ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლია ბარნაბიშვილი

ო, ენავ ჩვენო, დედაო ენავ!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

“შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო, შენ, ყოვლისმთქმელო, ყოვლისარმთქმელო, წარსულის ძეგლო, წინგამხედავო, ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო.. შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის, იბერის ენავ, ენავ თამარის!” ასეთად აღიქვამს ქართველი თავის დედაენას.

საბჭოთა ცენზურა ყოველმხრივ ზღუდავდა და კრძალავდა იმგვარ კვლევებს, რაც ქართული ენის და დამწერლობის წინაქრისტიანულ პერიოდში არსებობას და მის უძველეს ცივილიზაციასთან კავშირს დაადასტურებდა. ხოლო 1978 წლის 14 აპრილს რუსეთი შეეცადა საერთოდ აეკრძალა ქართული ენა და საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა გამოეცხადებინა.

რა მიზნები ამოძრავებდა ჩვენს “ერთმორწმუნე, კეთილ მეზობელს და უფროს ძმას”? რუსეთმა კარგად იცოდა, რომ ქართული ენა არა მხოლოდ ქართველთა კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ქართული გონის, აზრის, ხასიათის, ცნობიერების და ყოფიერების ამსახველი და ქართველი ერის კულტურის და  ისტორიის დიდი ინფორმაციის შემცველი, ხოლო, მსოფლიოში არსებული სამიათასი ენის 14 ანბანს შორის ქართული ანბანი ერთ-ერთი უნიკალური.

რუსეთს ერთის მხრივ, სურდა ქართველში დაეთრგუნა ის განცდა, რომ იგი მასზე უფრო ძველი კულტურის და ცივილიზაციის მქონეა, ქართული ენის სახით კი უდიდესი საგანძურის მფლობელია. მეორეს მხრივ, კარგად ესმოდა, რომ ზოგადად ადამიანი იმ ერის შვილია, რა ენაზეც აზროვნებს. იმისათვის, რომ ადამიანთა ერთობას ერი ეწოდოს იგი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია: ჰქონდეს საერთო ენა. თუ რუსეთი მიაღწევდა იმას, რომ ქართველი ადამიანი რუსულ ენაზე ისაუბრებდა, ნელ-ნელა იგი აზროვნებასაც რუსულად დაიწყებდა, საბჭოთა ხალხებში “აითქვიფებოდა”, საკუთარ იდენტობას დაკარგავდა და ბოლოს გადაშენდებოდა. საქართველო, როგორც “უენო და უერო ტერიტორიული წარმონაქმნი” კი რუსეთისთვის იოლად დასამორჩილებელი და სამართავი იქნებოდა. ამგვარად, ქართული ენის წართმევით რუსეთი ქართველი ერის განადგურებას მიზანმიმართულად ცდილობდა. მხოლოდ ქართული საზოგადოების უდიდეს ძალისხმევას და თავგანწირვას უნდა ვუმადლოდეთ (ბედნიერი ვარ, რომ საპროტესტო ღონისძიებაში მეც მივიღე მონაწილეობა), რომ არ შესრულდა ჩვენი “კეთილიმეზობლის“ ნება.

მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ქართველ მკვლევარებს მიეცათ შესაძლებლობა იმისა, რომ ახლებურად გაიაზრონ ქართული ენისა და დამწერლობის წარმოშობის საკითხები. მრავალი ქართველი და არაქართველი მეცნიერი დღემდე ცდილობს მასში “დამარხული მრავალი საიდუმლოს” ახსნას. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნეკრესის ტაძართან საფლავის ქვაზე აღმოჩენილი ქართული დამწერლობა, რომელიც წინაქრისტიანული პერიოდის ხანას მიეკუთვნება; იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს ახსნა ქართული ჰემატრიით, ქართული ანბანის ასტრონომიული და რიცხობრივი ინფორმაციის ამოცნობა, ქართული ენის შუმერულ სამყაროსთან კავშირის დადგენის მცდელობა, "ფესტოსის დისკოს" გაშიფვრა; ინგლისელი მკვლევარის მარკ პეიგელის თეორია იმის თაობაზე, რომ ბაბილონის გოდოლამდე ხალხი ერთ ენაზე საუბრობდა, იმ ენაზე, რომელიც ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა და სხვ.

 ბედნიერი ვარ, რომ ასპირანტურაში სწავლისას ჩემი სადისერტაციო ნაშრომის კვლევის ნაწილი სწორედ ქართული ენის ერთ-ერთ რთულ უბანს: ფრაზეოლოგიური ერთეულების კვლევას მიეძღვნა და ბუმბერაზი ენათმეცნიერების: მერი ესაკიასა და დინარა ჟორჟოლიანის თხოვნით, ჩემი მეცნირული კვლევის შედეგების საფუძველზე, 1996 წელს შევქმენი პირველი ინგლისურ-ქართული ფრაზეოლოგიურ ილექსიკონი, რომელიც დღემდე ერთადერთია.

მრავალი წლის წინ, როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი, მოწმე გავხდი იმისა, რომ დაწესებულებებში ქართველებს რუს თარჯიმნებთან უხდებოდათ მუშაობა, რაც ხშირად პრობლემებს უქმნიდა მათ, განსაკუთრებით სასამართლოში, სადაც ისინი საკუთარ ენაზე თავის დაცვას ვერ ახერხებდნენ. ასევე, სხვადასხვა ინსტანციებში გამოცდების ჩაბარება რუსულად უხდებოდათ.

დავიწყე  ბრძოლა მაღალ ინსტანციებში, მიხდებოდა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებების გაკეთება და ოფიციოზის დარწმუნება იმაში, რომ ქართული ენა აბსოლუტურად განსხვავდება რუსულისგან და იმისათვის, რომ ქართველის უფლებები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, მას ქართველ თარჯიმანთან მუშაობის საშუალება უნდა მისცემოდა. პარალელურად ქ. ნიუ-იორკში დავაარსე “ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი”, სადაც მრავალი წლის მანძილზე ქართველების უფლებებს არა მხოლოდ ქართულად ვიცავთ, არამედ ყველა დოკუმენტს ქართულ ენაზე ვადგენთ.

დღეს ჩვენს დედა ენას ძალით აღარავინ გვართმევს, მაგრამ ქართული ენა სხვა გამოწვევების წინაშე დგას. გულისტკივილით მსურს აღვნიშნო, რომ ამერიკაში მცხოვრებ ზოგიერთ  ქართველს აღარ სურს ქართულად ლაპარაკი. უფრო მეტიც, ისინი თავის შვილებს აღარ ესაუბრებიან ქართულად, რის გამოც ქართველმა ბავშვებმა, განსაკუთრებით ამერიკაში დაბადებულებმა, არ იციან მშობლიური ენა. ეს განსაკუთრებით სამარცხვინოა იმ დროს, როცა საქართველოდან ჩამოსული სხვა ერის წარმომადგენელი ჩვენს ცენტრში ქართულად ცდილობს საუბარს. ასევე, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი უცხოელი ინტერესდება ქართული ენის შესწავლით და ზოგ შემთხვევაში შესანიშნავად ახერხებს კიდეც მასზე საუბარს. ვფიქრობ, მთავრობა უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით და შექმნას სპეციალური პროგრამები, რაც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო კონტაქტი, უცხო ენების ინტენსიურად გამოყენება და ტექნიკური ბუმი ქართულ ენას დიდ პრობლემებს უქმნის. ამის მაგალითია ქართულ ენაში უამრავი უცხო სიტყვის დამკვიდრება. ასევე, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ქართული ენის ხიბლის წორედ იმაშია, რომ იგი სინთეტური ენაა და ზოგჯერ ჩვენი ენის გრამატიკულ სტრუქტურას ანალიტიკური უცხო ენის განსხვავებულ გრამატიკულ სტანდარტებს ვარგებთ (როგორიცაა მაგ. წინადადებაში ერთი უარყოფის დამკვიდრება, განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადებების დამახინჯება და სხვ.). ენა ცოცხალი ორგანიზმია და მისი მუდმივი ცვლილება, განვითარება, მასში თუნდაც უცხო სიტყვების დამკვიდრება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ იმისათვის, რომ ამან უმართავი ხასიათი არ მიიღოს, ვფიქრობ, უნდა შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც დაიცავს ქართულ ენას ჩვენს მიერ მისი ნებაყოფლობით “დაბინძურებისაგან”.

სასურველია, რომ დღეს უფრო მეტად შეეწყოს ხელი ქართული ენის ფართომასშტაბიან კვლევებს, არქეოლოგიურ გათხრებს, რომელიც მეტად დაადასტურებს ქართველი ერისა და ქართული ენის უძველეს ცივილიზაციასთან კავშირს. მეტად უნდა მოვახდინოთ ქართული ენის პოპულარიზაცია. ამაში ის ფაქტიც დაგვეხმარება, რომ ქართულ ანბანს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიეჭა და იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევა. ჩვენი ენის უნიკალურობა მარკეტინგული თვალსაზრისითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ უცხო ქვეყნებისთვის განკუთვნილ რეკლამებში, ტურისტების საქართველოში მოსაზიდად, რაც საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 

ლიაბარნაბიშვილი

“ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი ამერიკაში” – ხელმძღვანელი,

ლინგვისტურ მეცნიერებათა დოქტორი,

სახელმწიფო მართვის მაგისტრი

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები