ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ნიკა ჩხაიძე

მამული, ენა, რწმენა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ბავშვობიდან მახსოვს, ვფიქრობდი ხოლმე სამ სიტყვაზე, რომლებიც ჩემს სკოლასთან ახლოს, ძველი პარლამენტის შენობის წინ დადგმულ „დაფაზეც“ ეწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. თავისით მოდიოდა ხოლმე ფიქრი და ჩამჩურჩულებდა: ალბათ ილიამ რიგითობა მნიშვნელოვნობის მიხედვით დაიცვაო... მერე, ასაკის მატებასთან ერთად, ასევე თავისით მოდიოდა იგივე ფიქრი და აცდენდა გონებას: სარწმუნოება მაშინ იყო აუცილებელი და ახლა, კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე, შეცვლილია სიტუაციაო... გამოვტყდები, არ მაქვს წაკითხული ილიას „ანდერძი“, სადაც ამ სამ მცნებაზეა საუბარი. უბრალოდ კიდევ ერთხელ მესტუმრა ეს ფიქრი და გადავწყვიტე ამჯერად თავის ნებაზე აღარ მიმეშვა. ასეთია მსჯელობის შედეგი:

ისევ მთავარი კითხვა: რა არის ჩვენი ცხოვრების უზენაესი მიზანი? რისთვის მოგვავლინა ღმერთმა ამქვეყნად? მე და ალბათ კაცობრიობის დიდ ნაწილს გვწამს, რომ სტრატეგიული მიზანია განვითარება ანუ ღვთიურ საიდუმლოებათა ამოხსნა!

მსოფლიო მრავალფეროვანია და ალბათ სწორედ ამ „მრავალ ფერთა შეხამებით“ არის შესაძლებელი მთავარი მიზნის მიღწევა! ეკონომიკაში „შედარებითი უპირატესობის“ სახელით ცნობილი თეორია გვკარნახობს, რომ ყველას აქვს თავისი სპეციალიზაცია - სფერო, საქმე, რომლის კეთებაც მას უკეთესად შეუძლია, ვიდრე სხვას. ქვეყნებზე განზოგადებით: ერთი თუ ერთ სფეროშია ძლიერი, მეორე - მეორეში, მესამე - მესამეში და ასე შეაქვს ყველას თავისი წვლილი კაცობრიობის განვითარების საერთო საქმეში! თუ დღესდღეობით სათანადოდ ან საერთოდ ვერ შეაქვს, რადგან ბედის უკუღმართობით ჩამორჩა განვითარების ტემპს, წინ წასულთა დახმარებით სწრაფად უნდა დაწინაურდეს, რათა მისი მოსახლეობის ინტელექტის გამოუყენებლად ვერ იქნება მიღწეული საერთო მიზანი!

ადამიანს თავისი წვლილი საერთო საქმეში შეაქვს თავისი აზროვნებით და ქმედებებით. უფრო განზოგადებულ დონეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტის უნიკალურობას განაპირობებს მისი განსხვავებული გარემო, რომლის მთავარი სიმბოლოა ენა!

ამრიგად: მამული ანუ ქვეყანა და ენა - არის შედარებითი უპირატესობის საფუძველი, რომელიც გვაძლევს უნიკალური აზროვნების და ქმედების საშუალებას, რითაც წვლილი უნდა შევიტანოთ იმ საქმეში, რისთვისაც გვწამს, რომ გავჩნდით!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები