ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მარიამ მათიაშვილი

„ქარძნები მუშებს“

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ახლად რეაბილიტირებული მარჯანიშვილის ქუჩის შენობებზე შევხვდებით წარწერებს „ქარძნები მუშებს“, „ძირს კაპიტალიზმი“ და ა.შ. ეს კედლის წარწერები „ლაბორატორია 1918“-ის, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების და მათი გულშემატკივრების კალამს თუ ხელს ეკუთვნის.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავსი იდეოლოგიის ჯგუფებიც არსებობენ, ნეო ნაცისტებიც და საერთოდ ყველაფერი - ვისაც რა გაუხარდება. დანარჩენებს, შეგვიძლია ვუგულშემატკივროთ ან არა, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა: სოციალისტური პრინციპების პოპულარობა მოსახლეობაში. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, ეს რომ მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის პირობებში სოციალიზებული ადამიანებისთვის შეგვემჩნია, მაგრამ იდეოლოგიას ახალგაზრდებიც იზიარებენ, ისინი ვინც 1991 წლის შემდეგ დაიბადნენ.  მათ დიდ ნაწილს ვერ გაუგია, რატომ უნდა გადაიხადოს სწავლაში, სამედიცინო მომსახურებაში და ტყეში სეირნობაში ფული. არასოდეს უთანაგძნობს მიზნესმენის ინტერესებსა და უფლებებს, სამაგიეროდ განუხრელად იცავს მშრომელს, რომელიც აპრიორი ჩაგრულია.  

სოციალისტური იდეების მზარდი პოპულარობა, ვფიქრობ, ყველასთვის შესამჩნევია, მაგრამ ამ საკითხის ილუსტრაციისთვის გამომადგება სემინარები, რომელიც იმართებოდა ერთ- ერთი ორგანიზაციის მიერ, სამი თვის განმავლობაში. მონაწილეთა ქცევა აღმოჩნდა საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ მსჯელობისას ისინი იდენტურ, უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების მიმართ. ეს ახალაგაზრდები არავითარ ინტერესის ჯგუფს არ წარმოადგენდნენ და აერთიანებდათ მხოლოდ სტუდენტის სტატუსი და ის, რომ  ესწრებოდნენ აღნიშნულ ლექციებს.  ყოველ მორიგ შეხვედრაზე ლექტორები ამომწურავად პასუხობდნენ მსმენელთა ნებისმიერ კითხვას. იყო ჯანსაღი და ემოციური დისკუსიებიც. შემდგომ ლექციაზე კი თუკი ვინმე წინა განხილვის თემას ირიბად შეეხებოდა, ჩნდებოდა იგივე კითხვა, რაც დაისვა წინა შემთხვევის დროს. ჩნდებოდა იგივე პროტესტი იმ პოზიციის მიმართ, რასაც მომხსენებლები იცავდნენ. ყველაფერი თავიდან ხდებოდა ასახსნელი და უშედეგოდ.

ეკონომიკის პრინციპებზე მსჯელობისას გამოიკვეთა აზროვნების მიმართულება, სადაც ზემოთ აღნიშნული ჯგუფი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა და საუბრობდა საბჭოთა ლოზუნგით. ვაწყდებოდით სპეციფიურ არგუმენტებს, რომელიც სოციალისტური განწყობის სასარგებლოდ მეტყველებდა და ის იმდენად იყო სპეციფიური, რამდენადაც საფუძვლად არა რაციონალური არგუმენტი, არამედ საბჭოთა ლოზუნგი ედო:   „ძალაუფლება პროლერიატს! “

აზრის ამგვარი ფორმულირება ტერმინოლოგიაში, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. სამაგიეროდ იმ ადამიანებისგან, რომელზედაც ჩვენ ვწერთ, გავიგებთ, რომ  ყოველთვის დაქირავებულის მხარეს არიან, რომელიც  დაჩაგრულად მიაჩნიათ დამქირავებლის ხელში. საკუთარ თავსაც ყოველთვის დაქირავებულთან აიგივებენ და არასოდეს დამქირავებელთან.   ისინი, როგორც ყოველთვის სახელმწიფოს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებენ - ის უნდა იყოს მესაკუთრე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სენსიტიური მიწისა და ტყეებისა და ისვე უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ პოზიციიდან ებრძვიან კაპიტალისტ-ბინზესმენ-დამქირავებელს, რომელიც ყველა პირობებში ტყუის. ტყუის უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მდიდარია. სიმდიდრე ცუდია, თუ ის არ არის ხალხთან გაზიარებული. ფულს სუნი აქვს. აი ეს ის მითოლოგემები და სტერეოტიპებია, რომელიც შეგხვდებათ იმ ადამიანებთან საუბრისას, რომელთაც საკუთარი თავისთვის არც კი განუსაზღვრავთ, თუ რა იდეოლოგიას ემხრობიან.  გეტყვიან, რომ იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ საუბრისას აღმოაჩენთ, რომ სოციალისტია. თუმცა შესაძლოა ამას არც აღიარებენ და მეტიც - ებრძვიან.

ყველაფერი არაინფორმირებულობის ბრალია? მთლად ასეც არ არის. აღნიშნულ სემინარებზე მსმენელები უპირველესად ინფორმაციას იღებდნენ და შემდეგ შედიოდნენ დისკუსიაში, სადაც გააზრებულ არგუმენტებზე მეტად, ზემოთ ჩამოთვლილ სტერეოტიპებად ქცეულ გაცვეთილ ლოზუნგებს მოისმენდით. შეეჩეხებოდით მენტალიტეტს, რომელიც ჩამოაყალიბა საბჭოთა სისტემამ.

საზოგადოების ფორმირებაზე დამღუპველი გავლენა სტალინის შემდგომმა პერიოდმა იქონია. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ის კომფორმიზმი, რომელიც დღესაც ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას. საბჭოთა კავშირი, რომ სტალინის სიკვდილთან ერთად დასრულებულიყო, დღეს განვითარებულ ქვეყანას თუ არა, გასამართლებულ სისტემას და გაცნობიერებულ შეცდომებს მაინც მივიღებდით, მაგრამ შემდგომი 40 წლის განმავლობაში კეთილდღეობაში ცხოვრებამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ისევ „პროლეტარები“ ვართ.

ის, რომ სტალინის დროს ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ, საბჭოთა მოქალაქეებმა იცოდნენ და განიცდიდნენ ბრეჟნევის, ხრუშჩოვის, გორბაჩოვის მართვის პირობებშიც. ეს ორი უკანასკნელი ებრძოდა კიდეც სტალინის კულტს, აღიარებდა მსხვერპლს  და დეკლარირებდა მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და დანაშაულებათა ობიექტური გამოძიების აუცილებლობას. შესაბამისად მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომელიც დღესაც აქტუალურია, რომ საბჭოთა სისტემის დანაშაული შემოიფარგლება ადამიანების წამებითა და რეპრესიებით და ამაზე დიდი დანაშაული არაფერია.

საბჭოთა დანაშაულებების ფოკუსირება მხოლოდ ადამიანების წამებაზე ისეთი ფასეულობების ნიველირებას ახდენდა, როგორიცაა სახელმწიფოებრიობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ადამიანის საკუთრებისა და თვითგამოხატვის უფლებები და სხვა. მით უმეტეს, რომ ხრუშჩოვის მმართველობიდან მოყოლებული სისტემამ მიიღო სახე, რომელიც უზრუნველყოფდა მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას ინდივიდუალური ძალისხმევის გარეშე. ამას ემატებოდა 70 წლის განმავლობაში პროპაგანდირებული და განხორციელებული იდეა საკუთრების მოსპობის შესახებ. საბჭოთა მოქალაქეს არაფერი გააჩნდა, მაგრამ გარკვეული  (სახელმწიფოს მიერ მისთვის განსაზღვრული) სიკეთეებით მაინც სარგებლობდა. შესაბამისად ხრუშჩოვის მმართვლობის პერიოდიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა დაახლოებით ესეთი მსოფლაღქმა: ვიცხოვრებთ კარგად, თუკი გავჩუმდებით და შევეგუებით. ეს იყო კლასიკური კომფორმიზმი, რომელმაც აღზარდა მოქალაქეები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, საკუთარებისა და ინდივიდისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებით.

ამან თანამედროვეობაში მოგვცა მოცემულობა, რომ  მესაკუთრეს და საკუთრების უფლებას მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და არ იცავს. მას აქვს საბჭოთა სოციალისტურ იდეოლოგიაში პროპაგანდირებული ჩაგრული მუშის მენტალიტეტი. მას სურს ცხოვრება კონკურენციის გარეშე, როცა მის მაგივრად სახელმწიფო განუსაზღვრავს ცხოვრებას. სახელმწიფო გააკეთებს არჩევანს, მიიღებს გადაწყვეტილებას და მიაკუთვნებს სარგოს. ბევრად ადვილია პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება, როცა თავად კი არ გიწევს არჩევანის გაკეთება, ცხოვრების ორგანიზება, პოზიციის დაფიქსირება, არამედ ამას სხვა აკეთებს შენს მაგივრად. ეს არის თავისუფლებისგან გაქცევა, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ეს კი ადვილი არ არის.

სწორედ ასეთი იყო ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირი. არ არსებობდა  მოტივაცია, რომ ყოფილიყავი კონკურენტუნარიანი და შეგექმნა საკუთარი მომავალი, რადგან სახელმწიფო გასწავლიდა, გასაქმებდა, გაძლევდა ბინას, გმკურნალობდა, და გამოგზაურებდა, მხოლოდ შეზღუდულ საზღვრებში. გაძლევდა აუცილებელს და მეტის პრეტენზია არც არსებობდა, რომც ყოფილიყო - უშედეგოდ. არ არსებობდნენ ეგრეთ წოდებული მჩაგვრელი კაპიტალისტები. არ არსებობდა საკუთრება. არ არსებობდა სამოქალაქო პასუხისმგელობა, რადგან მისი არსებობა იყო დასჯადი.

ამის შედეგად დღეს მივიღეთ საზოგადოება, რომელიც არჩევანს აკეთებს იმაზე, რომ მთავრობამ, (რომელსაც უპირობოდ ენდობა) იზრუნოს მის ცხოვრებაზე. ხოლო თვითონ შეინარჩუნოს პასიურობა  საკუთარ მომავალთან და სახელმწიფოსთან მიმართებაში. ეს ფასეულობები მასში ნიველირებულია.  მივიღეთ საზოგადოება, რომელსაც ახსოვს ის ძველი კეთილი დრო, როცა ყველაფერი ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდებს, რომელსაც უამბობენ ხიზილალის კოვზით ჭამის, მოსკოვში „გულაობის“ და „უფასოს“ სიკეთეების შესახებ, წერდეს სხვის საკუთრებაზე „ქარძნები მუშებს“ და თავს პროლეტარად მიიჩნევდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები