ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი გიგი თევზაძე

ქართული სუფრის და სინამდვილის მიღმა

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ქართული ტრადიციული და დუნე ინტელექტუალური ცხოვრებისთვისაც კი, საკმაო დროა, რაც ქართულ სუფრის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. ეს მსჯელობა „ოფიციალურად“ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტში დაიწყო ათიოდე წლის წინათ და დღესაც გრძელდება. ამ იდეების ამპლიტუდა საინტერესოა: ქართული ეროვნული სიამაყის და ეროვნული იდეის პრეზენტაციის ლამის ერთადერთი ადგილიდან (ავტორი: აკაკი ბაქრაძე) და ეროვნულობის რეპრესირების კომპენსატორული ფუნქციის მატარებლიდან (ავტორები: ლევან ბრეგვაძე, გია ნოდია, ზალიკო ანდრონიკაშვილი), არაცნობიერში ღრმად დამარხული, აკრძალული სექსუალური ლტოლვების სუბლიმაციის (ავტორი: ემზარ ჯგერენაია) გავლით, საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას შექმნილ, ლიტერატურიდან ამოზრდილ კოსმოპოლიტურ კონსტრუქციამდე (ავტორი: ჰარშა რამი).

ზემოთჩამოთვლილი იდეების უმეტესობა აღწერით/ფენომენოლოგიურია და შესაბამისად, არ პასუხობს კითხვას ქართული სუფრის წარმოშობის შესახებ. ჰარშა რამის იდეა საინტერესოა, მაგრამ ამ იდეის მიღება/დაჯერებას ეწინაამღდეგება ის ისტორიული ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის შუა წლებამდე არც არსებობს ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ქართული სუფრის წესის აღწერილობა: არც ალექსანდრე ჭავჭავაძის სუფრა, არც დიუმას „კავკასია“, არც ილიაობის ნადიმი, არც აკაკის იმერული სუფრა (აქ, განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოდან, სადღეგრძელოებსაც არ ამბობდნენ) და სხვა, უფრო ადრინდელი აღწერები, არ გვიყვებიან იმ წესის შესახებ, დღეს რომ საყოველთაოდაა გავრცელებული საქართველოში და ლამის ქვეყნის ბრენდად მიიჩნევენ.

რას ვგულისხმობ: არცერთი ზემოთჩამოთვლილი აღწერა არ გვიყვება წესზე, რომლის მიხედვითაც სუფრას მეთაურობს არჩეულ/დანიშნული თამადა, რომლის ფუნქციაში შედის სადღეგრძელოების მიმდევრობის განსაზღვრა და პირველი თქმა, მოადგილეების დანიშნვა, მომდევნო მსმელების რიგის დაწესება, წესრიგის შენარჩუნება სუფრაზე, სასმისების ზომების განსაზღვრა. აქვე ვიტყვი: სიტყვა „თამადა“ საკმაოდ დიდი ხნისაა და ზემოდ მოყვანილ ზოგიერთ აღწერებშიც გამოიყენება. თუმცა, იმ აღწერებში თამადა არის ადამიანი, რომელიც სმის „უფროსია“ და სასმისების მიმდევრობას ხელმძღვანელობს. ის განსხვავდება თამადაზე ჩვენი წარმოდგენისაგან: არ აწესებს სადღეგრძელოების რიგს და თქმის მიმდევრობებს, არ არის „მთავარი მთქმელი“ და სუფრის წესრიგის დამდგენი.

წინა საუკუნის 90-იან წლებში, კერძო საუბრისას, მარინა თაბუკაშვილმა მიაქცია ჩემი ყურადღება ქართული სუფრის წესის და თუშეთ-ხევსურეთ-ხევის დღეობების სუფრის წესის მსგავსებას: ისიც, როგორც ჩვენი დღევანდელი სუფრა, მკაცრ სტრუქტურას ემოჩილება, იქაც, როგორც ჩვენს დღევანდელ სუფრაზე, ხუცესი, ხევისბერი მართავს სუფრას, პირველი ამბობს სადღეგრძელოებს, აწესებს შემდგომი თქმის მიმდევრობას, თვალყურს ადევნებს დღეობის სუფრის წესრიგს. იქაც, მთავარი და ცენტრალური კაცების სუფრაა და იქ ქალებს და ბავშვებს  არაფერი ესაქმებათ (ზოგიერთ შემთხვევაში ქალების სუფრა ცალკეა, თავისი თამადით და საკუთარი წესით). სტრუქტურა მართლაც იგივეა და დღევანდელი ქართული სუფრა ინტელექტუალური ძალდატანების გარეშე შეგვიძლია განვიხილოთ მთის (კერძოდ, აღმოსავლეთ მთიანეთის) საკრალური სუფრის სეკულარულ ვერსიად.

მაგრამ ესეც არ არის იმ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ წარმოიშვა დღევანდელი ქართული სუფრა. ეს, მარინა თაბუკაშვილისეული პასუხი, სტრუქტურალისტურია და გვიყვება დღევანდელი ქართული სუფრის სტრუქტურული წინაპრის შესახებ.

იმისათვის, რომ გავცეთ პასუხი დღევანდელი ქართული სუფრის წარმოშობის შესახებ კითხვას, საქართველოს ახალ ისტორიას უნდა მივმართოთ: მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა მიგრაცია აღმოსავლეთის მთიანეთიდან ქართლში: ზოგჯერ ეს მიგრაცია ნებაყოფლობითი იყო, ზოგჯერ იძულებითი. ჩამოსულ ხალხს თავისი წეს-ჩვეულებები ჩამოჰქონდა, რომლებსაც წარმატებით ინარჩუნებდა კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. წინა საუკუნის 80-იან წლებშიც კი, ახალციხე-ახალქალაქი-ერთაწმინდას გარშემო სოფლებში შეხვდებოდით ხევსურების და მოხევეების ჩამოტანილ, სულ ოდნავ გადასხვაფერებულ დღეობის სუფრებს, ქალი თამადებით ქალების სუფრაზე და ორივე, კაცების და ქალების სუფრაზე სმის და სადღეგრძელოების მკაცრად განსაზღვრული წესით. როგორც ჩანს, მთიდან ჩამოტანილმა დღეობის სუფრამ, ქართლის მოსახლეებში ნახევრად სეკულარიზაცია განიცადა, შეითვისა თამადის და სმაში შეჯიბრების წესები (ამ უკანასკნელს აღმოსავლეთ მთიანეთის დღეობის სუფრა გამორიცხავდა) და ჩამოყალიბდა თითქმის ისეთად, როგორსაც ვიცნობთ.

მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გახდა სუფრის ეს წესი, მთელ საქართველოში არა მარტო დომინანტური, არამედ, მე-20 საუკუნის ისტორიის რაღაც მონაკვეთზე, უპირობოდ საყოველთაოც კი.

ვფიქრობ, შემდგომი გზა დღევანდელი ქართული სუფრის წარმოშობისაკენ 1921 წლის ოკუპაციაზე და საქართველოს გასაბჭოებაზე გადის: გასაბჭოებამ მნიშველოვნად იმოქმედა სოფლის მოსახლეობის ქალაქებში გადაბარგებაზე და ყოფილი „ბურჟუაზიული“ ელიტის და საშუალო ფენის ფიზიკურად ჩანაცვლებაზე: თბილისის ახლოს მდებარე სოფლების და თბილისის პერიფერიების მარგინალები, სოფლის და ქალაქის პერიფერიის მოსახლეობის საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ნაწილი, არა მარტო სიამოვნებით ირგებდა ტყავის ქურთუკებს და მაუზერებს, არამედ, თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე საშუალო ფენის და ელიტის საცხოვრებლებსაც. რას ჩამოიტანდნენ სოფლის და თბილისის გარეუბნების მარგინალები ქალაქის ცენტრალურ უბნებში, თუ არა მათთვის კარგად ნაცნობ სუფრის და გართობის ლამის ერთადერთ წესს?

ვფიქრობ, სწორედ ამ დროიდან იწყება სუფრის იმ წესის გატოტალურება, რომელსაც დღეს ქართული სუფრის სახელით ვიცნობთ: ამ წესის სუფრა, ყოფილი მარგინალების და აწ უკვე - ძალაუფლების წარმომადგენლების - გართობის და დროსტარების გზა, ნელ-ნელა სუფრის სემი-ოფიციალურ სახედ გადაიქცა: მოწინაამღდეგე ამ წესის გავრცელებას აღარ დარჩა: ნაწილი განადგურდა რეპრესიებით, ნაწილმა კი კარგად აითვისა ეს წესი. რატომღაც მგონია, რომ ქალაქის მცხოვრებლებისათვის ამ წესის ცოდნა გადარჩენის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილიც გახდებოდა. ცხადია, ცენტრში წარმოებული დროსტარების წესი რეგიონებშიც ადვილად მოიპოვებდა პოპულარობას: საბჭოთა კავშირგამოვლილებს კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარტიულ კიბეზე წარმატების ერთ-ერთი გზა სუფრაზე თავის გამოჩენაზე და სუფრის წარმატებულ გაძღოლაზე გადიოდა.

ისიც ცხადია, რომ ყოფილი მარგინალების, და ალბათ, ყველაზე უფრო სასტიკი კომუნისტების მიერ დადგენილი წესის წინაამღდეგი არც არავინ იქნებოდა: ტრაგიკულია და ალბათ, უკვე კომიკურია ის, რომ ათეულობით წლების განმავლობაში და დღესაც, საბჭოთა რეჟიმთან კოლაბორაციონისტების და სამშობლოს მოღალატეების მიერ დადგენილ წესში და კანონში მონაწილეობა ქართველობის ლამის უტყუარი საბუთის სახელით იყო ცნობილი.

ამ ჰიპოთეზის გვერდითი არგუმენტია ის, რომ იმ ძალიან ცოტა ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა უცნაური მიზეზით (და არა რეჟიმის წინაშე ქედმოხრის, მოღალატეობის და კოლაბორაციის გამო) გადაურჩნენ რეპრესიებს და განადგურებას (მაგ. გერონტი ქიქოძე და სხვებიც, რომელთა სახელები ქართულ საზოგადოებას არაფერს ეტყვის), არ მოსწონდათ „საქართველოს და ქართველობის მაფორმირებელი სუფრა“ და ყველანაირად ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მონაწილეობისათვის, თუმცა ღვინო და ძველი წესით მოლხენა უყვარდათ.

საბოლოოდ, ჩემი მსჯელობა ერთი ხატით მინდა დავამთავრო, რომელიც მართალია, მთლიანად წარმოსახვითია, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტად აღწერს ამ ჰიპოთეზას და ამ ჰიპოთეზით გამოთქმულ ისტორიას: თბილისი, 20-იანი წლების ბოლო. სასტუმრო „ლონდონის“ მიმდებარე, უკვე კოლმეურნეობის ბაზრის/მოედნის დასახელებით ცნობილი ტერიტორია. ყოველ წუთას, განსაკუთრებით ღამის საათებში, დაპატიმრებას მომლოდინე და უშიშროების სამსახურის მანქანის ხმას მიყურადებულ ადამიანებს ესმით ხმები, რომელიც თითქოსდა ქეიფს ჰგავს, მაგრამ მათში უცნაურად გამოირჩევა ერთი ხმა, რომელიც ხან ვიღაცას აქებს, ხან ვიღაცას უბრძანებს სასმისის დალევას, ხან ვიღაცას საუბარს უკრძალავს. შემდეგ, სხვა ხმაც თითქმის იგივეს ამბობს და ასე დაუსრულებლად. ეს უცხო ხმაური კიდევ უფრო ამწვავებს მიყურადებული ადამიანების გაუცხოებას ახალი რეჟიმის და იმ ხალხის მიმართ, ვინც მათი ქვეყანა დაიპყრო. ამ სასოწარკვეთაში, სახლის შესასვლელთან გაჩერებული მანქანის ხმა, იქნებ შვებადაც კი აღიქმება. 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები