ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი კონსტანტინე ცერცვაძე

პოეტური გზავნილები დედას

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

პოეტური გზავნილები დედას (პაოლო იაშვილის და სერგეი ესენინის ლექსების “წერილი დედას” შეპირისპირება)

XX საუკუნის ოციანი წლების ბრწყინვალე პოეტებს_ ქართველ პაოლო იაშვილსა და რუს სერგეი ესენინს მხოლოდ ნაცნობობა და საერთო ლიტერატურული ინტერესები როდი აკავშირებთ. მათი მსოფლმხედველობა, “ერთი მიმართულებით ხედვა” განაპირობებდა მათ სულიერ ძმობას. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დედის ხატის, როგორც მშველელის და გადამრჩენელის ერთნაირად აღქმა.

იმისათვის, რომ გავიგოთ, გავაანალიზოთ ნებისმიერი ნაწარმოები, უნდა ვიცოდეთ მისი შექმნის ისტორია. სერგეი ესენინის ლექსი “წერილი დედას” შეიქმნა 1924 წელს, ანუ ავტორის სიცოცხლის ბოლო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების შემოქმედება არის პოეტის ოსტატობის უმაღლესი წერტილი. სერგეი ესენინმა ბოლო წლებში შექმნა ბევრი პოეტური გზავნილი. ამ პერიოდის პოეზია თითქოს აჯამებს მთელ მის მემკვიდრეობას და ესთეტიკურ პოეზიას. დავუბრუნდეთ ლექსს “წერილი დედას” . ლექსში აშკარად იგრძნობა პოეტის სულიერი მდგომარეობა, თითოეული სტროფი სავსეა დედისადმი სიყვარულით, მონატრებით. წლების ქარცეცხლში გამოვლილ მოხუც დედას ძალიან ენატრება დიდი ხნის უნახავი შვილი და ხშირად გამოდის გზაზე დაცრეცილი ძველი მოსასხამით. პოეტი კი აიმედებს დედას და ახსენებს, რომ ის არ შეცვლილა, ისევ იგივეა. ეს თეზისი ნათლად ჩანს მე-5 სტროფში. “Я по-прежнему такой же нежныйИ мечтаю только лишь о том,Чтоб скорее от тоски мятежнойВоротиться в низенький наш дом.”მას წარმოდგენილი აქვს მშობლიურ სახლში დაბრუნება , ოჯახური სითბო. დედა ესენინისთვის ერთადერთი სიხარულია. “Ты одна мне помощь и отрада,Ты одна мне несказанный свет...” დედისადმი სიყვარულით არის მდიდარი ყოველი სტროფი ამ ნაწარმოებისა, ამ ლექსში თითქოს იგრძნობა პოეტის გულისცემა. ყოველი სტროფის წაკითხვისას გრძნობ იმ სულიერებას , სითბოს და გულისტკივილს, რომლითაც ეს ლექსი არის შექმილი. ესენინის ლირიკაში იგრძნობა ადამიანური სითბო და სიკეთე, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს გაუცხოებულ წუთისოფელში.

 

 

რაც შეეხება პაოლო იაშვილის ლექსის “წერილი დედას” ანალიზს, აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის პოეზიაში ქალაქი იქცა სულიერების მტრული გარემოს სიმბოლოდ. (ქალაქი-მტერი) . ადამიანის გაუცხოების პრობლემა, ურბანულ გარემოსთან შეუგუებლობა, აქტიური თემა იყო და არის ქართულ პოეზიაშიც. განსაკუთრებით გამოიკვეთა ეს ტენდენცია XX საუკუნის ოციან-ოცდაათიან წლებში, რადგან დიდ ქალაქებში სასწავლებლად წასული ქართველი შემოქმედი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა პროვინციებიდან ჩამოსული ახალგაზრდები იყვნენ. ისინი უცხოდ გრძნობდნენ თავს და იტანჯებოდნენ მშობლიური კერისა და სოფლის ნოსტალგიით. ამის საილუსტრაციოდ საკმარისი იქნებოდა გალაკტიონის ლექსი “ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი”, მაგრამ ჩვენ დღეს შევეხებით პაოლო იაშვილის ლექსს “წერილი დედას” . ეს ლექსი 1916 წელს დაიწერა, როცა მშობლიური არგვეთიდან წამოსულ ჭაბუკს შემოვლილი აქვს რუსეთისა და საფრანგეთის დიდი ქალაქების სასწავლებლები. ლექსში ავტორმა მკვეთრი კონტრასტულობით დაუპირისპირა ერთმანეთს სოფელი და ქალაქი. პაოლოს აზრით, სოფელი განასახიერებს პატიოსნებას, სიწმინდეს, საუკუნეებით დამკვიდრებულ ქართულ რეალიას, სიმშვიდეს და იდეალურ ყოფას:“მართალი ბათმანი”, “მყუდრო სამყოფელი”. ამის საპირისპიროდ ავტორი ქალაქში ხედავს სულ სხვა ცხოვრებას, სხვა ზნეობას. ქალაქის საზოგადოება ცივი და გაუცხოებულია, აქ ბატონობს თვალთმაქცობა, ორპირობა, მორალური დაცემა. ყელსახვევი და შავი ხელთათმანიც კი მოჩვენებითია, საფარია უზნეობის შესანიღბად:“ბათმანი, და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.” ლექსი ერთგვარ აღსარებას ჰგავს, რომელსაც პოეტი უგზავნის სოფელში დარჩენილ დედას. დედა მისთვის სიწმინდეა, იმედია, გადამრჩენელია.ძე-შეცდომილის მგავსად, პაოლო ერთგვარ აღსარებას ამბობს ამ ლექსით, იგი თითქოს ინანიებს დიდ ქალაქში ჩადენილ ცოდვებს და შენდობას ითხოვს დედის მეშვეობით. ღმერთის და დედის რწმენამ უნდა მოაპოვებინოს სულიერი სიმშვიდე, უნდა დაიცვას გარდაუვალი დაცემა-დაკნინებისგან.“დედა! ინახულეშენ წმინდა ხახული!წადი ფეხშიშველი,ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,ღმერთო! აპატიე,_მე თუ ვერ მიშველი დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელიმისთვის, რომ ჩემს გულშიდაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.”

 

 

ახლა კი განვიხილოთ ამ ორი ლექსის საერთო და განსხვავებული ელემენტები.

საერთო ის არის, რომ ორივე ავტორის იდეალი არის დედა, ორივე წამოსულია სოფლიდან და ენატრება მშობლიური კერა. სერგეი ესენინისათვისაც და პაოლო იაშვილისთვისაც დედა სიწმინდეა, იმედია. რაც შეეხება განსხვავებას, როგორც აღვნიშნეთ, პაოლომ მკვეთრი კონტრასტულობით დაუპირისპირა ერთმანეთს სოფელი და ქალაქი , რაც სერგეი ესენინის ლექსში არ ჩანს, ესენინმა აქცენტირება გააკეთა უფრო დედისა და თავის ურთიერთობაზე, პაოლო კი საზოგადოებრივ პრობლემაზეც გვესაუბრება.პაოლო სთხოვს დედას, რომ ილოცოს მასზე, ხოლო ესენინი დედას ლოცვას არ სთხოვს, ის მოუწოდებს დედას, რომ არ იდარდოს , არ მოიწყინოს, ანუგეშებს მას და დაბრუნების იმედს აძლევს. თუ პაოლო წარსულში ეძებს შვებას, ესენინი ამბობს, რომ წარსულში არასდროს დაბრუნდება. და, რაც მთავარია, პაოლოს ლექსი ოპტიმისტურად მთავრდება, ხოლო სერგეი ესენინის ლექსი , პაოლოს ლექსთან შედარებით,_ პესიმისტურად. ასეთი იყო საერთო და განსხვავებული ელემენტები პაოლოსა და ესენინის ლექსებში, ამ ორი მეგობრის ლექსებში. ორი მეგობრის, რადგან სერგეი ესენინი იყო ცისფერყანწელების მეგობარი და სულიერი ძმა, უფრო სწორად, ქართველების მეგობარი.სიტყვის ბოლოს დავესესხებით მას:

“Я - северный ваш друг И брат! Поэты - все единой крови. И сам я тоже азиат В поступках, в помыслах И слове.” …

 

 

ავტორები:

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სტუდენტები:

მარიამ გორგაძე, მარიამ გოგიჩაძე 

 

თანაავტორები, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სტუდენტები:

მარიამ ბაისონაშვილი,

მარიამ ქველიაშვილი

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

კომენტარები