ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ლიკა ბარაბაძე

ფსიქოლოგის ბლოგი: არტ თერაპია - როდესაც ხელოვნება გვეხმარება

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

არტია თუ თერაპია?

წინა პოსტში დეფლექსიაზე ვისაუბრე - როდესაც ბევრი სიტყვების მეშვეობით ადამიანი მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს გაურბის.  ასეთ შემთხევევაში საუბრის, დიალოგის, როგორც თერაპიული ხელსაწყოს გამოყენება რთულია. შესაბამისად, მივმართავთ არტ თერაპიას.

არტ თერაპია გულისხმობს ნებისმიერი ხელოვნების გამოყენებას თერაპიული მიზნებისათვის: ხატვა, ძერწვა, წერა, მუსიკა, ფილმი. ის საშუალებას გვაძლევს გავთიშოთ გონება, თავი ავარიდოთ აზრმოკლებულ ვერბალიზაციას და ჩვენი ემოციები რაიმეს შემოქმედებით, კეთებით გამოდვცეთ.

რამოდენიმე ტექნიკა უფროსი კლიენტებისათვის

გეშტალთ თერაპიაში მნიშვნელოვანია არა შედეგი- არამედ პროცესი. არტ თერაპიის მეთოდიკის გამოყენებისას (დაუშვათ ხატვა) თერაპევტი კლიენტის ნახატის ანალიზსა და ინტერპრეტაციას არ ეწევა. უპირველეს ყოვლისა, ის კლიენტს თხოვს აღწეროს როგორ ხატავდა, რას ფიქრობდა და რას გრძნობდა ხატვისას, რა გაუჭირდა, რა გაუადვილდა. კლიენტი ნახატსაც აღწერს, ფიზიკური ნიშნებით იწყებს (აქ სქელი ხაზებია გავლებული, აქ ნათელი ფერებია, აქ ჩრდილები ჭარბობს, აშ) და თავად ყვება, რას ნიშნავს მისთვის მოცემული ფიგურები. ეს გაცნობიერების კიდევ ერთი ხერხია, გაცნობიერების, რომელიც რაციონალიზაციისაგან თავისუფალია და შემოქმედებით საწყისებს ეყრდნობა.

კლიენტებთან ხშირად ვიყენებ კოლაჟის ტექნიკასაც, განსაკუთრებით გაცნობით ფაზაში. ვთხოვ სესიის დროს ამოჭრან ჟურნალიდან სურათები და გააკეთონ 2 კოლაჟი: ის, რაც მათ შესახებ გარედან ჩანს და ის, რაც დაფარულია, შინაგანია.  აქაც დიდი ყურადღება ექცევა პროცესს - როგორ აწყობს კლიენტი კოლაჟს. ამის შემდეგ კლიენტი თავად ყვება ნამუშევარის შესახებ: ხანდახან ორ კოლაჟს ადარებს, ხანდახან მხოლოდ 1 კოლაჟზე ამახვილებს ყურადღებას, ხანდახან კი - მხოლოდ ერთ სურათზე იწყებს საუბარს.  საით წავა კლეინტი ამ სავარჯიშოს მეშვეობით მისი გადაწყვეტილებაა.

რამოდენიმე ტექნიკა უმცროსი კლიენტებისათვის

არტ თერაპიის პირველი „მუშტარი“ მაინც ბავშვები და მოზარდებია. საქმე იმაშია, რომ ბავშვებს ემოციების ამოცნობისა და გაზიარების უნარი განვითარებული არა აქვთ. კითხვაზე „ახლა რას გრძნობ?“ ბავშვი მხრებს აიჩეჩავს. არტ თერაპია და თამაშით თერაპია ბავშვებთან მუშაობის წამყვანი იარაღია. ამ ორი ხერხის გარეშე ბავშვთან დაკავშირება შეუძლებელია. ნახატებით, ზღაპრებით, ძერწვით, სათამაშოების განლაგებით და სათამაშოებით ინტერაქციით ბავშვის შინაგანი სამყარო იხსნება: რა აწუხებს, როგორ არის როლები გადანაწილებული მის ოჯახში, როგორ ურთიერთობს სხვებთან.

ბავშვთა თერაპია იზოლაციაში არ მიმდინარეობს, აუცილებელია მშობლის ჩართვაც, არსებული დინამიკაზე დაკვირვება, მშობელთან და ბავშვთან ერთდროული მუშაობა. ამისთვისაც მრავალი საინტერესო არტ თერაპიული სავარჯიში არსებობს, მაგალითად, ხატვა ფეხებით: ბავშვს და მშობელს ეძლევათ ფორმატის ფურცელი და გაზავებული საღებავები. მათი ამოცანაა ფორმატზე ფეხით ნებისმიერი რამ დახატონ. პროცესზე დაკვირვებისას უამრავი ინფორმაციის მიღება შეიძლება: ვინ იკავებს მეტ ადგილს ფორმატზე, ბავშვი თუ მშობელი (ანუ ვინ არის ამ ურთიერთობაში დომინანტური)? პარალელურად და დამოუკიდებლად ხატავენ? ერთამენთს ხელს უშლიან? ეხმარებიან? მშობელი ინსტრუქციებს იძლევა? ერთ მთლიან ნახატს ქმნიან თუ ორ დამოუკიდებელს? და ა.შ.

რატომ მაინც და მაინც ფეხებით? რაც ნაკლები ფორმალობა აქვს სავარჯიშოს, მით მეტად ჩნდება ემოციები. ფეხებით ხატვა არქაულია, მიწასთან შეხებას გულისხმობს და ბოლოს და ბოლოს რთულია-შესაბამისად ნაკლები დრო რჩება გასაანალიზებლად, რაციონალური აზრების ჩასართობად. გარდა ამისა, ამ აქტივობაში მთელი სხეულია ჩართული, რაც ჰოლისტიკურ ეფექტს იძლევა.  ფიქრი ირთვება ხელებით ხატვისას, თუმცა ძირითადი ინფრომაცია აქაც იკვეთება (ბოლო-ბოლო ყველას კაბინეტში არ დგას ფეხსაბანი ტაშტი). ყველაზე ნაკლებად ეფექტური კი ფუნჯით და სხვა გაშუალებული მეთოდებით ხატვაა, რომელიც მეტ ფიქრს, კონცენტრაციას და ნაკლებ სხეულებრივ კონტაქტს მოითხოვს.

რაც შეეხება მოზარდებს, მათი ემოციური სფრო ქაოტური, გაუგებარი, გაზვიადებული და ჩამოუყალიბებელია (ჩემი არავის ესმის!!!). ამავე დროს მათ საკუთარი თავის შესცნობის ინტერესი აქვთ. შესაბამისად, არტ თერაპიული მეთოდები საშუალებას აძლევთ საკუთარ თავს დააკვირდნენ, გარეთ გამოიტანონ შემაწუხებელი განცდები, შეიტყონ სიახლე საკუთარი თავის შესახებ. მოზარდებს ხშირად უჭირთ თანმიმდევრული საუბარი, ანდა სულაც არ უნდათ უფროსთან ყველაფრის გაზიარება - ეს ბუნებრივი და მოსალოდნია. არტ თერაპია მათ საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გამოხატონ ემოციები.

საბოლოო ჯამში, ართ თერაპია მოზარდებთან და განსაკუთრებით ბავშვებთან მუშაობის წამყვანი იარაღია.

ღია წრე

ერთი წამოწყება მინდა გიგიზიაროთ: ფსიქოლოგთა გუნდმა გადავწვიტეთ სტიქიით დაზარალებული ბავშვებისათვის არტ თერაპიული სკოლის მოწყობა. უკვე ერთი კვირაა რაც ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ჩვენ, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები და სხვა „არტ ადამიანები“ ამ ბავშვებს კუს ტბაზე ვხდებით და სხვადასხვა აქტივობას ვთავაზობთ. თვის ბოლომდე გვაქვს აქტივობები გაწერილი.  ყოველივე ეს მოხალისეობრივ საწყისებზე კეთდება - სპოსნორები კი ტრანსპორტის, მასალებისა და საჭმლის შეძენაში გვეხმარებიან. იმედი გვაქვს რომ ერთი  თვის განმავლობაში შევძლებთ დაცული, უსაფრთხო და შემოქმედებითი სივრცის შექმნას, სადაც ყველას ექნება საშუალება გამოხატოს თავისი თავი და გათავისულდეს სტრესისაგან. ამ ინციატივას ღია წრე დავარქვით - ის ნებისმიერს მიიღებს და საზღვრებს არ აწესებს. აქტივობების მიმდინარეობა ამ გვერდზეა ასახული:https://www.facebook.com/ghiatsre?fref=ts, ეწვიეთ და დაათვალიერეთ.

პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები