ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ქართველი ქალის ძირითადი ფსიქოტიპები

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   ცნობილმა ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა, სექსოლოგმა და მრავალი სათნოებით შემკულმა იტალიაში გადახვეწილმა ჩვენმა კუდრაჭა თანამემამულემ, სურრეალისტმა გენომ, ახლახან ჟურნალ ,,Almanacco la Psicologia”-ს ფურცლებზე გამოაქვეყნა საკუთარი კვლევების შედეგები. პუბლიკაციამ დიდი პოლემიკა გამოიწვია მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. გთავაზობთ აღნიშნული წერილის საკვანძო მონაკვეთებს.

   სურრეალისტი გენო წერს: ,,...მაშ ასე, შეგვიძლია, ქართველი ქალის 4 ძირითადი ფსიქოტიპი გამოვყოთ:

   1. ,,წყნარი ნავსაყუდელი“ – ,,საყვარელი“

   ამ ტიპის ქალი ასხივებს სიკეთეს, ის უკონფლიქტო, მშვიდი და ჩუმია, არ უყვარს დავა და არაფრისმომცემი დისკუსიები. ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ქალები, ამავე დროს, საოცრად ნატიფი, ჰარმონიულნი ბუნებითა და ქალურობით გამოირჩევიან. ასეთ ქალთან შეხვედრისთანავე გულჩვილი ხდები – გრძნობა გერევა და გათბობს. მსგავსი ქალი შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით – ,,საკალელი“. მასთან ხშირად ყოფნა გწადია – გინდა მიხვიდე, გულში ჩაიკრა, შემდეგ მუხლებზე თავი დაადო და თვალები მშვიდად მილულო. ამ ფსიქოტიპის ქალი ზრდასრული მამაკაცისთვის მეტად მიმზიდველია, ის მისგან წყნარ, უპრობლემო სასიყვარულო ურთიერთობებს ელოდება.

   აღნიშნული ჯგუფის ქალები თითქმის არ ასრულებენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, ხშირად ირონიითაც კი უყურებენ ასეთ შეზღუდვებს; არც თუ იშვიათად, პარტნიორებად, საკმაოდ უფროს, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მამაკაცს ირჩევენ და მორჩილებენ კიდეც მას. ასეთი ქალი ერთგულია, იცავს მონოგამიურობას და თუ კაცმა ან სასტიკმა გარემოებებმა არ აიძულა, არ ღალატობს საყვარელ პარტნიორს.

   მიუხედავად რეალური გარეგნული მონაცემებისა, მოცემული ფსიქოტიპის ქალები მამაკაცისთვის მეტად მომხიბვლელნი არიან. მათი თვალები მუდამ სიყვარულით ციმციმებს, სახეზე, ხშირად, ღიმილიც დაჰკრავთ, თუმცა, თვალებში დიდი სევდა ჩასდგომიათ... მამაკაცები ხომ მათ ერთგულებასა და ალერსს ჯეროვნად ვერ აფასებენ – როგორც დამსახურებულ მოცემულობას, ისე აღიქვამენ და გულს სტკენენ მათ.

   ამ გასაოცარ არსებებში ბუნებრივად შერწყმულია პირველქმნილი ადამიანის სისუფთავე და პირველყოფილი თავისუფლება სექსში. მათ ძლიერად შეყვარება შეუძლიათ და, იმავდროულად, სრულ თავისუფლებას ანიჭებენ მამაკაცს – ისინი ოდნავაც არ ცდილობენ, დაიმონონ კაცი და ის პირადი მოხმარების საგნად აქციონ. ეს ყველაზე იშვიათი ტიპის ქალები, თან თითქოს მშვიდად მორჩილებენ მამაკაცს, თანაც სწორედ ამ სიკეთისა თუ ,,საყვარლობის რბილი დიქტატით“ ახერხებენ მათ ოსტატურ მართვას. აღნიშნული ფსიქოტიპის ქალი საკმაოდ ჭკვიანი და ბედნიერების მომტანია. სწორედ ასეთი დედები ზრდიან შვილებს თავისუფალ, ლაღ პიროვნებებად.

   2. ,,საბედისწერო ქალი“ – ,,დომინანტი“

   ასეთი ქალი ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა, ხშირად მოქმედებს იმპულსურად,  აგრესიულადაც... და მხოლოდ შემდეგ ნანობს თავის საქციელს. ეს ფსიქოტიპი მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა – ქალმა ბევრი რამ იცის და არც თუ იშვიათად, ინტელექტუალიცაა. ისინი ღიად დასცინიან რელიგიურ დოგმებსა თუ ეკლესიურ წეს-ჩვეულებებს. ამ ჯგუფის ქალებს უყვართ თავდავიწყებით დავა, ხშირად უაზრო დისკუსია და წინააღმდეგობა. სწორედ მამაკაცთან პაექრობასა და მასთან შეჯიბრებაში პოულობენ ისინი სიამოვნებას – ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას და ასე იმკვიდრებენ თავს. ყოველივე კი, ხშირად, პარტნიორის დამცირებასა და დაცინვაში, მის დაკნინებაში გადაიზრდება. ამ მხრივ, მათი საუბრის არსი და ქცევა – ჯერ დაუნდობელი შეტევა, შემდეგ კი მწარე სინანული – ხშირად სადო- მაზოხისტური ხასიათისაა.

   აღნიშნული ტიპის ქალი მამაკაცს დიდ პრობლემებს უქმნის – შფოთიანი ცხოვრება, ხიფათიანი თავგადასავლებით. კაცს მუდამ ეშინია მეგობრების წრესა თუ საზოგადოებაში, ასეთი ქალის ეპატაჟური ქცევის, არაპროგნოზირებადი გამოხტომების ან ახირებული ეჭვიანობის. ამგვარი ქალები, ხშირად, თავდავიწყებით უყვარდებათ ტემპერამენტიან ახალგაზრდებსა და ზრდასრულ ინფანტილიკებს. ამ ფსიქოტიპის ქალისთვის სექსი მეორეხარისხოვანი ხდება – ის, ძირითადად, მამრზე ,,გამარჯვებით“ კმაყოფილდება. ასეთი ქალი პოლიგამიურია, ის, თუნდაც გონებით, ღალატობს მამრს – ხან ერთს ელაქუცება, ხანაც მეორეს ეპრანჭება და, სულაც, მესამესთან წვება. ამგვარი ქალი ცდილობს, კონფლიქტის ტემპერატურის დროდადრო აწევით, შეინარჩუნოს პარტნიორი, რომელიც, შესაძლოა, სიგიჟემდეც უყვარდეს.  

   ,,დამოუკიდებელი“ ქალების ცვალებადობა და არასტაბილურობა, ეჭვიანობითა და ღალატის მუდმივი შიშით, ადრე თუ გვიან, ქანცავს მამაკაცს. თუმცა, იმავდროულად, სწორედ ამ ხერხით, გარკვეული დროით მაინც, ეს ქალბატონები სრულიად ატყვევებენ მამრს. ქალის აგრესია საპასუხოს იწვევს – საქმე ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდე, ცემამდე, მიდის. ეს ქალები თავადაც აწყობენ ეჭვიანობის სცენებს – ხშირად, უმიზეზოდაც – გაქცევით, ცრემლებით... მაგრამ ისინი მალევე ბრუნდებიან და ცემისგან ჩალურჯებული სახით მგზნებარე სიყვარულსა და დაუცხრომელ სექსს ეძლევიან. ურთიერთობები ტრაგიკული კვანძის გახსნისკენ მიისწრაფვის – რომანი, შეიძლება, მამრის მიერ სავარაუდო მეტოქის ან ,,მოღალატე“ ქალის განადგურებითაც კი დასრულდეს...

   ეს იმ ტიპის ქალია, რომელიც, ასაკის მატებასთან ერთად, მიღწეულით არ კმაყოფილდება, არ ჩერდება და მუდამ ძალაუფლებისა თუ პროფესიული მწვერვალისკენ მიიკვლევს გზას. შვილთანაც ისაა ლიდერი და ,,ოჯახში შემომტანიც“, მამაკაცი კი, ბოლოს და ბოლოს, მეორეხარისხოვან, პასიურ როლს ურიგდება და ,,ჩმორბდება“. ამგვარი ქალი ვერ იტანს დამარცხებას და შვილსაც შესაბამისად ზრდის – იმორჩილებს მას, არ აძლევს არჩევანისა და თავისუფალი განვითარების საშუალებას. შვილიც მუდამ გამარჯვების ძიებაშია, რისთვისაც მომავალში, ,,ღმერთმა იცის“, რას მოიმოქმედებს, რადგან მეტად ინფანტილურია და ამბიციური.

   3. ,,ტოტალიტარული დეიდა“ – ,,მართალი“

   ამ ჯგუფს შეადგენენ ,,ქალიშვილობის ინსტიტუტის“ მეგალოზავრები და მონოლითური ბურჯები, რომელთაც მთავარ ფასეულობად საკუთარი, ხშირად წარმოსახვითი ,,უმანკოება“, ,,უბიწოება“ თუ ,,კდემამოსილება“ აურჩევიათ, ხოლო წესიერების ძირითად მახასიათებლად – საუკუნოვანი ქალიშვილობა. ეს ქალბატონები, ახალგაზრდობაშივე ,,დეიდები“ ხდებიან და თავიანთი მოღვაწეობის სფეროდ მორალისტობას ირჩევენ.

   ,,დეიდებად დაბადებულნი“ მოქმედებენ პრინციპით: ,,არც სხვას, არც – მე“. მათ არც მამაკაცისთვის მოაქვთ სექსუალური სიამოვნება და თვითონაც იკლებენ მას. ისინი არ არიან ორიენტირებულნი სექსზე და მას ამორალურ ქმედებად მიიჩნევენ. ეს ქალები იძულებულნი არიან, ამ ,,გარყვნილ აქტს“ მხოლოდ ქმრისთვის შვილების გაჩენის მიზნით მიმართონ. ყოველივე ამის გამო, ,,მართალი დეიდები“ ხშირად ავები არიან, თუმცა, მონური მორჩილებით იტანენ თავიანთ მძიმე ხვედრს და კაცისგან ხშირ შეურაცხყოფასაც. ისინი ხომ საკუთარ სექსუალურ ბედნიერებასაც ზეცისკენ სუბლიმირებით ეძიებენ.

   ეს მდედრები სექსისადმი მოჩვენებითი გულგრილობით გამოირჩევიან. მიუხედავად თეორიული უმანკოებისა, ამ ,,დეიდებს“ მეტად ხიბლავთ ფლირტი და დიდი კმაყოფილების გრძნობით იღებენ ამგვარ ქათინაურს: ,,ულამაზესი ხართ, ძვირფასო ქალბატონო... დარბაისელი ქართველი, ბანოვანი!!!“. (აქვე სურრეალისტ გენოს მიუწერია, ხოლო სტატიის გამოქვეყნებისას კი წაშლა დავიწყებია: ,,ჰა, როგორია? ხომ შეიძლება, ასეთი კაცი შემოგაკვდეს?“).

   ,,ტოტალიტარულ დეიდებს“ ერის წინაშე უკეთილშობილესი მისია აკისრიათ და პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთი აწევთ – საქართველოში სექსუალურ  ყოფაქცევაზე თუ ,,მართალი“, ,,მისიონერული სექსის“ ნორმებზე მკაცრი საზოგადოებრივი და სარწმუნოებრივი კონტროლი! ,,მართლები“ უდრეკად დგანან სხვა ქალების ,,წესიერების” სადარაჯოზე. ,,ტოტალიტარულები“ არწივისებრი გამჭრიახი მზერით მკაცრად ადევნებენ თვალს ცხოვრების ყველა სფეროს, რათა საფრთხე არ შეექმნას არქაულ მორალურ ნორმებს, სარწმუნოებრივ აკრძალვებს, გამეფებულ თვალთმაქცობასა და ტაბუს!

   სწორედ ეს ,,დეიდები“ წარმოადგენენ ტოტალიტარული საზოგადოების საყრდენ დედა-ბოძს. ისინი, ზეცისკენ ატრიალებული თვალებით, მუდამ სხვას კიცხავენ და ამხელენ. მათ, ხშირად, მოაქვთ თავი საკუთარი რელიგიურობით და პატრიარქის უზომო სიყვარულით. ისინი თავგამოდებით იცავენ მტრებისგან ,,ეროვნულ ფასეულობებს“ და არქაულ ტრადიციებს.

   ,,მართალი დეიდები“, ყველა როლს, გარდა ქალისა, ამაყად ირგებენ – დედებისა თუ დედამთილების და ამ სტატუსს უპირობო საკუთრებად მიიჩნევენ. აღნიშნული ქალბატონების ერთადერთი მოწოდებაა დიასახლისობა. ,,დეიდა“ ამაყობს საკუთარი პატიოსნებით და ქმარსაც კი შიშველი არ ეჩვენება.

   სწორედ ეს ,,წესიერებისა და მორალის ტირანოზავრები“ წლების განმავლობაში ახერხებდნენ სექსუალური ცხოვრების ნორმების დადგენასა და საზოგადოების მეშვეობით მათ გაკონტროლებას. ეს დეიდები ხომ კეისრის სიუხვით არიგებენ ,,ბოზის”, ,,გარყვნილისა” თუ ,,მრუშის” წოდებებს. ამ გზით კი დღესაც, განსაკუთრებით პროვინციაში, დიდად მცირდება ქალის გათხოვების პერსპექტივა“.

   ამ ჯგუფის დახასიათებას, სურრეალისტი გენო ასე ასრულებს: ,,ჯერ კიდევ ჩემი სულიერი მამა და წინამორბედი – ვენეციელი მეცნიერი, ჟურნალისტი და სოციოლოგი, ნეტარი  Z.Ochil seu J.Filipo Bruno წერდა: ,,ქართველ ქალებს ისე ძლიერ აქვთ თავში ,,გაჭედილი” საკუთარი წარმოსახვითი უმანკოება, რომ მაინც აგრძელებენ საკითხის მითოლოგიზირებას და ,,ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფის” შევსებას. ქართული საზოგადოება კი კვლავ გააფთრებით იცავს საკუთარ წარმოსახვით წესიერებას“.

   ,,4. ,,ცარიელი ქალი“ – ,, ფუტლარი“,,ტელე - დივა“

   ამგვარი ქალი მოკლებულია რაიმე შინაარსს, ის მოხიბლულია საკუთარი ,,ფუტლიარით“, უკიდეგანო ნარცისიზმში ლივლივებს და სრულიად დარწმუნებულია, რომ ფიზიკური მონაცემები სავსებით საკმარისია, რათა ყველა კაცი მას ფეხქვეშ გაეგოს. ,,ტელე - დივას“  გაუნათლებლობა და ზედაპირულობა სახეზე აწერია. ის დიდი მონდომებით დადის ნაირნაირ ,,ფიტნეს“ კლუბებში, ირუჯება, იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს და მოწიფულ ასაკშიც მხოლოდ საკუთარი გარეგნობის მომხიბვლელობით სულდგმულობს.

   ამ ფსიქოტიპის ქალების ცხოვრების მთვარ მიზანსა და აზრს – ,,ძეხვი“, მანქანა, შმოტკები, მაგარი სახლი და ,,დაკუნთილი მაჩო“ თუ ,,სოლიდური ბიძა“ წარმოადგენს. თუ ზემოთ დასახელებული პირველი (,,საყვარელი“) და მეორე (,,დომინანტი“) ჯგუფის ქალები იდეალისტები არიან და მათ კაცის ინტელექტი აღაგზნებთ, ,,მართლები“ (3. მესამე ჯგუფი) და ,,ტელე-დივები“ (4. მეოთხე ჯგუფი) მამაკაცს საათისა თუ მანქანის მარკით აფასებენ. სხვა მათ არა იციან და ,,ბოჩოლას“ გამომეტყველებით მუდამ უმიზეზოდ  იღიმებიან ან კისკისებენ.

   უხეშ მატერიალიზმზე ორიენტირებული ლამაზმანები განეკუთვნებიან ,,ცარიელ“ ქალთა ტიპს, რომელსაც ,,ტოტალიტარული დეიდებივით“ (3. ჯგუფი), ხშირად მოაქვს თავი საკუთარი რელიგიურობით, მაგრამ ადვილად ახამებს სექსუალურ თავისუფლებასა და ,,მკაცრ მართლმადიდებლობას“. ისინი, ფაქტობრივად, ერთ დაუსრულებელ გათხოვება-გამოთხოვების პროცესში ცხოვრობენ და მკერდმოშიშვლებულნი ჟურნალის ყდებიდან გვაინტრიგებენ. ,,ტელე - დივა“ მდიდარ, ,,კუნთმაგარ და გონებაჩლუნგ“ პრინცზე ოცნებობს. ,,პრინცი“ კი მათ ყიდულობს, შემდეგ ,,ხმარობს“ და ბოლოს ტოვებს – რას იზამ, ამ გზით იმაღლებს ,,მაჩო“ თუ ,,სოლიდური ბიძა“ თვითშეფასებას.

 

P.s.

   ყველა ქალის ტიპი მამაკაცისთვის მიმზიდველია, გააჩნია მის ხასიათს, ასაკს, ინტელექტსა თუ მიდრეკილებებს. პირველნი ხიბლავენ – სიმშვიდითა და სიკეთით, კომფორტული ურთიერთობითა და სტაბილური სიყვარულით; მეორენი – თავგადასავლებით, დიდი განცდებით, შეჯიბრების წყურვილითა თუ ხიფათით, მესამენი – არ ვიცი, რითი... მეოთხენი – გარეგნობით, ქარაფშუტობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით... და ერთიც – რაღა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მკაფიო დაყოფა პირობითია და ხშირია შერეული მახასიათებლების მქონე ქალები... ყველა ქალი მეტად ინდივიდუალურია და ორიგინალური, ის ცალკე ჯგუფში ყოფნას იმსახურებს... თუმცა, მათ აღწერას ტომები არ ეყოფა“.

 

 

სურრეალისტ გენოს აზრები ჟურნალ ,,Almanacco la Psicologia”-დან გადმოიწერა ზურა ოდილავაძემ. 2015 წელი, მაისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები