ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

გადააგდე ნარკოტიკი – კაიფი ფხიზლად ცხოვრებაშია!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

    დავიწყებ იმით, რომ ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერები ეკუთვნის ყოფილ ნარკომანსა და ალკოჰოლიკს. არც მე, და ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე, არც არავის სხვას, ჯერ არ უნახავს 30 წლის სტაჟის ნარკომანის სრული განკურნება! საყოველთაოდ ცნობილი წესია – ყოფილი მორფინისტი არ არსებობს, საუბარი შეიძლება მხოლოდ ნარკომანიის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ რემისიაზე. და აი, ჩემს წინაშე დგას ,,გამონაკლისი, რომელიც მხოლოდ ამტკიცებს წესს” – სრულიად გამოსწორებული მკეთებელი!

   ,,...წინასწარ გაფრთხილებ, ვერაფერს გეტყვი სენსაციურს, არც სასწაულმოქმედი, ორ-სამკვირიანი მეთოდები ვიცი. დანებების მოკლევადიანი რეცეპტები ჩვეულებრივი სატყუარაა, მირაჟი. რეალურად ეს ხანგრძლივი პროცესია, გაუთავებელი ბრძოლა, მრავალი დაცემით, კვლავ წამოდგომით, დიდი ტკივილით...” – ასე დაიწყო თხრობა განვლილ გზაზე ყოფილმა თბილისელმა ,,ჯანკიმ”, დავითმა (დათომ). არა და, რა უნდა ყოფილიყო მასზე სენსაციური?!

   მე: ჯერ გამეცი პასუხი მთავარ კითხვაზე – რატომ ვერ ანებებს ნარკომანი წამალს თავს? ჯოჯოხეთურ ტანჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დამატებით არსებობს ნარკომანიის თანმხლები შეზღუდვები – კანონგარეშე ცხოვრება, პოლიცია, დაკავებები. ამჟამად მაინც არის პირობები საკმაოდ უმტკივნეულოდ გადააგდო ეს მავნე ჩვევა და მაინც უარყოფითი შედეგი, რატომ?

   დათო: მართალი ხარ, ნარკომანის მთელი ცხოვრება დანებება-დაწყებაში გადის. დროთა განმავლობაში, კაიფით ტკბობა ნელდება, წამალი იქცევა აბსტინენციის მკურნალობის ერთადერთ საშუალებად. იკეთებ მხოლოდ ერთი მიზნით – არ იყო იმ წყეულ მდგომარეობაში,  რომელსაც ,,ლომკა” ჰქვია. ბევრი მიფიქრია, თუ როგორ შეიძლება ასე დაეცე, ზრდასრულმა მამაკაცმა ყოველგვარი თავმოყვარეობა დაკარგო და იცხოვრო იმ წუმპეში, რომელიც ნარკომანიას თან ახლავს?! შევეცდები ავხსნა.   

   მორფინისტმა იმკურნალა, ჩაიტარა გადასხმები, აბსტინენცია შეწყდა. აი აქ მივადექით ახლადდანებებული მკეთებლის წინაშე აღმართულ ორ დიდ კედელს, რომლის გადალახვის გარეშეც სრული განკურნება წარმოუდგენელია: 1. უახლოესი დროის ამოცანა – ემოციური გამოფიტვის დაძლევა და 2. შორეული პრობლემები – რეალურ ცხოვრებაში ჩართვა, ანუ სოციალური და სექსუალური რეაბილიტაცია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

   1. ორ-სამ კვირაში ,,ლომკა” დამარცხებულია, და რა?! ნარკომანი სიცარიელეშია – მისი ემოციები მკვდარია! მას არ უხარია ცხოვრება, არ ხიბლავს ჩვეულებრივი ყოფა, მზის ამოსვლა, შესანიშნავი ბუნება, საყვარელი შვილები, საინტერესო წიგნი. დაკარგული ემოციების დაბრუნებას საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება. მაგრამ, როგორც ჩემმა დანებების პრაქტიკამ მიჩვენა, ის ტვინის ცენტრები, რომლებიც განაგებენ ჩვენ გუნება-განწყობას, სავსებით აღდგენადია. ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების ხალისიანი აღქმა, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იწყებს დაბრუნებას!

   2. საღი ცხოვრების მიმზიდველობის სრულად შეგრძნებისთვის, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას, გახდეს მისი სრულფასოვანი, წარმატებული წევრი.  დანებების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ადამიანის ცხოვრებისეულ გზას წარმართავს ორი ძალა: 1. სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი და 2. სექსუალური ლტოლვა. კაცს სურს მუდმივად იღებდეს საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებას, გრძნობდეს თავს სასურველ სექსუალურ პარტნიორად.  

   რა ხდება მორფინისტის შემთხვევაში? ის შეეშვა წამალს, გაიარა ფსიქო-ემოციური ადაპტაცია და... ისევ რა? კვლავ სიცარიელე! ადამიანი ხედავს, რომ მას არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, გარდა ჭამისა და ძილისა, ის არაა რეალიზირებული. გარშემო ყველა რაღაც საყვარელ საქმეს აკეთებს, ერთობა, ჰყავს საყვარელი ქალი, ისინი ცხოვრობენ სისხლსავსე ცხოვრებით. გამოჯამრთელებული მორფინისტის ყოფა კი, ძველებურად მოსაწყენი და ერფეროვანია. ის უბრალო ადამიანურ ურთიერთობებსაც კი გადაეჩვია, გოგოს გაცნობაზე და რომანზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ასეთი ადამიანი, ფაქტობრივად, თავიდან იდგამს ფეხს, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, რადგან ფხიზლად ვერ უახლოვდება ადამიანებს, ის დაშინებულია, უმიზეზოდ მორცხვობს. მოკლედ, ნარკომანს სჭირდება სოციალური ადაპტაცია, ადამიანური ურთიერთობები, რაღა თქმა უნდა, სიყვარული და სექსი. რადგან ჩვეულებრივ, ფხიზლად ყოფნისას ამას ვერ აღწევს, ის ფიქრობს ასე: ,,აჰა, დავანებე, ამდენი ვიწვალე და რა? ისევ მოხარშული კარტოფილივით ვაგდივარ, მიტოვებული, არც გოგო მყავს, არც არავის ვუყვარვარ, ვერც ვერაფერს ვაკეთებ, არც არავის ვჭირდები...რა ვქნა, რაა?! აი, გუშინ ზურა იყო, კაიფში, ნაშასთან ერთად, სადღაც მიდიოდნენ.... რა გაეწყობა, სულ ასე გდებას, გავიკეთებ და იმ წამებასთან ერთად დრო და დრო მაინც ვიქნები ხასიათზე, ცხოვრებაში ჩართული. ეჰ, მოდი ერთხელ გავიჩხირავ, ცოტას მეც გავიხარებ” – იღებს ტელეფონს და იწყება ჯოჯოხეთის ახალი წრე. ამას კი, უარესი სასოწრკვეთა და წამალში უფრო ღრმად ჩაფვლა მოჰყვება.

   გარდა ჩამოთვლილისა, მორფინისტს აგრეთვე ექმნება სხვა სექსუალური პრობლემები. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ორგაზმის დადგომის დრო ძლიერ გახანგრძლივებულია, რაც მკეთებელს სექსუალური სიძლიერის ილუზიას უქმნის. დანებების შემდეგ კი, მას უმუშავდება პოლუციის მსგავსი, მომენტალური ორგაზმი, ხოლო ერექცია ხანმოკლეა და დუნე. ამ ორი მიზეზის, ანუ დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული შიშების და სქესობრივი კავშირისთვის არასაკმარისი ერექციის გამო, მორფინისტი იწყებს ალკოჰოლის მიღებას. დასალევის ზემოქმედებით მიღებული სიამოვნება არ ხიბლავს მორფინისტს, რადგან ის დიდად განსხვავდება კაიფისგან. მიუხედავად ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ნარკომანი ადრე თუ გვიან იწყებს სმას. სწორედ დასალევი ,,კურნავს” ზემოხსენებულ შიშებს და გარკვეული დროით, ნაწილობრივ, ვენური სისხლის მიმოქცევის გაზრდის ხარჯზე, აგვარებს კიდეც ხანგრძლივი სექსის პრობლემას. მაგრამ, გადის სულ ერთი-ორი წელი და ნარკომანის ცხოვრებაში დგება საბოლოო დაშვების ხანა, ის უკიდურესად ,,ფარჩაკდება”. ეს იგივეა, ცეცხლი რომ ბენზინით აქრო – ,,მკურნალობა” საშინელი შედეგით! თან სახიფათო ისაა, რომ დანებების ჟამს ალკოჰოლზე გადასვლა ახლობლებს, თვით ნარკომანსაც უქმნის ილუზიას, თითქოს დადგა ბედნიერი ხანა – კაცი გონს მოეგო და ქეიფი დაიწყო! სულ მოკლე ხანში კი მოდის გაწბილება – ნარკომანი ისეთ პათოლოგიურ ლოთად იქცევა, რომ მისთვის და გარშემომყოფთათვის ნარკომანული ცხოვრების წესი სანატრელი ხდება. ამიტომ სასმელი სამუდამო დავიწყებას უნდა მიეცეს, თორემ გარდა აგრესიული ქმედებებისა, ღვიძლის ციროზი უახლოეს 2-3 წელში გარდუვალია!

   მე: ახლა დავუბრუნდეთ ისევ საზოგადოებაში დაბრუნების სხვა ასპექტებს – სამსახურს, საყვარელ საქმეს. შენ როგორ მოახერხე ეს?

  დათო: ცხოვრების ახალი აზრის პოვნა, ურთიერთობები ადამიანებთან, სამსახური, შენი საქმე, ჰობი, და ეს ყოველივე თავიდან, უნარკოტიკოდ – ძნელია! მაგრამ, ნარკომანისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლაა და მასში ის ვალდებულია გამარჯვებული გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოთობა გარდუვალია! მან აუცილებლად უნდა მოახერხოს ყურადღების მთლიანი გადატანა რაღაც ახალ, საინტერესო საქმეზე. თავიდან ჩვეულებრივი, უბრალო საქმეც კმარა. ვთქვათ, პირადი კუთხის, წიგნების მოწესრიგება, ხატვა, წერა, კითხვა. ნარკომანს ხომ ყველაფერი არეული აქვს, ყოფის ყველა სფერო პრაქტიკულად თავიდანაა ასაწყობი. საქმეს რა გამოლევს?! მთავარია იყოს სურვილი! მეც ამ გზით წავედი: საქმედ ჯერ ეკლესია და მედავითნეობა ავირჩიე, შემდეგ მოთხრობების წერა დავიწყე, მერე  მეგობრებმაც შემიწყვეს ხელი და სამსახურს შევუდექი. მოვიდა წარმატება, თვითშეფასებამ მკვეთრად აიწია. თანდათან აღვადგინე ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან, რაშიც კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დამეხმარა. გაჩნდა ახალი ინტერესები, ახალი ამხანაგები და ჩემთვის თავიდან აღმოჩენილი ქალი, სიყვარული.

 

*          *           *

   როგოც ზემოთ ითქვა, ყოველივე, რაც ნარკომანმა უნდა შესძლოს, რათა თავი დაანებოს წამალს, მისთვის ახალია და ჩვილი ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს. ამიტომ ჩვენი საუბრების შედეგად ჩამოწერილ ნუსხას – ,,წამლის გადაგდების ნაბიჯები ვუწოდეთ:

 

I. მკეთებელს

   პირველი და აუცილებელი ცნება ასეთია:გახსოვდეს, არ გასინჯო წამალი! ერთხელაც კი, თორემ აუცილებლად დაიღუპები!

   ...მიუხედავად გაფრთხილებისა, შენ მაინც დაჯექი წამალზე – პერიოდულად ანებებ და კვლავ იწყებ? დაიცავი შემდეგი წესები:

   1. განკურნების მთავარი საიდუმლო საკუთარი უძლურების აღიარებაში მდგომარეობს. უნდა იყვირო, რომ ავად ხარ და ყოველივეში მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულო. ნარკოტიკის (ალკოჰოლის) ტყვეობიდან გამოსვლა დაავადების წინაშე უმწეობის აღიარებითა და თავის დამდაბლებით იწყება, ,,წყლულების“ გახსნითა და მათი გულრწფელი გამომზეურებით. ასე ხორციელდება რეალურ ცხვორებაში ცნობილი სახარებისეული პრინციპი – ,,ითხოვეთ და მოგეცემათ”. თუ საკუთარ სენს სხვას დააბრალებ, ეცდები შენი  პიროვნება მაინც დადებითად წარმოაჩინო და ყველას ზემოდან უყურო, ასე არაფერი არ გამოგივა – შენ საბოლოოდ დაიღუპები. ერთი სიტყვით, თავის დამდაბლება და საკუთარი უძლურბის აღიარება ხსნის ერთადერთ გზას წარმოადგენს! ეს აუცილებელი ეტაპია, მხოლოდ შემდეგ მოდის – საქმე, დაინტერესება, ამბიცია.

   2. გქონდეს მუდმივი სინდისის ქენჯნა. სულ გახსოვდეს, თუ რას სჩადიხარ, რა ჯოჯოხეთს უწყობ, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფთ! იცოდე, ერთი გაჩხერვის ხათრით შენ საკუთარ სინდისთან ნებისმიერ კომპრომისზე წახვალ, მით უმეტეს, თუ შენი ბინძური საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს. შენ ნარკოტიკის გარეშე ვერაფერს აკეთებ, ესე იგი შენ წამლის უპირობო მონა ხარ! ნუღარ გაქვს პრეტენზია კაცობაზე – ნაგავი ხარ და ჩვარი!

    3. იყავი შეუპოვარი. არასოდეს შეურიგდე მარცხს, არ დანებდე ნარკოტიკს! არ თქვა – ,,მე უწამლოდ არსებობა არ შემიძლია!”. რა მტკინეულიც არ უნდა იყოს მორიგი დაცემა, გააგრძელე ბრძოლა, ყველაზე ცუდ დროსაც კი!

    4. არ დაკარგო იმედი. იცოდე, თუ ასე მოიქცევი, გაძლევ პირობას, შენ ოდესმე, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებ! შენ ადამიანი ხარ და ამიტომ ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი!

   5. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯია – გარემოდან ამოგლეჯა! რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ძველი ამხანაგებისგან შორს!საკუთარი თავის შემდეგ, ისინი არიან შენი პირველი მტრები! ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობებს მოჰყვება ,,დიადი წარსულის” გახსენება, არყის სმა, რაც აუცილებლად დამთავრდება გაჩხერვით. მიატოვე ყველა და გაიქეცი, ისე არაფერი გამოგივა – კარგად დაიმახსოვრე ეს! შენ ყოველივე გაგონებს წამალს, ამიტომ გამოცვალე ოთახის ინტერიერიც კი!

   6. საქმე, ყურადღების გადატანა. იპოვნე საქმე, რომელიც მთლიანად ჩაგითრევს, ნარკოტიკივით შეგიპყრობს. შენ ამბიციური მაქსიმალისტი ხარ, სხვებზე სწრაფად მიაღწევ წარმატებას, გახდები თავდაჯერებული. გახსოვდეს, შენ ისეთი დიდი, სასტიკი, უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, რომ შენი შინაგანი გამოცდილება აუცილებლად დააინტერესებს ადამიანებს, მთავარია თავდაუზოგავად იშრომო.

   7. სიყვარული და სექსი. ძირათადად, ეს ექიმ-სექსოლოგის სფეროა. ზოგადად ვიტყვი, რომ არსებობს ათასგვარი თანამედროვე ეფექტური მედიკამენტი, რომელიც აუმჯობესებს დათრგუნულ ჰორმონალურ ფონს, არეგულირებს ერექციას. მაგრამ წამლები დამხმარე საშუალებაა, მთავარი პრობლემა მაინც შენს ფსიქიკაშია. სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესება ალკოჰოლზე გადასვლით –  დამღუპველია! სამაგიეროდ, ფხიზელი ურთიერთობის აღდგენა საწინააღმდეგო სქესთან დაგეხმარება წარმატებაში ცხოვრების გზაზე, რადგან სწორედ ქალის, მისი სიყვარულის ხათრით მამაკაცი ყველაფერს შესძლებს, მიაღწევს ნებისმიერ მიზანს!

 

II. ახლობლებს

   1. დანებების მოტივაცია. ნარკომანიისგან თავის დახსნის პრაქტიკულად ერთადერთი რეალური და ეფექტური მოტივია – სიკვდილის შიში! რათა მკეთებელი დანებების შესახებ საბოლოო და შეუქცევად გადაწყვეტილებამდე მივიდეს, მისი გაჭირვების, ავადმყოფობის ხარისხი იმ უკანასკნელ ზღვრამდე უნდა დაეცეს, რომლის იქეთ აღარაფერია, გარდა სიკვდილისა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაშია დანებების რეალური იმედი. ამგვარი მდგომარეობაც მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ ეს დაცემა და ავადმყოფობა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, დიდი ტკივილით, გარდაცვალების დიდხნიანი შიშით. იცოდეთ – ,,ოვერდოზისგან”, ტანჯვის გარეშე ,,გაპარვები” არ მოქმედებს მორფინისტზე, მას ისინი არც ახსოვს.

   2. შეგონება. მშობლებო, დებო, ცოლებო, ამხანაგებო – ნუ მოგერიდებათ, მუდამ შეაგონეთ, დაარცხვინეთ მორფინისტი! ნარკომანის აღქმა გახევებულია, სინდისი მიძინებული. არავითარი ნაზი მოპყრობა მასთან ურთიერთობისას არ გამოიღებს შედეგს! მაგალითად, მე ასე ჩამყვიროდნენ და სამუდამოდ დამამახსოვრდა: ,,არ გრცხვენია ასე ცხოვრების?! მე, შენს ადგილას, თავს მოვიკლავდი, შე უსირცხვილო!”. ნუ გგონიათ, რომ მორფინისტი თქვენი სიტყვებით ისეთი შეურაცხყოფილი დარჩება, რომ თავს მოიკლავს! ნარკომანი მშიშარაა, ეგოისტიც, ის ვერ გაბედავს საკუთარი ნებით გამოესალმოს ,,ტკბილ“ სიცოცხლეს.

   3. სამედიცინოდახმარება. შორეული და ძვირიანი მკურნალობა, ,,სენსაციური” მეთოდები მოკლევადიან გაჯანსაღებას იძლევა. ოჯახი უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს და მალევე რწმუნდება გაღებული მსხვერპლის ამაოებაში. ჩვეულებრივი გადასხმები, მხოლოდ მცირეხნიანი, მაქსიმუმ ერთკვირიანი ,,კიბე“ ანუ დოზის დაკლება ტრამალით, საძილეები და შარდმდენები – ამგვარი პროცედურები ნებისმიერ ნარკოლოგიურში ტარდება. ასეთი მკურნალობა საკმარისია და სავსებით ხელმისაწვდომი.

 

*          *          *

   მე: დათო, ერთი რამ მაინტერესებს... მაინ ეჭვი მეპარება, ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ, დღესაც არ გაქვს ცდუნება ერთხელ მაინც გასინჯო წამალი? შენ ხომ ფლობ დანებების და გამარჯვების გამოცდილებას – გაიკეთებ, იკაიფებ და შემდეგ დაანებებ?

   დათო: ჰოო... რატომ არ ვიწყებ თავიდან? ამის ერთი შანსიც არ არსებობს! გამორიცხულია! ვეცდები ავხსნა. ჯერ ალკოჰოლურ საფრთხეზე. ლუდის გემო და სურნელი მაგრად მიყვარს, მაგრამ ისე შემძულდა ოდნავ გაბრუებაც კი, რომ ამ სასმელსაც აღარ ვეკარები. მე ფხიზლად ცხოვრებაზე, მოქმედებაზე, ქალის სიყვარულზე დავკაიფდი, ასე მომწონს.

   მთავარი მოტივაცია კი ასეთია. იცი, ისე შევედი, შევეჩვიე ამ ახალ სახეს, ამგვარი ცხოვრების წესს, რომ ის ჩემი გახდა. წარმოიდგინე, ყველასთვის – გატანჯული დედებისთვის, მეუღლეებისთვის, დებისთვის, დამფრთხალი შვილებისთვის, მე ვარ პრაკტიკულად ერთადერთი იმედი, მაგალითი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ საკუთარ თავს. მათ  სჯერავთ, რომ მათი შვილი, ქმარი, ძმა და მამა გამოვა ნარკოტიკის ტყვეობიდან. გინდა სიამაყე უწოდე, გინდა სხვა რამ, მე ეს როლი მომწონს და ამდენ ადამიანს ვერ დავუკარგავ იმედს... მოკლედ, შანსი არაა, ერთიც კი, რომ წარმოსახვით მაინც ჩავიდინო ეს!

   კიდევ დავამატებ. ნარკოტიკი და არაყი ადამიანს ჭირდება არასრულფასოვნების კომპლეკსის დასაძლევად. მე, რამდენადაც ეს ჩემთვის შესაძლებელია, ვახერხებ დავიკმაყოფილო ,,სურვილი ვიყო მნიშვნელოვანი” და ,,სექსუალური ლტოლვა”. მეტ-ნაკლებად ორივე გამომივიდა, ასე რომ არც მაქვს მიზეზი მივიღო ნარკოტიკი. რატომ უნდა დავიწყო თავიდან და დავკარგო ის, რაც ასეთი შრომით და ტანჯვით მოვიპოვე? 5-8 წელი  რეანიმაციაში მოგზაურობა, ღვიძლი, სიცხეები, სუნქვის უკმარისობა, საჭმლად, ერთი მოხარშული კარტოფილი დღეში და წოლა, წოლა, სამი წელი! გაუნძრევლად! იცი, როდესაც ვკითხულობ ამ ჩანაწერებს, ან ვსაუბრობ წარსულზე, არც კი მჯერავს, რომ ყოველივე გადამხდა – მე, ერთმა, ჩვეულებრივმა ადამიანმა გავუძელი და გადავიტანე ეს... არა, ის ვიღაც სხვა იყო, სხვა...

P.S.

   წლების წინ, რამდენიმე ადამიანს გავანდე – ნარკომანიის თემაზე წერას ვიწყებ-თქო... ბევრი გაღიზიანდა, რადგან არ გვიყვარს ,,სარკე“ და მასში საკუთარი თავის დანახვა – იმის მაგივრად რომ რთული გზით ვიაროთ, იოლს, სხვისი გინების გზას ვირჩევთ... არა და, თუ გსურს წარმატებას მიაღწიო, მუდმივად უნდა გახსოვდეს შემდეგი: მეგობარო, იარე რთული გზით, მიყევი წამლის გადაგდების ნაბიჯებს და გჯეროდეს, რომ ის, რაც ხელს გიშლის, დაძლევადია! სასწაული დაიწყება პირველივე წარმატების შემდეგ – დაბრუნდება ფხიზელი ცხოვრების ხალისი, დადებითი ემოციები და განცდები! შენი არსებობა შეიძენს აზრს! აიწევს თვითშეფასება და შენ ისეთი ამბიციური გახდები, რომ ყოველივეს მიაღწევ! იცოდე, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!

   ... დღესაც მისვამენ კითხვას: შენ გჯერა, რომ შენი ნაწერით რაიმეს შეცვლი და ვინმე დაანებს წამალს თავს? პასუხი გაურკვეველია – არ ვიცი... უფრო მეტიც – ალბათ არა, არ მჯერა, მაგრამ ვიცი, დათოს ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჩემი ვალია დავწერო, ვუთხრა მათ, რომ გვიან არასოდეს არის. დანარჩენი – პირადად ნარკომანის გადასაწყვეტია. მე მსურს თუნდაც იმედი მივცე მათ, ხოლო ეს ცოტა როდია... საკმაოდ ბევრიცაა! მე ასე ვთვლი.

ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, მაისი

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები