ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი merab khergiani

აფხაზეთი და სამაჩაბლო

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ალბათ ყველამ ვიცით, რომ როდესაც ადამიანს ხელის ან ფეხის, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა კიდურების ამპუტაციას უკეთებენ, მას (ადამიანს) ხშირად აქვს განცდა, რომ ექვება ან სტკივა მოკვეთილი კიდურის სხვადასხვა ნაკვთები და მედიცინაში ამას უწოდებენ ფანტომურ ტკივილს.

საქართველოს საერთო სხეულიდან "დიადმა" რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ამპუტირება და შეივსო თავისი "ნაკლული," მცირე ტერიტორია ჩვენს ხარჯზე.
ჩვენ კი დავრჩით ჩვენი ფანტომური ტკივილით.
ადამიანის შემთხვევაში ფანტომური ტკივილის დავიწყებას და მისგან განთავისუფლებას სჭირდება მრავალი წელი. 
გააჩნია ინდივიდუალობას.
ერის ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს საუკუნეები, მაგრამ ამ საუკუნეებში ეს ტკივილი მწველი, განცდითი ტკივილიდან თანდათან გადადის გონებით-აბსტრაქტულ და ამდენად არცთუ მტანჯველ ტკივილში.

ასეთია მაგალითად ჩვენი ტკივილი, როდესაც პოეტები იხსენებენ "გაჭენებულ-გამოჭენებულ საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე", როდესაც იხსენებენ ტაოს და ხანძთას და ა.შ.

ჩვენში ეს ფანტომური ტკივილი რასაკვირველია არსებობს და არსებობს მბჟუტავი იმედი, რომ შესაძლოა ეს ყოველივე კვლავაც დაგვიბრუნდეს რეამპუტირებით.
ძალზე გვეეჭვება ყველას, მაგრამ მაინც ბჟუტავს ეს იმედი.

აფხაზეთი და სამაჩაბლო კი ახლახანს მოხდა და ჩვენი ტკივილი ძალზე მძაფრია.
მე მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის დროს ჩემი ნათესავი ქალი ახლად ამპუტირებული ზედა კიდურით და მახსოვს მისი საშინელი ფანტომური ტკივილი. ის ნატრობდა, რომ ოღონდ კიდური კვლავ ყოფილიყო მის სხეულზე და ფანტომური კი არა, რეალური ტკივილი ჰქონოდა, თუნდაც იმაზე მეტი, რაც იმჟამად ჰქონდა არარსებული კიდურის გამო.

მაშინ ვერავინ ვერ ვხვდებოდით, რატომ და რა სტკიოდა მას და ხშირად არც უჯერებდა არავინ. არც ამ სამედიცინო ტერმინის შესახებ ვიცოდით არაფერი.

სამაჩაბლოში არასდროს ვყოფილვარ და ვერ განვიცდი მის დაკარგვას ისე, როგორც აფხაზეთისას. ამ ფაქტს განვიცდი როგორც ქვეყნის განცდას და ეს განცდა რა თქმა უნდა მძაფრია, მაგრამ არა ისეთი მწვავე-განცდითი და უშუალო, როგორც აფხაზეთის დაკარგვის გამო არსებული ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოებრივი დანაკლისის გარდა ჩართულია, უშუალოდ იმ ადგილების კვლავ "ჩემად" განცდის სურვილი და ტკივილი, სადაც გატარებული მაქვს კარგი დრო ახალგაზრდობაში.
ამას კარგად გამოხატავს გალაკტიონის სიტყვები: 
"აფხაზეთის წვიმა მიყვარს იცი რაად?
- მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს..."

ან: 
"გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო ზღვაო თეთრო სანატორია..."

ეს ყოველივე ძალზე პირადულია და შესაძლოა არც იყო საჭირო ამის თქმა საჯაროდ.

სამწუხაროდ მეც და ალბათ სხვა მრავალსაც გვაქვს ცუდი და ბუნდოვანი განცდა, რომ ეს ფანტომური ტკივილი ტკივილადვე დარჩება და თაობებში კი ის განცდითი ტკივილიდან ისევე გადავა გონებრივ-აბსტრაქტულ ტკივილში, როგორც ეს მოხდა ტაოს შემთხვევაში.

იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამის თქმისთვის უკვე გამზადებულია მრავალი საყვედური ჩემთვის: ": როგორ გაბედე და როგორ გაიფიქრე ასეთი მკრეხელური რამ გულში."

ზოგჯერ კი უფრო მკრეხელურსაც ვფიქრობ და ვიცი, რომ ამის გამო კიდევ უფრო მეტად გავილანძღები, - ვფიქრობ: ამ ეტაპზე ხომ არ აჯობებს და ხომ არ დავუთმოთ ბევრი რამ რუსეთს, რათა თუნდაც რუსულ გავლენის სფეროში მყოფთ კვლავ გვქონდეს იმის განცდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ისევ ჩვენი არის და მერე, როდესმე, არ ვიცი, როდის, - აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად კვლავ ერთხელ და სამუდამოდ დავუქნიოთ რუსეთს ხელი .

აბა ვინ ჩამქოლავს პირველი?

7"}">Like ·  · Share
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები