგ ლაპარაკი და ფეხის ხმა. ოჩილა გამოიწია, კარს მოშორდა.

   საკანს მოადგნენ. ორნი იყვნენ, ფეხის ხმის მიხედვით. კარის გაღება დაიწყეს. წერილი ხელში ეჭირა, კარი რომ გაიღო და სინათლე შემოვიდა. ,,შენ იძახდი, ბიჭო?”. ძველბიჭური ხმა ეცნო ოჩილას. ,,ეს რა გიჭირავს, იუზგარ”, - სანამ გამოერკვეოდა, ძველმა გამოსტაცა წერილი, ოჩილამ ხელი წაიღო. იმან, - ,,ხელი გაწი, შე ნაგლოო”, - ხელში ჩაარტყა და სინათლეზე აწია ქაღალდი - ოთხკუთხედ, დაბეჭდილ ბლანკზე დიდი ასოებით ეწერა - ,,ბატონ ზვიად გამსახურდიას”. ,,მალადეეეც!” - წააგრძელა ძველმა. ,,დავაი, მე ამას ავიყვან, ესენი შენ ნახე”. ძველმა უკვე პისტოლეტი გააძრო და მუცლისაკენ მიუშვირა. ,,დავაი, ბატონო ზვიად, შეუყევიო”, - და წინ წაიგდო.

   ,,მაგარ შარში ვარ. ამ დახვრეტას ვეღარ ავცდები”. მაგრად შეცივდა.

   გარეთ გამოვიდნენ. იგივენაირად იდგა დაქოქილი ბეტეერი. სამხედროებიც ისევ ისე ფუსფუსებდნენ, როგორც დილას, ოღონდ ესენი თბლისიდან იყვნენ, ისინი - ზუგდიდიდან, და რატომღაც… სამტრედიაში ოჩილა უნდა დაეხვრიტათ.

   ,,ეს ვინ არი?” - ჰკითხა ძველს მოკლე დუბლიონკიანმა გამხდარმა, რომელსაც ძალიან დიდი ავტომატი ეკიდა. ოჩილა ამათი კილოთი და ჟარგონით მიხვდა, გაღმელები იყვნენ და ამათ შეიძლება ვერელები ან ვაკელები არ ცნობოდათ. თუმცა, ეშლებოდა: ძველი ბიჭები ყველა ერთმანეთს იცნობს, მთელს საბჭოთა სივრცეში.

   იმ ძველმა, კაკოიასთან მიმყავსო. აქაურის სახელის ხსენებამ ცოტა იმედი მისცა, დედამისს მაგის ვიღაც ეყოლებოდა ნამშობიარები. ეს ის კაკოიაა, ცნობილი მეკუბოვის შვილი, თორმეტი კაცით სამტრედიის ამღები, ამჟამად გენერალი და სამტრედიის კომენდანტი. ოჩილას ბაბუის გაცრეცილი ფოტო გაახსენდა. ალბათ, ასეთი დილა იყო იქაც, ,,გორსკით” რომ მთავრდებოდა.

   ,,სიგარეტი მომაწევინე, თუ ძმა ხარ“, - უთხრა ქალაქურად, სანამ მოედანს გადაივლიდნენ, - იქნებ ოდნავ განვაწყოო.

   ,,შენი ძმა თემურაა ქორიძე. დაიჭი”, - და მაინც მიაწოდა ,,მარლბოროს” ღერი. ძველმა მოუკიდა კიდეც და მიადგნენ რაიკომის შენობას.

   კაკოიამ და ვიღაც სამოქალაქომ დაკითხვა დაუწყეს. დახვრეტას ვერ გადარჩები, ინგლისურად რა წერია, იმას თუ არ იტყვიო, თან ხელში ,,სტეჩკინს” ატრიალებდა. თავი მუხლებიდან არ აუწევია. იატაკის გარდა ვერაფერს ხედავდა. ოჩილამ, ცუდად ვარ, ვერ ვაზრონებ, არაყი მომიტანეთ და ყველაფერს მოგიყვებითო. მოუტანეს, ერთი ბოთლი. თავი აწია, ტყავის კურტკაზე გადაჭერილ პარტუპეასაც მოკრა თვალი სამჯერ, ჩაცალა, და რომ მორჩა, სიგარეტი ამოართვა, მოკიდებული, იმ სამოქალაქოს პირდაპირ თითებიდან. გააბოლა, დამშვიდდა და - ,,თქვენი ძალათ ჩეგევარა დედებს.. შე..” ისევ კონდახით, ისევ სახეში.

   ისევ ვარსკვლავები და ისევ დაბნელდა.

 

P.S. ოჩილა დედასთან ერთად ცხოვრობს, სამტრედიაში, საგვარეულო ეკლესიაში მსახურობს მედავითნედ, ლოცულობს თავის ოჯახზე, ჩემზეც, თქვენზეც და იმ...

(ბოლო წერილში მონასტერსაც ახსენებს...).

 

            მამუკა ხერხეულიძე. 2005 წელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები