ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ნარკოტიკების ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაცია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

I. საბჭოური მემკვიდრეობა

   ნარკომანიის გავრცელების პრობლემა, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, მისი მიჩქმალვით დაიწყო. ,,მორალურად სპეტაკ” სსრკ-ში ნარკომანია, მხოლოდ ,,ძირგამომპალი” დასავლეთის ,,წყლულად” განიხილებოდა - ,,კომუნიზმის მშენებლობით” ,,დაკაიფებულ” ახალგაზრდას ნარკოტიკებით გაბრუების სურვილი არც უნდა გასჩენოდა. საბჭოური ფარისევლობისა და მექრთამეობის საფარქვეშ, 60-იანი წლების დასაწყისში, ნარკომანიის ,,მეტასტაზებმა”, კრიმინალური სფეროდან სტუდენტურ წრეებში გადაინაცვლა და მყარი ფესვები გაიდგა. ნარკოტიკების მიღება ტოტალიტარული რეჟიმისადმი პროტესტის, პიროვნების თავისუფლების ატრიბუტად იქცა – ნარკომანია მოწინავეობის მაჩვენებელი შეიქნა.

   იმდროინდელ დაუდევრობას, ერთი ,,გამართლება” კი ჰქონდა – ნარკომანიის დამანგრეველი შედეგები იმხანად არავინ იცოდა, დღევანდელი სასტიკი გამოცდილება კი ჯერ არ იყო დაგროვილი. საზოგადოება ნარკოტიკებს, როგორც ,,აკრძალული ხილისადმი” ახალგაზრდულ ლტოლვას და მოდური ,,ვუდსტოკელი” ჰიპებისადმი რომანტიულ მიბაძვად აღიქვამდა. შემდეგ საბჭოეთის დაშლის ეპოქა დაიწყო... 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და  საყოველთაო განუკითხაობის ფონზე, ნარკოტიკების უკონტროლო ბრუნვა გაასმაგდა. შედეგად, ნარკომანიის გამანადგურებელმა ცუნამმა საქართველოს გადაუარა და მთელი თაობები წალეკა!

   სწორედ, ამ სასტიკი გამოცდილების გამო, ჩვენი მოსახლეობა ნარკოტიკების ლეგალიზაციის პრობლემისადმი, მუდამ დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს და მას მეტად მტკიცე გარანტიები დასჭირდება, რათა საკუთარი შვილების ,,ნარკო-უსაფრთხოებაში“ დარწმუნებული იყოს. ბილ გეიტსისა თუ სტივ ჯობსის ,,პლანაქეშობის” მაგალითების მოყვანა, ქართულ საზოგადოებას არ დააკმაყოფილებს. ნებისმიერი მოქალაქე შეგახსენებთ, რომ ,,Ave Maria” ,,დაუბოლებელმა” ბახმა დაწერა, ხოლო ფარდობითობის თეორია – ასეთივე ფხიზელმა აინშტაინმა შექმნა. მწეველების ოცნება კი: ,,ხალხო, გაიგეთ, ჩვენ პოლიციის შიშის გარეშე, კომფორტული გაბოლება გვსურს – მოგვეშვით!“,– კარგა ხანს ოცნებად დარჩება. მოკლედ, ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის გზაზე დიდი სამუშაოა გასაწევი, რათა ქართველებმა ახალი რეალობა მიიღონ.

 

II. არგუმენტების ომი

  დავიწყებ შედარებით ,,მისაღები“ მარიხუანით. ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც კანაფის ლეგალური მოხმარების სასარგებლოდ შეიძლება მოიყვანონ, არის ის, რომ ეს ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის თითქმის უსაფრთხოა და უმეტეს შემთხვევაში ძლიერ მიჩვევას არ იწვევს.აქვე დავაზუსტებ, რომ კანაფის მოწევას მკვეთრად გამოხატული დამათრობელი ეფექტი, მხიარული განწყობილება და კმაყოფილების გრძნობა ახასიათებს. ამგვარი ეიფორია კი, უკვე თავისთავად, ფიზიკური მოთხოვნილებისა თუ აბსტინენციის გარეშეც, არ შეიძლება ადამიანისთვის და, მით უმეტეს, მოზარდისთვის მიმზიდველი არ გახდეს და ჩვევაში არ გადაიზარდოს. შედეგად, დროთა განმავლობაში, ,,გრძლად გაბოლებისგან” დამშვიდების, მხიარულ ხასიათზე დადგომის ყოველდღიური მოთხოვნილება ვითარდება და თავს იჩენს ფსიქიური დამოკიდებულება.

   და მაინც, ასეა თუ ისე, დიახ, ვადასტურებ – პლანი, ისეთი გავრცელებული ,,მძიმე” ნარკოტიკებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ალკოჰოლი, ჰეროინი და კოკაინი, აშკარა დადებითი თვისებებით გამოირჩევა – ის ორგანიზმისთვის პრაქტიკულად უვნებელია, მისი მოხმარება მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ დამოკიდებულებას და ე.წ. ,,ლომკას” არ იწვევს. ჩამოთვლილი არგუმენტებით მთავრდება ამ საკითხში აბსოლუტური სიცხადე, რადგან მარიხუანას ლეგალური მოხმარების სხვა დასაბუთება, შეუვალობითა და უპირობო დამაჯერებლობით არ გამოირჩევა.

   ახლა კი მოვიყვან მარიხუანას ლეგალური მოხმარების სასარგებლოდ გამოთქმულ, ყველაზე გავრცელებულ და სავსებით პრაგმატულ მოსაზრებას: ,,ალკოჰოლი – ძლიერმოქმედი შხამია, რომელიც ხშირად არამოტივირებულ აგრესიას იწვევს. შედეგად, ახალგაზრდულ ,,გარჩევებს”, აუხსნელი სისასტიკით ჩადენილ დაჭრებსა და მკვლელობებს ვიღებთ”. ამ ყველასთვის ცნობილი, სამწუხარო ფაქტებიდან, საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, რომელსაც ხშირად გაიგონებთ: ,,შეიძლება ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაა – არაყი დაშვებული იყოს და მარიხუანა აკრძალული? არ სჯობს, ავაზაკმა, დილიდან ,,მოსაწევი” გააბოლოს, დამშვიდდეს, კარგ ხასიათზე დადგეს და ამ შემთხვევაში, ის ცუდ საქმეზე არ წავა?”

   ნორჩი ,,ალკაშის” ,,დამაშოშმინებელი” ეს მოსაზრება, ქართული სამწუხარო რეალობიდან გამომდინარეობს და ის მართლაც დამაჯერებლად ჟღერს. მით უფრო, კვლავ მომრავლებული ,,კაი ბიჭების” გაუვნებელყოფის ალტერნატიული გზა, თითქოს არც ჩანს...

   სულ სხვა საკითხია, მოსახლეობისთვის კანაფის ლეგალიზაციის ეს მიზეზი, რამდენად დამაჯერებელი იქნება. მას, სავარაუდოდ, ასეთი კონტრარგუმენტი შეიძლება დაუპირისპირონ: გასაგებია,მარიხუანა გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე არაყი, მაგრამ ალკოჰოლიზმი ძველთაგან გავრცელებული ჭირია და ამიტომ გვიწევს მასთან შეგუება.რეალურად, ჩვენ ხომ ალკოჰოლიზმსა და მისით გამოწვეულ აგრესიას, მეორე პრობლემას, ნარკომანიას ვუმატებთ.

   თუ რამდენად უღირს საზოგადოებას ცუდსა და უარესს შორის არჩევანზე წასვლა, ეს საზოგადობის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ბევრი ვერ დაინახავს იმ ფატალურ აუცილებლობას, რომ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას მარიხუანით უნდა გავუმკლავდეთ. აქვე დავძენ, რომ ჩვენი მაღალი აგრესიულობა, კარგა ხანს ანგარიშგასაწევი ფაქტორი იქნება და გვსურს თუ არა, სამომავლოდ მაინც, მოგვიწევს ალკოჰოლის მარიხუანით ,,ჩანაცვლებით თერაპიაზე” რაიმე ფორმით წასვლა.

 

III. ,,ლოდი შებრკოლებისა”

   არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ,,ომში”, ლეგალიზაციის მომხრეთა ტრიუმფალური სვლა იქ მთავრდება, სადაც საუბარი გარშემომყოფთა, ანუ ჩვენი შვილების ,,ნარკო-უსაფრთხოებაზე“ იწყება. ზემოთხსენებული, 90-იანი წლების ნარკომანიის პანდემიით ისედაც დაშინებული მშობლების, სავსებით საფუძვლიან სიფრთხილეს, ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. პლანი - ე.წ. ,,კარიბჭის ნარკოტიკია”, საიდანაც მომხმარებლები უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გადადიან; 2. ერთი ნარკომანი, ხუთზე მეტ ახალგაზრდას ითრევს ნარკოტიკების მოხმარებაში.

   ის მოსაზრება, რომ ,,კარიბჭის ნარკოტიკი” მეტი არაფერია, თუ არა ,,სტატისტიკური მისტიფიკაცია”, დამაჯერებლად არ ჟღერს. ჩვენს, ნარკომანიის საკითხებში გათვითცნობიერებულ მოქალაქეებს, კარგად ახსოვთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც მათმა მეგობრებმა, შვილებმა, ძმებმა თუ ქმრებმა, ნარკოტიკებთან ,,თამაში”, სწორედ მარიხუანას მოწევით დაიწყეს. ზოგი ამ ეტაპზე გაჩერდა, უმრავლესობამ კი სახიფათო ექსპერიმენტები გააგრძელა და საბოლოოდ დაიღუპა. საქართველოში საწინააღმდეგოს მტკიცება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უშედეგო იქნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამას არავინ დაიჯერებს. რაც შეეხება მეორე შიშისმომგვრელ ფაქტორს - ნარკომანის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაში გარშემომყოფთა ჩათრევას, ესეც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი და ხსენებული სასტიკი გამოცდილება, გადახედვას, არც ამ შემთხვევაში დაექვემდებარება.

   აი, ასე თანდათან და ავისმომასწავებლად, კანაფის ლეგალური მოხმარების თითქოს ,,მოწმენდილი ცა“ იღრუბლება... ,,მზე’’ კი საბოლოოდ მაშინ იმალება, როდესაც შემდეგ კითხვას გავცემთ გულრწფელ პასუხს: ვინმეს, თუნდაც ლეგალიზაციის მომხრეთაგან სურს, რომ მათი შვილი პლანს ეწეოდეს? პასუხი, ცხადია, უარყოფითი იქნება – ,,პლანაქეშის” ოჯახის წევრად ხილვა არავის უნდა! მაშინ, რიგითი მოქალაქე ,,მწეველებს” შემდეგ პრეტენზიას წამოუყენებს: ,,ჩემთვის გასაგებია, რომ თქვენ კომფორტულად, აკრძალვების გარეშე გაბოლება გწყურიათ, მაგრამ, რას ერჩით ჩემს შვილს? ნებით თუ უნებლიედ, რატომ ითრევთ მას და მომავალ თაობას პლანის მოხმარებაში?”

   წავლენ კი მშობლები ასეთ დიდ რისკზე – ეჭვქვეშ დააყენონ საკუთარი ,,წესიერი” შვილის ჯანმრთელობა და მომავალი, მხოლოდ იმის გამო, რომ ,,ვიღაც”, გარეშე, არ დაჭრან, ან ,,ვიღაც” სხვებმა, ერთმანეთი არ დახოცონ? რიგითი მოქალაქე კატეგორიულად განაცხადებს: ,,ალკაშებისა და ხულიგნების დამშვიდებას, მე ჩემი შვილის სიცოცხლეს ვერ შევწირავ!”.

   თუ ყოველივე ზემოთქმულს, დავუმატებთ იმას, რომ მომხმარებელთა ნაწილში მაინც, კანაფი მიჩვევას იწვევს და ,,დაბოლილ” ადამიანს შრომისუნარიანობა უქვეითდება, ,,თეორიულად” მიმზიდველი ლეგალიზაციის, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული. აი, ამ, ჯერ გადაულახავ მიზეზთა გამო, ის ვინც ზემოთმოყვანილ კითხვებს საზოგადოებისთვის დამაჯერებელ პასუხს გასცემს, ,,ქეშების სასუფეველს” დაიმკვიდრებს!

    წერილში, ჩვეულებრივ მიღებული, ,,ჰოლანდიური” მაგალითები შეგნებულად არ მომყავს, რადგან ჩვენ ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდა გვყავს. ამიტომ აქ ნარკომანიის გავრცელების რისკები და ხელშემწყობი ფაქტორები გაცილებით მეტია.

 

IV. ,,ჯეფი”, ,,ვინტი”, ,,კრაკადილი, ,,ლირიკა“და ძმანი მათნი...

   მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეთა ერთ- ერთი, საკმაოდ წონადი არგუმენტი შემდეგნაირად ჟღერს: ,,ვინმემ დაითვალა რამდენი ახალგაზრდა დაინვალიდდა ,,ჯეფისა” და ,,ვინტის” კეთებით, რასაც მათი უდიდესი ნაწილი, მარიხუანაზე რომ ხელი მიუწვდებოდეს, არასოდეს გააკეთებდა?”

   მე ვფიქრობ, რომ ამფეტამინების (ეფედრინი და სხვ.) მოხმარებას, ანაშის მთებიც ვერ შეაჩერებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ კანაფი ეფედრინს არ შეიცავს. მარიხუანა და ეფედრინი, როგორც სრულიად სხვდასხვა მოქმედების პრეპარატები, ერთმანეთს, ვერც ,,კაიფის” ხასიათით შეცვლიან. ამას გარდა, თუ საქმე მაინცადამაინც ძლიერმოქმედი ნარკოტიკების მოხმარებაზე მიდგა, არსებობს ,,ჩანაცვლებითი მკურნალობის” ოფიციალური პუნქტები და, ამ ადამიანებს შეუძლიათ აღრიცხვაზე დადგნენ და მეტადონ-სუბუტექსი ოფიციალურად მიირთვან. არ სურთ? მაშინ, ამ დამანგრეველი პრეპარატების მოხმარება, მხოლოდ მათი არჩევანია... თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მარიხუანას დამამშვიდებელი ეფექტი, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს და ნარკომანების ნაწილმა მაინც, ამ საშინელი პრეპარატების მოხმარებისგან თავი შეიკავოს.

   მე კი, ამ პრობლემის სულ სხვა ასპექტზე მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო! ამ დღეებში ,,ფსიქოტროპული აფთიაქების” ადგილს სამყოფელი დავადგინე, შემოვიარე და... ნანახმა გამაოცა! გაითვალისწინეთ, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ,,წნევის წამალსაც“ კი, სულ რომ მოკვდე, ურეცეპტოდ არ მოგცემენ... აქ კი: ღამეა. აფთიაქის წინ დგას ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი, ,,ძაღლების“ დაცემის მოლოდინში თვალებს აცეცებენ, ნაწილი, აფთიაქარ ,,დეიდისგან“ ,,წამალს“ ყიდულობს... ანტიბიოტიკის ყიდვა ვცადე – ,,ჩვეულებრივი“ წამლები ურეცეპტოდ, დაუფარავად იყიდება!... მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავურთო ამ სურათს – მე, ამ აფთიაქარს, აფთიაქის მეპატრონესა და მათ მფარველებს, უდიდესი სიამოვნებით, ზოოპარკის გისოსებს მიღმა, ცხოველებისგან განცალკევებით, გალიაში ჩამწყვდეულთ ვიხილავდი.

ასეთი ,,ფსიქოტროპული აფთიაქები” უხვადაა მიმოფანტული ქალაქში:

1. ვაკე – კავსაძის, ნაფარეულის, ფალიაშვილის, კეკელიძის ქუჩებზე;

2. საბურთალო – ბუდაპეშტისა და დოლიძის ქუჩებზე;

3. წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირი;

4. რკინის გზის სადგურთან ასასვლელ თამარ მეფის გამზირზე, ხომ ამგვარი აფთიაქების მთელი ბუკეტია!    

   ერთი სიტყვით, ყურადრება! ეს ახალი თაობის ,,მძიმე არტილერიაა”, რომელიც სულ ერთ-ორ წელიწადში იწვევს ნერვული სისტემის არაშექცევად მოშლას და ადამიანის სრულ დაინვალიდებას! აი, ამ პრეპარატების და მათგან დამზადებული ნარკოტიკების არასრული ჩამონათვალი:

1. ამფეტამინები – ეფედრინი, ,,ჯეფი”, ,,ვინტი”;

2. ეპილეფსიის საწინააღმდეგო, ანტიკონვულსიური – ,,ლირიკა”, ,,ჰელიმონი”, ,,ბაკლოსანი“, ,,გაბაგამა“;

3. ოპიატების ჯგუფი - ,,კრაკადილი”, კოდეინი –  ,,კოდელაკი”, ,,კოდეტერპი”, ,,კოდესანი”;

4. დიაზეპამის ჯგუფი – ,,რელადორმი”, ,,რელანიუმი”, ,,სედუქსენი” და ,,ვალიუმი”…

  ჩვენ ტელევიზიით სახელმწიფო მოხელეებისგან რეცეპტებით ,,სააფთიაქო ნარკომანიაზე“ გამარჯვების აღფრთოვანებულ რაპორტებს ვისმენთ, ამასობაში კი უამრავი ახალგაზრდა იღუპება! ნარკომანიის ეპიდემია კვლავ მძვინვარებს – გადამჭრელი ზომებია მისაღები!

 

V. კანონის ლიბერალიზაცია

   მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ნიშნავს კანაფის არა მხოლოდ მოხმარების, არამედ მოყვანის, შენახვისა და რეალიზაციის კანონით დევნის შეწყვეტას – წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან გაჩნდება მოხმარებისთვის აუცილებელი ,,ლეგალური“ მოსაწევი? თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცივილიზებულ სამყაროში კანაფის მოხმარება დეკრიმინალიზირებულია.

   კონკრეტულ კანონზე, კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ. მე, კანონის შესახებ, მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები და ჩემი სუბიექტური აზრი შემიძლია გამოვთქვა:  

   1. ნარკომანია – მძიმე სენია და ამის გამო, თუ ნარკომანს სხვა კრიმინალური ქმედება არ აქვს ჩადენილი, მისი ციხეში ჩასმა დაუშვებელია!;

   2. დღეისთვის, რაც შეიძლება დროზე, უნდა მოხდეს ,,მძიმე” და ,,მჩატე” ნარკოტიკების გამიჯვნა (ა), მათი ე.წ. ,,მცირე დოზის” განსაზღვრა (ბ) და, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით სასჯელის დიფერენცირება – სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის შენახვა-მოხმარება, მისი რაოდენობის, ,,სიმძიმისა” და საზოგადოებრივი საფრთხის მიხედვით უნდა მოხდეს:

   a) ,,მძიმე” ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის – მეტადონისა თუ სუბუტექსის პროგრამების სახით, არსებობს ალტერნატივა და ამის გამო, დასაშვებია, მძიმე ნარკოტიკების არაკანონიერი შენახვა-მოხმარება ჯარიმით ისჯებოდეს;

   b) პლანის მცირე რაოდენობით შენახვა – ეს ქმედება საერთოდ არ უნდა ისჯებოდეს;

   3. ყველა ნარკოტიკის გაყიდვაზე უნდა შენარჩუნდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო უფროსების მიერ არასრულწლოვანებისთვის ნარკოტიკების ნებისმიერი სახით მიწოდება, განსაკუთრებულად მკაცრად უნდა დაისაჯოს;

   4. თუნდაც მარიხუანას ტიპის ,,მჩატე” ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, როგორმე უნდა მოხერხდეს პოლიციის ,,ტოლერანტობის” გაზრდა.

   მჯერა, რომ მარიხუანას ნაწილობრივი ლეგალიზაციის და კანაფისადმი პოლიციის ,,ტოლერანტობის” გაზრდის საფუძველი, ნამდვილად არსებობს, სხვაგვარად წარმოუდგენელია ამ პროცესს მსოფლიოში ამდენი მომხრე ჰყავდეს. მე ორივე მხარის არგუმენტები მოგახსენეთ, ხოლო ემოციური და მიკერძოებული დასკვნის გაკეთება არ მსურს – ეს სპეციალისტებმა უნდა აწონ-დაწონონ და განაჩენი, მხოლოდ ქართული რელობის გათვალისწინებით გამოიტანონ.

   90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს უკვე მოხერხდა და პრაქტიკულად განხორციელდა მენტალობის ძირეული ცვლა – ნარკომანობა აღარაა პრესტიჟული და მიმზიდველი! ჩვენმა შვილებმა ზუსტად იციან, რომ ,,კაიფი” – ,,საგზურია ჯოჯოხეთში”, ახალგაზრდებს კი, სწავლა და წარმატება სწყურიათ. ჩვენ, მათ მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ...

   პროფილაქტიკა იყო, არის და იქნება ნარკომანიის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება! ინტენსიური ანტინარკოტიკული პროპაგანდა (სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკიდან) და მოზარდებისთვის ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზება, ერთადერთი სწორი გზაა.

P.S.

   ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ, ყველას გთავაზობთ, თვალები დახუჭოთ და შემდეგი სურათი წარმოიდგინოთ: ,,სოფელი პლანადიდი! ჰორიზონტამდე კანაფის თვალუწვდენელი,   აბიბინებული ყანები. ახალგაზრდები და ხანშიშესულები წვანან, ერთ ლარიან ,,კარბიდის” არაყს ,,უბრახუნებენ” და პლანს ზანტად ,,უქიშინებენ”. პლანადიდში ყველაზე დეფიციტური საქონელია – ასანთი და გაზეთი, რომლიდანაც პლანის გასახვევი ყალიონები მზადდება. პომიდორი, კიტრი, ლობიო, ერთ-ორ, კიდევ შემორჩენილ, უცნაურ მოხუცს მოჰყავს. არავინ თესავს, არავინ ხნავს, არავინ სხლავს, არც თხოვდებიან, არც მრავლდებიან, მეტიც – არავინ კვდება! ყველა ეწევა, ეწევა, ეწევა...”

ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, მაისი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უგულავა: ივანიშვილი ქვეყნის პრობლემაა, სააკაშვილი - თავისი თავის

კომენტარები