ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი qeti221

იურისტი ილია ჭავჭავაძე

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

                                          იურისტი ილია ჭავჭავაძე

„მართლმსაჯულება, სამართლის ქმნა ერთი იმისთანა არსებითი საჭიროებაა, ურომლისოდაც ერთი დღეც არ შეუძლიან იცხოვროს ქვეყანამ და ერმა. ვერა ურთიერთობა ადამიანისა, ვერა კრებული მისი ერთ დღესაც ვერ გაძლებს უამისოდ. ან როგორ უნდა გასძლოს, როცა სამართლის ქმნა ერთი იმისთანა აუცილებელი, ყოვლად ძლიერი მოქმედებაა, რომეზედაც დამყარებულია მთელი სასოება და იმედი მშვიდობის მყოფობისა, ადამიანის ღირსების; სახელის, ოჯახის და ქონების სარჩელისა და მფარველობისა.“ „სამართალი იმისთანა რამ არის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს და თუ სამართალი ორ კურდღელს გამოუდგება, ვერც ერთს ვერ დაიჭერს“(ილია ჭავჭავაძე)

1857წ. 28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ის სხვადასხვა იურიდიულ დისციპლინას სწავლობდა. 1857-58 სასწავლო წელს ჩააბარა სახელმწიფო სამართალი („კარგი“) და რუსეთის კანონმდებლობის ისტორია (შეფასება ასევე „კარგი“). 1858-59 სასწავლო წელს კი ფრიადზე ჩააბარა სამოქალაქო სამართალი, ხოლო 1861წ.  რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დაწესებულებები - კარგი; რუსეთის სამოქალაქო სამართალი  და სასამართლო წარმოება - ფრიადი; კანონები ფინანსების შესახებ - კარგი.

ილიას პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი არ დაუმთავრებია. მან მე-4-ე კურსზე შეწყვიტა სწავლა, როგორც ჩანს უსახსრობის გამო, ვინაიდან არსებობს ილიას მიმართვა რექტორისადმი, რომელშიც ის ითხოვს სწავლის გადასახადისგან განთავისუფლებას და ამ მიმართვას თან ურთავს სიღარიბის მოწმობას. მე-2-ე თანრიგის სახელწიფო მოხელედ მუშაობის უფლებით ის საქართველოში დაბრუნდა. 1864წ. 10 აპრილს ის შედის სახელმწიფო სამსახურში. ამავე წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა მე-2-ე განყოფილების მომრიგებელ შუამავლად. 1868 წლის 1 თებერვალს კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით ილია გახდა დუშეთის სამომრიგებლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე, სადაც 1874 წლამდე მუშაობდა. 1875 წლის 16 ივლისს ტფილისის საოლქო სასამართლოს დადგებილებით ილია მიიღეს ნაფიც ვექილად (იგივეა, რაც ადვოკატი) (1881წ. 2 მაისს მან ტფილისის საოლქო სასამართლოს მიმართა თხოვნით გაენთავისუფლებინა ის აღნიშნული თანამდებობიდან და ილიას თხოვნა ცხადია დაკმაყოფილდა.)

ილია ჭავჭავაძის, როგორც იურისტის გასაცნობად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მის პრაქტიკულ საქმიანობას იურიდიულ სფეროში. რა ევალებოდა მომრიგებელ შუამავალს? მომრიგებელი შუამავალი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა ურთიერთობა ყმობიდან გამოსულ გლეხებსა და მემამულეებს შორის (სიგელების შედგენა, მიწის ნაკვეთის სიდიდისა და მასზე გადასახადის მოცულობის განსაზღვრა, სავარგული მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მიწების გაცვლა, მემამულეთა და გლეხთა ნებაყოფლობითი მორიგების გაფორმება და დამოწმება, გლეხებისა და მემამულეთა შორის წარმოშობილი დავებისა და მიწის ნაკვეთის ყიდვის თუ ვალდებულებითი დამოკიდებულების შეწყვეტის თაობაზე საჩივრებისა თუ სარჩელების განხილვა). მასვე შეეძლო იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც სასოფლო მმართველობის წესების დარღვევასთან იყო დაკავშირებული, ამასთან უფლებამოსილი იყო სულაც არ დალოდებოდა ამ სახის საჩივრების შემოსვლას და თუკი ინფორმაცია ჰქონდა მსგავსი დარღვევის ან დარღვევების შესახებ, ამ საქმეში თავადვე ჩარეულიყო აქტიურად. მას შეეძლო შეეფარდებინა გარკვეული სასჯელი (შენიშვნა, საყვედური, ჯარიმა 5 მანეთამდე, 7 დღით პატიმრობა) სასოფლო მმართველობის თანამდებობის პირთათვის, ასევე შეეძლო მათი თანამდებობიდან გადაყენება და სასამართლოსთვის მათი საქმის გადაცემა.

განსაკუთრებით საინტერესოა ილია მოსამართლის ამპლუაში. სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდე, მანამდე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ილიას იურიდიულ მსოფლმხედველობაზე, მის დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულებაზე და სხვ. ილიას სწამდა, რომ მართლმსაჯულება ვერ იარსებებს ისეთი პრინციპების გარეშე, როგორიცაა:1. პიროვნების და მისი კანონიერი ინტერესების ხელშეუხებლობა;2. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ (სასოფლო მმართველობის შესახებ წესდების მიხედვით მამასახლისს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს ისეთივე უფლება ჰქონდა, დაედო სასჯელი დამნაშავე პირისათვის, როგორც სოფლის სასამართლოს. წესდება არ განსაზღვრავდა, რა სახის დანაშაული ექვემდებარებოდა მამასახლისს და რა, სოფლის სასამართლოს. ამ პრინციპის წინააღმდეგ გამოდის ილია ჭავჭავაძე და მოითხოვს, გაიმიჯნოს უფლებამოსილებანი მათ შორის, უკეთესია დამნაშავის გასამართლების უფლება ჩამოერთვას მამასახლისს, როგორც ადმინისტრაციულ მოხელეს.)3. მართლმსაჯულების გამხორციელება კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისზე, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, ეროვნული და რასობრივი კუთვნილებისა, სარწმუნოებისა („ბუნება ადამიანისია, სემიტია თუ არიელი, ზანგია თუ თეთრი... ყველგან ერთი და იგივეა“.  ილია ილაშქრებს წესდებაზე სოფლის მმართველობის შესახებ, რომლის თანახმად ყველას არ ჰქონდა „უფლება ხმისა და არჩევისა“. „მე მგონია კანონი დიდისა და პატარისათვის ერთნაირი უნდა იყოსო“- ამბობდა ილია);4. საქმის წარმოება სასამართლოში დედაენაზე;5. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემოღება;6. მოსამართლეთა არჩევითობა;7. სასამართლოს დაკომპლექტება ადგილობრივი კადრებით;8. სასამართლო განხილვის საჯაროობა (მეფის რუსეთი ამას არ უშვებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სასამართლო იყო იდეალური საშუალება პოლიტიკურად არასაიმედო პირთა მიმართ რეპრესიების პოლიტიკის დაუსჯელად განსახორციელებლად. საზოგადოებას არ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა სასამართლოში);9. ბრალდებულის უფლება დაცვაზე;10. საქმის გარემოებათა სრული და ობიექტური განხილვა;11. სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოების საქმიანობაზე ქმედითი კონტროლის უზრუნველყოფა ზემდგომი ინსტანციების მიერ (შეიძლება დღეს ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამის აუცილებლობა უდაოდ არსებობდა XIX  საუკუნის საქართველოში. ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვევით.)

როგორც ვიცით, 1864წ. რუსეთში ტარდება სასამართლო რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დემოკრატიულ ყაიდაზე გარდაქმნას, რაც მეტად პროგრესულ მოვლენას წარმოადგენდა. თუმცაღა ეს პროგრესულობა ნაკლებად შეეხო იმპერიაში შემავალ დაპყრობილ ხალხებს ამ მიმართულებით, მათ შორის ქართველებს. პერიფერიებში აღნიშნული, ისევე როგორც ყველა სხვა რეფორმა მთელი ნაკლულოვანობით გატარდა. პროგრესული ეთქმოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც სიახლის მომტანი იყო და თუ როგორი სიახლის, ეს ცალკე მსჯელობის თემაა. ასე იყო თუ ისე, საქართველოში სასამართლო რეფორმის შედეგად ვერ მივიღეთ დემოკრატიული სასამართლო სისტემა, არ არსებობდა მომრიგებელი მოსამართლეთა არჩევითობა ადგილობრივი კადრებიდან, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, სასამართლოს წარმოება მშობლიურ ენაზე და სხვა და სხვა. ილია სამართლიანად შენიშნავდა: ნუთუ მომრიგებელ მოსამართლედ „კაცის შოვნა და პოვნა იაროსლავში უფრო ადვილია საქართველოსთვის, ვიდრე თვით საქართველოში?.. ნუთუ „ადგილობრივი ვითარება“ ისეთია, რომ პატიოსანი, უჩირქო ყოფაქცევის პატრონი, გამჭრიახი გონებიანი კაცი არ მოიპოვება საქართველოში და იაროსლავში კი პანტასავით ცვივა?“. მეფის მთავრობა კი ამას იმით ასაბუთებდა, რომ სამართლის წარმოებას ვერ ანდობდნენ ადგილობრივ არაკომპეტენტურ ელემენტებს (იმაზე არაკომპეტენტურ პირებს გზავნიდნენ, ვიდრე ადგილებში ეგულებოდათ!!!!) ილია, მეფის მთავრობის განცხადებას ქართველი ერის სამართლის დამოუკიდებლად წარმოებისთვის მოუმზადებლობას, შემდეგნაირად პასუხობს: ვთქვათ ჩვენი ხალხი მართლაც მოუმზადებელია, „მაშ ვინც მოუმზადებელია თავის დღეში არ უნდა მოემზადოს? ხალხს რა ამზადებს? სწავლა, ვარჯიშობა, გამოცდილება, იმ საქმეში ჩაყენება, რისთვისაც მომზადება საჭიროა... ხალხს მოსამართლის ამორჩევის ნებას არ აძლევთ და ვეუბნებით კი: ისწავლე კარგი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლეო და წყალში კი ნუ ჩახვალო“... მეფის თვითმპყრობელური რეჟიმის პირობებში არსებულ უსამართლობას, ფორმალიზმს, საქმის გაუგონრად გაჭიანურებას, დამცირებასა და აბუჩად აგდებას ემატებოდა სასამართლოში საქმის წარმოების მშობლიურ ენაზე აკრძალვაც. „რას იტყოდა რუსი ხალხი მოსკოვში, - სამართლიანად შენიშნავდა გრიგოლ ორბელიანი. - რომ ინგლისურ ენაზე გაემართათ სასამართლოები?“. აღნიშნული აკრძალვის წინააღმდეგ შეუპოვრად ილაშქრებდა ილიაც: „აბა იმაზე ცხადი და აუცილებელი რა არის, რომ მოსამართლეს მომჩივანის ენა აუცილებლად უნდა ესმოდეს, იმიტომ, რომ თავისი ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია, უფრო შეუცდომელ საბუთს აძლევს, შეუცდომელის... განაჩენისათვის. მოსამართლე და მომჩივანი, რომელთაც ერთმანეთის არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან, ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა...“საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო“... თუ მთქმელსა და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით იქ... არც განკიცხვაა და არც სამართალი“. ილიას ძლიერ აღელვებდა ის გარემოება, რომ „ ქართული ენა ყველგან გამოდევნილია... ქართულის მცოდნე მოსამართლესთანაც კი აკრძალულია ქართულად ლაპარაკი“. ამგვარად, მომრიგებელი მოსამართლეები საქართველოში ინიშნებოდნენ  ზევიდან, რუსი ჩინოვნიკების წრიდან კავკასიის მეფისნაცვლის მიერ იმპერიის მმართველ სენატთან შეთანხმებით (რუსეთში მომრიგებელ მოსამართლეს შეეძლო განეხილა სამოქალაქო ხასიათის დავები 500 მანეთის ფარგლებში, საქართველოში ეს თანხა გაზარდეს 2000 მანეთამდე. ამასთან თუკი რუსეთში მომმრიგებელი მოსამართლე ვერ განიხილავდა საქმეს უძრავი ქონების შესახებ, საქართველოში ეს შესაძლებელი იყო ამ 2000 მანეთის ფარგლებში განეხილა მსგავსი საქმეები), რომელთაც არ იცოდნენ ქართული ენა, არ იცნობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ ზნეს, წეს-ჩვეულებებს და სხვ. ამ ყველაფერს ემატებოდა თარჯიმანთა უვიცობა, რასაც ხშირად სასამართლო არასწორი გზით მიყავდა. ილია გულისტკივილით ამბობდა, რომ  „უფროა სამწუხარო, როცა სამართლის მქნელმა არ იცის ენა იმ ერისა, რომელსაც უსამართლებს და იძულებულია ამ შემთხვევაში მიენდოს უვიცს მთარგმნელსა და რასაც ამ უკანასკნელის უვიცობა ამცნობს, იმაზე დაამყაროს თავისი განაჩენი... ამ ყოფაში შესაძლებელია ყოველისფერი, გარდა სამართლის ქმნისა“. ილიას მოყავდა გერმანიის მაგალითი: გერმანია მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის გაგერმანელებით იყო დაინტერესებული, მას დაუტოვა სამართლის წარმოების უფლება პოლონურ ენაზე და რატომ არ შეიძლებოდა  საქართველოს შემთხვევაშიც ასე მომხდარიყო!.. საქმის გაჭიანურება მეფის სასამართლოში ჩვეულებრივი ამბავი იყო. ზოგჯერ საქმეების „განხილვა“ წლობით გრძელდებოდა. ყველაფერი მოსამართლის თვითნებობით იყო გამოწვეული. მას კონტროლს არავინ უწევდა, იყო ასეთი შემთხვევაც: ერთმა მომრიგებელმა მოსამართლემ საქმის გარჩევის დროს მხარეს განუცხადა: თქვენი დანიშნული მოწმეები სულ დახოცილან და ახლა რა საბუთითღა ამტკიცებთ თქვენს თხოვნასო?დალოცვილო, ისე დააგვიანე გარჩევა, რომ მიკვირს ან მე და შენ როგორღა ვართ ცოცხლებიო. - მოახსენა გულგატეხილმა მთხოვნელმა. გრიგოლ ორბელიანი, როგორც ცნობილია, 60 წელი დადიოდა ინსტანციიდან ინსტანციაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობის საქმეზე და არა და არ დაადგა საშველი. ეს მაშინ, როცა ის სარდალი, მეფისნაცვლის  მოადგილე, ბრწყინვალე თავადი იყო, რომელმაც ამ საქმეში მეფეც კი ჩარია და მაინც არაფერი ეშველა, ადვილი წარმოსადგენია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ყველა ამ წოდებას, პრივილეგიას სრულიად მოკლებულნი იყვნენ. ილიას სასამართლოს (არა ნაკლებ საგამომძიებლო ორგანოების!) უნიათობა და უმოქმედობა დანაშაულის წახალისების მიზეზად მიაჩნდა. მოწმეებს ავიწყდებოდათ ბევრი წვრილმანი, იშლებოდა დანაშაულის კვალი, საქმეს სიცხადე და საბუთიანობა აკლდებოდა, აქედან გამომდინარე შეუძლებელი ხდებოდა საქმის გარემოებათა სრული და ობიექტური განხილვა. ბევრი საკუთარი ხელით ცდილობდა სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის დასჯას, რასაც ხშირად ახალი დანაშაული მოჰყვებოდა ხოლმე. საგამომძიებლო ორგანოები უნიათობით ტოლს არ უდებდნენ სასამართლოს. გამომძიებლები დანაშაულის გამოძიებით, დამნაშავის ძებნით კი არა, საქმეზე ოქმის შედგენით უფრო იყვნენ დაკავებულნი და დაინტერესებულნი. ამიტომაც ილია არსებული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავდა, რომ გაძლიერებულიყო ზემდგომი ინსტანციების კონტროლი სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოებზე, რომ მათ სწრაფად და იაფად გამოეძიებინათ საქმე და დაესაჯათ დამნაშავეები. ეს თანაბრად შეეხებოდა, როგორც მომრიგებელ ისე საოლქო სასამართლოს. მომრიგებელ მოსამართლეს დებულებით (1866წ. 22 ნოემბერს შევიდა ძალაში) მინიჭებული ჰქონდა ერთპიროვნული სასამართლო ხელისუფლება მის სამოქმედო უბანზე და შეეხებოდა ყველა პირს, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა. მას ექვემდებარებოდა როგორც სამოქალაქო ხასიათის დავები, ისე სისხლის სამართლის დანაშაულებანი და გარდახდომილებანი, რაც განსაზღვრული იყო წესდებებით სამოქალაქო და სისხლის სამართლის სამართალწარმოების შესახებ. ამ თანამდებობაზე ინიშნებოდნენ 35 წელს მიღწეული პირები, რომელთაც ჰქონდათ უმაღლესი ან საშუალო განათლება მიღებული. ასევე ისეთი პირიც, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმსახურებდა ისეთ ადგილზე, სადაც პრაქტიკულ ჩვევებს და გამოცდილებას შეიძენდა სასამართლო საქმეების საწარმოებლად. არსებობდა ქონებრივი ცენზიც, ამიტომ მომრიგებელი მოსამართლეები როგორც წესი მიწათმფლობელთა წრიდან ინიშნებოდნენ. მომრიგებელ მოსამართლედ არ შეიძლება ყოფილიყო პასუხისგებაში ნამყოფი ან ნასამართლევი პირი იმ დანაშაულისათვის, რომელსაც ეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთა ციხეში მოთავსებით და მის მიმართ არ ყოფილა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, ასევე ის პირი, რომელიც დათხოვილი იყო სამსახურიდან ან სასულიერო უწყებიდან სასამართლოს მიერ. მომრიგებელ მოსამართლე სწლიურად ეძლეოდა 2400 მანეთი სასამართლო ხარჯების დასაფრავად, იასაულებისა და გადამწერების დასაქირავებლად, კანცელარიის შესანახად. მეტად ნაყოფიერი გამოდგა ილიას საქმიანობა მომრიგებელი მოსამართლის ამპლუაში. არაერთი საქმეა მოღწეული ჩვენამდე და თითოეული განაჩენი ილიას ახასიათებს როგორც უბადლო მოსამართლედ. თუმცა შეუძლებელია მხედველობიდან გამოგვეპაროს გლეხებისადმი უზომო კეთილგანწყობა და მფარველობა ილიას მხრიდან. ეს არ შეიძლება ნაკლად ჩავუთვალოთ მას, ვინაიდან ეს მომენტი (და არა მარტო ეს!) ილიას ახასიათებს, როგორც მეტად პროგრესულად მოაზროვნე, ჰუმანურ პიროვნებად. ილია ჭავჭავაძის ნაფიცი ვექილობის შესახებ დღესდღეობით თითქმის არანაირი ცნობა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მის ამ თანამდებობაზე მიღებას და მოგვიანებით მისივე თხოვნით დათხოვას.

შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ ილია ჭავჭავაძე ბრალდებულის სკამზე? შევძლებთ თუ ვერა ამის წარმოდგენას, ფაქტია რომ მას მართლაც მოუწია ბრალდებულის ამპლუაში ყოფნა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1895წ. გაზეთ „ივერიაში“ (#79) „ჩიორას“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი ფელეტონი სახელწოდებით: „ორი ახალი წიგნი „დაწყებითი ალგებრა“ შედგენილი ვ. რ ყიფიანისაგან და „აკაკის ნაკვესები“ შეკრებილი და გამოცემული თ.ს-ის მიერ“, რომელშიც პირველ წიგნს აქებს, აი მეორეს კი მიწასთან ასწორებს და აცხადებს, რომ ეს წიგნი საზოგადოებას რყვნისო, წიგნს ოქროს ფასი დაადოო, მაშინ როცა ერთი პაწაწინა წიგნში 6 ფურცელი საკუთარი თავის ქებას და წინასიტყვაობას დაუთმოო. სწორედ ამ თ.ს-მ უჩივლა ილიას ტფილისის საოლქო სასამართლოში. ამ საჩივრის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ილიას წინააღმდეგ სასჯელთა ზედა წესდების 1040 მუხლით. გაიმართა სასამართლო, ილიამ წარმოთქვა დაცვითი სიტყვა (ერთადერთია მის იურიდიულ პრაქტიკაში), კერძოდ „თქვენს წინაშე არის საქმე, შედგენილი ჩემზე სასჯელთა ზედა წესდებულების 1040 მუხლით. აზრი მაგა მუხლისა, ჩემთვის არის ცხადი და გარკვეული... (ვამოკლებ) მე, რა თქმა უნდა, უარს არ ჰვყოფ ჩვენი გაზეთის #79-ში დასახელებული ფელეტონის დასტამბვის ფაქტს, მაგრამ მომჩივანისთვისაც და თქვენთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ გაზეთი „ივერია“ ცენზურაქმნილია, რაც გათვალისწინებულია საცენზურო წესდებულების 61-ე მუხლში, რომლის ძალითაც იმ გარდახდომილებისათვის, რაც ეხება საფუძველთა ზედა წესდებათა, დადებულთა სტატიაში 1040, მიეცემიან სასჯელთადმი მხოლოდ ცენზორნი და არა რედაქტორნი ამა გაზეთისა“. ამ გამოსვლით შეცბუნებულ მეფის სასამართლოს რაღა დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა გაზ. „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის მიმართ. რაც ასეც მოხდა (1896წ. 7 აგვისტო)

1906წ. ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს (ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მიეღწია). ის რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო საბჭოში იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. 1906წ. პირველმა სახელწიფო სათათბირომ მიიღო კანონპროექტი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ და განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადაუგზავნა. არსებული წესის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას ფლობდა მხოლოდ სახელმწიფო სათათბირო და მისი დებუტატები. სათათბირო იღებდა კანონპროექტებს, რომლებსაც განიხილავდა სახელმწიფო საბჭო და ამტკიცებდა მეფე, რის შემდეგაც კანონი ძალაში შედიოდა. ზემოთაღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო საბჭოს წევრებს 1907წ. 27 აპრილს დაურიგდათ. ამასთან დაკავშირებით საბჭოში დიდი ამბავი იყო. საბჭოს წევრთა უმრავლეოსბა თვლიდა, რომ საბჭოში ეს საკითხი არ უნდა განეხილათ. მხოლოდ 10 დაუჭირა მხარი კანონპროექტის განხილვას, მათ შორის ილია ჭავჭავაძემ, ნ. ტაგანცევმა, მ. კოვალესკიმ და სხვ. სახელმწიფო საბჭოს მემარცხენე ფრთამ ამ საქმეზე ვრცელი მოხსენების შედგენა დაავალა ილია ჭავჭავაძეს. მოხსენების სრული დედანი დაკარგულია. პ. ინგოროყვა თვლის, რომ ილია საბჭოში 1907წ. 17 აპრილს ან 2 მაისს გამოვიდა. პროფ. ს. ჯორბენაძის მტკიცებით კი 1907წ. სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიამ 135 ხმით 12-ის წინააღმდეგ მოხსნა დღის წესრიგიდან აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და შესაბამისად, ილიასაც საშუალება არ მიეცა სიტყვით გამოსულიყო საბჭოს სხდომაზე. საინტერესოა, რომ ილიას მეუღლემ, ოლღა გურამიშვილმა გენერალ-გუბერნატორს მიმართა თხოვნით ილიას მკვლელებისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენი შეეცვალათ. ამით თავისი მეუღლის ხსოვნას უდიდესი პატივი სცა, ილია ხომ სიცოცხლეში სწორედ ამისთვის იბრძოდა! როგორც ცნობილია, ამ ფაქტმა აღტაცებაში მოიყვა დიდი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი. ამრიგად, ილია ჭავჭავაძე არა მარტო გამოჩენილი სწავლული იურისტი, არამედ შესანიშნავი მოსამართლეც იყო. ის არა მარტო აყენებდა ამა თუ იმ თეორიულ პრობლემას, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდა მას. ეჭვგარეშეა, რომ ილიას მსოფლმხედველობა უდაოდ პროგრესული და დემოკრატიული იდეებით იყო ნასაზრდოები.

ქეთი დობაძიშვილი

                              ლიტერატურა:

კევლიშვილი ნ.,  ილია ჭავჭავაძე-იურისტი,  თბ., 1970.მეტრეველი ვ.,  ილია ჭავჭავაძე დანაშაულისა და სასჯელის შესახებ,  თბ., 1983. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები