ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ნათია ხვადაგიანი

კულტურა და საზოგადოება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მიუხედავად ბანალური სათაურისა, შევეცდები ტექსტი ბევრად უფრო მეტისმომცველი იყოს. შინაარსი უკვე გასაგებია, წინასწარი განწყობებიც, ალბათ, არაერთგვაროვანი. აი, ჩვენ რომ კულტურულ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ, სხვანაირად აღვიქვამდით ამ სიტყვათა წყვილს, უკულტურო საზოგადოებისთვის კი თვითონ სიტყვა „საზოგადოებაც“ შეუფერებელია, სიტყვების შეწყვილება კი - გაუგებარი. რატომ უნდა გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს კულტურა და საიდან მოდის ის: სასწავლო დაწესებულებებიდან, ოჯახიდან თუ გამოცდილებიდან?! ნებისმიერ ადამიანს (საკითხავია პიროვნებაა თუ არა ის), პრეტენზია აქვს კულტურულობაზე, თუმცა ჰგონია, რომ ის სადმე უნდა ასწავლონ, ოჯახის გარეთ. პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარების მარტივი ლოგიკაა. რეალურად, კულტურა ერთ რომელიმე  სპეც.დაწესებულებაში არ ისწავლება. პიროვნებად შედგომა უკვე მისი ქონის ერთერთი მაჩვენებელია. ვფიქრობ, სირცხვილი უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ სხვისთვის ზნეობაზე მორალის კითხვა და პარალელურად ქუჩაში ნაგვის დაყრა ან ფურთხება უკულტურობაა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ სასირცხვილო სტადიაზე ვართ. თუ არ დაიწყე პირველი საფეხურიდან, ვერ ახვალ უფრო ზემოთ, ჩვენი საზოგადოება კი ცდილობს ვარსკვლავებს ეთამაშოს, ფეხქვეშ კი მგონი, მიწა გვეცლება - ნიადაგი, ანუ კულტურა. წარწერები ქუჩაში: ,,კულტურა გვშია“, გასაგებია გზავნილის მიზანი, მაგრამ უკულტუროებისთვის, ვისკენაც ის მიმართულია, აჯობებდა მაინც დაგვეკონკრეტებინა, რა გვინდა, რამეთუ კულტურა არ იჭმევა. მავანმა კი არ იცის კულტურა ,,რა ხილია“.

ავიდეთ შემდეგ საფეხურზე. ქუჩები სუფთაა, მაგრამ ხალხის ერთობას საზოგადოების სახელი მაინც არ უხდება, რაღაც სხვაა. მიზეზი ამჯერად ვიზუალშია, ინდივიდუალურის მიუღებლობაში, მაშასადამე სხვისი, სრულიად უცხოს, გამვლელის კრიტიკაში. ვერ გაუთავისებიათ ჯერ კიდევ, რომ ერთის ვარცხნილობა, ჩაცმულობა, სიარულის მანერა და აქსესუარების რაოდენობა მეორე ადამიანის განსახილველი არ არის. იმიტომ გვაბარია ყველას საკუთარი თავი, რომ გადაწყვეტილებები და განაჩენები ჩვენთვის გამოვიტანოთ და არა სხვებისთვის. როცა გავიგებთ, რომ კულტურა არ იჭმევა, ნაგავი ქუჩაში არ უნდა დავყაროთ და უცხოს შენიშვნა არ უნდა მივცეთ ლურჯი ფერის თმისა თუ ჭრელი შარვლის გამო, მაშინ შეიძლება მესამე საფეხურზეც გადავინაცვლოთ.

მესამე საფეხურიც სხვის გადაწყვეტილბებში ჩარევაა, მაგრამ ამჯერად არა ვიზუალურ, არამედ შინაგან ცვლილებებს ეხება საქმე. უცხო ადამიანში მხოლოდ ვიზუალს ვხედავთ და ხშირად ზოგიერთებს მხოლოდ ეს აძლევთ კრიტიკის აგრესიულად გამოხატვის საბაბს. შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, გამვლელების გადაწყვეტილებებზე არაფერი ვიცით, სამაგიეროდ არავის გამოეპარება ოჯახის წევრისა თუ ახლობლის აზრები. დამსგავსება და ერთ თარგზე გამოჭრილი კაცუნებისგან შემდგარი კასტა კი ითხოვს დანარჩენებიც მათნაირები გახდნენ, მათსავით იფიქრონ და მათი რჩევები გაიზიარონ მუდამ. უკულტურობაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ართმევს და, უფრო მეტიც, უსპობს არჩევანის თავისუფლებას- იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. და უფრო დიდი უკულტურობაა სხვისი პირადი ცხოვრების განხილვა იმ შემთხვევაში, თუ ის თავის სასარგებლოდ არ შეცვალა ვიღაცამ. განხილვა და გაკიცხვა, ათასი აზრი, ვინ როგორ მოიქცეოდა მის ადგილზე და ა.შ.

განათლება... ალბათ, კიდევ რამდენიმე საფეხურს გადავახტი, მაგრამ აჯობებს მალე მივიდე იქამდე, რაც ჩემი ე.წ. პირამიდის წვეროა. გაუნათლებელი ადამიანი უკულტუროა. განათლება კი ის ფუნდამენტია, რომელიც რეალურად ჩემი პირამიდის წვერო კი არა, საძირკველი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, განათლების მიღება ფუფუნების საგნადაც კი იქცა (ვგულისხმობ აკადემიურ განათლებას და არა ოჯახის მიერ შვილის აღზრდას). არ შეიძლება ბრმად საუბარი აბსურდზე, გაურკვეველ შიშებზე. განათლება სწორედაც, რომ იარაღია შიშის წინააღმდეგ. ის, ვინც განათლებულია, შეუძლებელია შეძრწუნებული იყოს ვიღაცის მიერ გავრცელებული ჭორებით. ძალიან მარტივია სიტყვების მნიშვნელობის გაგება და შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავება, მერე კი პრაქტიკული დაკვირვება. გაუნათლებლობაა, როცა არ იცი რას ნიშნავს დისკრიმინაცია და, შესაბამისად, ვერ გაგიგია, რომ სიტყვა წინ "ანტი"-ს დამატებით საპირისპირო მნიშვნელობას იძენს. ვერ გაგიგია რა არის პროპაგანდა და რეალურად რის პროპაგანდას ეჯახები ქუჩაში! თუმცა არ გიჩნდება პროტესტის გრძნობა. მაშინ, როცა სექსუალურ უმცირესობებს მისდევ და მიზეზად გაქვს ,,ქართველობას გვართმევენ" და ,,შვილებს გვიპედერასტებენ" , ქვეყანაში სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, სწორედაც რომ პროსტიტუციის პროპაგანდას ხედავ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. თუმცა ჯერ არ მსმენია, რომელიმე ქართველ მამას გასჩენოდეს შიშის გრძნობა, რომ მის შვილს ,,ყოფაქცევა შეუმსუბუქდება", როცა გაიგებს, რომ ნებისმიერი ქუჩის კუთხეში ფულის შოვნა შეუძლია.

უკულტურობაა, როდესაც რაიმე არ იცი და სხვას მოუწოდებ მხარი დაგიჭიროს და დაგეთანხმოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები