ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: სექსუალობა: რა, სად, როდის?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

სექსუალობა

სექსუალობას ბევრი კიცხავს, ბევრი გაურბის, ბევრი იყენებს, ბევრი განიხილავს - მაგრამ, არ განმარტავს.

სექსუალობაზე ბევრი საუბრობს.

სექსუალობა სექსუალური მომხიბვლელობა, გამომწვევი ქცევა, სექსი ჰგონიათ.

ამ აბნეულობასა და განამარტებამოკლებულ დიალოგებში კი პანიკურ შიშს იწვევს სიტყვები „ბავშვის სექსულობა“, „სექსუალობის განვითარება“, „სექსუალური იდენტობა“.

მე კი, ბაბუა ფროიდის წყალობით, ლამისაა პირველი კურსიდან ჩამესმის ეს სიტყვა. თავისი მაგიური ძალა დაკარგა და მასზე სჯა-ბაასი მომბეზრდა კიდეც.

თუმცა, ჯერ განვმარტოთ და შემდეგ ვიკამათოთ.

 რა?

ზოგიერთი მიდგომით სექსულობა მდგომარეობაა, ზოგიერთით - მოთხოვნილება, ზოგი ლიბიდოს ეძახის, ზოგი საერთოდ უარყოფს, ჩემთვის კი ეს ერთგავარი თანდაყოლილი თვისებაა, აი როგორც ინტელექტია შემეცნებითი ფუნქციების (ანალიზი, სინთეზი, განზოგადება, ას.შ) განხორციელებისათვის აუცილებელი თანდაყოლილი უნარი, ასევე სექსუალობაც მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ენერგიაა.

განმარტების მიუხედავად, ფსიქოლოგების უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ეს არის თანდაყოლილი მოცემულობაა, რომელიც განვითარებისა და ცვლილებების გარკვეულ გზას გადის და რომელსაც უკავშირდება შემოქმედებითობა, აგრესიულობა, ენერგია, აგზნება/შეკავება და ას.შ.

მთავრი კი ალბათ ეს არის - სექსუალობა სექსს არ ნიშნავს. და არც სექსუალურ მიმზიდიველობას.

სექსუალობა ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარების საშუალებაა.

სად?

სექსულობაზე, ისევე როგორც ნებისმიერ ფსიქიკურ ფენომენზე დიდ გავლენას ახდენს კულტურული გარემო: სად დავიბადე ზემოქმედებს იმაზე, როგორ აღვიქვავ მე და სხვები ჩემს სექსუალობას. კულტურული გარემო განსაზღვრავს აკრძალვას, ტაბუს, ნორმას,რაც ხშირ შემთხვევაში  მარეგულირებელ ხასიათს ატარებს, მისი მიზანი კი საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრების დამყარებაა. კულტურული ნორმები მაინც და მაინც ბოროტი ცენზორების მიერ შემოტანილი რეპრესიული მექანიზმი არ არის - დამკვიდრებული წესი ოდესღაც სასარგებლო ფუნქციას ატარებდა.

თუმცა, გეშტალტ თერაპიაში, სექსუალობის ნორმატიულობის ცნება უარყვეს. რატომ? იმიტომ რომ ნორმების არსებობა ადამიანებში სირცხვილის, შიშის, დანაშაულის გრძნობას აღვივებს, იწვევს სექსულობის დაკნინებას, დაქვეითებას, დეპრესიას, განუხორციელებლობის გრძნობას, რეპრესირებულ აგრესიას და უამრავ შავ-ბნელ რაღაცას. მოკლედ რომ ვთქვათ - ნორმირებული სექსუალობა ადამიანის ფსიქიკისათვის მავნე აღმოჩნდა.

ანალოგიას შემოგთავაზებთ. წარმოიდგინეთ ჭამის მკაცრი კულტურული ნორმები რომ დაწესდეს. ისეთს კი არ ვგულისხმობ, „ხაჭაპურს ტყემალთან რატომ ჭამ, ვის გაუგია“, არამედ სექსუალობის ნორმების მსგავსი, მკაცრი და რიგიდული წესები რომ ჩამოყალიბდეს. დავუშვათ, რომ ამ მოთხოვნილების რომელიმე ასპექტის რეგულაცია დაიწყო - მაგალითად, გათხოვებამდე ნახშირწყლების ჭამა აიკრძალა. ნახშირწყლების ჩვენი მენიუდან ამოვარდნის მცდელობა მშობლებმა, მასწავლებლებმა, ავტორიტეტულმა პირებმა დაიწყეს (ნახშირწყლებს რატომ გადავეკიდე და საკუთარი საკვებიდან ვდევნი, ვდევნი და მაინც არ მანებებენ თავს).

ამ დროს ატპ-ს გამოსამუშავებლად გვჭირდება. ზოგიერთ საკვებში მაინც გვხდება - ხომ ვერ ავკრძავალთ ხილს, ბურღლეულს, ბოლო-ბოლო მაკარონის გარეშე ზამთარს ვერ გადავიტანთ. მაგრამ, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს, ვითომ არ ვჭამთ.

 სხეულს რაღაც აკლია, მაგრამ არ იცი - რა. ამ დანაკლისის შევსებას  ყველანაირად ცდილობ. იკრიბები მეგობრებთან ერთად და ჩურჩულებ „იცი, არსებობს შოკოლადი, ნამდვილად არსებობს, მაია რომ გათხოვდა, იმან მომიყვა და ერთი ფილა რომ შეჭამო იმდენი ენერგია მოგემატება, იმდენი, 5 კილომეტრს ირბენ დაუღლელად“. მერე კი ამ საუბრის გცხვენია.

გარდატეხის ასაკში ფუნთუშებს საბნისქვეშ ჩუმ-ჩუმად აპარებ და მშობლებისაგან დამალულად ჭამ. მეორე დღეს კი დანაშაულის გრძნობა გკლავს, ეს რა საშინელება ჩამიდენიაო.

ირგვლივ ჟურნალები ვრცელდება. სულ ნამცხვრები და ტკბილეულობები ხატია. ვერ შეჭამ- მაგრამ, შეხედავ, ნერწყვი მოგადგება, ეგეც საქმეა.

მერე, ბრახ, თხოვდები და შემოაქვთ დიდი ტორტი.

შენ კი ვერ ჭამ. ხან ის გახსენდება, შოკოლადზე როგორ ჩურჩულებდი (და მართლა რა იცი, რომ ტორტის მერე ხუთკილომეტრიანი სირბილი არ მოგიწევს?), ხან ის, ფუნთუშის ნამცეცებს როგორი გამეტებით ბეტყავდი. უი, და ის საშინელი მომენტიც არ ამოგდის თავიდან, მეექვსე კლასში მიწისქვეშაში საშიშმა ძიამ რომ დაგიძახა და სრულიად დაბნეულს უეცრად ნაყინი განახა. ეს ძია ალბათ სიკვდილამდე გემახსოვრება.

მოკლედ, ტორტს არ ჭამ. ან კიდევ უარესი - ჭამ და მუდამ გული გერევა.

საუკეთესო ვარიანტში ნელ-ნელა ეჩვევი, მაგრამ ამ შემხვევაში ფსიქოლოგი არ გჭირდება და  რეცეპტების ბლოგსაც უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ფურცლავ.

როდის?

სასაცილოა? არ არის სასაცილო. სექსუალობა ისეთივე მოცემულობაა, როგორც მადა.

როგორც მადა გვიბიძგებს ნელ-ნელა შიმშილის მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ, ისევე სექსულობა გვიბიძგებს სექსუალური მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ.

ანალოგიურად, საჭმლის მიღების პროცესი ვითარდება, იცვლება:  ბავშვს ჯერ რძეს აწვდიან, შემდეგ ფაფას, შემდეგ დამოუკიდებლად ჭამს პატარა ნაჭრებს, კოვზის ხმარებას სწავლობს, ჩანგლის; საკვებს ასხვავებს, ზოგი კერძი მოსწონს, ზოგი-არა, ზოგი ადრე მოსწონდა და ახლა აღარ, ზოგიერთს თავად ამზადებს და ზოგიერთს კი არაფრის დიდებით არ გასინჯავს.

ასეა სექსუალობაც: პატარა სხეულს იკვლევს, შემდეგ ინფორმაციას აგროვებს, მოზარდი ჯერ საკუთარი სხეულის შემდეგ კი პარტნიორის სხეულით სწავლობს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას...პლატონური სიყვარული, კოცნა, ეროტიკა, მასტურბაცია, პეტინგი, პირველი სექსუალური გამოცდილება, პირველი სრულყოფილი სექსუალური ციკლი (ამაზე მოგვიანებით დავწერ), ინტერესების ჩამოყალიბება, პარტნიორის არჩევა, უამრავი რამ იწყება, ამ თანმიმდევრობით, არეული თანმიმდევრობით, ზოგი რაღაცას ახტება, ზოგი სადღაც იჭედება, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი ამ ენერგიის მართვას სწავლობს.ალბათ.

ნორმები

ნორმები აღწერილ ჩვეულებრივ, ბუნებრივ, ინდივიდუალურ განვითარებას აფერხებს. ნორმების გამო ადამიანი სექსუალობის განვითარების რომელიმე ეტაპს ვერ გადის, ან გადის, მაგრამ დიდი წნეხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რეპრესიისა და აკრძალვების ნორმები ჭარბობს, მეორე უკიდურესობაც ასევე საშიშია, თუკი ის ნორმის სახეს იღებს. ჩემთვის სულერთია, რატომ ეშინია კლიენტს - რადგან ნორმაა რომ სექსი არ ჰქონდეს და მას აქვს თუ პირიქით, ნორმაა სექსი ჰქონდეს, მას კი არ უნდა. მთავარი ის არის, რომ მისი სხეულის ბუნებრივ მოთხოვნილებას გარედან შემოტანილი, მისთვის უცხო და მიუღებელი წესი არეგულირებს. მთავარი ისაა, რომ ამის შედეგად ცხვენია. მთავარი ისაა, რომ თერაპიაში ერთ-ერთი ურთულესი ამოცანა ჩნდება - სირცხვილის ამოცნობდა და თავიდან მოშორება.

მუშაობა სექსუალობასთან

აქედან გამომდინარე,

სექსულობასთან მუშაობის პირველი პრინციპია, რომ სექსუალური ნორმები არ არსებობს. თერაპევტმა კლიენტს ამ საჩოთირო საკითხში კომფორტულად საუბრის, გახსნის საშუალება უნდა მისცეს.

აქვე დავამეტებ, რომ ნორმების არ არსებობა ნებისმიერი სექსუალური გამოხატულობის მიღებას არ გულისხმობს. ძალადობა, სხვა ადამიანის სხეულის უპატივცემულობა და მრავალი სხვა ჯანსაღ მოვლენად არ ითვლება და თერაპევტი ვალდებულია თანამედროვე ეთიკისა და კანონმდებლობის ფარგლებში დარჩეს.

კარგი ამბავი კი ალბათ ის არის, რომ მოუხედავად ამ გაუცნობიერებელი, ჩვენს თავებსა თუ გულებში ჩაბუდებული ინტროექტებისა (იხ. განმარტება), სექსუალობის თავიდან აღმოჩენისა და კვლევის რესურსი უმრავლესობას გააჩნია. თუმცა, ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია.

ბოლოს პიროვნულ ნოტაზე დასრულება მიყვარს: ეს ყველაფერი  დიდი ხანია ვიცი, ბევრ ჭკვიან წიგნში წამიკითხავს, მაგრამ გაცნობიერება, აი, ჭეშმარიტი გეშტალტური გაცნობიერება, სხეულით, თავით, გულით, რწმენითა და შეხედულებებით ერთი არანორმატიული ქალბატონის დამსახურებაა, ოჯახური თერაპიის ტრენინგის დროს შესვენებაზე რომ გამესაუბრა. ისე, ჩვეულებრივად, დაქალურად.

ალბათ უნდა დამენახა, რომ არსებობენ უფროსი, გათხოვილი, წარმატებული ქალები, რომლებსაც საკუთარი სექსულობის არც ეშინიათ და არც რცხვენიათ. რომ სექსუალობა ჩვეული მოვლენაა და მაინცა და მაინც საზოგადოების წინააღმდეგ ამხედრებას და მუდმივ ბრძოლას არ მოითხოვს. რომ ჩემთვის ის პიროვნული განვითარების ფაქტორიდან ადამიანის უფლებების სფეროში გადავიდა და „საკითხად“ გადაიქცა.

რომ ის ინდივიდუალური და განსხვავებულია.

რომ სექსულობა, ისევე როგორც ჩვენი ფსიქიკის ნებისმიერი ფუნქცია, განვითარებას მოითხოვს.

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები