ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანუჩარ კაჭახიძე

საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

გახსოვთ, ეს ფრაზა?

პოვონსკაში დაღუპული ქართველი გოგონასადმი მიძღვნილი ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსის ერთი სტრიქონი - 9 აპრილისა და თბილისის ძმათამკვლელი ომის დევიზად რომ იქცა.

შემდეგ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში დაკარგულ შვილებსაც ამ სიტყვებით არ დავსტიროდით?

მე თუ მკითხავთ, ეს დევიზი თუ რიტორიკული კითხვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე. ეს აზრი გაგიმძაფრდებათ, თუკი ერთმანეთის მიყოლებით გაიხსენებთ 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპულ იუნკრებსა და 19 წლის მარო მაყაშვილს; შემდეგ სამშობლოდან საფრანგეთში გადახვეწილ ეროვნულ მთავრობასა და ინტელიგენციას; 1937 წელს დახვრეტილ თუ გადასახლებულ ერის ნიჭიერ ნაწილს; მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 ათასს ქართველს და ომის შემდეგ "მოღალატეებად" შერაცხულ იმ ნაწილს, ემიგრაციაში რომ დაასრულეს სიცოცხლე; 1956 წლის 9 მარტს ჩახოცილ სტუდენტ-ახალგაზრდობას... 9 აპრილს, თბილისის ომს, სამაჩაბლოს, აფხაზეთის, აგვისტოს ხუთდღიან ომში დაღუპულებს.

ერთი პატარა ერისათვის ერთ საუკუნეში გაღებული ამხელა მსხვერპლი მასშტაბით არაფრით ჩამოუვარდება ოსვენციმის, ჰიროსიმას, ნაგასაკის ტრაგედიებს.

უბედურება ისაა, რომ ეს რიტორიკული კითხვა ისევ აქტუალურია, დღესაც კარგავს ჩემი სამშობლო შვილებსაც და მოქალაქეებსაც!

შვილებს, - უცხოეთში დაბადებულებს, ენადავიწყებულებს;

საკუთარი უუნარობით სამშობლოდან ლუკმა-პურის საპოვნელად გაძევებულ მოქალაქეებს, - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ავტომატიურად უწყვიტავს სამშობლოსთან დამაკავშირებელ ერთადერთ ძაფს, დასაბრუნებელ ხიდს უნგრევს.

ქვეყანა, რომელიც საფრთხეებითაა აღსავსე, თავისი უნიათობით მეტ სატკივარს აჩენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ ისტორიას ივიწყებს და საკუთარსავე შეცდომებისგან ვერაფერს სწავლობს.

1915 წლის 26 იანვარს ასიათასიანი პროცესია უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა აკაკის ნეშტს. ერთადერთი გვირგვინი მიუძღვოდა კუბოს წინ, წარწერით "აკაკის - საქართველო".

მისი ანდერძით, ყვავილებში და გვირგვინებში დასახარჯი თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მოხმარებოდა.

"გამავრცელებელ" საზოგადოებას, რადგანაც იმ ეპოქაში, რუსული "ცარიზმის" დაღის გავლენით, ქართველთა 85-მა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა.

უფრო მეტიც, იმ ეპოქაში შეიქმნა იაკობ გოგებაშვილის წიგნი "ტფილისის შესახებ", რომელიც დაპატიმრებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ საგულდაგულოდ დაემალათ დედაქალაქში შემცირებული ქართველების რიცხვი მომრავლებულ მოძმე სომეხთა ხარჯზე.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საფრთხე დედაქალაქს ნებისმიერ დროს შეიძლება შეექმნას, მაინც უვიც ნაბიჯად ჩანს ქუთაისში გადატანილი ქვეყნის უმაღლესი პარლამენტი და ფუნქციის გარეშე დარჩენილი დედაქალაქი.

ვერ ვისწავლეთ მაგალითი აფხაზეთისგანაც. ახლა უკვე ჯავახეთში, შიშს დიდი თვალები აქვს, ჩვენ კი სხვა ქვეყანაში მიღებული მოქალაქეობის გამო ეთნიკურ ქართველებს, ქართულად მოსაუბრეებს, საქართველოს მოქალაქეობას ვუწყვიტავთ, რომ შემდეგ სტატისტიკურ ციფრებში ერთხელაც საკუთარ სამშობლოშივე ვიქცეთ უმცირესობად.

ასე ხომ ვიყავით ტფილისში, 1900 წლებში?

საკუთარი მიწიდანაც გამოძევების გემოც ხომ ვიწვნიეთ?

ეს აღარ უნდა მოხდეს! ქართველებს არათუ გაუმარტივდეთ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება, არც უნდა წაართვათ, წამიც არ უნდა მისცეთ იმისთვის, რომ მოსწყდნენ სამშობლოს, გაუცხოვდნენ.

იმ დიდი ბოდიშის მოსახდელად, დანაშაულის ასაღიარებლად - ქვეყნის მთავრობის ოცწლეული უნიათობის გამო

საკუთარი ოჯახებიდან შორს გაყრილი შვილების გამო,

გაციებული კერის გამო,

დანგრეული ოჯახების გამო,

დაუტირებელი მშობლების გამო,

- სამშობლომ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მოქალაქეობა შეუნარჩუნოს და მათ ღირსეულ დაბრუნებაზეც იზრუნოს ქართულ წიაღში, ჭეშმარიტ სამშობლოში.

ასე ვხედავთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შეკრებილ ემიგრანტთა ინიციატივას, წუხილს და მოთხოვნას საქართველოს მთავრობისადმი.

"მართლა მჯიღისხელა თუ ხარ,

შენი მჯიღის ჭირიმე...

რად არ წუხხარ?..

რად არ წუხხარ?!" 

მანუჩარ კაჭახიძე, აშშ.

ჟურნალი "მამული", N8

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები