ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ქართული ფარისევლობის ინსტიტუტის ისტორიისთვის

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   გადის წლები, მოდიან ახალი თაობები, იცვლებიან ლიდერები, ერთი შეხედვით, გარშემოც ბევრი რამ განახლდა, მუდმივი დარჩა მხოლოდ სქელი სიყალბის ფენა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა და კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან გათავისუფლება - დროთა განმავლობაში ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა - ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ.

   სავარაუდოდ, ყოველივეს სათავე - თაობების ორმაგი სტანდარტების მორალით ცხოვრებაა. ქართველები მივეჩვიეთ ერთის ფიქრს, მეორეს თქმას და მესამეს კეთებას - ჩვენ ფარისეველთა ერად ჩამოვყალიბდით. ფარისევლობავ - ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!

   ...ასეა თუ ისე, ყველაზე საინტერესო, მაინც ისაა, თუ რატომაა ეს მუდმივი მართლობით ტკბობის უძლიერესი ნარკოტიკი იმდენად აუცილებელი ჩვენთვის, რომ მის გარეშე ვერ ვძლებთ? როდის, რატომ ,,დავჯექით“ ამ შხამზე?

   დროებით გადავინაცვლოთ ჩვენს საბჭოურ წარსულში. ცხადია, ამ სიმრუდის მკვებავი ყველაზე ნორჩი ფესვები იქ უნდა ვეძებოთ. ტოტალიტარულ საზოგადოებაში პიროვნება, თითქოს-და  გადაულახავი დილემის წინაშე იდგა - რომელი გზა აერჩია: ერთის მხრივ - ტოტალური კონტროლი და იდეოლოგიურად მავნე ქმედებაში მხილების შიში, მეორეს მხრივ - ინდივიდის ბუნებრივი სწრაფვა გახდეს მნიშვნელოვანი, მიაღწიოს წარმატებას საწინააღმდეგო სქესთან, მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა და თავისუფლება. ადამიანი იძულებული შეიქნა მთლიანად დაქვემდებარებოდა შიშს და წასულიყო საკუთარი ბუნების წინააღმდეგ. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა... და აი!.. ის მოინახა - ერთის ფიქრი, მეორეს ქადაგება, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მესამეს კეთება! ორმაგი მორალით ცხოვრება  საბჭოთა ცხოვრების წესად იქცა. შიშმა ჯერ შვა მონობა, შემდეგ მას დაემატა იძულებითი სიცრუე, ბოლოს კი აშკარა, უხეშმა ტყუილმა ნიღაბი მოირგო და ნაზ თვალთმაქცობად და შემპარავ მლიქვნელობად მოგვევლინა... ,,შიშმა - მონობა, მონობამ - ტყუილი, ტყუილმა - ფარისევლობა... თხამ ვენახი შეჭამაა!” დადგა ,,სიმართლის დასასრულისეპოქა!

   განათლებული და წესიერი ადამიანები ადრე, 50-იან წლებამდე დახვრიტეს, სხვები დაიჭირეს და გადაასახლეს. შემდეგ შიშის პირველწყარო დავიწყებას მიეცა. მონობა ნებაყოფლობითი და ხალისიანიც კი გახდა - მას ხომ პარტიისა და მთავრობის მფარველობით  უსაფრთხოების გარდა, კეთილდღეობაც მოჰქონდა.

   საბჭოთა ხელისუფლებამ გამოკვება და ხელოვნურად გააიდეალა ახალი ელიტა. ამიერიდან, საამურ მონობას, პარტიისა და მთავრობის ბრძნული ხელმძღვანელობით, გააფერადებს და გააცისკროვნებს ,,წითელი ინეტელიგენცია”, ის შექმნის ახალი ადამიანის, ახალ კულტურასა და მორალს! საზოგადოების ეს მცირე, მაგრამ გავლენიანი, ელიტარული ფენა რიგითი მშრომელებისთვის არა მხოლოდ უპირობოდ ავტორიტეტული შეიქნა, არამედ ტოტალიტარული იდეოლოგიის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამნერგველიც გახდა. იმ  დროიდან, შემგუებელი, მექრთამე - მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, მხატვრები, კინოსა და თეატრის რეჟისორები გვევლინებიან ,,ერის მამებად” და ,,ზნეობის შუქურებად”. კომუნისტურმა იდეოლოგიამ ინტელიგენციის მეცადინეობით შეუძლებელი შეძლო - 50-იანი წლების შემდეგ 

საბჭოთა ადამიანისთვის მონობა ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაიქცა!

   იდეალები, მორალი, პრინციპები შეუმჩნევლად განყენებულ ცნებებად იქცნენ. ვინაიდან  ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიანობის, წესიერების დაცვა-შენარჩუნება შეუძლებელი გახდა, ზნეობა მხოლოდ წარმოსახვით კატეგორიად, ფიქციად იქცა და მან მითის სფეროში გადაინაცვლა, სადაც კეთილი მხოლოდ ზღაპრულად სძლევს ბოროტს. იდეა - მებრძოლია, მორალი - სინდისს აშფოთებს, პრინციპი - ცუდს არ გაკეთებინებს, ხოლო მითი ადვილად შეგაგუებს საკუთარ უმსგავსობას. სწორედ იმ დროიდან მოდის და ჩვენში დღემდე ფორმალურ სახეს ატარებს წესიერების დაცვა - პრინციპულობა ხომ, წარმოსახვაში ჯობს, ასე უფრო უსაფრთხო და კომფორტულია.

   სამაგიეროდ, ეროვნულმა ზნეობამ და ღირსებამ ,,აკადემიურ” სუფრაზე გადაინაცვლა - ქართულმა ქეიფმა და სმა-ჭამამ ამაზრზენი იერი შეიძინა, ის გადაიქცა ქართველების გაზვიადებული დიდებისა და გაყალბებული ისტორიის, ფარისევლობისა და მლიქვნელობის, შემეტენე-შეგეტენე სადღეგრძელოებით ურთიერთ ფსიქოთერაპიის, დამახინჯებული წეს-ჩვეულებებისა და გაუთავებელი ღრეობის არენად...  

   დღესაც, მექრთამე აკადემიკოსი და ხაზინის ქურდი სახელმწიფო მოხელე სუფრასთან დიდ პატივში არიან!მერე რა? ასეთია რეალური ცხოვრება - ,,ოჯახს კვება სჭირდება“! მოსიყვარულე მამებად და სამაგალითო მეუღლებად, საზოგადოებრივ მსაჯულებად და მორალისტებად  ,,ოჯახში ფულის შემომტანი“ მტაცებლები მოგვევლინენ. მასების ამ ავტორიტეტებთან და კოლექტიურ აზრთან დაპირისპირების ყველას ეშინია, ეს წარმოუდგენელიცაა - მითოლოგიური სტერეოტიპები თუ არქაული დოგმები მკაცრია, ბრბოს მსჯავრი კი ულმობელი! ამიტომ წინა რიგებში ინაცვლებენ შემგუებელი, მოხერხებული ადამიანები. ისინი იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებსა და თვალსაჩინო ადგილებს - დგება ,,ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივების“ ეპოქა. ჩნდება და მეფდება ახალი მისაბაძი მაგალითი - დაშინებული, მლიქვნელი, მპარავი ადამიანის ტიპი - ,,ათას ყ...ზეგადამხტარი ვირთხა”.    

   ,,ბატონყმურ“ ცნობიერებას საფუძვლად რეალობის ნეგატიური და პასიური აღქმა უდევს. ასეთი პიროვნება მხოლოდ მითების საშუალებით ახერხებს დაუძლეველის დაძლევას - წარმატების მიღწევას და მტრის დამარცხებას. წარმოსახვითი დიდების ეიფორიაში ყოფნისთვის ,,ყმას“ ისტორიული მითები სჭირდება. მეტად მნიშვნელოვანია მისთვის რელიგიური მითებიც, რათა როგორმე მთავარი შიშის - სიკვდილის შიშის დაძლევა შეძლოს და ყოველდღიური ცხოვრების უსამართლობა, სამოთხის მოლოდინით შეიმსუბუქოს.

   მაშ ასე, შეგვიძლია დავასკვნათ - ,,ფარისევლობა - ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ - ფარისევლობა გახლავთ საკუთარი სიბნელის დაფარვის და კოლექტიური ცნობიერებისადმი დამორჩილების (ანუ მონობის) გამართლების ხერხი!

   ...ალბათ არსებობს ამ თვითგანდიდების ნარკომანიის უფრო შორეული ფესვებიც. ჩვენ ხომ მლიქვნელობა-მონობის დიდი სტაჟი გაგვაჩნია. ჯერ XIII-XIV საუკუნეების მონღოლთა შემოსევა, შემდეგ არაბთა, სპარსთა თუ ოსმალთა მიერ დაპყრობა, ბოლოს კი რუსეთის იმპერიის ნებაზე მიცემა, ცხადია დიდ დაღს დაასვამდა ჩვენს მენტალობას და იძულებულს გახდიდა ერს შემგუებლობისა და მონური მოხერხებულობის ფოიერვერკები გამოეგონებინა. ამის გამო ქართული ფარისევლობა, რაღაც სპეციფიური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ფენომენია: აღმოსავლური ქვეშ-ქვეშობისა და მელიის ეშმაკობა-ვერაგობის, ავტორიტეტებისა და ტაბუირებული ფასეულობების მიმართ უხმო მორჩილების; ყოველივე ამას კი საბჭოური მონობა და ვირთხის ალღო ემატება და გამოდის ქართული საფირმო ნაზავი!

 II. ფარისევლის ათი მცნება

1. ფარისეველი მოვალეა მტრებისგან დაიცვას ეროვნული ფასეულობები და მუდამ აღფრთოვანებული იყოს საკუთარი ჭეშმარიტი ქართველობით;

2. თვალთმაქცი ვალდებულია საუბარში ხშირად იხმაროს არქაიზმები, ილაპარაკოს პათეტიკური ტონით და გამოიყენოს წარმოსახვითი უპირატერსობის მითები. ფარისეველი გულისამრევად ხშირად ახსენებს სამშობლოს და მომაკვდინებელი კლიშეებით ჯერ თვითგვემით იწყებს - ,,ჩვენ ილიას ვესროლეთ“, ,,საბა წვერით ვათრიეთ“ - ხოლო შემდეგ იგივე ავტორიტეტებით მაღლდება - ,,ჩვენ შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას ერი ვართ!“;

3. ფარისეველი ჭაშმარიტი ქართველობისა და შესაბამისად, საკუთარი უპირატესობის  წარმოჩენას იწყებს არა პირდაპირ, არამედ შორიდან, ხშირად ჰეროიკული ლიტერატურული პერსონაჟების მოხმობით, რათა საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაუსვას საკუთარ სიდიადეს. თვალთმქცის დევიზია: ,,ჰეროიკული წარსულისა თუ გმირების სათნოებების თავის თავზე პროეცირებიდან - საკუთარი პერსონის ქება-დიდებამდე!“;

4. მიუხედავად ვერბალური მანჭვის სასტიკი გამაღიზიანებლობისა, თვალთმაქცი მოვალეა ეს არ შეიმჩნიოს და კვლავინდებური სინაზით გააგრძელოს არქაული სიბრძნეების, ბანალური კლიშეებისა და რასისტული მითების დეკლამირება. ფარისეველი უდრეკად მოხიბლულია საკუთარი სიწმინდითა და განათლებულობით.

5. გამუდმებული დისკუსიებისას, როდესაც ფარისეველს შეუვალი არგუმენტებით კედელზე მიაყენებენ, ის ვალდებულია ხელიდან გაგისხლდეს და იწყოს თემიდან თემაზე ხტომა.

6. ფარისეველი მუდამ ხაზს უსვამ, რომ ის ფულის, ტაშისა თუ ჩინ-მედლებისთვის კი არ ირჯება, არამედ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის კეთილშობილური იდეალები ამოძრავებს და მზადაა ეროვნული ღირსებისთვის თავიც გასწიროს.

7. მითოლოგ ფარისეველს რეალური საქმეები არც სჭირდება, ის წარმოსახვითი უპირატესობის სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებს. მუდამ სხვისი გაკიცხვითაა გართული, რადგან მხოლოდ ასე წარმოჩინდება მისი არარსებული სათნოებები და უპირატესობა. ის მკაცრად შეაგონებს გარშემომყოფთ, არ განიკითხოო და ამავდროულად, გულში მუდამ იმეორებს ლოცვას: ,,ჩვენი ძალა - წარმატებულის ძაგებასა და სიძულვილშია!";

8. ჭეშმარიტი ქართველი და ფარისეველი, რაც სინონიმებია, მუდამ სხვისი მორალის სადარაჯოზე დგას. მოვლენა, პიროვნება ან უკიდურესად უარყოფითი -,,იუდა” უნდა იყოს, ან კეთილშობილი - ,,ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი”. ის არ სცნობს შუქჩრდილებს, მისთვის მთავარია მორალური ნორმების ოდნავ დარღვევისას სასტიკი აღშფოთება;

9. ნამდვილი ფარისეველი ყველგან და ყველაფერში ეძებს ეშმას ხრიკებს (იგივე ,,666“), პოულობს კიდეც მათ და, რაც შეიძლება აბსურდული მითებით ასაბუთებს მსოფლიო მასონიზმის შეთქმულების თეორიას.

10. დაბოლოს მთავარი!ჭეშამარიტრი ქართველი ფარისეველი, ერთის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ივერია გაბრწინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება, და მეორეს მხრივ, თავქუდმოგლეჯილი ოცნებობს ამერიკულ შმოტკებსა თუ იაპონურ ჯიპზე; 

III. ქართული თვალთმაქცობის ინსტიტუტის ძირითადი მიზნები და მიმართულებები

1. ეროვნული ღირსების აღდგენის პოლიტიკური განხრა

   ,,პირველთაგან იყო დავითგარეჯი და ბერთუბან-ჩიჩხიტური იგი იყო აზერბაიჯანთა თანა და ომი დიდი შეიქმნა ქართული მიწების გამყიდველთა და დამცველთა შორის. ყოველი არსება მით სულდგმულობდა და თვინიერ მისა არცა ერთი არჩევნები იქმნა, რაოდენ-რაი იქმნა...

   დროთა განმავლობაში ერის ღირსება ბაგრატის ტაძრისა და მისი ,,იუნესკოს“ სიაში ყოფნა-არყოფნის დიად ეპოპეაში განსხეულდა... და, აი, დადგა ,,ცოცხების“ ზეობის გარდამტეხი ხანა იგი!.. შემდეგ ღირსების დასაბრუნებლად, ერმა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის და იშხნისა თუ ოშკის რესტავრაციის პროცესების, რაც შეიძლება მეტად გაჭიანურებას მიჰყო ხელი... სულ ახლახანს არჩატარებულ გეი-აღლუმებთან დაუნდობელი ბრძოლისა და პორნოიდუსტრიის ჟამი დადგა - ,,ცოცხების“ შემოქმედებმა ახალი 3D ფილმი ,,კასრები“ შემოგვთავაზეს... ღირსება კი იგი რატომღაც თვლემდა და არ იღვიძებდა... ადამიანები ესე, კვლავ მონობისკენ მიდრეკილ იყვნენ და იყო თამაში ესე პოლიტიზირებული ჩვილებისთვის დიდად საამო...“

   საქართველოში ძალადობის გამართლების ან, პირიქით, დაგმობის საკითხის გარჩევა, ჩვეულებისამებრ, ქართველების მსოფლიოში უპრეცენდენტო შემწყნარებლობის წარმოჩენით იწყება, რაც დასტურდება ხელისგულის ოდენა მიწაზე გვერდიგვერდ სინაგოგის, მეჩეთისა და ეკლესიის არსებობით. შემდეგ - გააჩნია პოლიტიკურ ამოცანას: ან საკუთარ ვანდალიზმს სარწმუნოებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მაღალი იდეალებით ამართლებენ; ან, თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობა მოითხოვს, ღირსების აღდგენა წარმოებს უმრავლესობის მიერ უმცირესობის განადგურების გზით. დიახ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება წააწყდე ამგვარ პარადოქს: ათიათასობით ადამიანი, რომელიც ქუჩებში რამდენიმე გაძვალტყავებულ ,,მამათმავალს“ მოსაკლავად დასდევდა, დღეს აღშფოთებულია ძალადობის კადრებით ციხესა თუ პოლიციის სარდაფებში...

   რათა ცინიკოსებმა ხმა ჩაიგდონ, უმანკო საზოგადოებას შევახსნებ, რომ ჩვენი მსოფლიოში ცნობილი შემწყნარებლობა ნამცეც- ნამცეც გროვდებოდა ზვიადისტების მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტით, ,,მხედრიონელებ-გვარდიელების“ წამება-განადგურებითა და პოლიციის სამმართველოს ფანჯრებიდან მათი გადმოყრით...  ასე აგურ- აგურ შენდებოდა და მშვენდებოდა ქართული ტოლერანტობის დიადი, თოვლივით სპეტაკი, ქათქათა შენობა! ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!

   ეროვნული ღირსების აღდგენის მიმართულებით ფარისევლობის მიერ გაწეულ ღვაწლზე საუბარს შემდეგი დასკვნით დავასრულებ: კომუნისტურ ტრადიციებში პროკურორების მიერ დადგმულმა პორნოსპექტაკლმა, მართლაც შემზარავი კადრების პოლიტიკური მიზნით  გამოყენებამ და მთავარი ოპერატორის გათავისუფლებამ, შედეგად გამოიღო ძალიან ცუდი რამ - ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს ფირებზე აღბეჭდილი ძალადობისადმი რეაქცია დაგვიჩლუნგდა და ხვალ ეს კადრები, სამწუხაროდ, აღარავის ემახსოვრბეა. ძალადობა, როგორც ეროვნული სპორტი და საყვარელი სანახაობა ჩვენში ისევ ცოცხალია, ხოლო ღირსება კი კვლავ იგვიანებს.

   დასასრულს კი მაინც გახარებთ - ჩვენი პარლამენტი წარდგენილია ნობელის პრემიაზე ფანტასტიკისა და ახალი ალტერნატიული უახლესი ისტორიის შექმნის დარგში!

2. ნაზობის, კდემამოსილების, უმანკოებისა და უბიწოების მიმართულება

   ჭაშმარიტი ქართველი ქალი, საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის გამო, იძულებულია უსიტყვოდ გააგძელოს ,,ტრადიციებით” გაჟღენთილი ფარისევლური ცხვორება და გარეგნულად შეინარჩუნოს უმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ჰქმნას, ქართველი ქალია, ხომ არ იბოზებს?! ამიტომ ქალებს საქართველოში, როგორც ყველგან მსოფლიოში, ფიქრით - მაგრად უნდათ! იძულებულნი არიან თქვან, რომ სრულიად არ უნდათ და საერთოდაც ეს თემა მათ არ აღელვებთ! რა ხერხს მიმართავს ქართული საზოგადოება, რათა გადაწყვიტოს დილემა?  წინააღმდეგობის დაძლევა წარმოებს ისევ ნაცნობი მითოლოგიზაციის მეთოდით: იბადება მითი ქართველი ქალების მსოფლიოში უპრეცენდენტო წესიერების, სინაზის, უმანკოებისა და კდემამოსილების შესახებ. საქმეში ერთვება ორმაგი სტანდარტების მორალი: ქალები ღიად აკეთებენ და იქცევიან ისე, როგორც საზოგადოებას სურს და მკაცრადაც მოითხოვს; ფარულად - მიმართავენ ან მონოტონურ, მაგრამ რეგულარულ ხელოვნურ თვითდაკმაყოფილებას, ან მალულ ინტერნეტ-გაცნობას და სექსს უცხო სოციუმის მამაკაცებთან. ფარისევლური მითის საშუალებით წინააღმდეგობა კვლავ უმტკივნეულოდ დაიძლია, უბიწოება და სექსი, მრუშობა და უმანკოება ერთდროულად, შერწყმით! მაგალითად, როგორც ცივი, სველი ცეცხლი, ან ცოცხალი მკვდარი. ქალიშვილობის ინსტიტუტი და  უბიწო- მრუში From Georgia!

   აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მამრების ჩამორჩენა ფარისევლობის სექსუალურ დარგში დროებითი შეიქნა, რაც ბოლო დროის მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინა. დასტურად, იგივე 17 მაისის დამკვრელური მიტინგები და ლატენტური ჰომოსექსუალებისა თუ ფარული ბისექსუალების ოსტატურად შესრულებული დარბევებიც კმარა! განუხორციელებელმა მამაკაცებმა, რომელმთა უმრავლესობას არც თავი აქვს და არც ნიჭი სრულყოფილად დაიხარჯოს ქალთან, რუსთაველზე საკუთარი აგრესიის გადმოფრქვევა მოახერხა! ვაშა!

   დასკვნა კი მაინც დამაიმედებელია: ქართველი ქალი შეიძლება ბოზობდეს კიდეც, მაგრამ მაინც ამერიკელთან შედარებით უპირობო და უპრეცენდენტო უმანკოებასა და კდემას ინარჩუნებს!

3. ეკლესია, როგორც ფარისევლობის ციტადელი

   ფარისევლობა, საკუთარი სიწმინდითა და სახარებისეული ციტატების დაზეპირებით აღფრთოვანებულ ქართველებში ნოყიერ ნიადაგს ჰპოვებს. სწორედ ტაძრებში გადის თვალთმაქცი ნამდვილ აკადემიას: სახალხო ადგილებზე მარხვის პროდუქტების შეძენისას, ამ ნაზი ქმედებისთვის ხმამაღლა ხაზგასმას; გამუდმებული პირვჯრის წერასა და ზემოთ ატრიალებული თვალების ნაბვას; აქ ქადაგებენ, რომ ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვათაგან უპირველესია და ამავდროულად, წარმატებით განაგრძობენ საკუთარი დიდებითა და სათნოებებით ტკბობას; აქ ასწავლიან რომ ღმერთი სიყვარული არს და აქედანვე იღებს სათავეს ურჯულოებისა თუ გარყვნილების ქუჩებში რბევა; აქ ითვისებს მორწმუნე კატეგორიულ აუტანლობას არა მხოლოდ სხვა შეხედულების ადამიანებისადმი, არამედ სხვა მოძღვრის მრევლისადმიც კი; სამარხვო ნაყინები, შოკოლადები, შაურმები, ტორტები, კოტლეტები თუ ხინკლები და მრავალი სხვა სიბრძნე...

   და მაინც დიდება ივერიის გაბრწყინებას და ინგლისის დაძირვას! დიდება აღდგენილ ღირსებას, ეროვნულ უმაკოებას და მაღალ სულიერებას! დიდება ფარისევლობავ შენდა!

 ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, ივნისი

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელისაშვილის მიერ შეხვედრის დაანონსების შემდეგ, გუდიაშვილზე სამუშაოები დაიწყო

კომენტარები