ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი მანანა თურმანიძე

ყველა ლაბირინთს აქვს ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

"ჭკვიანები პრობლემებს აგვარებენ. გენიოსები კი თავს არიდებენ". ალბერტ აინშტაინი

ბოლო ხანებში ჩვენს თავს დატეხილ ყველა უბედურებაში რატომღაც ეკლესიას ვადანაშაულებთ. ის ძალიან ხშირად მოიხსენიება პრო-რუსულ ძალად, უფრო მეტიც, ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლშიც კი ეხვევა დედა-ეკლესია, რაც ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული, მართლაც უკიდურესი ნიჰილიზმის კიდევ ერთი საშინელი გამოხატულებაა. თუმცა, ჩემში პირადად ეს დიდ გაოცებას არ იწვეს, რადგან გაოცებით უკვე გავოცდი, როდესაც ერში საკუთარი დედის გინება თითქმის ნორმად დამკვიდრდა. ცხადია, საკუთარი დედის მაგინებელი შვილების გამზრდელი დედები და მამები დედა-ეკლესიას რომ აგინებდნენ, ამაში დიდად გასაოცარი არაფერია. მართალია, ეკლესიაშიც არიან მიტმასნილი და თბილად მოკალათებული მედროვეები, რომლებიც ფულის და კეთილდღეობის სუნზე წურბელებივით შესევიან და სისხლს წოვენ, მაგრამ მთლად ისეც არ არის საქმე, როგორ სურათსაც ზოგიერთი გვიხატავს.

დავიწყოთ იქედან, რომ ეკლესია პრო-რუსულ ინსტიტუციად არ უნდა მოვნათლოთ მარტივი მიზეზების გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ჩვენი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და საერთო, საერო საქმეს არ წაადგება! იქნებ, მართლაც რაღაც მაინც დაგვეტოვებინა წმინდა, ხელშეუხებელი, რაც გაგვაერთიანებდა, თორემ უკვე სამშობლოც კი "ბრჭყალებში ჩავსვით". გარდა ამისა, ნეტავ, რას ველოდით, ნუთუ ვინმეს წარმოედგინა, რომ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია მეორეს ომს გამოუცდხადებდა?! ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი ერთი და იმავე ორგანიზმის, ანუ ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის განშტოებები არიან და ეკლესიის წიაღში - დებად მოიხსენებიან. ასეც რომ არ იყოს, ომი და ბრძოლა ეკლესიის ნიშა და მოქმედების არეალი ნამდვილად არ არის! ჯვაროსნული ომების ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც სამარცხვინო ლაქა და დიდ ცოდვად დაეკისრა ქრისტიანობას. მართლმადიდებლობა მიმტევებლობაზე და კაცთმოყვარეობაზეა დაფუძნებული და მისი მთავარი "დოგმა" - სიყვარული და გულმოწყალებაა. აბა ახლა წუთით წარმოვიდგინოთ, მოწოდებებით რომ გამოვიდეს ჩვენი ეკლესია "დაჰკათ ერთი მაგათაო"! როგორ წარმოგვიდგენია, მისაღები ან ლოგიკური საქციელი იქნებოდა? ვაღიარებთ, რომ პრეცედენტი არსებობს, როდესაც გამოვიდა (მისი ერთი ნაწილი) და ისიც გვახსოვს რის გამოც (მიზეზი მას არანაირად არ ამართლებს) და საზოგადოებამ შევაფასეთ, როგორც აბსოლუტურად მიუღებელი ქცევა მართლმადიდებელი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, რადგან ეკლესიის ბერკეტი ძალადობა არ არის. სულიერებასთან ძალმომრეობა და ფიზიკური დაპირისპირება, სრულიად არათავსებადია. 

რაც შეეხება ერს, ხშირად ვადანაშაულებთ ე.წ. "წითელ ინტელიგენციას", რომელსაც, უნდა ითქვას, რომ ვერც ზვიადი მოერია და მგონი ვერც სხვა მოერევა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, განვითარების ამ ეტაპზე მაინც. როგორც აღმოჩნდა, ამ ფენას ძალიან მძლავრად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს საზოგადოებაში, ბოლო ხანებში ეს ცხადად დავინახეთ. ხოდა, ნუ დაგვავიწყდება წინაპართა შეგონება: "ხერხი ჯობია ღონესაო, თუ კაცი მოიგონებსაო", იქნებ სწორედ ეს "წითლები" ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და საქართველოს სასიკეთოდ, მის საკეთილდღეოდ ავამოქმედოთ, ყველა გადაჯიშებული ხომ არ იქნება? იმედია, მაინც ქართული გული უძგერთ "ბებერ მკერდში". ახლა, განხეთქილებების და დაპირისპირებების დრო არ არის, სხვა თუ არაფერი ოკუპირებული სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ. ახლა სწორედ ის დროა, რომ მობილიზდეს მთელი ერი და ბერი ამ ურთულესი საკითხის ერთსულოვნად გადასაჭრელად, თორემ სულ მოკლე ხანში შესაძლოა გვიანიც კი იყოს. უკვე კარგა ხანია, ამდენ გაწევ-გამოწევაში, მთლად დაგლიჯეს და დააქუცმაცეს ეს ქვეყანა, ყველა თავისკენ ექაჩება, მტერი კი ხარობს. ჩვენ ამის შესამჩნევადაც არ გვცალია, იმდენად ვართ გართული ერთმანეთის ძიძგნით! არადა, რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ ლაბირინთში, მით უფრო მეტმა "ვითომ ძმამ და მეგობარმა" გამოაჩინა მისი ნამდვილი სახე, ანუ კბილები! ის კი არა და ვეღარც, თუ აღარც მალავენ კბილების ღრჭიალს, ლეშის სუნზე დაგეშილები! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანის ცხოვრებაშიც სწორედ ასე ხდება, განსაცდელი ზოგჯერ იმიტომაც გეძლევა, რომ დაინახო რეალურად ვინ არის მტერ-მოყვარე და ვისი იმედი შეიძლება გქონდეს ცხოვრების ლაბირინთებიდან მშვიდობიანად გამოსაღწევად.

განსაცდელისგან ჭეშმარიტი ქრისტიანები და კარგი ადამიანები უკეთესები ხდებიან, ცუდები კი სულ მთლად ჩამოიხსნიან ხოლმე "ნიღაბს" და თავიანთ საშინელ რაობას სრული სიცხადით წარმოაჩენენ. თუმცა, განსაცდელი სასიკეთოდ შეიძლება გამოიყენოს ბრძენმა ბერმაც და ერმაც. გამოსავალი ყველგან და ყველაფერში შეიძლება იპოვო, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობენ, უბრალოდ სწორი კუთხიდან უნდა შეხედო მათ. ჩვენ უკვე კარგა ხანია შევედით იმ ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალი მართლაც ძნელი მოსაძებნია, მაგრამ უნდა მოიძებნოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. 

ლაბირინთი არის წინა-ბერძნული,"პელაზგური" წარმოშობის სიტყვა, რომელიც შეიწოვა კლასიკურმა ბერძნულმა. როგორც ჩანს ის დაკავშირებულია არქაულ სიტყვა "ლაბრის"-თან (labrys) რომელიც ორმაგი ცულის აღმნიშვნელია და ზოგჯერ "ადგილი"-ს მნიშვნელობითად გამოიყენება. ლაბირინთი მრავალი დახლართული შესასვლელ-გამოსასვლელის შემცველი ძნელად გასაგნები კონსტრუქციაა, რომელზეც ბევრი თქმულება არსებობს მსოფლიოში. ტერმინი ლაბირინთი ხშირად გაიგივებულია თავსატეხთან. მაგრამ ყოველ ლაბირინთს აუცილებლად გააჩნია არჩევანი, გზა და მიმართულება, არსებობს ერთ გასასვლელიანი, ცენტრზე ორიენტირებული და მრავალგასასვლელიანი ლაბირინთები. თუმცა, მოსაზრება, რომ იქედან გაღწევა შეუძლებელია - მხოლოდ მითია. მთავარია ავირჩიოთ სწორი შესასვლელი, გამოვიცნოთ გზაგასაყართან სწორი გზა, არ მოვხვდეთ ერთსა და იმავე ადგილზე რამოდენიმეჯერ და გამოვიცნოთ რომელ გზას მივყავართ გასასვლელამდე. 

ყველაზე ძველი ლაბირინთი ეგვიპტეში მდებარეობს. ის აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2300 წლის წინ. დამთვალიერებლებს ნებას არ რთავენ მოინახულონ ეს მიწისქვეშა ლაბირინთები, რადგან იქ განლაგებულია ფარაონების სამარხები და ბინადრობენ ნიანგები – ეგვიპტისთვის წმინდა ცხოველები. ეგვიპტური ლაბირინთის შესასვლელში არის ასეთი წარწერა გაკეთებული:  “სიგიჟე ან სიკვდილი – აი რას იპოვის აქ სუსტი და მანკიერი, მაგრამ ზოგიერთი ძლიერი ადამიანი აქ სიცოცხლესა და უკვდავებას ჰპოვებს” . 

ბერძნული მითოლოგიის წიაღში კი, ლაბირინთი იყო დახვეწილი ქსელი, აგებული მეფე მინოსის მიერ კრეტაზე და შექმნილი ლეგენდარული მოქანდაკე დედალუსის ხელით. ის წარმოადგენდა ეგვიპტური ლაბირინთის ასლს, ცენტრში მოქცეული მინოტავრით, არსებით, რომელიც იყო ნახევრად კაცი და ნახევრად ხარი. მითის თანახმად საბოლოოდ ამ უძლეველ ურჩხულს სძლია ათენის გმირმა, თეზევსმა. მან მინოტავრის დამარცხება შეძლო ფიზიკური ძალის წყალობით და ქალბატონის გამჭრიახობის დახმარებით. ეს იყო არიადნე, რომელმაც მას ძაფი გაატანა ლაბირინთიდან დასაბრუნებლად გზის გასაკვლევად.

საბედნიეროდ, ყველა ლაბირინთს გააჩნია, როგორც შესასვლელი, ისე გამოსასვლელი, ერთი მაინც, თუ მეტი არა. მთავარია ვიცოდეთ სად შევიდეთ და როგორ გამოვიდეთ უსაფრთხოდ. ყველა მითი და ლეგენდა, ცხადია მითად და ლეგენდადვე რჩება, თუმცა ამბობენ, ისინი, როგორც ზღაპრები, რეალობის ამსახველი შელამაზებული ისტორიებიაო, რომლებშიც აუცილებლად არის ცხოვრებისეული სიბრძნე. ვინ იცის, იქნებ ანტიკური თეზევსი და არიადნა თუ არა, ძაფი მაინც გამოჩნდეს, რომელიც თუნდაც ჩვენი ცნობიერების ჩახვეული ლაბირინთებიდან მაინც გამოგვაღწევინებდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები