ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თამარ გულედანი

ნუ შევზღუდავთ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

"ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი" , - ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე.

როდესმე გვიფიქრია რატომ არსებობს სტატუსი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი? დაგვიშვია, რომ მათი შეზღუდულობის ხარისხი ჩვენზეა დამოკიდებული?

განსხვავებულ ადამიანთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო მოძრაობის განმარტებით, "შეზღუდულობა ნიშნავს არსებული პირობების გამო ფიზიკური, გონებრივი, სენსორული და ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანთა ქმედებების შეზღუდვას საზოგადოების მიერ, რაც მათ რიყავს აქტიური ცხოვრებიდან".

ამ ადამიანებს, ისევე როგორც ჩვენ, სურთ ახდენდნენ საკუთარი თავის რეალიზებას, გარემო დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქუჩაში, არ აკვირდებოდნენ უცხო ადამიანები სიბრალულით თუ გაოცებით და თავს გრძნობდნენ სხვების თანასწორად.

ნუ შევზღუდავთ და არ შეიზღუდებიან.

მათ არ სჭირდებათ ჩვენგან შეცოდება და სიბრალული. არ მივაშტერდეთ ქუჩაში, არ ჩამოვუდგეთ წინ პათეტიკური ფრაზებით და თანაგრძნობის გამომხატველი მზერით, არ მოვახდინოთ პოზიტიური დისკრიმინაცია, უბრალოდ ვეცადოთ დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში.

პიროვნების შესაძლებლობები შეზღუდულია, როდესაც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება ქალაქში, იმიტომ რომ იქ ამის პირობები არ არსებობს, როდესაც ეტლში მჯდომმა უნდა ისარგებლოს მიწისქვეშა გადასასვლელით და მასში მოხვედრის ერთადერთი შანსია კიბე. პიროვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, როდესაც არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც შესაძლებელია ჰქონდეს.

ალბათ ჩნდება მოსაზრება - დავუშვათ ზუსტად ასე მოვიქეცით, შევუქმენით მათ პირობები, გამოვიმუშავეთ მათ მიმართ სწორი მიდგომა, მაგრამ სად მიდის მათი დაავადება თუ მიღებული ტრავმა? რა თქმა უნდა არსად არ მიდის, დიაგნოზი პაციენტის ისტორიაში შავით თეთრზე წერია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს მედიცინის საქმეა.

ამ ადამიანებმა შესანიშნავად იციან რა სჭირთ და ეს კონკრეტული პრობლემა რა დისკომფორტს უქმნით, ამაში მათ ჩვენი ჩარევა არ სჭირდებათ. მათ ესაჭიროებათ, ადეკვატური გარემო იმისთვის, რომ იფუნქციონირონ და არ იგრძნონ თავი შეზღუდულებად, გარიყულებად.

გოეთემ თქვა, ალუბალს და მარწყვს რა გემო აქვს, ბავშვებს და ჩიტებს უნდა ვკითხოთო. შევეკითხოთ მათ იმის შესახებ, რაც ჩვენზე კარგად იციან. რის მიმართაც სხვანაირი და უფრო სწორი დამოკიდებულება აქვთ. თავად გადაწყვიტონ რა სურთ და რას მოელიან ჩვენგან, დანარჩენი საზოგადოებისგან.

რა ტერმინები გამოვიყენოთ?

ტერმინი ინვალიდი რომ ინგლისური ენიდან ნაწარმოები სიტყვაა, მარტივად შესამჩნევია. წინსართის in და სიტყვის valid შეერთების შემთხვევაში სიტყვა არავალიდურს ვღებულობთ. შედეგად ვიღებთ დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ ტერმინს.

ასეთივე გავრცელებული ტერმინია -უნარშეზღუდული. უნარები და შესაძლებლობები როგორც სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვები, არ შეიძლება ერთმანეთის სინონიმებად მოიხსენიებოდეს, შესაბამისად ეს ტერმინი დაშვებას არ ექვემდებარება.

ეს ადამიანები არ არიან უნარშეზღუდულები. მათ აქვთ უნარები, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს უნარები.

რატომ ვეძახით უნარშეზღუდულებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ხატონ, წერონ, დასაქმდნენ, ეტლში მსხდომებმა ითამაშონ კალათბურთი, ყურსასმენი აპარატით მიუსხდნენ ფორტეპიანოს, დაქვეითებული მხედველობის მიუხედავად დახატონ, დაწერონ.

ისინი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და იქამდე იქნებიან, სანამ ეს შეზღუდვები მათთვის იარსებებს. პრობლემის სამედიცინო ჭრილში განხილვა, როგორც ზემოთ ითქვა, შესაბამისი პროფესიის ადამიანების საქმეა. არავინ ვართ ბოლომდე და სრულფასოვნად ჯანმრთელი. ჩვენ ყველა თანასწორები ვართ - ეს მარტივია.

მივმართოთ მათ სწორად, გამოვიყენოთ მათზე საუბრისას სწორი და არა დისკრიმინაციული ტერმინები.

პირობით ზაზას რა რეაქცია ექნება, თუ ვიღაც, დავუშვათ პლაზმას დაუძახებს? და ასე მიმართავს ყოველთვის. ჯერ გაუკვირდება, შეიძლება გაეცინოს კიდეც, შემდეგ გაბრაზდება, მერე უკვე ძალიან გაბრაზდება.

და რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ადამიანს, როდესაც უნარშეზღუდულს და გამოუსადეგარს ვუწოდებთ?

რას ვაკეთებთ ჩვენ მათთვის? ვუშვებთ უამრავ შეცდომას მათი პრობლემების გაშუქებისას, ვიყენებთ არასწორ ტერმინოლოგიას, გვებრალება ისინი და ამით უარვყოფთ თანასწორობის იდეას. ყველაზე კეთილებს გული გვიჩუყდება და ჩვენი თანაგრძნობით მდგომარეობას ვუმძიმებთ.

გავიაზროთ ამ ადამიანების რეალური პრობლემები, ზედმეტი და გამაღიზიანებელი დრამატულობის გარეშე გავაანალიზოთ რა სირთულეები ხვდებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვეცადოთ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში.

საწყის ეტაპზე კი, მათი ინვალიდებად და უნარშეზღუდულებად მოხსენიების ნაცვლად, არ დაგვეზაროს და ვთქვათ სამით მეტი სიტყვა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები