ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ნატალი

რელიგია, თუ იმპერიის იდეოლოგია?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

რა    არის    მართლმადიდებლობა?   

ზოგადად, მართლმადიდებლობა, ქრისტიანული რელიგის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს სახელწოდება აღნიშნულმა კონფესიამ ქრისტიანული სამყაროს განხეთქილების შემდეგ  დაიმკვიდრა.

1054 წელს აღმოსავლეთის(ბიზანტიის) და დასავლეთის(რომის) ეკლესიებს შორის დაიწყო წინააღმდეგობა, რომელსაც წმინდა პოლიტიკური საფუძველი ედო, ეს იყო ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის. საბაბად კი, განხეთქილებას, დოგმატური საფუძველი დაუდეს. კერძოდ, ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) მე-8 მუხლის ერთ ფრაზას (და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს...).  დასავლეთის ეკლესია ასე გამოთქვამდა: „რომელი მამისაგან  და ძისაგან  გამოვალს... “ მიუხედავად იმისა, რომ ამ  ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია ჰქონდა,  ეს საკითხი სწორედ მაშინ წამოსწიეს, როცა პოლიტიკურმა ვითარებამ მოითხოვა. ამ განხეთქილებას დიდი სქიზმა ეწოდა(სქიზმა - ბერძნ . დაყოფა).

ამის შემდეგ, დასავლეთმა თავის აღმსარებლობას კათოლიკე( ანუ საყოველთაო, მსოფლიო) უწოდა, ცხადია არც აღმოსავლეთი ჩამორჩა განდიდების სურვილში და თავის კონფესიას ორთოდოქსული(მართლმორწმუნე) შეარქვა. 

საუკუნეების მანძილზე დაპირისპირება თანდათან უფრო ღრმავდებოდა.

 1965 წლიდან ტენდენცია შეიცვალა და იყო არაერთი მცდელობა ამ ორი სამყაროს ხელახლა გაერთიანებისა, თუმცა ჯერ-ჯერობით --  უშედეგოდ. რადგან  ამ გაერთიანებას ყოველი ძალისხმევით ეწინააღმდეგება მოსკოვი, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს თავისი გავლენა მართლმადიდებელ სამყაროზე.

რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში?

განხეთქილების შემდეგ საქართველოს ეკლესიას არ შეუწყვეტია ურთიერთობა რომის ეკლესიასთან, ამას მოწმობს არაერთი ისტორიული წყარო. შესაბამისად,  არც ხალხში ყოფილა რადიკალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. საზოგადოდ, საქართველოს მოსახლეობა ვიწროკონფესიური მიდრეკილებებით არ  გამოირჩეოდა.

ეროვნული მოძრაობის დროს გააქტიურდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამ ცდილობდნენ იმპერიის რელიგიის „პრავოსლავიეს“  პროპაგანდას.  ბეჭდავდნენ ჟურნალებს, გაზეთებს, სტატიებს: „ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა“, „მართლმადიდებლობას სდევნიან“,  „რუსეთი მესამე რომია“,  „მოსკოვი სარწმუნოების ციტადელია“  და ა.შ

ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა რამდენიმე სასულიერო პირი, ერთმა მათგანმა უზენაესი საბჭოს დეპუტატობაც მოახერხა(როგორც ბიძინა იტყოდა).

მახსოვს 80-იანი წლები,  თითქმის ცარიელ ტაძრებში რომ აღევლინებოდა მსახურება. ასე იყო სიონში, ქაშვეთში, სამებაში(ცხადია პატარა სამებაში, დიდი მაშინ არც არსებობდა), ანჩისხატში ...

შემდეგ მრევლის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა იმპერიის ზედამხედველობა. რაკი საქართველო პოლიტიკურად ხელიდან ეცლებოდა რუსეთს,  მან იდეოლოგიაზე დაამყარა თავისი იმედები და არც შემცდარა ...

შეშფოთებით ვადევნებდი თვალს, როგორ იცვლებოდა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების მენტალიტეტი. ისინი ისე დაეწაფნენ იმპერიის იდეოლოგიას, თითქოს ცხოვრებაში არაფერი სმენოდათ   ქრისტიანობაზე, არც კლასიკოსები წაეკითხათ, არც ამ თემაზე შექმნილი მხატვრული   ნაწარმოებები ენახათ თუ მოესმინათ. ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის იყო, რომ საწინააღმდეგო აზრის გაგონებაც კი არ სურდათ. ასე დავკარგე უამრავი მეგობარი, რომელთაგან ბევრმა ჩემი მაგალითით დაიწყო ეკლესიაში სიარული. ამას ძალიან განვიცდიდი, თუმცა, შემდეგ, როცა ამ ტენდენციამ ტოტალური ხასიათი მიიღო, მივხვდი, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს მაინც მოხვდებოდნენ ამ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ . . .

ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა  არის  ამჟამად ჩვენთვის მართლმადიდებლობა.   

ჩვენი ქვეყნისთვის მართლმადიდებლობის დღევანდელი ინტერპრეტაცია არის იდეოლოგია, იმპერიის იდეოლოგია, რომლითაც იგი მართავს  ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (როგორც გამოკითხვები ადასტურებს, 95-98%-ს).   

და თუ ვერ განვთავისუფლდით მისგან, ვერავითარი ევროატლანტიკური სივრცე ვერ გვიშველის,  ისევე, როგორც -- სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ანტალიაში გასეირნება.

ნატალია ბუკია

5.12.14

მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“

    სხვა  წერილები    იხ.  Google-ში  მისამართზე:    http://natali-tavisufali.blogspot.com/

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები