ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: რატომ ვხდებით ავად?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ერთხელ, კონფერენციას ვუკეთებდი ორგანიზაციას, თვენახევარი ყოველ დღესა და ყოველ საათს ვმუშაობდი, მორჩა თუ არა, მეორე დღეს მაღალი სიცხით ავღმოჩნდი ლოგინში.

წინა კვირას ენტეროვირუსი მქონდა. ვერ დავდიოდი. თავბრუ მეხვეოდა. 4 დღე სახლში გავატარე და ცოტა ხანი მუშაობას თავი ავარიდე.

რატომ გავხდი ავად - რაში მჭირდებოდა?

ეს მაკვარანცხი სტრეს ჰორმონები

დიდი დაძაბულობის დროს ჩვენი ენერგია მობილიზებულია, ყველაფერი მოთოკილია, გაბმულ სიმებს ვგავართ. ცოტა ზედმეტი დაწოლა და - გადავწყდებით. თუკი ჩვენს მიერ შესრულებულმა სამუშაომ ბოლო არ მოგვიღო, თუკი ხანგრძლივობამ ან ზეწოლამ სიმი არ გაწყვიტა, დაძაბულობის შემდეგ თავად მოვეშვებით და აი მაშინ შემოგვიტევს ჩასაფრებული ვირუსი.

მისტიური არაფერია. სტრესის დროს სისხლში გარკვეული ჰორმონები გამოიყოფა. სტრესის ჰორმონები ყველაფერს აქვეითებს, რაც მყისიერი გადარჩენისათვის (გაქცევა, ბრძოლა ან დამალვა) არ გვჭირდება. აბსოლუტურად ყველა სისტემა იცვლება - საჭმლის მონელების, განაყოფიერების, გულსისხლძარღვთა და იმუნური.  სანამ მობილიზებული ვართ, გამოყოფილი ადრენალინი საშუალებას გვაძლევს ამ ყველაფრის მიუხედავად შევინარჩუნოთ ენერგია (რათა გავიქცეთ, ვიბრძოლოთ ან დავიმალოთ). მაგრამ, საბოლოო ჯამში, ან ორგანიზმი დაიღლება მუდმივი საბრძოლო მდგომარეობით ან ჩვენ გადავწყვეტთ დასვენებას. ამ დროს კი აღმოჩნდება, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ადგა და გადაბარგდა.

კომუნიკაცია SOS რეჟიმში

საიდან ეს სტრესი და სტრეს ჰორმონები?

ხანდახან ორგანიზმს იმდენად სჭირდება დასვენება, რომ მხოლოდ ავად გახდომის გზა დარჩენია ჩვენი ყურადღების მისაპყრობად.

რატომ?

სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა  ჰოლისტიკურ არსებობას ხელს საერთოდ არ უწყობს. სხეული და გონება გამიჯნულ, დაუკავშირებელ ერთობლივობად მიგვაჩნია. ბავშვობიდანვე გვესმის, რომ სხეულის სიგნალები უნდა ვუარყოთ, რომ მთავარი თავია და არა -ყველაფერი მის ქვემოთ, რომ აზრები კეთილშობილურია, ხოლო სხეულიდან წამოსული იმპულსები კი - ცხოველისეული ინსტინქტებია.

ამას გვიამბობენ და ამასვე გვაჩვევენ. მაშინ კი არ გვაჭმევენ, როდესაც ჩვენი სხეული ითხოვს ამას, არამედ - როდესაც  უფროსი დაადგენს. მაშინ კი არ გვაძინებენ, როდესაც თვალები გვეხუჭება, არამედ- როდესაც მშობელი  გადაწყვეტს. მახსოვს, როგორ ვიწექი ერთი, ორი საათი თვალგახელილი, რამდენ თამაშს ვიგონებდი, ფარნით წიგნს ვკითხულობდი, უბრალოდ ოთახში წრეებს ვარტყამდი (ჩუმად, რომ არ შეემჩნიათ), რადგან წინასწარშემუშავებული რეჟიმით მაწვენდნენ, რომ „მეტი ძილი მიმეღო“. არც ის წვნიანი დამავიწყდება, ღებინებას რომ იწვევდა, მაგრამ „კუჭისთვის კარგი იყო“. როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვე, მაშინვე ამოვაგდე წვნიანი ჩემი რაციონიდან. ისიც მახსოვს, როგორ დამერღვა ძილ-ღვიძილი მოზარდობაში, მთელი სიცხადით მახსოვს კვლავ როგორ ვურტყამდი წრეებს ოთახს, ამჯერად ხმურიანად. ერთის მხრივ თავში მქონდა ჩაბეჭდილი - ღამე ძილისთვისაა, მაგრამ, ამავე დროს, ბავშვობიდან ვიცოდი, ლოგინში ვწვები, როდესაც არ მეძინება. ლოგინში უძილობა ჩვეული ამბავია.

ასე ნელ-ნელა ვივიწყებთ ჩევნს სხეულს, აღარ ვუსმენთ, რას გვეუბნება, რა სიგნალებს გვიგზავნის. ტკივილს სიმპტომად აღვიქვავთ და არა გამაფრთხილებელ ნიშნად. რატომ გვტკივდება თავი? რადგან დავიღალეთ, ვინერვიულეთ, ცუდ გარემოში ავღმოჩნდით. რას ვაკეთებთ ამ დროს? კი არ ვისვენებთ, ვწყნარდებით, გარემოს ვიცვლით-არამედ თავის ტკივილის ვიკლავთ (ან კიდევ უარესი, არაფერს ვცლით და თავის ტკივლს ვიტანთ, რითაც სისხლში სტრეს ჰორმონებს კიდევ ვიმატებთ). არადა,  ტკივილი ხომ ჩვენი სხეულისათვის კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სხეულის, რომელსაც აღარ ვუსმენთ.

დააკვირდით, რამდენ სიმპტომს არ აქცევთ ყურადღებას, სანამ გადაღლილობისაგან ავად გახდებით? დაქვეითებული/მომატებული მადა,  ძილის  არეული ციკლი, მომატებული წნევა, ზედმეტი აგზნებადობა, გუნება-განწყობის ცვლილებები. მაგრამ არა, ჩვენ მედგრად, მამაცად ვუძლებთ ჩვენი სხეულის ძახილს, დაღლილობის დროს წამოწოლას კი სისუსტედ მივიჩნევთ.

ხოდა,რატომ ვხდებით ავად?

ნამდვილი მიზეზი

რადგან ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა, ან არ შეგვიძლია, რადგან გულის სიღრმეში ძალიან გვინდა რაიმეს გავეცალოთ, თავი ავარიდოთ, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ. არადა, სხეულს ვერ მოატყუებ, სხეული ყველაზე უშუალო, ყველაზე პირდაპირი გზაა, სხეულზე ახლოს არაფერია და  ჩვენს გაუცნობიერებელ ემოციებზე ის ყოველთვის პირველი რეაგირებს. ხოდა, პასუხიც ასეთია: იმიტომ რომ თავს დასვენების უფლებას მხოლოდ ავადმყოფობის დროს ვაძლევთ.

გახსოვთ წინა პოსტი ინტროექტების შესახებ? ვინ თქვა, რომ სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია? ვინ თქვა, რომ სამსახურის გაცდენა მხოლოდ ავადმყოფობისას შეიძლება? ვინ თქვა, რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის, რაც დავიწყეთ? ვინ თქვა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ყოველთვის სრულყოფილი უნდა იყოს?  ვინ თქვა, რომ სხეულისათვის ყურის გდება სისუსტის გამოხატულებაა? ვინ დააყენა თავი ტანზე მაღლა? რატომ არ გვინდა ცნობიერად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე - ამას ძალდატანებით, ლამისაა სხეულისმიერი შანტაჟით რატომ ვაკეთებთ მხოლოდ?

რა ჩემი ბრალია, ვირუსი იყოო, მეტყვით. შეიძლება. ნამდვილად დასაშვენია, რომ ბედნიერ, კარგ განწყობაზე მყოფ ადამიანსაც შეუტიოს ვირუსმა. თუმცა, არც გადაღლილობის დროს ავად გახდომაა ადამიანის ბრალი. მან უბრალოდ არ იცის, რამდენად მივიწყებული აქვს თავისი ფიზიკური საწყისი. მას უბრალოდ მთელი ცხოვრება სხეულისებრი აღქმის დაკნინებაში წვრთნიდნენ.

არადა, სხეული ყოველთვის ნეგატიურ სიგნალებს არ გვიგზავის. ხანდახან გვეუბნება - მე ახლა კარგად ვარ, ეს მსიამოვნებს. მაგრამ, მის იგნორირებას იმდენად მიჩვეულები ვართ, ხშირად სინდისის ქეჯნა გვეწყება  - როგორ შეიძლება სხეული ასე კარგად იყოს, ე.ი. რაღაცას ცუდს ჩავდივარ.

დააკვირდით ბავშვებს, ნახეთ როგორი სიამოვნებით ყოფენ ხელებს სველ ქვიშაში, არ გუობენ უსიამოვნო მაისურს, როგორ დაჟინებით ითხოვენ საჭმელს, როდესაც შიათ. ჩვენც ასე ვიყავით.

და ახლა?

ახლა აღმოჩნდა, რომ დღეში სამჯერ კვებას თურმე ბევრი პატარა პორცია ჯობია, მაგრამ სადღა შეგვიძლია ცვლილება, მივეჩვიეთ უკვე. აღმოჩნდა, რომ კოცნა ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, მაგრამ გვცხვენია, ან არ გვცალია. აღმოჩნდა, რომ ქრონიკული სტრესი სისტემტურად ანადგურებს ყველაფერს, შლის სისხლის მიმოქცევას, ამუხრუჭებს სხეულს, გონებასაც კი - მაგრამ, უკვე გვიანია, ჩვენ ხომ ასე მედგრად მივეჩვიეთ სტრესთან ერთად ცხოვრებას და სხეულის განწირული ჩივილის იგნორირებას.

ახლა, არასოდეს ვაღიარებთ, რომ ჯობია  სამსახურში 3 საათით ერთხელ დავაგვიანოთ, ვიდრე ქრონიკულად გამოუძინებლებმა ბოლო-ბოლო  1 კვირით ვირუსით გავითიშოთ.

სხეულის კვლევა და საწყისთან დაბრუნება

გამოსავალი? გამოსავალი კი ისევ საწყის მგომარეობაში დაბრუნება, სხეულის კვლევა და აღმოჩენაა. გამოსავალი ერთგვარ ბავშვურ პოზიციაში შესვლაა, როდესაც ადამიანი სწავლობს, ისე დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, რომ არც თავს დაუშავოს რამე და არც სხვას. დუალიზმი „სხეული/გონება“ წარსულში დარჩენილი ცნებაა.  თანამედროვე მეცნიერება მას ეწინააღმდეგება.

მე აქ ჩემი სხეულის მეშვეობით ვარ, ამ სამყაროში ჩემს კუთვნილ სივრცეს სხეულით ვიკავებ, ამ ტექსტსაც თითებით ვბეჭდავ (ჩემი კაბინეტის წინ კი ბავშვი ტირის და ძალიან მიშლის ამაში ხელს), ამ დროს მოხრილი ზურგი მტკივა და სადღაც დიაფრაგმის დონეზე რელაქსაციას ვგრძნობ - კმაყოფილი  ვარ ბოლო წინადადებით. მე ვზივარ, ვფიქრობ, ვბეჭდავ, მთელი ჩემი ტანი იღებს და აგზავნის უამრავ სიგნალს, არა, მე ვიღებ და ვაგზავნი უამრავ სიგნალს, მე ვგრძნობ, მე  ვისმენ, მე ვუბარტყუნებ კვლავიატურის თბილ და გლუვ ღილაკებს.

ასე  ვაკვირდები და ნელ-ნელა ვსწავლობ, უკეთ როგორ გავიცნო საკუთარი თავი.

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები