ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: ფსიქოლოგიაზე, ისე, ზოგადად,მიმოხილვითად

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

შეგიძლია მითხრა, ახლა რაზე ვფიქრობ?

დისციპლინა, რომელიც პროფესიად ავირჩიე ზოგს საშინლად არ მოსწონს. მოწინააღმდეგეთა ორი ძირითადი ბანაკი იკვეთება: 1. ფსიქოლოგია სულის გაჯანმრთელების მცდელობა ჰგონიათ და სულს მხოლოდ რელიგიურ წინამძღოლებს ანდობენ 2. ფსიქოლოგია დაუფუძვნებელად და არამეცნიერულად მიაჩნიათ. მომხრეებს რაც შეეხება, არც აქ არის მთლად ნათლად საქმე, რადგან ზოგს გონია, რომ ფსიქოლოგი მისტიურ ძალებს ფლობს და შეხედავს თუ არა, ეგრევე მიხვდება, რას ფიქრობს ადამიანი, ზოგს მიაჩნია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გააჩნია და ზოგი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმეგლობის არიდებას ცდილობს და ეძებს ვინმეს, ვინც მის მაგივრად ამოხსნის პრობლემებს. რა ხდება სინამდვილეში?

მოდით, ტერმინების განმარტებით დავიწყოთ. ფსიქოლოგია ფართო ცნებაა, ის სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს. აქედან ზოგი მიმართულება უფრო კვლევით და თეორიულ ხასიათს ატარებს (და მეცნიერების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს), ზოგი კი - ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას ემსახურება (აქ მეტ მნიშვნელობას იძენს ინდივიდუალური გამოცდილება).მაგალითად, მე ორ სფეროში მოღვაწეობა მხვდა წილად- კლინიკური ნეიროფსიქოლოგია და გეშტალტ თერაპია. ნეიროფსიქოლოგია შეისწვალის თავის ტვინის დარღვევებს და მათთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ გამოვლინებებს, კლინიკური ნეიროფსიქოლოგია კი გულისხმობს, რომ მე პაციენტებთან სამუშაოდ მამზადებდნენ და არა ლაბორატორიაში ცდების ჩასატარებლად. გეშტალტ თერაპია კი ფსიქოთერაპიის დარგია (ფსიქოთერაპია კი თავის მხრივ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგია), რომელიც აქ და ამჯამად განცდილს აკვირდება და ყურადღებას აქცევს ადამიანის მიერ დამყარებულ კონტაქტებს საკუთარ თავსა თუ გარემოსთან. ფსიქოთერაპიის ამ სკოლაზე მომავალში მეტს მოგიყვებით, რადგან ამჟამად ჩემი ფილოსოფიის განმსაზღვრელი ზუსტად ეს მიმართულებაა.

ძირითადი მიმართულებები

ფსიქოლოგიის დისციპლინის ასე მრავალ ნაწილებად დაშლა შეიძლება, იმ ნაწილების კიდევ დანაწევრება და კიდევ დანაწევრება, სანამ თითო ფსიქოლოგის მუშაობის ინდივიდუალურ, განუმეორებელ სტილზე არ დავალთ. დიდი ფსიქოლოგები თავის სტილს, თავის მიგნებებს სხვებსაც უზიარებენ და აყალიბებენ სკოლას. დროთა განმავლობაში ზოგი ასეთი სკოლა რჩება და საზოგადოებაში თავის როლს იმკვიდრებს, ზოგი კი - ამ დროსა და ამ გარემოში ფეხს ვერ იკიდებს და ისტორიას რჩება, როგორც საინტერესო მოვლენა. ზოგი თვლის რომ სკოლას ერთი ადამიანი აყალიბებს, ზოგი თვლის, რომ სკოლას გარემოებები, ადამიანები, მრავლი ფაქტორების ერთობლიობა აფუძვნებს. ხშირად, ერთი სკოლა მოერეს საპირისპიროდ წარმოიქმნება. მოკლედ, ასეა თუ ისე, მე პირადად ნანახი მაქვს როგორ წამოიწყო თამარ გაგოშიძემ ნეიროფსიქოლოგიური სკოლა თბილისში და რამდენად გაძლიერდა ეს მიმართულება მისი მოსწავლეების ხელშეწყობით და მჯერა, რომ სხვა ადამიანი ამას ვერ მოახერხებდა.

თუმცა, ინდივიდუალურ მიმართულებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ნაწილებად დაშლილი სურათის აღსადგენად გთავაზობთ ფსიქოლოგიის განვითარების 4 მთავარ ეტაპს. ჩვენ რატომღაც არისტოტელედან და დეკარტედან გვასწავლიდნენ ფსიქოლოგიას, თუმცა, ნება მიბოძეთ ამ შესავლებს გადავახტე და ფსიქოლოგია განვიხილო,როგორ დამოუკიდებელი მეცნიერება.

I ეტაპი

დასავლური ფსიქოლოგიის საწყისები ფსიქოდინამიურია (ფროიდი და მისი არაცნობიერი). ფსიქოდინამიური თეორიის კვაკუთხედის წარმოადგენს იდეა, რომ შინაგანი მისწრაფებები ეწინააღმდეგება სოციალურად მისაღებ ნორმებს და ჩვენს მიერ გაწეული მცდელობები, ამოვხნათ ეს კონფლიქტი, პათოლოგიური ხდება. შესაბამისად, ობიექტური სპეციალისტი პაციენტს ამ კონფლიქტის გადაჭრაში ეხმარება, მიზეზებს კი წარსულში, ბავშვობაში ეძებს. ადრეული ფსიქოდინამიური მიდგომის მაგალითია: შემოდის პაციენტი, რომელსაც უემოციოდ ესალმება (ან საერთოდაც არ იმჩნევს) თერაპევტი. პაციენტი წვება ტახტზე და ყვება, ყვება. თერაპევტი იწერს და მაქსიმალურად ცდილობს დარჩეს მიუკერძოებელი, უემოციო და პაციენტს იშვიათად ესაუბრება. თერაპიული პროცესი მრავალწლიანია.

II ეტაპი

1930-50იანებში ფსიქოლოგიურ საზოგადოებას "მობეზრდა" ეს გაურკვეველი არაცნობიერი და დაუდგენელი პროექციები, გეზი საპირისპირო მიმართულებით აიღო და ახლა ყურადღების ქვეშ გაზომვადი, აღწერადი, "მეცნიერული" მოვლენები მოექცა. ფსიქოლოგებმა ტახტები აალაგეს, ლაბორატორიებში გადასახლდნენ და დაკვირვებადი ქცევის შესწავლა დაიწყეს. შესაბამისად, ამ მიმართულებას ბიჰევიორიზმი ეწოდა. მე20 საუკუნის ბეჰეივიორიზმი ქადაგებს, რომ ადამინის ქცევა, ცხოველის ქცევის მსგავსად, დაკვირვებადი რეაქციის მეშვეობით შეისწავლება და მასზე ზემოქმედებს დასჯა, დაჯილდოვება, მოდელირება, ა.შ. ადრეული ბეჰეივიორიზმის მიდგომის მაგალითია (ნამდვილი ცდა): მოყავთ საწყალი პატარა ალბერტი, აჩვენებენ კურდღელს, რომელსაც მოყვება ხმაური, ალბერტს ეშინია. რამოდენიმე ცდის შემდეგ პატარა ალბერტს ეშინია არამხოლოდ კურდღლის, არამედ ლეკვის, სათამაშო დათვის და ფაფუკი ქუდისაც კი. შიში არის ქცევა, რომელსაც განაპირობებს გარედან შემოსული სტიმული. ვუალა, თეორია დამტკიცდა, პატარა ალბერტს კი სიცოცხლის ბოლომდე ფაფუკობის ფობიები ტანჯავს.

III ეტაპი

1960იანებში მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. იფეთქა ახალმა ფილოსოფიამ, ყურადღება დაეთმო ადამიანს, ინდივიდს, მის შინაგან ზრდასა და განვითარებას. ჩამოყალიბდა აზრი, რომ ადამიანს უნიკალური, თანდაყოლილი უნარები აქვს რომელთა რეალიზება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მას პატივს სცემენ, მხარს უჭერენ. ბედნიერება ნიშნავს საზრისიანი ცხოვრების წარმართვას. ამ ეტაპის ფსიქოლოგია (როჯერსი, მასლოუ, ა.შ) კლიენტზე ორიენტირებულ თერაპიას ქადაგებს. მასი ქვაკუთხედია თვით-აქტუალიზაცია.ჰუმანსიტური ფსიქოლოგიის მიდგომის მაგალითია : ტერმინი "პაციენტი" იცვლება ტერმინით "კლიენტი". თერაპევტი და კლიენტი თანაბარ სიბრტყეზე არიან მოთავსებულნი და აქცენტი კეთდება ბედნიერი, რეალიზებული, აზრიანი სიცოცხლის წარმართვაზე.

IV ეტაპი

ამ ეტაპს ბევრი მესამე ეტაპის ნაწილად განიხილავს. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ბაზაზე ტრანსპერონალური ფსიქოლოგიის მიმართულებაც აღმოცენდა. ის აერთიანებს დასავლურ და აღმოსავლურ ფილოსოფიას, ეკოფსიქოლოგიას, ფსიქოსომატიკას, ამახვილებს ყურადღებას გაცნობიერებაზე, სხეულისა და ფსიქიკის კავშირზე, ფსიქოლოგიაში "სულიერების" ნაკადი შემოაქვს. დაახლოებით მსგავსი მიდგომიდან იწერება ჩემი პოსტების უმრავლესობა და პირადი მაგალითებისათვის შეგიძლიათ ჩემს ფბ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სავარჯიშო შეასრულოთ (თან შინაგან ზრდაში ჩაგეთვლებათ).

რა ხდება ახლა?

მე20 საუკინის ბოლოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები დაახლოვდნენ. პოსტ-მოდერნულ სამყაროში არც ერთ მიმართულებას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ის ჭეშმარიტების ერთადერთი მატარებელია (თუმცა, ბევრს ამის სურვილი კი რჩება...). გავრცელდა უფრო ჰოლისტიკური მიდგომა, ფსიქოლოგიის საგანი გახდა არა რაიმე ერთი ასპექტი, არამედ კოგნიტური (შემეცნება, აზროვნება, რაციონალური საწყისი), სოციალური (სოციუმის როლი, კულტურა და სოციალური დინამიკა) და ინდივიდუალური (ინტელექტის, პიროვნების მახასიათებლების, და ა.შ. როლი) ფაქტორების შერწყმა. თამედროვე ფსიქოანალიტიკოსი აუცილებლად მიესალმება პაციენტს, ბეჰეივორისტი აღიარებს, რომ ცნობიერება არსებობს, ხოლო ჰუმანისტი წარსული ტრავმების მნიშვნელობას არ დააკნინებს. კარიკატურული წვეროსანი ბაბუები წარსულის სურათია. თანამედროვე ფსიქოლოგი - მკლევარი თუ პრაქტიკოსი - პირველ რიგში ადამიანია, ადამიანური გრძნობებითა და თვალსაზრისებით. ჭეშმარიტება ინდივიდუალურია, კარგი პროფესიონალი კი ნებისმიერ მიმართულებაში აღწევს შედეგებს.

და გეშტალტი?ოოო, გეშტალტს ასე მოკლედ ვერ შევეხები, ამას ცალკე პოსტი უნდა!

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები