ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი qeti221

იტალიელები საბანკო საქმის სათავეებთან

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

იტალიელები საბანკო საქმის სათავეებთან

იტალიამ შუა საუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაში თანამედროვე მსოფლიოს მემკვიდრეობად დაუტოვა არა მარტო ლიტერატურის და ხელოვნების შედევრები, არამედ უახლესი საბანკო ოპერაციების საფუძვლები. სწორედ იტალიაში იღებს სათავეს თანამედროვე ვაჭრობის და საბანკო საქმიანობის ორგანიზაციის ფორმები, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას მოდიფიცირებული სახით.

ლიტერატურაში ტერმინ „ბანკის“ წარმოშობის შესახებ 2 ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ფულის გადამცვლელები ისხდნენ თავიანთ „კონტორებში“ თავისებურ ფარდულში ხის სკამზე. ძველი ინგლისური სიტყვა „bank” აღნიშნავს სკამს. როცა გადამცვლელს ამხელდნენ თაღლითობაში განრისხებული კლიენტები ხშირად ამ სკამს ამტვრევდნენ. სიტყვათა შეთანხმება - „bankerotta” - ბანკროტი ნიშნავს „დამტვრეულ სკამს“, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა „გაბანკროტება“. მეორე ვერსიით, სიტყვა „ბანკი“ სათავეს იღებს იტალიური “banka”-დან, რომელიც აღნიშნავდა XII ს-ში გენუაში საპორტო ბაზარზე მაგიდებს, ხოლო გადამცვლელებს ეწოდებოდათ „banchieri”.

საბანკო საქმე აღმოცენდა და განვითარდა კაპიტალის ბაზაზე, რომელსაც მოაქვს მოგება. სამევახშეო კაპიტალის განვითარებამ სათავე დაუდო საბანკო საქმეს.

უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ უძველეს დროში არსებობდა ზოგიერთი დაწესებულება, რომელიც ბანკების ფუნქციებს ასრულებდა. ასეთი დაწესებულებები მოქმედებდნენ ბაბილონში, ძველ საბერძნეთში, ეგვიპტესა და რომში. ისინი ასრულებდნენ სხვადასხვა ოპერაციებს, კერძოდ: ყიდვა-გაყიდვაზე და გადასახადზე საკომისიო ოპერაციებს, ყოველივე ეს ხდებოდა კლიენტთა ხარჯზე კრედიტების გაცემითა და გარიგებებით. ასე მაგ., ძვ.წ VIII ს-ში ბაბილონის ბანკები იღებდნენ ფულად ანაბრებს, იძლეოდნენ კრედიტებს და გამოსცემდნენ საბანკო კრედიტებს - „გუდუ“-ს.

თანამედროვე გაგებით, პირველი ბანკი (Banco di San Giorgio - წმინდა გიორგის ბანკი) დაარსდა 1407წ. გენუაში და მსოფლიოში უძველეს ბანკად ითვლება. ამ ბანკის შექმნასა და მართვაში გენუის წარჩინებული ოჯახები იყვნენ ჩართულნი, მათ შორის გრიმალდები. ქალაქ-რესპუბლიკის ოლიგარქებსა და ბანკის მმართველ ოჯახურ კლანთა შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა. შესაბამისად, ბანმა ეტაპობრივად პოლიტიკური დავალებების შესრულება იწყო. ბანკს ხელმძღვანელობდა 4 კონსული. იარსება 1805წ-მდე, ნაპოლეონის შემოსევის შედეგად არსებობა შეწყვიტა. 1472წ. დაარსდა უდიდესი საკრედიტო ინსტიტუტი (Banca Monte dei Paschi di Siena), რომელიც უძველესია მსოფლიოში და დღესაც არსებობს. იგი ქ.სიენას ცენტრში მდებარეობს, 32800 თანამშრომელი ჰყავს და აქვს ფილიალები მსოფლიოს მაშტაბით.

საერთაშორისო ვაჭრობის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა საგადამცვლელო საქმე. მონეტების სიჭრელემ და მისი გაფუჭების არცთუ იშვიათობამ განაპირობა საგადამცვლელო დაწესებულებების აღმოცენება, რომლებიც სპეციალიზებულნი იყვნენ არა მხოლოდ ფულის გაცვლაში, არამედ ექსპერტიზაშიც, რაც მონეტაში ძვირფასი ლითონის შემცველობის განსაზღვრას გულისხმობდა. ასე რომ, საგადამცვლელო კონტორა ბანკის წინამობედად იქცა. შესაბამისად, საბანკო საქმის განვითარების ამოსავალი პოზიციები შუა საუკუნეების იტალიაში გადამცვლელთა საქმიანობამ განსაზღვრა.

შუა საუკუნეებში ბანკირთა მომსახურება ძალზედ გაიზარდა. ბანკირები ეწეოდნენ არა მარტო ფულის გაცვლას, არამედ კლიენტის ანგარიშების წარმოებას, ასევე უნაღდო გადახდასაც. „აღმოცენდა განსაკუთრებული საბანკო ოპერაცია ე.წ. ჯირო (იტალ.giro- წრე, მიმოცვლა): თუკი ორი პირი, რომელთაგან ერთს უნდა გადაეხადა მეორისათვის და მათ ანაბრები გააჩნდათ ერთსა და იმავე ბანკში, მაშინ ბანკი ჩამოწერდა ფულის მფლობელის ბრძანებით მოთხოვნილ თანხას ერთის ანგარიშიდან და მიაწერდა მეორის ანგარიშზე. სავაჭრო კავშირების განვითარების შედეგად ასევე მოხერხებული გახდა ჟიროანგარიშები ეწარმოებინათ არა მხოლოდ მენაბრეებს შორის, არამედ სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებს შორისაც, რომელთაც ბანკში ანგარიშები გააჩნდათ“(Vaccheli, G. Storia delle Banco, Roma 2005.)

XII ს-ის დასაწყისიდან ბანკირების ანუ ფულის გადამცვლელთა როლი სულ უფრო იზრდებოდა. საბანკო საქმე სახელმწიფო ორგანოების კონტროლის ქვეშ მოექცა და მკაფიოდ იყო განსაზღვრული მისი სამევახშეო და სასუფსიდიო საქმიანობა. ხშირად ნამდვილი ბანკირები ეწეოდნენ სასუფსიდიო ოპერაციებს, აძლევდნენ სესხებს მეფეებს, ასევე კომუნებსა და კერძო პირებს, მაგრამ ეს ითვლებოდა მათი საქმიანობისგან გადახვევად და საფრთხის შემცველად. ამის აღსაკვეთად სახელმწიფო სხვადასხვა მკაცრ ზომას მიმართავდა. ფულის გაპროცენტებას  ეწეოდნენ უკვე არა მარტო ფულის გადამცვლელები, არამედ ვაჭრებიც. იტალიელები საბანკო  საქმიანობას დიდ მაშტაბებში არ ეწეოდნენ, არამედ გასცემდნენ უფრო ხშირად წვრილ კრედიტებს ყოველდღიური საჭიროებისთვის, განსხვავებით ზოგიერთი მსხვილი ვაჭარ-მევახშისგან. ზოგიერთი მსხვილი სავაჭრო კომპანია სპეციალიზაციას გადიოდა საკრედიტო ოპერაციებში, მაგ., ბონსინიორის კომპანია ქ.სიენაში XIII ს-ში. კომპანიების დიდი ნაწილი საბანკო საქმეს უთავსებდა ვაჭრობასა და მრეწველობას. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მიემგზავრებოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სადაც ახორციელებდნენ საკრედიტო ოპერაციებს (ეს ძირითადად, იტალიელებით დასახლებულ ოლქებში ხდებოდა). კომპანიების საქმიანობის გაფართოებამ წარმოშვა კაპიტალზე დეფიციტი და საჭირობა მოსახლეობისგან მოეძიათ სახსრები დეპოზიტზე. ეს უკანასკნელი კი ორი სახის იყო. პირველი სახის დეპოზიტი შეჰქონდათ მიმდინარე ანგარიშზე და გამოიყენებოდა თანხის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადასაყვანად. ასეთ დეპოზიტებს პროცენტი არ მოჰქონდა და ვაჭარი მუდმივად უკმაყოფილო იყო ბანკებით. ფულის გადაგზავნის ოპერაციისთვის ასეთი დეპოზიტების გამოყენება მკაცრად აიკრძალა ბანკების საქმიანობაში. მეორე სახის დეპოზიტის მეანაბრეები მოითხოვდნენ მაღალ პროცენტებს, რაც ნიშნავდა თანხმობას ბანკის მიერ ამ სახსრების გამოყენებაზე სარისკო ოპერაციებში. ყველაზე მომგებიანი ოპერაციები კომპანიებისა გახდა კომუნებზე პროცენტით გაცემული სესხები. შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი სესხებზე XIII-XIV სს-ში 7-8%-ს შეადგენდა, ხანდახან 12%-დან 18%-მდე იწევდა. იძულებითი სესხის დროს შემოსავალი 5% იყო (იძულებითი სესხის გაცემის დროს კერძო პირებისგან მოითხოვდნენ ბანკები გარანტიას მოძრავი ან უძრავი ქონების სახით, არსებობდა თავმდების ინსტიტუტიც). XIV ს-ის დასაწყისში ფლორენციაში ჩვეულებრივ სესხზე პროცენტი 10-15 შორის მერყეობდა, რადგან გაიზარდა ფულის მიმოქცევა და მევახშეობის წინააღმდეგ კანონები გამკაცრდა. XV ს-ის ბოლოს ფლორენციის ბანკებში პროცენტებმა 20-30% ნიშნულს მიაღწია, თუკი ბანკებში ოპერაციებს ებრაელები აწარმოებდნენ. პროცენტების აღების მთავარ მოწინააღმდეგედ გამოდიოდა სქოლასტიკური მიმდინარეობა და კანონიკური სამართალი. სქოლასტიკოსები მისდევდნენ მოციქულთა მოძღვრებებს, რომლებიც ფულს არამწარმოებლურად მიიჩნევდნენ, ანუ მათი აზრით ფული ვერ დაბადებდა ფულს. კათოლიკური ეკლესია მოითხოვდა ფულის სესხებას ყოველგვარი პროცენტის გარეშე (ეს გასაგებიცაა, უმაღლეს საეკლესიო პირებს ხომ ხშირად უხდებოდათ სესხების აღება!). სწორედ ამიტომ, შუა საუკუნეებში საბანკო საქმიანობა ძირითადად ებრაელების პრეროგატივას წარმოადგენდა. ბანკირების ცხოვრება არ იყო ია-ვარდებით მოფენილი, მათ არაერთი სირთულის გადალახვა უხდებოდათ აღნიშნულ პერიოდში. რომის პაპმა ალექსანდრე III-მ 1179წ. ლატერანის III საეკლესიო კრებაზე გამოაცხადა, რომ ისინი ვინც პროცენტებს აიღებდნენ, ზიარებას მოკლებულნი იქნებოდნენ. იტალიელი ბანკირები გააძევეს საფრანგეთიდან ლუი IX წმინდას (მათ ერთი თვე მისცეს მეფეს ვალების დასაბრუნებლად) და ფილიპე IV ლამაზის დროს (1291წ. გააძევა მან იტალიელები ფრანცისკანელი ორდენის ბერების მოთხოვნით, რომლებსაც თავად სურდათ ფულადი საქმიანობა საფრანგეთში.) 1240წ. ინგლისის მეფე ჰენრი III-მ გააძევა ისინი. 1250წ. ისევ დაბრუნდნენ პაპის მოთხოვნით, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გააძევა (სესხებმა ინგლისის მეფეები იქამდე მიიყვანეს, რომ ფაქტობრივად საბაჟო გადასახადის მოსაკრებლები მთლიანად იტალიელთა ჯიბეებში მიდიოდა, გარდა ამისა ისინი სარგებლობდნენ განსაკუთრებული პროტექციით. თავის მხრივ, იტალიელთა ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისის მეფეებმა შეძლეს უექსის დაპყრობა, შოტლანდიის ხელში ჩაგდება, ხოლო შემდეგ ასწლიანი ომის დაწყება). საიტერესოა, რომ დევნილი ბანკირები ყიდულობდნენ უკან დაბრუნების უფლებას და ეს ხელისუფლებისთვის ერთგვარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. საფრანგეთში სპეციალური გადასახადი არსებობდა იტალიელი ბანკირებისთვის, რომელსაც ლომბარდელები ეწოდებოდა. ფრანგი ბარონები, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიდიოდნენ, იღებდნენ სესხებს მათგან. გენუელმა ბანკირებმა ლუი IX წმინდას ჯვაროსნული ლაშქრობისთვის 48,2 ათასი ტურინული ლირა, 280 პროვანსული ლირა და 1224 ბიზანტიური მონეტა ასესხეს. როგორც წესი არასტაბილური იყო მსხვილი ბანკების მდგომარეობა. არავინ იცოდა, მეფე მოისურვებდა თუ არა (უფრო-არა!) ვალის დაბრუნებას, ამიტომ მსხვილი საბანკო კომპანიები ჩვეულებრივ ცოტა ხანს არსებობდნენ. XIII-XIV სს-ში აღნიშნული გარემოების გამო ბანკები გაუქმდა სიენაში, ხოლო ბარდისა (1250-1345წწ. ფლორენციის არისტოკრატია, რომლებიც უმსხვილეს ფინანსისტ-ბანკირებად იქცნენ, თანამშრომლობდნენ ჯოვანი მედიჩისთან - ფლორენციაში ჯოვანიმ მათთან ერთად დააფუძნა ბანკი 10 ათასი ფლორინის საწყისი კაპიტალით. ისინი კრედიტებს აძლევდნენ ინგლისის მეფე ედუარდ III-ს (1327-1377))და პერუცების (XIIIს-დან 1343წ-მდე ისინი უმსხვილესი ფლორენციელი ბანკირებია. მათ შექმნეს უმსხვილესი სავაჭრო საზოგადოება ევროპაში. ვაჭრობდნენ სამხრეთ იტალიასთან ხორბლით. ასწლიან ომში ინგლისის მეფე, ედუარდ III-ს აძლევდნენ კრედიტებს, რაც მათი გაბანკროტების მიზეზი გახდა) კები გააბანკროტეს ინგლისის მეფეებმა. XV ს-ში აყვავებას განიცდიდნენ მედიჩების (1255-1650წწ, უმსხვილესი ფლორენციელი ბანკირები. მონოპოლია დაამყარეს პაპის ფინანსებზე.მედიჩების ბანკს საძირკველი ჯოვანი მედიჩმა ჩაუყარა. ფლორენციაში არსებულ კლასიკური ლიტერატურის მთავარ კონტორას 16 ფილიალი ჰქონდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, ბრიუგე, ლიონი, ვენეცია, გენუა, რომი,ნეაპოლი.) პაცების (ფლორენციელი თავადაზნაურები. XV ს-ში განსაკუთრებით გააქტიურეს საბანკო საქმიანობა და დიდძალი სიმდიდრეც დააგროვეს. ცნობილია მათი მტრობა მედიჩებთან.ისინი მონაწილეობდნენ ძმების,ჯულიანო და ლორენცო მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულებაში), სტროცების (1255-1650წწ. ფლორენციელი ბანკირები, რომლებიც XIVს-ში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობით ისინი მედიჩებს უპირისპირდებიან) საბანკო სახლები. კერძო ბანკების ნაცვლად წინა პლანზე წამოიწიეს სახელმწიფო ბანკებმა თავდაპირველად სიცილიაში, ნეაპოლში, რომში, გენუაში, მილანსა და ვენეციაში. წვრილი მევახშეებისა და ებრაელების წინააღმდეგ ბრძოლამ იტალიაში გამოიწვია საკრედიტო ქველმოქმედი დაწესებულებების შექმნა (მონტიდიპიეტა). 1270წ. ვენეციაში პირველი საბანკო კანონი გამოჩნდა, რომელიც ავალდებულებდა ბანკირებს სავაჭრო კონსულთან 3 ათასი ლირის ოდენობის თანხა ბე-ს სსახით შეეტანათ. 1318წ. ბეს ოდენობა 5 ათას ლირას გაუტოლდა. კიდევ უფრო მძიმე კანონი მიიღეს 1374 წელს, რომლითაც ბანკირებს ეკრძალებოდათ რკინით, ფოლადით, სპილენძითა და ვერცხლით სარისკო ვაჭრობა. მართალია ეს კანონი 1380წ. გაუქმდა, მაგრამ აკრძალვა სპილენძით და ვერცხლით ვაჭრობაზე უცვლელი დარჩა. 1403წ. ახალმა კანონმა ბანკირებს მისცა უფლება ეწარმოებინათ სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც არ აღემატებოდა 1,5-ჯერ მთავრებისთვის მიცემულ ფულად სესხს. შედეგად, ბანკირები თავისი კლიენტების მსხვილ ანაბრებს სესხად აძლევდნენ მთავრობას.  XV ს-ში მთავრობა საბანკო საქმის ყველა დეტალში ჩაერია. 1455წ. ბანკირებისთვის საწყისი კაპიტალის ოდენობა 20 ათას დუკატამდე გაიზარდა, 1526წ. კი 25 ათას მიაღწია. საბოლოო ჯამში ამ დადგენილებებმა საბანკო სფეროში წესრიგი ვერ უზრუნველყო, დაეცა ვენეციის კერძო ბანკები ვაჭრობაში სარისკო ოპერაციებისა და მთავრობაზე უზარმაზარი ფულადი სახსრების გაცემის გამო.

იტალიაში საბანკო საქმიანობის ყველაზე მსხვილი ცენტრები განთავსებული იყო ტოსკანის ქალაქებში. XIII ს-ში პირველი ადგილი სიენას, ხოლო შემდეგ ფლორენციას ეჭირა. იტალიელთა ჰეგემონია საფინანსო სფეროში დიდწილად ემყარებოდა მათ მიერ ორგანიზაციური ფორმების შემუშავებას. მათ გამოიგონეს და იყენებდნენ ვექსელებს (რეგულარულად ეწეოდნენ საბაზრო ფასების მიხედვით ვექსელთა ყიდვა-გაყიდვას, სპეციალური კურიერები ახორციელებდნენ ქალაქებს შორის კონტაქტებს. ამის წყალობით ფლორენციამ შეძლო სხვადასხვა სავალუტო კურსის დადგენა,კოტირება. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მედიჩთა საქმიანობის ძირითადი ასპარეზი იყო. იტალიელი სპეციალისტის დე როვერას ანგარიშით, საშუალო მოგება მსგავსი ოპერაციებიდან 14%-ს შეადგენდა, რაც ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას შეესაბამებოდა), ქვითრებს, ზეპირ და წერილობით ორდერებს და სხვ. საქმიან ქაღალდებში ზოგჯერ გვხვდება ხელმოწერები ვექსელსა და ქვითრებზე. ეს, ინდოსამენტოს პრაქტიკა საყოველთაო გახდა XVII ს-ის დასაწყისიდან. XIV-XVI სს-ის მიჯნაზე კი ფლორენციელები გარიგებების დადებისას მიმართავდნენ ნოტარიუსთა დახმარებას. უნდა აღინიშნოს, რომ მრეწველობაში მაშინ კაპიტალის უფრო ნაკლები ინვესტირება ხდებოდა, ვიდრე საბანკო საქმეში განსხვავებით თანამედროვეობისგან. 1402წ. მედიჩებმა დაარსეს მაუდის საწარმო 3 ათასი ფლორინის კაპიტალით, ხოლო 1408წ. მეორე საწარმო - 4 ათასი ფლორინით. საშუალო სიდიდის საწარმოებში ჩვეულებრივ 1000-2000 ფლორინის ინვესტირებას ახდენდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ფინანსურ სფეროსა და ვაჭრობაში იტალიელები უარს არ ამბობდნენ გარიგებებზე, რაც ცხადია მომგებიანი იქნებოდა. მოგებაზე ორიენტირება დღესაც უცვლელია და ასევე დარჩება მომავალშიც. ასეთი მოგებები კი იწყებოდა წვრილი სესხებიდან და მთავრდებოდა მსხვილი სავალუტო ოპერაციებით, რაც დღესაც ასეა.

                                                                                                                                         ქეთი დობაძიშვილი

 

ლიტერატურა:

  • Brucker G.A  Firenze nel Rinascimento, Firenze, 1981. P. 65.
  • Vaccheli G, Storia delle Banco, Roma, 2005.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები