ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ერთი დიადი მოჭიმულობის უხალისო ისტორია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

   ის ჩვეულებრივ სოფლის ბიჭად იზრდებოდა. შემდეგ იყო სკოლა, ყმაწვილობა და პირველი სიყვარული... ეს გახლდათ მეტად პირმშვენიერი და ნაზი არსება, ერთი სიტყვით – მზეთუნახავი! გოგო კი იყო ლამაზი, მაგრამ მას თითქმის მიუწვდომელი, მაღალი სოციალური სტატუსისა და რაიონში შესაბამისი ავტორიტეტის, მეტად მდიდარი ოჯახი ჰყავდა...

   შეყვარებულმა ჭაბუკმა დაინახა, რომ ქალის დაუფლების ერთაერთ გზას, გოგოს მამისა და გვარის მბრძანებლის ჯერ კეთილგანწყობის, ხოლო შემდეგ კი თანხმობის მოპოვება წარმოადგენდა. ამ აღმოჩენამ მას ცხოვრების მიზანი დაუსახა, პროვინციული მოდუნებისგან გამოაცოხლა და პირველადად მოჭიმა. ახალგაზრდა თანდათან მიხვდა, რომ არა მხოლოდ მეუღლის შერთვა, არამედ მთელი მისი შემდგომი ცხოვრება – წარმატება, კეთილდღეობა და, რაც მთავარია, ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის რეალიზება – დამოკიდებულია, ბატონი სიმამრის ყურმოჭრილი მონის როლის უნაკლო ათვისებისგან. ამ შეგნებამ კი ვაჟი უკვე საგრძნობლად ძლიერ მოჭიმა!

   ...მცირე თეორიული წიაღსვლა:  

   კოლექტივისტური ცნობიერების პირობებში, მხოლოდ ავტორიტარული მიდრეკილების ლიდერი ახერხებს გაბატონებას. ხშირად ასეთი ბელადები ნაკლული პიროვნებები არიან. ალფრედ ადლერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისკენ სწრაფვას საფუძვლად ,,არასრულფასოვნების“ კომპლექსი უდევს. როდესაც ადამიანის ფსიქიკა იშორებს მტკივნეული წარსულის, მაგალითად, მუდმივი დამცირების გამოცდილებას, ის იწყებს ზეკომპენსატორული მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც გამოიხატება სხვებზე უპირატესობის აკვიატებულ მოთხოვნილებაში...

   ...კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენს გმირს – მომავალ ,,მოჭიმულს“. მან გოგო ცოლად მოიყვანა და ოჯახური ცხოვრების ფერხულში ჩაება... და უცებ სრულიად მოულოდნელი აღმოჩენა: გაირკვა, რომ თურმე არსებობენ ,,ზეციური მამა-მზეები“, რომელთაც არა მხოლოდ სიმამრზე ბევრად დიდი ქონება დაეგროვებინათ, არამედ თავად სიმამრიც კი, ამ ,,ღმერთკაცებს“ საკუთარ ბატონ-პატრონად მიიჩნევდა! ჭაბუკი ოდნავ დაიბნა და შეტორტმანდა კიდეც...

   ...ამჯერად, ახალგაზრდის მოუთოკავი მონდომებითა და სიმამრის ხელშეწყობა-წყალობით, მოსაჭიმი სუბიექტი ახალი ბატონის უპირობო მორჩილებაზე გადაერთო. აი, მასზე ბრძენი და მდიდარი კი დედამიწის ზურგზე აღარავინ ეგულებოდა. ასეთმა მაღალმა მისიამ ჭაბუკს ზამბარადქცეული ხერხემალი მეტად გაუწელა და სახის კანი დოლის ტყავივით გადაუჭიმა. მორჩილების მანიით შეპყრობილი ახალგაზრდა, უკვე დიადი მოჭიმულობის სტადიაში შედიოდა. თუმცა, საბოლოო მოჭიმვამდე, ჯერ საკმაო გზა იყო გასავლელი...

    სწავლაში დიდად ვერ ივარგა... ის კი უნდა ითქვას, რომ ევროპაში ყოფნისას, რამდენიმე ენასა და საზოგადოებაში ქცევის აუცილებელ წესებს დაეუფლა.

   დაიწყო ახალ უზენაეს ბატონთან მსახურების სანუკვარი ხანაც. ,,მესიას“ მკაცრი ბრძანება ყმის ,,რადიომიმღებში“, უმალ და დაუფიქრებლად, დავალების არაჩვეულებრივი გულმოდგინებით, შესრულების სიგნალს წარმოშობდა. ჭაბუკი, წარმატებისა და მბრძანებლის აშკარა კეთილგანწყობისგან, სულ უფრო და მეტად იჭიმებოდა! მას უკვე ორჯერ გამეორებაც არ სჭირდებოდა, რადგან ავტომატიზმამდე მიყვანილი ქცევითი სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა! საკმარისი იყო ბატონის სულ ერთი სიტყვა და რობოტი თავისით, გაკვალული სქემით მოქმედებდა: ბრძანება – შესრულება – დავალების წარმატებით დასრულების სიტკბოება – მოჭიმვის ახალი, უფრო მაღალი ხარისხი. ახლა, ,,მამა-მზის“ ყოველდღიური, ყოფითი საუბარი თუ, უბრალოდ, ჰაერში ნასროლი სიტყვაც კი, საკმარისი იყო, რომ უნებლიე მოჭიმვა გამოეწვია.

   სანამ სახელმწიფოს ,,წარჩინებულ მოჭიმულად“ ჩამოყალიბდებოდა, კიდევ ერთი, დახელოვნების უმაღლესი სტადია იყო გასავლელი. ურთულესი უნარ-ჩვევა შემდეგში მდგომარეობდა: ბრძანება აღარ უნდა ყოფილიყო საჭირო – ყმას ინტუიტურად უნდა გამოეცნო, თუ რა სურდა და დააამებდა ბატონს!.. ამ არაჩვეულებრივი ნიჭის განვითარებას კი წლები დასჭირდა...

   ...მან მორჩილების ეს მწვერვალიც დაძლია და ბატონ-ყმობის ,,ევერესტზე რეინჰოლდ მესნერივით ჟანგბადის ბალონის გარეშე ავიდა! დადგა ვირტუოზული ხელოვნების ეტაპი! რობოტი ,,ბატონ მამა-მზეს“ ყოველგვარი ბრძანებისა და სიტყვიერი კონტაქტის გარეშე ახმოვანდებდა! სწორედ ეს გახლდათ მისი მთავარი სათნოება და ნიჭი – მან ,,მეფის მეორე მეს“ წოდება დაიმსახურა!

   ...ევროპის რიგ სახელმწიფოებში, შორეულ წარსულში ერთი ადათი არსებობდა: მეფე საკუთარ ძალაუფელბას მთლიანად რომელიმე მეფის ნაცვალს გადასცემდა და ,,მეფის მეორე მეს“ წოდებით აჯილდოებდა...  

   ასე, დიდი წვალებითა და მონდომებით, ოფლის ღვრითა და თავდადებით, ,,მზე-ჭაბუკმა“, ბოლოს და ბოლოს – Alter Ego Regis – წოდება გაიჩალიჩა...

   შესრულებული მოვალეობის შეგრძენება და პატრონის თავზე ხელის გადასმის პერსპექტივა თუ არა, დატუქსვანარევი ღიმილი მაინც, უკვე თავისთავად იწვევდა ,,ალტერ ეგოში“ ძლიერ მობილიზაციასა და შესაბამისი ხარისხის მოჭიმვას.

   მოჭიმვა ბრძანების გარეშე, მოჭიმვა უმიზეზოდ, ძილშიც მოჭიმვა – ეს გახლდათ ჭეშმარიტად დიადი მოჭიმულობა! ეს იყო მოჭიმვის მერვე დანი – შავი ქამარი! მან საწადელ მიზანს მიაღწია – ის ფოლადის ზამბარასავით უკიდურესად გაიწელა და ,,მოჭიმულის“ დღევანდელი სახე მიიღო!

 P.S.

   არსებობს ე.წ. ,,მეტალის დაღლილობის თეორია“, რომელიც გვასწავლის, რომ დაზიანებების თანდათანობითი დაგროვებისა და ციკლურად გამეორებადი დაჭიმვების შედეგად, მეტალში ბზარები ჩნდება... და ის იშლება, ტყდება...

   მეტალის გამძლეობის უნარი, ძირითადად, დროზეა დამოკიდებული, ხოლო დაღლილობისა და დაძველების პროცესებში განსაკუთრებულ როლს ექსპლუატაციის, იმავე ,,ხმარების“ ინტენსივობის ხარისხი წარმოადგენს... საუბარია მეტალზე, ადამიანის გამძლეობა კი ჯერ არავის შეუსწავლია...

ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, ივლისი

 

 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები