ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

მარხვის დროს საკითხავი ესსე აღსარებითურთ

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

,,ჩემი გონება – ჩემი ეკლესიაა“ – ტომას პეინი ( აშშ-ს ,,ნათლიმამა“)

I. დღეს – სიძულვილის ქვეყანა

   მორიგი მარხვა… ადამიანებმა ღმერთსა და ერთმანეთს ცოდვების მიტევება სთხოვეს. მობილურებით, ისე რომ ერთმანეთისთვის თვალებში არც კი ჩაუხედავთ. ზოგმა იტირა კიდეც… მთელი წელი ყველა და ყველაფერი გვძულდა, სისაძაგლეებს ჩავდიოდით, უმსაგავსო ჭორებს ვავრცელებდით და შენდობა – უცებ, ერთი დარეკვით? სიაბანდია ეს ყველაფერი, ფარისევლური რიტუალი და თავის მოტყუება – წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე აგებული, ,,ტაძრული რწმენის”, სინდისის დამამშვიდებელი ,,placebo” აბი.

ხვალიდან ხომ ზრდასრული დეიდები და ბიძიები კაცობრიობას ისევ ,,ქოცებად“ და ,,ნაცებად“ დაყოფენ და თან ქრისტიანულ შემწყნარებლობას იქადაგებენ. ,,ნაცები“ ცოტანიღა დარჩნენ, სულ ერთი-ორი და ამ სიყვარულით სავსე ,,ქოცებმა“ ისინი უნდა გაჟლიტონ, გაანადგურონ და გასრისონ. არც ,,ნაცები“ თმობენ… და ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობთ, ვბედავთ? ეს როგორი სტილის არამზადული სიყვარულია – ახალი სიძულვილის ქრისტიანობაა?

პატივცემული საზოგადოება მალევე ისევ დასმენებს, დაჭერებსა და სხვისი უბედურებით ტკბობას მიეცემა, მრავალ სხვა ჭუჭყიან საქმეს ჩაიდენს… და 40 დღე ცოდვებზე იტირებს. თქვენ ვის აგოიმებთ? საკუთარ თავს იბოლებთ? ნაზებო და უმანკოებო, ფრთხილად, ცოდვებზე ტირილით, ერთმანეთისთვის შენდობის თხოვნითა თუ საყოველთაო სიყვარულით არ დადნეთ და ღორის ქონად არ ჩამოიღვენთოთ… ღმერთი თქვენსავით გულმავიწყი იდიოტი გგონიათ? თვალთმაქცებო, ცოდვებზე ტირით?

ერთ დიდ წმინდანს მარხვაზე უთქვამს – ხორცი ჭამეთ, ოღონდ ადამიანს ნუ შეჭამთო. ამდენი შური, ბოღმა, მუდმივი სიძულვილი  და… სიყვარული? ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კარის მეზობლის გვშურს, ნათესავები თუ ოჯახის წევრები, იგივე ,,ქოცობისა“ თუ ,,ნაცობის“ გამო, დანასისხლად ვართ ერთმანეთზე გადაკიდებულნი; ,,ერთმანეთში ვერ მოვრიგებულვართ და ჩრდილოელ დამპყრობელთან ურთიერთობებს ვათბობთ? ათეულობით წლებია ერთიმეორეს გინებით პირი აგვევსო, სისხლი შურით, ზიზღითა და აუტანლობითაა გაჟღენთილი და საყოველთაო სიყვარულს ვიჩემებთ? სწორედ ამ ფარისევლობის ოკეანის გამო აქ, კარგა ხანს ხე კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს – ეს ბოღმით გადამწვარი მიწაა, სიცრუით გამოფიტული და შურით მოწამლული ნიადაგია.

ჩვენს შორის არაფერია საერთო – სრული გაუცხოება და აუტანლობა. ბარიერის ორივე მხარეს – 30 წლის ჩამყაყებული ზიზღი, ჩირქივით ჩაგუბებული. იცით რატომ ვართ ასე პოლიტიკითა და სარწმუნოებით გატაცებულნი? გპასუხობთ – ამ სფეროში სიძულვილისა თუ  დაპირისპირების გადატანის და მისი გამოხატვის შესაძლებლობით. სწორედ ამის გამო ვერ ვიკლავთ წყურვილს პოლიტიკისა და რელიგიის მიმართ – ჩვენ არა ღმერთი, არამედ სხვაზე უპირატესობა გვწყურია. ჩვენ ბოღმა და გესლი ვერ დავშრიტეთ საკუთარ გულში. დიახ, ჩვენ ურთიერთ ზიზღითა და შურით გაჟღენთილი მონების ერი ვართ. მარხვას გილოცავთ!

 

II. ხვალ – ,,გონების საუკუნე“

ჩვენ ჩამოვრჩით – ცივილიზებულ სამყაროში რახანია ,,გონების საუკუნე“ დგას. ყოვლისმომცველი სიყვარული პრაქტიკულად შეუძლებელი შეიქმნა, ის მხოლოდ დეკლარირებულ თეზისში გადაიზარდა. სწორედ ამიტომ, ადამიანთა მთელი მოდგმის სიყვარულის ქრისტიანული მოთხოვნა ფარისევლობად იქცა. ძველთაგან გამეფებული თვალთმაქცობა, ადამიანის პიროვნებისადმი ცივილიზებულმა დამოკიდებულებამ – მისი პიროვნული თავისუფლებისადმი და თვითგამოხატვის ფორმებისადმი პატივისცემამ, ტოლერანტობამ შეცვალა. უკიდეგანო სიყვარული აღარ შეიქნა საჭირო და აუცილებელი, საკმარისია პიროვნული წესიერება და პატიოსნება – ადამიანებმა მკაცრად უნდა დაიცვან მხოლოდ მორალური ნორმები და იცოდნენ, რომ სხვებზე ,,ფეხის დაბიჯება“ თუ ,,ფეხის დადება“, შური და ჭუჭყიანი ჭორების გავრცელება ჩამორჩენილობის ნიშანია და სამარცხვინოა. მორალის მთავარ პრინციპად კვლავ რჩება ახალი აღქთმის ოქროს წესი – მოექეც სხვას ისე, როგორც გინდა, რომ ის გექცეოდეს.

პიროვნებისადმი ცივილიზებული მიდგომა აგრეთვე გულისხმობს არა სიტყვით სიყვარულს და რეალურად კი მუდმივ ბღვერას, არამედ მისდამი კეთილგანწყობასა და გაღიმებას. რაღა თქმა უნდა, მეტად ფასობს ისეთი ნიჭი როგორიცაა ჩაგრულებისადმი, უპოვარებისადმი და ავადმყოფებისადმი სიბრალული, თანადგომა. ასეთი რაციონალური სიყვარული – იგივე ცივილიზებული ურთიერთობა, მტრისთვის ლოყის მიშვერისგან განსხვავებით, შესაძლებელია. ამას გარდა, ის ,,ყოვლისმომცველი სიყვარულისა” და ,,სულიერების” მსგავსად ეფემერული, უზომო და უწონო ცნება არაა – შენს მორალურობას ყველა ხედავს, ის შემოწმებადია და საზოგადოების მხრიდან კონტროლირებადი. ცივილიზებულ საზოგადოებაში კი წესიერება დაფასებულია, ის მომგებიანია და ამის გამო ყველა ცდილობს ამგვარი თამაშის წესები დაიცვას.

ნაკლები ემოციები და მეტი რაციონალიზმი – გულის ძახილის, მაღალფარდოვანი სიტყვებისა და ადვილად აალებადი, შესაბამისად, მალე ჩაქრობადი და აუცილებლივ სიძულვილში გარდამავალი ემოციური სიყვარულის დრო გავიდა. წარსულს ჩაბარდა ირაციონალური შეფასებების, მოუთოკავი გრძნობების ხანა და დადგა გონების საუკუნე. დღეს შვილებისადმი, მშობლებისადმი, ქალისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის საუკუნეა. საწინააღმდეგო სქესისადმი სექსუალური ლტოლვის და პირადი სიმპათიის ხანა.

ადამიანური ნაწილი იესო ქრისტეშიც კი თანამოაზრის არჩევაში შეცდა და იუდა დაიმეგობრა. ასე მით უფრო არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი ამგვარი შეცდომებისგან. დამატებით, დრო გადის და როდესაც საერთო ინტერესები, შეხედულებები ქრება, მეგობრობაც ნელდება. ასე რომ ,,ტრუსიკებიდან“ სამუდამო ძმაბიჭობის ეპოქაც დასრულდა – დღეს ინეტერესთა თანხვედრაა მეგობრობის წარმართველი ძალა. ძველი სავალდებულო და დამამძიმებელი ტვირთივით მობეზრებული ძმაკაცობა, დაობებული ურთიერთობები, ხელოვნური მეგობრობა კვდება. მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა ასაზრდოებს ახლო ურთიერთობებს, ქალის სიყვარულს კი სექსი, სიმპათია და იგივე საერთო მისწრაფებები.

ადამიანი იმ ახალ წრეს ირჩევს, რომელიც შეესაბამება მის ამჟამინდელ ინტელექტსა და ინტერესებს, იმ კონკრეტული დროისთვის ჩამოყალიბებულ ფასეულობების ერთობას. სიყვარული რაციონალური ხდება – ადამიანი იმასთან ატარებს დღეს, ვინც იმ მომენტისთვის მას აინტერესებს, მასთან ყოფნა სიამოვნებს და არა ,,კანონით“ დადგენილ ,,ბავშვობის ძმაკაც-დაქალებთან“.

ასე ხდება ადამიანი სიყვარულსა და ურთიერთობებში გაცილებით თავისუფალი. ის ვერ დარჩება ძველი კოლექტივისადმი ერთგული და მასთან სამუდამოდ მიბმული. ერთი სიტყვით, ძმაბიჭებისა და დაქალების ინფანტილური ინსტიტუტი წარსულს ბარდება. მოდის ახალი თავისუფალი ურთიერთობების, ინტერესთა თანხვედრასა და გონებრივ განვითარებაზე დაფუძნენებული ურთიერთობების დრო.

– დაძველებული, ხელოვნური სიყვარულისა და მეგობრული ურთიერთობების ჯაჭვები წყდება!

– შეთხვევითი გარემოებებისგან (უბანი და სვხა) და კლანური ინტერესებით განპირობებული დამოკიდებულის ხარისხი იკლებს – კოლექტივიზმი კვდება!

– ინდივიდუალიზმის დრო დგება – თავისუფელბის ხარისხი იმატებს!

– თავისუფლების დაუძინებელ მტრებს – მიწიერ მიჯაჭვულობას, ყოველდღიური ყოფისგან და ცხვოვრების გარემოებებისგან დამოკიდებულებას – არა!

და ბოლოს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელი და მორიგი ხელისუფლების მიერ გაჩაღებული გაცხარებული საქმიანობის შიშით გამოწვეული რიტორიკული კითხვა: ,,ამათ ხელში (,,ზვიადისტები“ – ,,პუტჩისტები“, ,,ნაცები“ – ,,ქოცები“…) რა გვეშველება?!

პასუხი: საქართველოში არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. რევოლუციები ანგოლაში ხდება, ავტომატებით სირბილი ,,ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს უყვართ. ნორმალური ქვეყნები ატარებენ არჩევნებს, ხოლო არჩევნებს შორის სწავლობენ, შრომობენ, კითხულობენ, კულტურულად იხვეწებიან… და ერთმანეთს უღიმიან… და წინ მიდიან.

საქართველო მაშინ გაბრწყინდება, როდესაც უცხო ადამიანის არ შეგვეშინდება, დაგვაინტერესებს კიდეც მისი აზრი ცხოვრებაზე – ანუ გარეშე პირს თანატოლად, საკუთარი თავის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მისი ,,მეს“ გამოკვლევა ახლის მომტანი იქნება ჩვენთვის. ამიტომ, საქართველო მაშინ გახდება მაგარი ქვეყანა, როდესაც ავტოსტოპით შეძლებ თუნდაც თბილისიდან ქუთაისში ჩახვიდე და გზაში ნებისმიერ თემაზე ისაუბრო.

აღსარება:

ღმერთო, ჩვენ ომით და სიძულვილით გვაქვს გული სავსე. ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელსაც ქართველები სუფრებზე ვაფრქვევთ, ჩვეულებრივი, მდაბიო გონებისთვის განკუთვნილი სატყუარაა. რეალურად: ჩვენ შურით, ფარისევლობით და მომხვეჭელობით ვსაზრდოობთ; ჩვენი მორალია – ფარისევლობა; ჩვენ უვიცობით, სიბნელითა და წარმოსახვითი უპირატესობის რასისტული, ყალბი ისტორიული  მითებით ვხელმძღვანელობთ; ჩვენ თითქოს ყველა გვიყვარს და იმავდროულად, ვანთხევთ უამრავ ზიზღს; ჩვენ ვერ ვიტანთ განსხვავებულ აზრს და ამისთვის მზად ვართ ერთამეთი დავჭამოთ – ერთი სიტყვით, ვაღიარებთ, ქართული ნაციონალური უბედურების  ტრიადა ასეთია – შური, ფარისევლობა და უვიცობა.

მამაო ჩვენო, ახლა რაც შემეხება პირადად მე. ჩემი ადამიანებისადმი გრძნობები ძირითადად მერყეობს ნეიტრალურიდან სიძულვილამდე, იშვიათად – სიყვარულსა და სიბრალულს შორის.

მე ადამიანებზე არ ვგიჟდები და არ ვიჩემებ რომ ისინი დიდად მიყვარს, თუმცა, სამაგიეროდ, ვცდილობ არასოდეს გავუკეთო მათ გოთვერნობა და არავისი, რაოდენ წარმატებული და მდიდარიც არ უნდა იყოს ის, არ მშურს. ჩემთვის, ეს უკვე მიღწევაა და პიროვნული თავისუფლების გარკვეულ ხარისხზე მეტყველებს, რადგან სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიჯაჭვულობისა და ზედმეტი მიწიერების გამო არიან ადამიანები ასეთი შურიანები.

გაგიჟებით სიყვარული უკვე ფანატიზმია. მე ვირჩევ კულტურას, ურთიერთ პატივისცემას, კეთილგანწყობასა და ღიმილს. სიძულვილისგან გადაბრეცილი, პირველადად შეჭმუხნული თირკმელივით სახეებისა და ბოღმიანი ბღვერის მაგიერ, სწორედ ღიმილშია ჩვენი ხსნა! მხოლოდ გაღიმება გადაარჩენს საქართველოს!

ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, ივლისი (პეტრე-პავლობის მარხვა) 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები