ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი თეიმურაზ ხუნდაძე

ჰექსაკოსიოჰექსეკონტაჰექსაფობია

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ჰექსაკოსიოჰექსეკონტაჰექსაფობია - აი ასეთი გრძელი და ბევრჰექსიანი სახელი ქვია ავადმყოფობას, რომელიც რიცხვ 666-ის მიმართ შიშს ნიშნავს.

 

ექვსას სამოცდაექვსი ბერძნულად იწერება ასე - "hexakosioi hexekonta hex" . ძველბერძნულად ასე - hexakosioi hexēkonta hex.

საიდან მოვიდა ეს უცნაურობა? მოგახსენებთ.ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, კუნძულ პატმოსზე იოანე ღვთისმეტყველის მიერ აღწერილია ხილვა. სადაც წერია - „აქ საჭირო არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი“ (გამოცხადება 13;18). ესაა ნაწყვეტი ახალი აღთქმის უკანასკნელი წიგნიდან, „გამოცხადება“ (აპოკალიფსი).

ამ ჩანაწერის გამო ძრწის სრულიად საქართველო და მგონია, რომ მხოლოდ ან ყველაზე მეტად - საქართველო.

მოდით ვცადოთ გავერკვეთ. გვეშინოდეს, არ გვეშინოდეს, ლოყები ჩამოვიხოკოთ, კომაში ჩავვარდეთ, თავზე ნაცარი დავიყაროთ თუ უფრო რაიმე გონივრული მოვიმოქმედოთ.

დავიწყოთ თავიდან. - "აქ საჭირო არის სიბრძნე". ჰოდა ჩვენც შევეცადოთ გამოვიჩინოთ ეს სიბრძნე და გონებაში ყურებიც ვცქვიტოთ. მაშ ასე - აქ სიბრძნეა საჭიროო. ე.ი. აწი რასაც წაიკითხავთ მნიშვნელოვანია, გამორთე ზურგის ტვინი და თავით იაზროვნეო. ვცადოთ, ვისაც ღმერთმა გონება მისცა იმან მაინც.

შემდეგი ფრაზაა - "ვისაც გაგება აქვს", ანუ მარტო თავი და შიგ სავარაუდოდ ტვინი არ ყოფილა საკმარისი. ეს ნაცრისფერი ნივთიერება უნდა გებულობდეს კიდევაც რასაც წაიკითხავს.

"გამოთვალოს მხეცის რიცხვი". ბატონებო მხეცებს, ნადირებს და ზოოპარკს ჯერ თავი დავანებოთ და ვნახოთ, რომ ჯერ წერია "გ ა მ ო თ ვ ა ლ ო ს ო". ნუ დავივიწყებთ ამ მოქმედებას.

აბა რა გამოვთვალოთ? "მხეცის რიცხვი"-ო. გაქვთ რამე მოსაზრება? მე ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს. მათემატიკური და ზოოლოგიური კატეგორიები ერთად? ეს უფრო მაგონებს კითხვას - ბამბა უფრო მძიმეა თუ მურაბაა უფრო ტკბილი?

მოდი ვნახოთ შემდეგი, იქნებ დაუკავშირდეს ტვინი და გაგება ერთმანეთს. "რადგან რიცხვი ადამიანისაა". უფ! მთლად დააგვირისტა. ერთად მოვუყაროთ თავი. იქნებ მთლიანობაში მაინც გამოიკვეთოს რაიმე გონივრული.

„აქ საჭირო არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა".

უკაცრავად?! მგონი სიტუაცია უფრო აიჭრა. დავამთავროთ ბარემ.". . . რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი“. აქ უაზრობაში რომ არ შევტოპოთ და მართლაც ლოყები არ გაგვიხდეს ჩამოსახოკი მოვიქცეთ ასე: გვეუბნებიან - გამოთვალეთო და გვეუბნებიან რიცხვსაც - 666. კი ბატონო, გამოვთვალოთ. მაგრამ. . .

თავდაპირველად მიჩნდება კითხვა. როცა "გამოცხადება" იწერებოდა, იმ დროში ადამიანები ხმარობდნენ რომაულ ციფრებს? რა თქმა უნდა არა. ტყუილა ნურავინ შემომედავება. არა და მორჩა.

რაკი არა, მაშ საიდან ეს რიცხვი? სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ მაშინდელ ძველბერძნულ-რომაულ დამწერლობაში, ისევე როგორც ჩვენს ძველქართულში რიცხვები ალფავიტის ასოებით აღინიშნებოდა. აქედან გამომდინარე ვენდოთ ვინც ეს ასოები გააციფრა და შევუდგეთ საქმეს.

ვინაიდან ერთ რიცხვს ვერანაირ მათემატიკურ ოპერაციას ვერ ჩაუტარებ, მოდით ეს რიცხვი დავანაწევროთ მაინც. ანუ მაგალითად, როგორც 6, 6 და 6. რაღაც ძალიან დაემსგავსა 6x6=36 და 6. ვითომ 36,6? ანუ ნორმალური ადამიანის ნორმალური ტემპერატურა? ძალიან ტრივიალურია.

სიმართლე რომ ითქვას მანდამაინც დიდი გამოთვლების ჩატარების საშუალებას ზემოთმოყვანილი ტექსტი არ იძლევა. ამიტომაც ავიღოთ მათემატიკოსების რწმუნება სადაც ნათქვამია, რომ - თუ მოინდომებ, მარტივი მათემატიკური მანიპულაციების საშუალებით ნებისმიერ სიტყვას ან რიცხვს დაუკავშირებ 666-ს.

ვცადოთ. ავიღოთ ნებისმიერი შტერული რიცხვი. მაგალითად 39.39 Х 39 = 1521. ანუ 15 და 21.მერე რა? რა და ის რომ(15 Х 15) + (21 Х 21) = 666.ახლა შევკრიბოთ.15 + 21 = 36ვინც იკითხავს 36 რაღა შუაშიაო, მოვახსენებ რომ ესაა სამი ექვსიანი. 6x6x6. აბა ხედავთ? რას გვიმალავდნენ? ეგ კიდე არაფერი. აბა სცადეთ და შეკრიბეთ ყველა რიცხვი 1-დან 36-ის ჩათვლით.1 + 2 + 3 + . . . + 35 + 36 = 666.

საქმე უფრო ფერადადაა თუ 15-თან და 21-თან დაკავშირებით სხვა მარტივ მანიპულაციებსაც მივმართავთ.1/15 = 0.0666 666 666 . . . 1/21 = 0.0476 190 476 190 . . .,აქვე 476 + 190 = 666.

გავაგრძელოთ იგივე ნოტაზე:15/21 = 0.714 285 714 285 . . .კატასტროფაა! ხედავთ როგორ მეორდება 714 და 285?აბა ვეტაკოთ და ავჯამოთ. 714 + 285 = 999. ახლა ამას რაღა გადააბრუნებს 180 გრადუსით.

სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ისევ ჩვენს უტვინო 39-ს დავუბრუნდეთ.1/39 = 0.0256 410 256 410 . . .ნახე! აქაც როგორ მზაკვრულად მეორდება რიცხვები? 256 და 410.ამას რაღა უნდა? რა და - 256 + 410 = 666.

ეგ არაფერი. აი იაპონელები რომ ნამდვილად არ არიან წესიერი ხალხი, მაგათ ვალუტაშიც მოჩანს.იენი არსებობს შემდეგი ღირებულებებით: 1, 5, 10, 50, 100 და 500.1+5+10+50+100+500=666. და ამ ხალხზე მეუბნებიან მშრომელი და ჭკვიანი ხალხიაო? ჩაიძირება.

გვეყო ახლა მათემატიკა და მამაძაღლობები. ცუდი კაცები არიან მაგნები. აი ინტერნეტი და კომპიუტერი რომ ჯოჯოხეთის მანქანაა აგერ განახებთ ახლავე.

აბა რას ნიშნავს WWW?ვინც ფიქრობს, რომ იმას ნიშნავს რასაც ნიშნავს- ნამდვილად ცხელი ტაფა არ ასცდება. და აი რატომ. W - ესაა მეექვსე ასო იმ უძველეს ალფავიტში, რომელზეც ბიბლია იწერებოდა. ჰოდა რა იქნება სამი W?არ გჯერათ? კაი ბატონო! ცოტაც მოითმინეთ და ნახავთ.

ცნობილია, რომ კომპიუტერულ ფონტებში ასოები ASCII კოდითაა დანომრილი. სადაც a=97, b=98 . . . . . . y=121, z=122. დიდი ასოებიც ასევე - A=65, B=66, C=67 . . . . . .Y=89, Z=90.

ბილ გეითსი გაგიგონიათ. უყურეთ რა ჯოჯოხეთის მასალაა:BILL = 66 + 73 + 76 + 76 = 291GATES = 71 + 65 + 84 + 69 + 83 = 372291+373 = 663

რაო? არ გამოდისო? 663-იო? მაგას მამაც ბილი ყავდა და ბაბუაც. ეგ მესამე ბილია. ახლა? 663+3 ? ხომ გეუბნებოდით მამაძაღლიათქო.

თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ გაფუჭებულ და უკულტურო-უზნეო ამერიკაში მარტო ეგაა ჯოჯოხეთის მოციქული. ვინ ყავს ამერიკას ვიცე პრეზიდენტი? ალბერტ გორი. ისევ ASCII კოდით გამოდის რომ:al gore = 97 + 108 + 32 + 103 + 111 + 114 + 101 = 666. აბა! ჩაიძირებათქო გეუბნები!

ახლა ცოტაც გავაჯაზოთ და მერე - ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი!

მათემატიკოსები დამეთანხმებიან:666 - ნატურალური რიცხვია 665-სა და 667-ს შორის. 666 - ეს სმიტის რიცხვია. ანუ მისი ციფრების ჯამი ტოლია მისი მარტივი მამრავლების ჯამისა.666 - ჯამია პირველი შვიდი მარტივი რიცხვის კვადრატებისა.666 - ტოლია ჯამისა და სხვაობისა პირველი სამი ნატურალურის მეექვსე ხარისხისა.666 - ორობით კოდში ინვერსულ-სიმეტრიულია - 1010011010 = Not (0101100101).666 გრადუსიანი კუთხის სინუსი გამრავლებული 2-ზე, თითქმის ოქროს კვეთის ტოლია - 2(sin 666°) ≈ φ = (1 + )/2 = 1,616...

ეს ისე. ჭეშმარიტების განსაჭვრეტად.

და ბოლოს. არ დამიწყოთ ახლა თქვენ რომ იცით... ესა ხარო! ისა ხარო! არაფერიც არ ვარ მასეთი. შენ თვითონ ხარ თუ კაია. მე ერთი ჩვეულებრივი თქვენნაირი მოკვდავი ვარ. თქვენი აზრით ცხელი ტაფა მელოდება. მაგრამ ეგ არავინ არ იცის ვის რა ელოდება. მითუმეტეს თქვენ - პატივცემულო მამაოთმადიდებელო მრევლო.

არც მე არ ვიცი. ღმერთიც მწამს, ეკლესიის წევრიც ვარ და ლოცვაც ვიცი, მარხვაც და ზიარებაც. მაგრამ ჰექსაკოსიოჰექსეკონტაჰექსაფობია არ მჭირს და გითხარით უკვე რატომაც.

როგორც ვიცი ქრისტიანობის ისტორიის გარიჟრაჟზე დაწერილი აპოკალიფსისი ერთ-ერთი პირველ წიგნთაგანი იყო. 2-3 ასწლეულის მანძილზე მსგავსი მრავალი დაიწერა. როდესაც ქრისტიანობა საბოლოოდ გამოეყო იუდაიზმს, იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისი ერეტიკულ ნაშრომად გამოცხადდა.4-ე საუკუნის ბოლოს, ეკლესიამ აპოკალიფსისი ბიბლიის წიგნთა რიცხვიდან განკვეთა და სხვა მრავალ მისთვის მიუღებელ წიგნთა მსგავსად მისი განადგურება დაიწყო. 4-ე საუკუნიდან მოყოლებული ეს წერილი სხვა ათეულობით წიგნთა მსგავსად არ იკითხებოდა ღვთისმსახურებისას. არ განიმარტება სასულიერო პირთა მიერ, არ გადაიწერება და არ ითარგმნება. მისი ტექსტები და ციტატები მხოლოდ 2-4 საუკუნეების ძეგლებში გვხვდება. შემდეგ კი მხოლოდ 7-ე საუკუნიდან.საქმე იმაშია, რომ 692 წლიდან ეკლესიამ "გადაიფიქრა" და აპოკალიფსისი კვლავ ჩართო წმინდა წერილის წიგნთა რიცხვში. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე იოანე ღვთისმეტყველის მიერ კუნძულ პატმოსზე დაწერილი გამოცხადება აღარ იყო. ეს ისიც კი აღარ იყო რასაც ქრისტიანები 3-4 ასწლეულებში იცნობდნენ.ადრეული ქრისტიანობის უდიდესი მოღვაწე ირინეოს ლიონელის (140-202) რწმუნებით მხეცის რიცხვი თავდაპირველ წერილში 616 იყო და არა 666. იგივე 616 იყო დაფიქსირებული 4-ე საუკუნის დასაწყისის პირველ ლათთინურ თარგმანებშიც. 542 წელს ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი ცეზარ არლელიც ამ რიცხვს იმოწმებს.

ამ და სხვა მიზეზების გამო ვვარაუდობ, რომ სერიოზულ დომხალთან გვაქვს საქმე. მომიტევეთ ძმანო და დანნო, მაგრამ სანამ რაღაც-რაღაცეებს იბოდიალებთ, მე თქვენ კვერს ვერ დაგიკრავთ და ვისაც ასეთის კეთება სურს ღმერთი იყოს მისი შემწეც და ჩემი მიმტევებელიც.

პატივისცემით - თეიმურაზ ხუნდაძე

თბილისი. 2015.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები