ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი qeti221

ბანკირი ილია ჭავჭავაძე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

                                               ბანკირი ილია ჭავჭავაძე

“ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“(ილია ჭავჭავაძე)

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსების იდეა საგლეხო რეფორმის პერიოდში წარმოიშვა. ამ დროს ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, დიმიტრი ყიფიანი იყო, რომელიც ცხადია, იცავდა მათ ინტერესებს და თვლიდა, რომ შექმნილ ვითარებაში თავადაზნაურობისთვის სწავლა-განათლება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ის მოუწოდებდა თავადაზნაურობას, რომ სახელმწიფოსგან ყმების განთავისუფლებისთვის მიღებული თანხის მეხუთედი გაეღოთ და შექმნილიყო ბანკი, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულების იქნებოდა და სწორედ მათ სწავლა-განათლების საქმეს მოხმარდებოდა მისი ფინანსები. უნდა აღინიშნოს, რომ დ. ყიფიანს აღნიშნული ბანკი წარმოედგინა ისეთ საკრედიტო დაწესებულებად, რომელიც თავადაზნაურობაზე სესხს გასცემდა დაბალი პროცენტით, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ბანკი დამგირავებელს მამულს არ გაუყიდიდა, იგი დროებით ბანკის საკუთრებაში გადავიდოდა და სესხის დაფარვის შემთხვევაში იგი პატრონს დაუბრუნდებოდა. ბანკის წესდების შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტის წევრი ა. ზუბალაშვილი, დ. ყიფიანის წესდების პირველ პროექტზე სავსებით სწორად შენიშნავდა, რომ გამდიდრების, ანუ კომერციული წესი ყველა ბანკს აერთიანებს. კომერციულ და საზოგადოებრივ ბანკს შორის განსხვავება მხოლოდ ბანკის მოგების განაწილებაშია, ანუ მხოლოდ მიზანში და არა საშუალებებში. ბანკში დაგირავებული მამულის გაუსყიდაობის იდეა მას უმაღლეს ჰუმანიზმად მიაჩნდა, ამავე დროს თვლიდა, რომ პრაქტიკაში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ბანკი, რომელიც ამ პრინციპით დაიწყებდა მუშაობას მალევე გაკოტრდებოდა.[1] მოკლედ, დიდი დავიდარაბის შემდეგ, ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა ბანკის წესდება 1874წ. 28 მაისს (ილიას ერთი წელი მოუწია პეტერბურგში ყოფნა და ყელის გამოწევა რუსი მაღალჩინოსნებისთვის, რათა როგორმე დამთავრებულიყო ეს ხელოვნურად გაჭიანურებული საქმე.)[2]

1874წ. 5 სექტემბერს ტფილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრებამ ილია ჭავჭავაძე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია. ის 32 წლის განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ბანკს. 1875წ. 15 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა ბანკი და საკრედიტო ოპერაციების წარმოებას შეუდგა.[3]

ქართველი თავადაზნაურები საადგილმაულო ბანკებს (ტფილისის და ქუთაისის) განიხილავდა, როგორც მუქთად ცხოვრების საშუალებას, უგულებელყოფდა საკრედიტო ვალდებულებათა მკაცრ კანონებს. იცოდა რა ეს ილია ჭავჭავაძემ, ის თავიდანვე აფრთხილებდა მათ, რომ „ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენი ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთა, რომლებიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზე ფაფუკი ხელები დაუკრეფიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან, მასვით და მაჭამეთო“(გაზ.“დროება“, 1875, #15)

ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა 3 კატეგორია არსებობდა. პირველში შედიოდნენ ისინი, რომელთაც 20% შეიტანეს იმ თანხიდან, რაც ყმების განთავისუფლების სანაცვლოდ გამოუყო მათ მთავრობამ (სულ 73 239 მან. და 31 კაპ.). მეორე კატეგორიას ქმნიდა თავადაზნაურობის ის ნაწილი, რომელთაც უფლება მიეცათ უსახსრობის გამო, მთავრობისგან მიღებული თანხის 5% გაეღოთ, თანაც ეს თანხა ბანკის ანგარიშზე 10 წლის განმავლობაში უნდა შეეტანათ, ამასთან თანხის პირველი ნაწილი ბანკის გახსნის პირველ თვეს ანუ თებერვალში უნდა შეეტანათ (სულ 20 ათას მანეთზე მეტი). მესამე კატეგორიას კი ის თავადაზნაურობა შეადგენდა, რომელსაც მთავრობისგან არანაირი საკომპენსაციო თანხა არ მიუღიათ, რადგან მათ ყმები არ ჰყავდათ და შესაბამისად, ვერავის გაათავისუფლებდნენ, ამიტომ მათ ნება დართო ბანკმა ძირის თანხად შეეტანათ საკუთარი უძრავი ქონების წმინდა შემოსავლის 10%. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დამფუძნებელი ხდებოდა მემამულე, თავადაზნაურთა სამაზრო წინამძღოლების მიერ გაცემული მამულის შემოსავლიანობის მოწმობის საფუძველზე. ხშირად მოცემულ მოწმობებში შემოსავალი ზუსტად არ იყო განსაზღვრული. ამ შეუსაბამობის გამო, მოხდა ისე, რომ მესამე კატეგორიის დამფუძნებელთა უმრავლესობამ ბანკში ჩადო „კაპიტალი“ 1-დან 2 მანეთამდე (სულ 2160 მან. და 52 კაპ.) მთავრობამ ბანკის დაარსებისთვის  ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობას უწყალობა 160000 მანეთი.

წევრი-დამფუძნებელის სიკვდილის შემთხვევაში მისი უფლებები მემკვიდრეებზე გადადიოდა და იყო შემთხვევებიც, როცა ოჯახიდან გამოყოფის შემდეგ, დამფუძნებლის სრულწლოვანი შვილიც აღნიშნული უფლებით სარგებლობდა.

თავდაპირველად, ბანკის მუშაობა მეტად შეზღუდული იყო მთავრობის მიერ, რომელმაც ლიმიტები დააწესა კრედიტების (უძრავი ქონების დაგირავებით) მოცულობაზე და სხვ. ბანკი ტფილისის გუბერნიის მაშტაბით გასცემდა კრედიტებს (1874წ. წესდებით). 1881წ. 17 თებერვალს წესდებაში მოხდა ჩასწორება. შემოიღეს ურთიერთთავდებობის წესი. ამასთან ბანკის მოქმედების არეალში შევიდა ქუთაისის, ერევნის, ბაქოს, ელიზავეტოპოლის გუბერნიები, ასევე სოხუმის სამხედრო განყოფილებაც, 1891 წლიდან კი უკვე ბათუმიც. ბანკმა გირაოს ფურცლების გამოშვების სრული უფლება მიიღო და საგრძნობლად გაიზარდა საკრედიტო ოპერაციები. რაც მთავარია, ილია ჭავჭავაძემ  მიაღწია იმას, რომ ბანკის ფინანსური მომსახურება თუ მხარდაჭერა შეეხო ქართველ მრეწველებს, ვაჭრებს, გამდიდრებულ გლეხებს უძრავი ქონების დაგირავების საფუძველზე. 1881 წლიდან უკვე ბანკის წევრებად ითვლებოდნენ არა მარტო ბანკის დამაარსებლები, არამედ მთელი საოპერაციო რაიონის მსესხებლებიც (მივიღეთ ორი კატეგორია: დამაარსებლები და მსესხებლები.)

ბანკის წესდების მიხედვით, სესხი გაიცემოდა მიწებზე და ქალაქში მდებარე უძრავ ქონებაზე, ხოლო ვისაც მიწების დაგირავება სურდა, ბანკში უნდა წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: მოწმობა, გაცემული სამსაჯულო ნოტარიუსისგან, რომ დაგირავებული მამული სესხის ამღებს ეკუთვნოდა და რომ მასზე არავითარი დავა, ძიება არ არსებობდა, გეგმა, თუკი ჰქონდა ასეთი რამ სესხის ამღებს, მამულის დაწვრილებით შედგენილი დაფასებითი აღწერილობა. ხოლო ვისაც საქალაქო შენობების დაგირავება სურდა უკანასკნელი საბუთის გარდა უნდა წარმოედგინა ცეცხლისაგან უშიშარმყოფელ საზოგადოებაში აღებული ფურცელიც (ე.ი ამოწმებდნენ შენობის დაზღვევას ცეცხლისგან).

ბანკი გასცემდა მოკლევადიან და გრძელვადიან სესხს. მოკლევადიანი ნაღდი ფულით, ხოლო გრძელვადიანი გირაოს ფურცლებით გაიცემოდა. სესხის ამღებთ უფლება ჰქონდათ ეზრუნათ გირაოს ფურცლების გასაღებაზე საბაზრო ფასებში და აეღოთ ყოველ 100 მანეთიდან გირაოს ფურცელზე 25 კაპიკი. გრძელვადიანი სესხი გაიცემოდა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც 200 მანეთზე ნაკლებად არ შეფასდებოდა შემფასებელი კომისიის მიერ (იმავდროულად დამოუკიდებლად ხდებოდა შეფასება ბანკის გამგეობის მიერ). მოკლევადიანი სესხი კი იმ უძრავ ქონებაზე გაიცემოდა, რომელიც 200 მანეთზე ნაკლებად შეფასდა. სესხად მიეცემოდა 60% დანაფასისა საქალაქო უძრავ ქონებაზე, 50% - სასოფლო მამულებზე და 40% ვენახისა და ხეხილის ბაღებზე, რომელნიც მხოლოდ მოკლე ვადით სესხში მიიღებოდა. სესხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 1-დან 3 წლის ვადაში. წესდებაში ნათქვამი იყო, რომ ვისაც ბანკში ქონება ჰქონდა დაგირავებული, იმას შეეძლო, რომ ფული ბანკის ხელიდან პირდაპირ თავის კერძო მოვალეთა ან სახელწიფო საკრედიტო დაწესებულებების საშუალებით გადაეცა.

თუ სესხის დაფარვა თავის დროზე არ მოხდებოდა, ბანკი მოვალის ხარჯზე გაზეთებში აცხადებდა დაგირავებული ქონების გაყიდვას ვაჭრობის დღის აღუნიშნავად. ამის შემდეგ ცხადდებოდა სავაჭროდ დანიშნული დღე. მსესხებელს უფლება ჰქონდა გაყიდვის დღემდე დაეფარა სესხი (ვალის გადაცილებისათვის ერთგვარი ჯარიმა და მამულის სავაჭროდ გამოცხადებაზე დანახარჯი), რითაც საჯარო ვაჭრობით გაყიდვისაგან იხსნიდა თავის მამულს. თუ პირველი საჯარო ვაჭრობით მამული არ გაიყიდებოდა, ორი კვირის შემდეგ მეორე ვაჭრობა უნდა გამოცხადებულიყო, ხოლო თუ მეორე ვაჭრობის დროსაც არ გაიყიდებოდა, მაშინ მამული გადადიოდა ბანკის სრულ მფლობელობაში, რომელიც 6 თვის განმავლობაში უნდა გაეყიდა.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პირველი ქართული ბანკის დამაარსებლების, მათგან კი უპირველესად ილია ჭავჭავაძის, მიზანი იყო არა გამდიდრება, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების, საჭიროებების ფინანსური მხარდაჭერა, მოკლედ ეროვნული საქმის კეთება, რასაც აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი ილიას ძალისხმევით ასე წარმატებით ახერხებდა. ბანკთან შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი „საერთო-სასარგებლო კაპიტალის“ სახელწოდებით, რომლის პირდაპირი დანიშნულება იყო ქართული სკოლების, საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, სხვადასხვა ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის ფულადი დახმარება. ბანკის პირველი წესდების (1874წ.) მიხედვით აღნიშნულ ფონდში გადაირიცხებოდა წმინდა მოგების 40%, ხოლო 1881 წლიდან - 35%. ბანკმა ილიას 32 წლოვანი ხელმძღვანელობის პერიოდში სულ 2 მილიონამდე თანხა გასცა სხვადასხვა საზოგადოებრივ საჭიროებაზე. თუ რა დიდი ბრძოლა უხდებოდა ილიას ბანკის მოგებიდან თანხების გაცემაზე, კარგად ჩანს 1888 წლით დათარიღებული ერთ-ერთი კრების ოქმიდან. საქმე ეხებოდა ქართული თეატრისა და მისი შენობის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის საკითხს. წინა წელს კრებამ გადაწყვიტა ქართულ თეატრს დახმარებოდა 30 ათასი მანეთით. ილიამ კი გასცა 100 ათასი. კრებაზე მეტად გაცხარდნენ ზედამხედველობის კომიტეტის წევრები, რომლებიც ადანაშაულებდნენ ბანკის გამგეობას, პირველ რიგში კი ილიას და აცხადებდნენ, რომ ზედმეტად გაცემული თანხა დამფუძნებლებზე უნდა გადანაწილებულიყო და ილიამ თავის უფლებამოსილებას ბოროტად გადააჭარბა. ილია ჭავჭავაძის მხარდასაჭერად გამოვიდა მხცოვანი პოეტი რაფიელ ერისთავი. ბოლოს სიტყვა აიღო ილიამ და მიმართა კრებას შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ წინადაც გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ თეატრს დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყოველმა ქართველმა შეძლებისამებრ ხელი უნდა მოუმართოს, სახელი და დიდება თბილისის ბანკს, რომ ქართული თეატრი საზოგადო საქმედ სცნო და ფული გამოუყო... მიგვინდია თქვენი განაჩენი მასზე, წავახდინეთ თქვენი მინდობილი საქმე თუ გავაკეთეთ“. ილიას ამ ნაბიჯს  კრებიდან 62 წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 10 აღმოჩნდა. ილია ყოველხრივ მხარში ედგა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით შეიქმნა 1879 წელს და 1885წ. ილია აირჩიეს მის თავმჯდომარედ. 1878წ. ბანკის გამგეობამ ამ საზოგადოებას 11 ათასი მანეთი გამოუყო, რამაც დიდი აყალმაყალი გამოიწვია. ილია ამის შესახებ წერდა: „...“რაო და რისთვისაო“ ყვიროდნენ წინდაუხედავად ზოგი სხვისი წაქეზებით, ზოგი საკუთარი თაოსნობით. „განა ჩვენ კი შვილები არ გვყავსო, თუ გაზრდა საჭიროა ჯერ ისინი გავზარდოთ, გარედ ტაბლას რა უნდაო“, და სხვანი და სხვანი. ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი გლეხი თუ თავადი ძმად და შვილად არ მიგვაჩნდეს. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა. თავადაზნაურობა კი გამოსულა და იძახის მე და სხვა არაო, ბატონებო, თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით, თქვენი „მე“ თუნდ იყოს და თუნდ არა თავს მაგისთვის ძალიან არავინ შეიტკივებს“[4]

ცალსახაა, რომ ილია, მის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა. ოპოზიციური გამოსვლები მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ ბანკის დაარსების დღიდან დაიწყო, როცა დამფუძნებლების გარკვეულმა ჯგუფმა იგრძნო, რომ ილიას ხელმძღვანელობით მოქმედ ბანკს თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებდა. გაისმოდა მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკს კრედიტების გაცემა გაეიოლებინა, გირაოში ჩადებული მამულების შეფასებისას შეერბილებინა მოთხოვნები და თუ ვინმე დროზე ვერ დააბრუნებდა სესხს არ მოეხდინათ გირაოში ჩადებული მამულის საჯაროდ გაყიდვა, ამასთან სესხზე სარგებელი ძალიან დაბალი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები და ბრალდებები ილიას მიმართ, რომელიც მის არაკომპეტენტურობას და უნიათობას ეხებოდა სრულიად  უსაფუძვლოა. ბანკს არ ჰქონდა რაღაც საოცარი პირობები საკრედიტო ოპერაციების წარმოებისას, სესხის დასაფარად საკმარისზე მეტ დროს აძლევდა ბანკი მსესხებელს, თანაც ვადის გასვლის შემდეგაც ჰქონდა მას გარკვეული შანსი გაყიდვისგან ეხსნა საკუთარი ქონება (დეტალურად „ბანკობიადა“-ს შესახებ ქვემოთ ვისაუბრებ).

1881 წელს ილიას საბანკო პოლიტიკის წინააღმდეგ დ. ყიფიანი ილაშქრებს. ბრალდებები ილიას მისამართით ნაირ-ნაირია. კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ილიამ მეტად დასაბუთებულად (ტრადიციისამებრ!) უპასუხა ოპონენტებს: „თუ რა ეშველება გაიაფებას, ამ მხრივ უნდა ეშველოს, სხვა ყოველი უქმი ნატვრაა და უქმადაც ჩაივლის კიდეცა, თუ ერთობ ფულის ბაზარმა არ გააიაფა საზოგადო კრედიტი. ფულის ბაზარი კი ამ შემთხვევაში საერთო ეკონომიკურის მდინარეობის კანონებს ექვემდებარება და ამ კანონებზე ბანკს ხელი არ მიუწვდება არასგზით, მარტო თავისი ნებით სარგებელს ვერ დასწევს და ვერც ასწევს“. რაც შეეხება, დ. ყიფიანის და მისი მომხრეების, მოგვიანებით ივანე მაჩაბელის და მისი გუნდის მოთხოვნას, რომ ბანკს არ გაეყიდა დაგირავებული მამულები (დ. ყიფიანი და მისი მხარდამჭერები უფრო შორს მიდიან და ითხოვენ ბანკმა არათუ გაყიდოს მამული, არამედ მოუაროს, შემოსავლიანი გახადოს და ვალი დაფაროს ამით და შემდეგ იგი მემამულეს დაუბრუნოს). ილიამ ამ მოთხოვნას შემდეგნაირად უპასუხა: „აქ ამბობენ მამულები ნუღარ გაიყიდებაო... სურვილი კარგია, მაგრამ არა გამოდის რა მარტო სურვილისგან. ვინ ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ ბანკმა ფული გვასესხოს და უკან აღარ მოგვთხოვოს ხოლმე (იცინიან). უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ბანკმა ყველას უხვად მოგვაყაროს ფული, ოქროთი აგვავსოს, თუნდა არ ვთხოვდეთ კიდეც, მაგრამ ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ მაგისთანა ბანკები შეუძლებელია (ხანგრძლივი ტაშისცემაა)(„ივერია“, 1892 #110). „ჩვენი უბედურება ის არის, რომ სესხით სარგებლობა არ ვიცით. ბანკმა ყველა ჩვენგანი უნდა შეაჩვიოს ვალის პირნათლად გადახდას, როცა მოვალე ვალს არ უხდის, პირიქით ეტანება კიდეც, ამისთანა მოვალესთან გულჩვილობის გამოჩენა სწორედ გულქვაობა იქნება...კარგად ვიცი, რომ ბევრი ათასს ბრალს დამდებს ამ გულქვაობისთვის, მაგრამ მე ასეთი ბრალისა არ მეშინიან, როგორც იმ ექიმს, რომელიც ავადმყოფს არჩენს...“

ოპოზიცია, მიუხედავად მარცხისა, ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ივანე მაჩაბელი და მისი თანამოაზრენი. მან ბანკის გამგეობაც დატოვა პროტესტის ნიშნად (ილია მასთან მეგობრობდა. ერთად თარგმნეს პეტერბურგში ყოფნისას „მეფე ლირი“, ის ილია ჭავჭავაძემ თავის გაზეთში რედაქტორად მიიწვია, ბანკში მოლარე-დამფასებლად დააწყებინა მუშაობა, შემდეგ კი ბანკის ერთ-ერთ დირექტორად გაიყვანა. ამ სიკეთეზე მადლობა კი იმით გადაუხადა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციური ძალის მეთაური გახდა.) მაჩაბელმა შეადგინა და დაბეჭდა ბროშურა „თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, სადაც წერდა, რომ ყველგან და ყოველთვის ილია ხელმძღვანელი და თავმჯდომარეა და რეალურად, არსად არასდროს არაფერს აკეთებსო. ილიას ბლომად მომხრე გამოუჩნდა, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ მას დაუჭირა მხარი (ეკატერინე გაბაშვილი, მარიამ ორბელიანი, ნ. ჩოლოყაშვილი, თ. ამილახვარი, კიტა აბაშიძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.) გაიგზავნა ოპოზიციის მიერ საჩივარი პეტერბურგის ფინანსთა სამინისტროში, საიდანაც გამოიგზავნა რევიზორი დობეცკი. მან ყველაფერი შეამოწმა და ვერაფერი დარღვევა ვერ ნახა და აქეთ განაცხადა, რომ ეს ბანკი საუკეთესო და მისაბაძი არისო მთელ იმპერიაში. იგი უდაოდ მისაბაძია დღესაც და ქვეყანას ძალიან წაადგებოდა ქართულ ბანკებს მეტი ყურადღება, რომ გამოეჩინათ საზოგადოებრივი საქმის მიმართ.

ილია დაიღალა ამდენი წინააღმდეგობებით და თავის მომხრეებთან ერთად გადაწყვიტა დაეტოვებინა ბანკის გამგეობა. მან და მისმა გუნდის წევრებმა განცხადებები დაწერეს წასვლის თაობაზე. საბანკო კრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და წასვლის განცხადების უკან წაღება მოსთხოვეს ილიას, ისინი გრძნობდნენ ქართულ საბანკო საქმეს რაოდენ სჭირდებოდა ილია, რაც 1896წ. 21 ივნისის კენჭისყრის შედეგებზე ნათლად აისახა. ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ილიას არჩევას (დატოვებას) მხარი 774 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 8 წევრი (საზედამხედველო კომიტეტის წევრებიდან მომხრე - 767, წინააღმდეგი - 5.) ილიას წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გახდა (და ასეც უნდა ყოფილიყო!), როგორც უკვე აღვნიშნე ის ბანკს 32 წელი ხელმძღვანელობდა მეტად ნაყოფიერად. როცა ამ ბანკის მუშაობის კრიტიკულ შეფასებას გადავწყვეტთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: I - ეს ბანკი შეიქმნა კარგა ხნის დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოში, რომელიც რუსეთის იმპერიის კოლონიური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და საიმპერიო ძალები ყოველმხრივ ცდილობდნენ, პერიფერიები იმაზე მეტად არ განვითარებულიყვნენ, ვიდრე იმპერიის ცენტრალური ოლქები, ისეთი პროგრესული რეფორმებიც კი, როგორიც ბატონყმობის გაუქმება, სასამართლო, საქალაქო მმართველობის და სხვ. იყო, ხომ პერიფერიებში მეტად დამახინჯებული ფორმით გატარდა! II - ეს იყო პირველი ქართული ბანკი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელ ნიადაგზე შეიქმნა. პირველი ნაბიჯი ცხადია უფრო მეტ ხარვეზს შეიცავს, მეტ რისკთანაა დაკავშირებული ვიდრე მეორე, მესამე... მაგრამ ამ ბანკს იმდენად ნიჭიერი ადამიანი ედგა სათავეში ილია ჭავჭავაძის სახით, რომ საბანკო სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ეს პირველი ნაბიჯი უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა.

ამრიგად, ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ბანკის მნიშვნელობა საქართველოსთვის მხოლოდ მის მიერ გაწეული საკრედიტო-საფინანსო დახმარებით, შეწევნებით, დაკრედიტებით როდი ამოიწურებოდა. დიდმა ილიამ ბანკი გადააქცია ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების, სამშობლოს აღორძინების, მისი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ არენად.

ქეთი დობაძიშვილი

                                            ლიტერატურა:

  • ქისტაური შ.,  ილია ჭავჭავაძე დიდი ქართველი ბანკირი- ფინანსისტი, თბ., 1998.
  • თელია ა.,  ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე, თბ., 1989.
  • ასათიანი ი.,  ილია ჭავჭავაძე  და თბილისის ქართული სათავადაზნაურო ბანკი,  თბ., 1994.

[1] იგივეს ფიქრობდა მ. მამაცაშვილიც, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ბანკის დაარსების თავგამოდებული მომხრე იყო.

[2] ილია წერს:“ჩვენი ბანკის საქმე ხათაბალა გახდა. ის უფალი, რომლის ხელშიც არის ეგ საქმე, საძაგელი, უგულო და უადამიანო კაცია. თუმცა არ შეუძლიან იმდენი, რომ საქმე საბოლოოდ გააფუჭოს, მაგრამ აგვიანებს კი და პირდაპირ ყველაფრით გვაჩვენებს, რომ მაგისთანა საქმე უქრთამოდ ვერ გარიგდებაო. აბა ქრთამის მიცემა როგორ შეუძლია ჩვენს კუტრს ბანკსა, ორშაბათს ვაპირობ იმასთან წასვლას და ჩხუბსა. აქამდის ვეფერებოდი, ვეხვეწებოდი, ხელში ვუკვდებოდი მეგონა, რომ ამით იქნება დავიყოლიო მეთქი, მაგრამ ამან ყოველმა არ გასჭრა. ახლა ვაპირობ ჩხუბსა და დიდს ჩხუბსაცა. ვნახოთ, რა გამოვა, ამას წინათ ვიფიქრე, მოდი წავიდე შინ მეთქი, რისთვის ვიტანჯები და ვწვალობ მეთქი? მაგრამ შენმა  წიგნებმა კიდევ გული მომცეს და ვსთქვი: ეს ხომ ჩემგან სილაჩრე იქნება, რომ გაუთავებლად საქმე დამრჩეს; ეგ ბრძოლის ველიდამ გაქცევა იქნება და სირცხვილი მეთქი. ვინ რას მეტყვის? ხომ მიწასთან გამასწორებენ მეთქი“

[3] ნ. ნიკოლაძე, რომელიც ამ დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, გულნატკენია იმის გამო, რომ ქართულ პრესაში არაფერი ითქვა იმ ადამიანების, პირველ რიგში კი ილიას, შესახებ რომელთაც თავის მხრებზე გადაიტანეს მთელი სიმძიმით ბანკის დაარსების საქმე. „წერილები ამ ქვეყნიდან“ ის წერს:“რატომ არცერთ ადგილობრივ გაზეთში არ ითქვა არცერთი სიტყვა მოწონებისა და მადლიერებისა იმ კაცისადმი, რომლის სახელი ცნობილი იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული შეგნებული შვილისათვის და რომელმაც მოთმინებით და გონიერი შრომით შესძლო ახალი საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთი ისეთ დიდად სასარგებლო და აუცილებელი დაწესებულებისთვის, როგორიც კი ოდესმე დაარსებულა ჩვენს ქვეყანაში? რატომაა, რომ ი. ჭავჭავაძე ახლაც მარტოა, ისევ დაუფასებელია, ისევ მოკლებულია მხარდაჭერას, როგორც იმ სამწუხარო ჟამს, როცა მან დაარსა და მხოლოდ საკუთარი მხრებით ატარებდა უდროოდ დაღუპულ, მაგრამ დაუვიწყარ „საქართველოს მოამბეს“?...ზემოდნათქვამის საფუძველზე მე სულ მგონია, რომ ბანკის საქმე ისევე როგორც ადრე „საქართველოს მოამბის“ საქმე, მთელი თავისი სიმძიმით ილია ჭავჭავაძის მხრების დააწვება.“ ნიკო ნიკოლაძე მართლაც არც შემცდარა!..

[4] ი. ჭავჭავაძე,  ტ. 7. 1928წ.,  გვ.293-294.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები